ცხელი აპრილ-მაისის მოლოდინში: მოიხსნება თუ არა თბილისში ტემპერატურის რეკორდი - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
საკმაოდ თბილი დღეების შემდეგ, 17 მარტიდან ისევ შეიცვალა ამინდი და საკმაოდ აგრილდა. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი წვიმიანი და გრილი ამინდი და, ზოგადად, როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - ამ საკითხზე გრძელვადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება:
- გაზაფხული საკმაოდ ცივად დაიწყო. 1-ელი და 2 მარტი თოვლიანი იყო, მერე გამოიდარა და ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა, როგორც დასავლეთ, ასევე - აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ 32 გრადუსს მიაღწია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე ავიდა, რაც საკმაოდ იშვიათობაა. ყოველთვის ასე არ ხდება. შემდეგ საქართველოში კვლავ ცივი ჰაერის მასები შემოიჭრა, ამიტომ უმეტეს რაიონში ნალექი იყო. მაღალ მთაში თოვლი მოვიდა. ასეთი ცივი ამინდი გრძელდება კვირის ბოლომდე. კვირას შესუსტდება ინტენსივობა და ზოგან გამოიდარებს. შემდეგი კვირა, 24 მარტიდან თვის ბოლომდე, უმეტესად ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ტემპერატურა ნელ-ნელა აიწევს და კვირის ბოლოდან ისევ მაღალ ნიშნულს ველოდებით, როგორც დასავლეთ, ასევე -აღმოსავლეთ საქართველოში.
დასავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, ტემპერატურამ 28-30 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა მოიმატებს 27- 28 გრადუსამდე, დაბლობსა და ბარში. მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა 25-26 გრადუსამდე აიწევს, მაღალ მთაში 19-20 გრადუსამდეც შეიძლება, მოიმატოს. ასევე, გაიზრდება ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს მთებსა და მაღალმთიანეთში. მთებში 25 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა, მაღალმთიან რაიონებში კი - 17-18 გრადუსამდე.
მომდევნო თვე ანუ აპრილი საკმაოდ თბილი იქნება. მოიმატებს ტემპერატურა და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება აპრილის დასაწყისშიც.
- პერიოდულად იწვიმებს კიდეც?
- 23 მარტამდე ნალექი იქნება, დაბლობსა და ბარში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში თოვლი გაგრძელდება, ამ კვირის ბოლომდე, მომდევნო კვირიდან კი გამოიდარებს და თვის ბოლომდე მთელ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. წელს, აპრილში, ნორმასთან შედარებით ნაკლები იქნება ნალექი, თუმცა მაინც გაზაფხულის თვეა და კლიმატით აპრილი ყველაზე უხვი ნალექით გამოირჩევა. ამ კვირაში დამთავრდება ნალექიანი დღეები, 24 მარტიდან უკვე გამოიდარებს და თვის ბოლომდე, 31 მარტამდე, უნალექო ამინდი იქნება.
- თითქოს წელს, სხვა წლებთან შედარებით, მარტში ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო... ასეა?
- მაღალი ტემპერატურა ყოფილა წინა წლებშიც. კერძოდ, 2008 წელს იყო ასეთი თბილი მარტი, მაშინაც 32 გრადუსამდე ავიდა ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში და ეს რეკორდები წელსაც განმეორდა დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის - თბილისშიც, წელს მაღალი ტემპერატურა იყო.
მაგალითად, 18 მარტს თბილისში 29 გრადუსი დაფიქსირდა. დედაქალაქში წელს მოიხსნა რეკორდი, მარტში არასდროს ყოფილა თბილისში ასეთი მაღალი ტემპერატურა.
- წელს უხვთოვლიანობაც იყო....
- მარტი, ზოგადად, ცვალებადი ამინდით ხასიათდება. მარტში თოვლი არ არის იშვიათობა. 2022 წელსაც ასეთი თოვლიანი და ცივი იყო მარტი და 2022 თბილისშიც მოვიდა თოვლი.
საქართველოს მთებისთვის და მაღალმთიანეთისთვის მარტში ასეთი თოვლი არ არის გამონაკლისი. შარშანაც კი იყო მარტის შუა რიცხვებამდე მთიან კურორტებზე თოვლი და სეზონი. ეს უჩვეულო არ არის, თუმცა აჭარისთვის საკმაოდ უხვნალექიანი გამოდგა და საკმაოდ დიდი იყო თოვლის საფარი - 3 მეტრს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში მაღალი ტემპერატურა იყო, თოვლის საფარი კვლავ ნარჩუნდება.
- ახლა საყურადღებოა დნობის პროცესი. თბილი ამინდები ხომ არ დააჩქარებს ამ პროცესს და პრობლემებს ხომ არ შექმნის?
- მაღალი ტემპერატურა იწვევდა ინტენსიურ დნობას, ამიტომ ცოტა სახიფათოც იყო, რადგან მდინარეები შევსებული იყო წყლით, მაგრამ ახლა ისევ აგრილდა და ამან შეანელა დნობის პროცესი. წყალდიდობის საფრთხე იყო, მაგრამ ეს საფრთხე შენელდა. დიდხანს რომ გაგრძელებულიყო ცხელი ამინდი, თოვლის საფარის სიმაღლიდან გამომდინარე, მდინარეების დონე ძალიან მოიმატებდა. მდინარეების დონე ახლაც არის მომატებული, მაგრამ სახიფათო პერიოდი გადავიარეთ.
- ზაფხული როგორი გვექნება?
- ზაფხულზე ჯერ ადრეა საუბარი. გაზაფხული თბილი ვივარაუდეთ და ასეც მიდის, მთლიანად დარჩენილი პერიოდი - მარტი, აპრილი და მაისი საკმაოდ თბილი პერიოდია - ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მეტი. მაისიც თბილი იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ ცხელი დღეები იქნება, ხანდახან დაიკლებს ტემპერატურა, იწვიმებს კიდეც. თუმცა, საერთო ჯამში, გაზაფხული შედარებით თბილი იქნება.
(სპეციალურად საიტისთვის)