"ნუთუ დონალდ ტრამპმა გარიგების დადების ხელოვნება დაივიწყა? თეთრ სახლს, როგორც ჩანს, კრემლის მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარება არ სურს" - The Daily Teleg - კვირის პალიტრა

"ნუთუ დონალდ ტრამპმა გარიგების დადების ხელოვნება დაივიწყა? თეთრ სახლს, როგორც ჩანს, კრემლის მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარება არ სურს" - The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 21 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: „ნუთუ დონალდ ტრამპმა გარიგების დადების ხელოვნება დაივიწყა? თეთრ სახლს, როგორც ჩანს, კრემლის მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარება არ სურს“, რომელშიც გადმოცემულია წამყვანი ჟურნალისტებისა და რედაქტორატის თვალსაზრისი სამშვიდობო პროცესის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპს ხშირად მოიხსენიებენ ისეთ ლიდერად, რომლისთვისაც გარიგება ყველაფერს - მისი ცხოვრების კრედოს წარმოადგენს. მან მართლაც დაწერა წიგნი, სახელწოდებით: „გარიგების დადების ხელოვნება“, რომლის მიხედვითაც იგი ახლა საგარეო პოლიტიკაში ცდილობს მოლაპარაკების მეთოდების გადმოტანას. მას პრობლემები ექმნება მაშინ, როცა მეორე მხარის წარმომადგენლები სინამდვილეში გარიგების დადებით დაინტერესებულები არ არიან, იმ დროსაც კი, როცა დაინტერესებულ სახეებს იღებენ. რეალური პოლიტიკისა და დიპლომატიის ნიუანსები მოლაპარაკების შავ-თეთრ ფორმატში წარმოების შესაძლებლობას არ იძლევა.

მისტერ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნებისას და მანამდეც, დაბეჯითებით აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის შეჩერება შეუძლია და ამ მხრივ მან მშვიდობის დამყარებაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდა. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად პოზიტიური სურვილია და ქებას იმსახურებს, რომელსაც უკრაინელებიც იზიარებენ - ისინი ულაპარაკოდ დათანხმდნენ ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას, სამშვიდობო პროცესის დაწყების ხელშეწყობის მიზნით.

მაგრამ ადამიანი, რომლის დარწმუნება აუცილებელია - ვლადიმერ პუტინი, არ დათანხმდება გარიგებას, თუ მისი პირობები არ იქნება გათვალისწინებული. ფაქტი სახეზეა: ბოლო სატელეფონო საუბრის დროს, კრემლი არ შეუერთდა ცეცხლის სრული შეწყვეტის ინიციატივას, პუტინი დათანხმდა მხოლოდ ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეჩერებას, მაგრამ მისი თანხმობა სწრაფად დაირღვა - დაბომბვები გრძელდება. ვლადიმერ პუტინის უარმა დონალდ ტრამპის გეგმებს დიდი ჩრდილი მიაყენა. ნაკლები იმედია იმისა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე მხარეები რაიმე დადებითს მიაღწევენ.

რას გააკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი თავისი რუსი კოლეგის შეურიგებლობის გადასალახავად, მისი სიმტკიცის გასატეხად?

პასუხი ბუნებრივია და გამოიხატება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაზრდაში, უფრო ხისტი და მკაცრი სანქციების შემოღებაში და ნავთობის ფასების მნიშვნელოვან გაიაფებაში, რომ რუსეთს თავისი ნავთობის გაყიდვა გაუძნელდეს და შემოსავლები შეუმცირდეს.

მაგრამ, როგორც ჩანს, თეთრ სახლს არ სურს ვლადიმერ პუტინის მიმართ ხისტი პოლიტიკა გაატაროს: დონალდ ტრამპი ფრთხილობს - ვაითუ, რუსმა კოლეგამ საერთოდ ხელი ჩაიქნიოს, მოლაპარაკებაზე უარი თქვას და ამით აშშ-ის პრეზიდენტს სახელი გაუტეხოს - აი, მშვიდობის დამყარებას ტრაბახობდი, გარიგების ოსტატობას ჩემულობდი, სინამდვილეში კი არაფერი გამოგდისო.

ევროპა ან, უფრო ზუსტად, მისი დიდი ნაწილი, მზად არის, რუსეთზე ზეწოლაში ამერიკას მხარი დაუჭიროს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისადმი სამხედრო დახმარებას გააგრძელებს, რაც ვლადიმერ პუტინის პირდაპირ გამოწვევას ნიშნავს, იმ მხრივ, რომ კრემლს კიევისადმი დახმარების სრული შეწყვეტა სურს. თემთა პალატაში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადასტურებს დიდი ბრიტანეთის „ურყევ მხარდაჭერას“ უკრაინელი ხალხისადმი.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა 19 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ჰელსინკში. გერმანია გეგმავს, უკრაინას დამატებით სამ მილიონამდე ევრო გამოუყოს, ხოლო ევროპელი ლიდერების ლონდონის სამიტზე მოსკოვზე ზეწოლის გამკაცრების ვარიანტები იქნება განხილული.

ყველასათვის ნათელი გახდა - უკვე მერამდენედ, თუ როგორ „ერთგულად“ იცავს ვლადიმერ პუტინი მიცემულ დაპირებებს. იქნებ, დონალდ ტრამპი ახლა მაინც მიხვდეს, რომ რუსი კოლეგა მას ათამაშებს...

მაგრამ როგორ რეაგირებას მოახდენს აშშ-ის პრეზიდენტი?

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

TOP.GE