კავკასიური დერბი, ცავატანემ: რეპორტაჟი ერევნიდან - ქართველი ქომაგების დაგეგმილი მსვლელობა და სომხური ოპტიმიზმი
სომხეთის დამარცხების დროა!
მართლაც კარგი დროა, რადგან, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ოფიციალურ მატჩში, სომხეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები არასდროს დაგვიმარცხებია! აქამდე გამართული შვიდი შეხვედრიდან, უმეტესობა ამხანაგური იყო და საქართველოს ნაკრების უპირატესობა თვალსაჩინოა: განსაკუთრებულად გვახსოვს (მით უმეტეს - სომხებს რა დაავიწყებთ?!) თბილისში გამართული პირველი ამხანაგური მატჩი, რომელშიც „არც ისე ამხანაგური ანგარიშით“ – 7:0 გავიმარჯვეთ, თუმცა, ბოლო ორ შეხვედრაში, მეზობელი ქვეყნის ნაკრებმა გვაჯობა. ოფიციალური შეხვედრების სტატუსით, სწორედ ეს ორი მატჩი გაიმართა: უეფას ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშების პირველ წრეში, სტუმრად 2:2 ვითამაშეთ, „დინამო არენაზე“ გამართული განმეორებითი მატჩი კი სომხებმა 2:1 მოიგეს. საქართველოს ნაკრებს მაშინაც მეზობლებზე უკეთესი გუნდი ჰყავდა, მაგრამ მაკედონიასთან ისტორიული ფინალის წაგების შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს ნირი ჰქონდათ წამხდარი და ეს მათ თამაშსა და მატჩის საბოლოო ანგარიშსაც დაეტყო.
ქართულ-სომხური სანაკრებო დაპირისპირებების სრული სტატისტიკა კი ასეთია (იმედია, დღევანდელი მატჩის შემდეგ ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება!):
საქართველო-სომხეთი 7:0 (1997 წელი, ამხანაგური მატჩი);
სომხეთი-საქართველო 1:2 (2000 წელი, ამხანაგური მატჩი კვიპროსის ტურნირზე);
სომხეთი-საქართველო 0:0 (2000 წელი, ამხანაგური მატჩი);
სომხეთი-საქართველო 2:0 (2004 წელი, ამხანაგური მატჩი კვიპროსის ტურნირზე);
სომხეთი-საქართველო 1:2 (2011 წელი, ამხანაგური მატჩი);
სომხეთი-საქართველო 2:2 (2020 წელი, უეფას ერთა ლიგა);
საქართველო-სომხეთი 1:2 (2020 წელი, უეფას ერთა ლიგა);
დასაწყისშიც დავწერე, რომ ოფიციალურ შეხვედრებში სომხები არასდროს დაგვიმარცხებია, დღევანდელი შეხვედრა კი არა მხოლოდ ოფიციალური და პრინციპული (ე.წ. კავკასიური დერბისთვის დამახასიათებელი, ჯერ კიდევ საბჭოეთისდროინდელი ქიშპობის გათვალისწინებით), ძალიან მნიშვნელოვანიც არის - ორმატჩიან დუელში გამარჯვებული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში თამაშის უფლებას მიიღებს. 2024 წელი ისტორიული კი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ შარშანდელი ერთა ლიგის გათამაშების ბოლო მატჩებში განიავებული ქულების გამო, დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფის თამაში გვიწევს. მატჩის პრინციპულობას რომ თავი დავანებოთ, ერთი დივიზიონით დაქვეითება საქართველოს ნაკრებს გაცილებით გაურთულებს „ევრო-2028“-ზე მოხვედრის პერსპექტივას, ასე რომ, სომხეთის ნაკრებთან ორმატჩიანი დუელის წაგება არაფრით შეიძლება!
სომხეთის ნაკრებში, ცოტა არ იყოს, არეული ვითარებაა - სამი კვირის წინ შეუდგა საქმეს ახალი მთავარი მწვრთნელი - ნიდერლანდელი ჯონ ვან'ტ სხიპი, ნაკრებში აღარ თამაშობს ჰენრიხ მხითარიანი, სხვადასხვა მიზეზის გამო, გუნდს აკლია რამდენიმე ლიდერი, მათ შორის - სომხური ფეხბურთის მთავარი იმედი ედუარდ სპერციანი. ამის მიუხედავად, მასპინძლები იმედიანად არიან განწყობილნი, ზოგიერთი მათგანი კი ორივე მატჩის მოგებითაც (!) კი იმუქრება... ველაპარაკეთ რამდენიმე ადგილობრივ ქომაგს (ქართველი ჟურნალისტები ერევანში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად ჩამოვედით): პირველ რიგში, იმას აზუსტებენ - ნამდვილად გამოტოვებს თუ არა პირველ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია, მერე კი, სომხურ-ქართული საფეხბურთო დაპირისპირებების ისტორიებს იხსენებენ და არცთუ დიდი თავდაჯერებით, მაგრამ, მაინც ამბობენ - ერევანში ჩვენ მოგიგებთო...
ქვეყნის მთავარი სტადიონი „რაზზანი“, წლებია, ამორტიზებულია. ამის გამო, სომხეთი-საქართველო გაიმართება ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე, რომლის ტრიბუნებიც 14 400 მაყურებელს იტევს. მათ შორის, ათასზე მეტი ქართველი იქნება და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლმა ამ ამბავზე განსაკუთრებული ხაზგასმით ილაპარაკა - ბოლო წლებში გასვლით მატჩებზეც უამრავი ქართველი ქომაგი გვამხნევებს და ჩვენი გუნდისთვის ეს მხარდაჭერა ძალიან ფასეულიაო.
„რესპუბლიკური სტადიონის“ ტრიბუნებზე განსაკუთრებული გარემოს შექმნას გეგმავენ სომეხი ფანებიც: სტადიონის სამი ტრიბუნის ყველა სკამზე უკვე დალაგებულია სომხეთის დროშის ფერების აღმნიშვნელი სპეციალური ბანერები და ეროვნული დროშები, რომლებსაც ადგილობრივი ქომაგები ეროვნული ჰიმნის დროს ააფრიალებენ.
დანაკლისი აქვს საქართველოს ნაკრებსაც: ყვითელი ბარათების ლიმიტის გადამეტების გამო, დღევანდელ მატჩს გამოტოვებენ ხვიჩა კვარაცხელია და ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია (დღეს, კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება), თუმცა ერევანში ორივე მათგანი ნაკრებთან ერთად ჩამოფრინდა, გუშინდელ ვარჯიშშიც მიიღეს მონაწილეობა და 23 მარტს გასამართ განმეორებით შეხვედრაში („დინამო არენა“, 18:00 საათი) აუცილებლად ითამაშებენ. ასე რომ, სერიოზული დანაკლისი ჩვენც გვაქვს, თუმცა დავეთანხმოთ ვილი სანიოლს - კვარაცხელია-კაშიას არყოფნაში, შანსი სხვა მოთამაშეებს მიეცემათო. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფრანგმა მწვრთნელმა ისიც თქვა, რომ რთულ მატჩს ელის, რადგან ადგილობრივი ქომაგების მხარდაჭერის ფონზე, სომეხი ფეხბურთელები განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებენ. რაც შეეხება ჩემს მოთამაშეებს, გასული წლის შემოდგომაზე მათი უმეტესობა დაღლილი იყო, როგორც ფიზიკურად, ისე - ფსიქოლოგიურად. ახლა კი, გუნდი გაცილებით უკეთეს კონდიციაშია და ეს ყველაფერი მოედანზე უნდა გადავიტანოთო.
ასეც არის - ნაკრების განაცხადში მყოფი ქართველი მოთამაშეების უმეტესობა ჩინებულ ფორმაშია, ბოლო მატჩებში გოლებითაც გაგვახარეს (მიქაუტაძემ, ზივზივაძემ, კიტეიშვილმა, გულიაშვილმა და სხვ.) და იმედია, წარმატებულ სერიას ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზეც გააგრძელებენ.
მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე, სტადიონამდე ერთობლივ მსვლელობას გეგმავენ ერევანში მყოფი ქართველი ქომაგები (მსგავსი მსვლელობა დაგეგმეს სომეხმა ფანებმაც). თეთრი ფერის სამოსში გამოწყობილი ქართველი გულშემატკივრები ერევნის რესპუბლიკურ მოედანზე შეიკრიბებიან და სტადიონისკენ მიმავალ გზას 18:00 საათიდან დაადგებიან.
დაახლოებით, იმავე დროს, საფრანგეთის მოედნიდან დაიწყება სომეხი გულშემატკივრების მსვლელობა. ისინი თავისიანებს მოუწოდებენ - შავი ფერის სამოსი ჩაიცვით და ნებისმიერ ამინდში (პროგნოზის თანახმად, საღამოს წვიმას ელიან) შემოგვიერთდითო. მოკლედ, თეთრი და შავი ჯერ სტადიონის მიმდებარედ, 21:00 საათიდან კი - უშუალოდ „რესპუბლიკური სტადიონის“ მინდორზე გამოჩნდება...
ვიმეორებ: სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს დღეს მერვედ ვეთამაშებით, საერთო უპირატესობის მიუხედავად, ოფიციალურ შეხვედრებში არასდროს დაგვიმარცხებია და დროა, ეს საკმაოდ გასაკვირი ტრადიცია დავარღვიოთ. მეორე დღეა, ერევანში უამრავ ქართველს ვხედავთ, ჩვენს ნაკრებს მხარდაჭერა არ მოაკლდება, გუნდიც მასპინძლებზე უკეთესი გვყავს და... თუ სწორი ტაქტიკითა და სრული მობილიზებით ვითამაშებთ, სომხეთის დედაქალაქიდან სასურველი შედეგის წამოღება არ უნდა გაგვიჭირდეს!
საქართველოს ნაკრების განაცხადი სომხეთთან მატჩებისთვის:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლაშა დვალი (აპოელი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი), ირაკლი აზაროვი (შახტარი), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ლევან შენგელია (ოფი კრეტა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი), გიორგი ზარია (ქაირათი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი);
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო);
სომხეთი-საქართველო. 20 მარტი. ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკური სტადიონი. 21:00 საათი;
საქართველო-სომხეთი. 23 მარტი. „დინამო არენა“. 18:00 საათი;
რატი შელეგია ერევნიდან
(სპეციალურად საიტისთვის)