ზელენსკი მთავარ კოზირს კარგავს?! - რატომ არ აწყობს უკრაინას ენერგოობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი შეწყვეტა
ტრამპი-პუტინის ორსაათიანი სატელეფონო საუბრიდან ის გახდა ცნობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი იდეაში თითქოს მიესალმება ომის 30-დღიან „დაპაუზებას“, თუმცა რეალურად ამ ეტაპზე თანახმაა, დაყაბულდეს მხოლოდ ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას ორივე მხრიდან...
სულ არაფერს, თითქოს, ეს ვარიანტი სჯობს, რაც კიდეც აიტაცა ემოციურმა ტრამპმა და მთელ მსოფლიოს მოსდო, თუ რა წარმატებული იყო მისი სატელეფონო გასაუბრება პუტინთან და ენერგეტიკის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურებზე თავდასხმების შეჩერება, პირველი ნაბიჯები იქნება ამ საშინელი ომის დასამთავრებლადო...
ანალიტიკოსებმა მიაქციეს ყურადღება, რომ ტრამპის სიტყვებისგან განსხვავებით, კრემლის ოფიციალურ განცხადებაში ლაპარაკი იყო მხოლოდ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებაზე და არა - სხვა ინფრასტრუქტურებზეც, რაც ორი ძალიან განსხვავებული საკითხია...
ამასთან, ჯერ კიდევ განსასაზღვრელია, თუ რა დაკონკრეტდება ენერგეტიკის ობიექტებში - ნავთობბაზაც და ის ბენზიმზიდი მანქანებიც, რომლებსაც ამ ბაზიდან საწვავი სამხედრო ტექნიკისთვის მიაქვთ?
მოკლედ, საუდის არაბეთში 23 მარტს ამერიკულ-რუსულ სამუშაო ჯგუფებს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის დაკონკრეტება მოუწევთ.
ასეთი შეთანხმებები ისე იოლად და სწრაფად ვერ მიიღწევა, როგორც ეს ტრამპს წინასაარჩევნო პერიოდში წარმოედგინა, როდესაც დაუფიქრებლდ იძახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ერთი სატელეფონო ზარით 24 სთ-ში შეაჩერებდა (თუმცა ორიოდე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით, იცით, რა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას?... უბრალოდ გავიხუმრეო!...).
მაგრამ რამდენად აწყობს უკრაინის მხარეს, რომ თავდაპირველად მხოლოდ ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებაზე შედგეს შეთანხმება?
მაშინ, როდესაც რუსული „გერანები/შაჰიდები“ ყოველღამ უტევენ უკრაინის თბო და ჰიდროელექტროსადგურებს, აფეთქებენ ელექტროქვესადგურებს და უკრაინულ ქალაქებს აბნელებენ, ხოლო მოსახლეობას ყინვაში, გათბობის გარეშე ტოვებენ, რაღა საკითხავია - უკრაინა თითქოს პირველი უნდა იყოს ამით დაინტერესებული...
თუმცა ეს საკითხი არცთუ ასეთი მარტივია...
წესით, უკრაინას არანაირად არ უნდა აწყობდეს ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ენერგეტიკის ობიექტებზე, რადგან ეს... უკრაინელების მთავარი კოზირია აგრესორი რუსეთთისთვის მეტ-ნაკლებად მტკივნეული საპასუხო საჰაერო დარტყმების მისაყენებლად...
არის ამის რამდენიმე მიზეზი:
პირველი - სამწლიანი ომის განმავლობაში რუსეთმა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე, კამიკაძე-დრონებით თითქმის ყველა უკრაინული, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ჰიდრო და თბოელექტროსადგური დააზიანა ან საერთოდ გაანადგურა უკრაინის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში. ამიტომაც თუკი რუსეთი შეაჩერებს უკვე დაზიანებულ ასეთ თბოელექტროსადგურებზე თავდასხმებს, უკრაინა ამით ძალიან ბევრ რამეს ვეღარ მოიგებს.
უკრაინის ელექტროდენით უზრუნველყოფა, ძირითადად, ატომური ელექტროსადგურების მუშაობის ხარჯზე ხდება, რომელთა აფეთქებას კრემლი, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ბედავს, ოღონდ არა იმიტომ, რომ უკრაინის მოსახლეობას უფრთხილდება ან კიდევ ამერიკელებისა და ევროპელების რიდი აქვს, არამედ - წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით - ეშინა, რომ რუსული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაზიანებული უკრაინული ატომური რეაქტორებიდან გამოჟონილი რადიოაქტიური ღრუბელი ქარმა ისევ რუსეთის ტერიტორიისკენ, პირველ რიგში კი - მოსკოვისკენ არ წაიღოს, რაც ერთხელ უკვე მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის დროს...
მეორე - ფრონტის ხაზზე საბრძოლო ინიციატივას კვლავ რუსეთის საოკუპაციო ძალები ფლობენ და ამის შემობრუნება უკრაინის არმიას არ შეუძლია, გინდ დასავლეთის დახმარებითაც.
ერთადერთ დარტყმებს, რომლებსაც ყველაზე მტკივნეულად აღიქვამენ კრემლში, არის სწორედ უკრაინული კამიკაძე-დრონებისა და რაკეტების საჰაერო შეტევების შედეგად აგიზგიზებული მორიგი რუსული ნავთობბაზა, გაზსადენი თუ საპორტო ნავთობტერმინალი...
მესამე - რუსეთი დღეღამეში 5,6 მლნ ბარელამდე ნავთობპროდუქტების გადამუშავებას ახდენს, რაზეცაა დამოკიდებული მთლიანად რუსეთის ბიუჯეტი და, შესაბამისად, კრემლის შესაძლებლობები, გააგრძელოს ფართომასშტაბიანი და დროში გაწელილი ომი უკრაინაში.
სპეციალისტების დათვლით, თუკი 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 24 საჰაერო იერიში მიიტანა, წელს უკვე 19 ასეთივე თავდასხმა მოაწყო, რითაც ამ რუსულ ქარხნებში ნავთობპროდუქტების გადამუშავების მოცულობა ნახევარი მილიონი ბარელით შეამცირა, რაც გარკვეულწილად უარყოფითად აისახება, როგორც რუსული ნავთობროდუქტების ექსპორტზე, ისე - საავიაციო ნავთით რუსული ბომბდამშენებისა, ხოლო დიზელის საწვავით კი - რუსული ტანკების ფრონტზე ბრძოლისთვის უზრუნველსაყოფად.
მეოთხე - მორიგი აგიზგიზებული რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან მაღლა ცაში ამავალი შავი კვამლი ძალიან კარგად მოჩანს რუსი ობივატელების სახლების ფანჯრებიდან, რაც მათ არ ავიწყებთ, რომ მათივე პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეს საშინელი ომი, მათსავე უბრუნდებათ და თანაც - უფრო და უფრო ღრმად, რუსეთის ტერიტორიაზე...
მეხუთე - პუტინის მხრიდან სწორედ ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების მოთხოვნა შეიძლება, იმითაც იყო გამოწვეული, რომ უკრაინამ შეძლო, სამამულო წარმოების ახალი კამიკაძე-დრონების (მათ შორის - რეაქტიულძრავიანების) მასობრივი წარმოების ორგანიზება, რომლებსაც ათასს და 3 ათას კმ-მდეც შეუძლიათ ფრენა და სამიზნის ზუსტად დაზიანება.
ეს კი რუსეთისთვის სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა, რადგან მას რეალურად არ ყოფნის საჰაერო თავდაცვის საშუალებები (მათი დიდი ნაწილი ფრონტის ხაზის სიახლოვესაა გადასროლილი უკრაინაში) და არ შეუძლია ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა, მით უმეტეს, რომ ასეთი ქარხნები რამდენიმე კვადრატულ კმ-ის ფართობზეა გადაჭიმული და მისი მოწყობილობები ადვილი დასაზიანებელია, თუნდაც - მცირე სიმძლავრის აფეთქებით, რომელიც შემდეგ უზარმაზარ ხანძარში გადაიზრდება, მილებსა და რეზერვუარებში არსებული ნავთისა თუ ბენზინის მარაგების გამო.
ასე რომ, თუკი მაინდამაინც საჰაერო თავდასხმების შეჩერებაზე წავა საქმე, მაშინ უკრაინის ინტერესებში უნდა იყოს, რომ ორმხრივი თავდასხმები შეჩერდეს როგორც ენერგეტიკის ობიექტებზე, ისე - სხვა ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის - შავი ზღვის იმ უკრაინულ საზღვაო პორტებზეც, საიდანაც გატანილი მარცვლეულით უკრაინა, ასე თუ ისე, მცირედით ავსებს თავის ბიუჯეტს...