ტრამპისა და პუტინის სპეცკავშირის კულუარები: როგორ რეკავენ კრემლში თეთრი სახლიდან - "სამი ადამიანი იწერს საუბარს, რათა "ანკეტის" მაგივრად "რაკეტა" არ - კვირის პალიტრა

ტრამპისა და პუტინის სპეცკავშირის კულუარები: როგორ რეკავენ კრემლში თეთრი სახლიდან - "სამი ადამიანი იწერს საუბარს, რათა "ანკეტის" მაგივრად "რაკეტა" არ გაიგონ"

ჩეხური გამოცემა „იდნესი“ (Idnes) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „როგორ საუბრობს დონალდ ტრამპი კრემლთან? პრეზიდენტები ერთმანეთს ჩვეულებრივი მოკვდავებივით არ ურეკავენ“ (ავტორი - მილან ვოდიჩკა). მასში გადმოცემულია, თუ როგორ ხდება პრეზიდენტების სატელეფონო საუბრების ორგანიზება, ვინ ესწრება სატელეფონო საუბრებს და რატომ არ ინახავენ საუბრის ოფიციალურ აუდიოჩანაწერებს აშშ-ში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ ფიქრობთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უცებ ეტყვის თავის პრესსამსახურს, - აბა, პუტინს დამაკავშირეთო ან თვითონ სწვდება ყურმილს და ნომერს აკრეფს, ან მობილურ ტელეფონს აიღებს და ტუალეტში წავა თავის რუს კოლეგასთან სალაპარაკოდ, მაშინ ჰოლივუდის ფილმების ყურებას თავი უნდა დაანებოთ!

სახელმწიფოს მეთაურებს შორის სატელეფონო საუბრები ერთ წუთში არ წყდება, ამისთვის საკმაო ხნის განმავლობაში ემზადებიან: წინასწარ დგება „მაშველთა“ სია, რომლებიც პრეზიდენტების ახლოს დგანან (სხედან) და რჩევებს აძლევენ, ანიშნებენ, კარნახობენ, არგუმენტებს აწვდიან ან დაბნეულობისგან გამოჰყავთ.

როცა უკვე საუბრის დრო დანიშნულია, ხდება სატელეფონო საუბრის იმიტირება - „შავი გადარეკვა“: მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამზადებენ სასაუბრო თემებს, არგუმენტებს, მანევრირების შესაძლებლობებს და კითხვებს მოსაუბრისათვის. ზუსტდება ფორმულირებები. ეს ყველაფერი ძალიან მოგვაგონებს წინასაარჩევნო დებატების მომზადების პროცესს.

შეგვიძლია, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ თეთრ სახლშიც და კრემლშიც „შავი გადარეკვები“ მოაწყვეს ორშაბათს საღამოს და სამშაბათსაც, ვიდრე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი შედგებოდა. ყველაფერი მომზადდა იმისათვის, რომ პრეზიდენტებს ზუსტად სცოდნოდათ, რისი თქმა იყო საჭირო და რისი თქმა არ შეიძლებოდა.

შემდეგ, უშუალოდ საუბრის წინ, პრეზიდენტებს მაგიდაზე უდებენ „საგზაო რუკას“ პუნქტებით, რომლის რიგითობა უნდა დაიცვან და რომლის დარღვევა არ შეიძლება, ინიციატივის შენარჩუნების მიზნით.

შეთანხმებულ დრომდე ცოტა ხნით ადრე ტექნიკური სპეციალისტები სპეციალური ხაზს კიდევ ერთხელ ამოწმებენ (თეთრი სახლიდან რეკავენ კრემლში და - პირიქით). თუ ყველაფერი რიგზეა და კავშირი საუკეთესო დონისაა, თანამშრომლები პრეზიდენტებს ტელეფონის ყურმილის ასაღებად იწვევენ.

აშშ-ის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგასთან ყოველთვის ოვალური კაბინეტიდან საუბრობს. მის გვერდით იმყოფება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, იმ დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც რუსეთის საქმეები აბარია, რუსეთის საქმეთა მცოდნე თანამშრომლები, დაზვერვის უფროსი და კიდევ ერთი-ორი პირადი მრჩეველი. ეს საკმაოდ უცნაური სურათია: ერთი ლაპარაკობს და ირგვლივ ყველა მას უსმენს. ეს ადამიანები რაღაცით ჰგვანან სანაპიროს დაცვის მუშაკებს - ისინი მაშველ რგოლს უგდებენ პრეზიდენტს და „წყლიდან ამოჰყავთ“, როცა მას პასუხის გაცემა უძნელდება („ტალღას ვერ უმკლავდება“). მათ შეუძლიათ „შპარგალკის“ მიწოდება, თემასთან დაბრუნება (თუ პრეზიდენტი უნებლიეთ ლაპარაკში გაერთობა). ისინი პრეზიდენტს აფრთხილებენ და მიანიშნებენ, როცა მეორე პრეზიდენტი რაღაც ხაფანგს უგებს. სრულიად ნორმალურია, თუ პრეზიდენტი იტყვის, რომ მოსაუბრის მიერ რომელიმე საკითხის წამოწევა მისთვის მოულოდნელია და „წუთშესვენებას გამოაცხადებს“, გვერდით მყოფებთან მოსათათბირებლად.

საუბარს ისმენენ და აკვირდებიან „უჩინარი ყურები“ - ორი ადამიანი, გვერდით არსებულ ოთახებში, რომლებიც სტენოგრამას ამზადებენ. საუბრის გაშიფვრა, ზუსტი და დეტალური ტექსტების გაკეთება აუცილებელია ისტორიისათვის. პრეზიდენტების საუბრების [აუდიოვიდეოჩაწერა] არ ხდება.

რა თქმა უნდა, ოვალურ კაბინეტში მსხდომები საუბარს თავისთვის იწერენ მობილურ ტელეფონზე, მისი შემდგომი ანალიზისათვის, მაგრამ ხაზს ვუსვამთ: ოფიციალურად საუბრის არც ერთი აუდიოჩანაწერი არ არსებობს.

ორი ადამიანი, რომელიც თეთრი სახლის ნებისმიერ გვერდით ოთახში იმყოფება, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იწერს იმას, რასაც ისმენს და თან - რაც შეიძლება სწრაფად. არის კიდევ მესამე პირი, რომელსაც საკმაოდ უცნაური ფუნქცია აქვს: მიკროფონში იმეორებს ყველაფერს, რას მას ესმის - იდეალურად და სიტყვასიტყვით. მისი ხმა გადაეცემა კომპიუტერს, რომელიც ავტომატურად ბეჭდავს ტექსტს, მაგრამ ხმის ასლი (აუდიოვერსია) არ ინახება. საბოლოოდ, სამი ვერსიიდან დგება ერთი მთავარი ტექსტი.

ეს სამი ადამიანი, რომელიც საუბარს სხვადასხვა წესით იწერს, იქ იმიტომ იმყოფება, რომ რაიმე ეჭვი არ გაჩნდეს ციფრებისა და ფორმულირებების მიმართ, რაიმე შეცდომისა და ინტერპრეტაციების გამორიცხვის მიზნით - მაგალითად, „ანკეტის“ ნაცვლად „რაკეტა“ არ გაიგოს ან ენამოსწრებული სიტყვა „იადრენა“ „იადერნად“ („ბირთვულად“) არ იქნას აღქმული.

და კიდევ ერთი: ორი პრეზიდენტი არასოდეს საუბრობს ყველასათვის ცნობილი „წითელი ხაზით“ (იგივე „ცხელი ხაზით“). ეს შეუძლებელია. „წითელი ხაზი“, როგორც ტელეფონით სასაუბრო საშუალება, არასოდეს არსებობდა. თავდაპირველად ეს იყო ტელეტაიპი, შემდეგ - ტელეფაქსი, ახლა - კომპიუტერი ელექტრონული ფოსტისათვის.

დღეს ორ პრეზიდენტს ერთმანეთთან საუბარი ჩვეულებრივი ტელეფონით შეუძლიათ, ოღონდ მკაცრი უსაფრთხოებით და კოსმოსური თანამგზავრით უზრუნველყოფილი სახით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.idnes.cz/zpravy/zahranicni/trump-putin-kreml-prezident-telefonat-valka-mir-jednani.A250318_180016_zahranicni_krd

TOP.GE