რა მოხდება თბილისში 31 მარტს - "განხეთქილების" მიშა ანუ რატომ "ამბოხდა" "ნაცმოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ?! - კვირის პალიტრა

რა მოხდება თბილისში 31 მარტს? - "განხეთქილების" მიშა ანუ რატომ "ამბოხდა" "ნაცმოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ?!

"ეს არის საქმე, ამ ეტაპზე ვერც ოპოზიცია და ვერც სალომე ზურაბიშვილი სხვას ვერაფერს გააკეთებს", - ამ მოსაზრებით ეხმაურება ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით ევროპელი ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილს. „მოგიწოდებთ, სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს“, - ნათქვამია წერილში, სადაც ხაზგასმულია, რომ ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, სამი ძირითადი მიზეზის გამო: დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და სტრატეგიის თვალსაზრისით.

დოკუმენტში არის მოწოდება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ სათანადო ყურადღება მიაქციონ გამოწვევას და განიხილონ ჩართულობის ყველა გზა, ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩასატარებლად... უფრო ვრცლად სალომე ზურაბიშვილის პოზიციის, ოპოზიციულ ველზე არსებულ ვითარებისა და პროცესების განვითარების სავარაუდო ვერსიებზე ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბლიც-კრიგი კი არა, მარათონული დაპირისპირებაა. რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ ისეთი, რომ პროცესი გააქტიურდეს?

დავუშვათ, მოხდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს და ოპოზიცია გაერთიანდა, ვინმეს შეუძლია გარანტირებულად თქვას, როგორი იქნება, ოპოზიციური ამომრჩევლის რეაქცია?! ისინიც გაერთიანდებიან?! მე არ მგონია!

ეს არ არის მარტივი საქმე, ახლა სწორედაც რომ გაძლებაზეა საქმე. გასაგებია, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს, ისევე, როგორც რუსთაველზე მდგომ ხალხს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ იმუშავებს სხვა ფაქტორი, რომელიც სიცხადეს შეიტანს არსებულ ვითარებაში.

- სხვა ფაქტორში რას გულისხმობთ?

- ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, ქვეყნის გარეთ. იმის თქმა მინდა, რომ აჩქარება საქმეს არ წაადგება. გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, გაერთიანებული ოპოზიცია ვერ გახდება საპროტესტო აქციის წამყვანი ძალა. რომც გახდეს რა იქნება?! მდუმარე აქციას ხმაურიანი მიტინგები შეცვლის?! ეს მიტინგები რას მოიტანს?!

31 მარტისთვის დაგეგმილი ხალხმრავალი აქციის მიზანი საზოგადოების ერთგვარი შეფხიზლება და დროის გადაგორებაა. ამასობაში გარეფაქტორებიც დაიწყებენ მუშაობას.

მანამდე რაიმე უფრო რადიკალური ქმედებისთვის არც საზოგადოებაა მზად და არც ოპოზიცია. მოთმინებაა საჭირო! შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება დღეს ალყაშია. ნაადრევად შეტევის დაწყება წამგებიანი იქნება. ამიტომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, 31 მარტის მსგავსი მასშტაბური აქციები უნდა დაიგეგმოს, მაგრამ არა - ყოველდღე. მესმის, რომ ხელისუფლებას რეპრესიული კანონები შემოაქვს და ბრძოლა რთულდება, მაგრამ ოპოზიციას სხვა გამოსავალი არ აქვს, სხვა მოქმედების შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს.

- თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ საჭიროა რადიკალური ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება დათმობაზე არ წავა. მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები თავდაცვიდან თავდასხმით პოზიციაზე უნდა გადავიდეს.

- სრული აბსურდია, ის რასაც ხაბეიშვილი ამბობს! ყველაფერს დაგეგმვა უნდა, მათ შორის, ოპოზიციის ქმედებებსაც. ძალიან ცუდად მუშაობს ოპოზიციური მედიასაშუალებები, („კვირის პალიტრას“ არ ვგულისხმობ). წესით, ოპოზიციური მედიასაშუალებების დანიშნულება ნეიტრალური ამომრჩევლის ოპოზიციისკენ გადაბირება უნდა იყოს. არადა, ისეთ გადაცემებს აკეთებენ, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი მათ საერთოდ არ უყურებს, რუსთაველზე მდგომმა საზოგადოებამ კი ისედაც კარგად იცის, რა ხდება პოლიტიკურ ველზე და ამისათვის საერთოდ არ სჭირდება ტელევიზორის ყურება. არავინ სვამს კითხვას, რა საჭიროა ტელევიზია, რომელსაც არავინ უყურებს? გარდა ამისა, ძალიან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ დროულად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ხელისუფლება ჩქარობს იმიტომ, რომ ეკონომიკური სანქციების გააქტიურების შემთხვევაში, პროცესები ოპოზიციისთვის სასარგებლოდ წარიმართება. მმართველი გუნდი ცდილობს, საპროტესტო მუხტი მანამდე ჩაკლას, ვიდრე მოსახლეობაში ეკონომიკური და სოციალური პირობები კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ მაინც საგარეო ფაქტორებზე ვართ დიდწილად დამოკიდებულნი, ამ შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე. ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ქართველი საზოგადოების განწყობებზე. არც ამ მიმართულებით მუშაობს სწორად ოპოზიციური მედია. ამ ფლანგზეც სამთავრობო მედია სჯობნის.

- თქვენი ვერსიით, პრემიერ კობახიძის განცხადება, რომ თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოიგებენ როგორც მერის, ასევე -საკრებულოს არჩევნებს და ოპოზიციას კონკურენციის არანაირი რესურსი არ აქვს, პროგანდისტული განაცხადია, თუ პრემიერს რეალურად აქვს ასეთი მოლოდინი?

- დიახ, ეს არის პროპაგანდისტული განცხადება და რატომღაც ოპოზიციიდან აზრად არავის მოუვიდა ეპასუხა, რომ თუ მართლა ნულის ტოლია ჩვენი შანსი, დანიშნეთ ვადამდელი არჩევნებიო. ეს ხომ ელემენტარულია?! პრობლემა თბილისში არ არის, დედაქალაქის მოსახლეობა საკმაოდ ინფორმირებულია, პრობლემა არის რეგიონებში და ოპოზიცია იქ ან ფეხით უნდა ჩავიდეს, ან ტელევიზიით.

- ოპოზიციურ ველზე არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს თუ არა ლიდერებს შორის დაპირისპირება, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გახშირებული თავდასხმები?

- წარმოდგენა არ მაქვს, რას ფიქრობენ, ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ილაშქრებენ. კი მაგრამ ამ „ნაციონალებს“ თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, გააკეთონ, ვინ რას უშლის? თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, რას უყურებენ ზურაბიშვილს?

- „ნაციონალების“ მთავარი პრეტენზია ზურაბიშვილის მიმართ ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა. „ნაციონალი“ ლიდერებისთვის მიუღებელია მისი არგუმენტი, რომ შეწყალება არ იქნებოდა გამოსავალი და საბოლოოდ სააკაშვილი მაინც პატიმრობაში დარჩებოდა. თქვენი შეფასებით, რა შედეგი მოჰყვებოდა, ზურაბიშვილს რომ მართლაც შეეწყალებინა სააკაშვილი?

- შედეგი ის იქნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მომენტალურად დაკარგავდა ნეიტრალურ ამომრჩეველს. გარდა ამისა, „ნაციონალი“ ლიდერები ყოველ გამოსვლაში ტრაბახობენ, რომ ჩვენმა ლიდერმა შექმნა სახელწიფო, მანამდე ქვეყანას არც პოლიცია ჰყავდა, არც სასამართლოო. სწორედ „ნაციონალების“ შექმნილმა პოლიციამ და სასამართლომ გამოკეტა ტყვეობაში სააკაშვილი. ბიძინა ივანიშვილმა ხომ არაფერი შექმნა?! ასე რომ, რაც დათესეს, ის მოიმკეს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE