"დაოჯახებული დონალდი "ცუღლუტობას" არ იშლიდა და სხვადასხვა სკანდალში ხშირად ეხვეოდა. არც ეპშტეინის "წვეულებებს" აცდენდა და "ცერადაც" დადიოდა" - რატომ დაიწუნეს რუსეთში "ვოდკა" "ტრამპოვკა" და რატომ ვერ აშენდა Trump World Tower Moscow?
ათწლეულების განმავლობაში, აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს რამდენიმე გატაცება ჰქონდა: ცათამბჯენების მშენებლობა, გოლფი და ლამაზი ქალბატონები. სამი ათეული წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპს სურდა ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენება. მას უნდოდა, რომ ეს უზარმაზარი, შთამბეჭდავი შენობა, ტრამპის იმპერიის სიმბოლო - Trump World Tower Moscow გამხდარიყო. თუმცა ის განუწყვეტლივ მარცხდებოდა: ჩავარდა მისი პირველი მცდელობა - 1987 წელს, მეორე მცდელობა - 1996 წელს, მესამე - მცდელობა 2005 წელს და მეოთხე მცდელობა - 2013 წელს. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ტრამპი არ აპირებდა რეალური ფულის ინვესტიციას და საკუთარი ფინანსების დახარჯვას. პირიქით: მას Trump-ის ბრენდის გაყიდვით (ფრანჩაიზინგით) თავად სურდა მილიონობით დოლარის მიღება, რაც პროექტის საერთო ღირებულების 20-25 %-ს შეადგენდა. 2004 წელს ტრამპის კაზინოების ბიზნესი, ცუდი მენეჯმენტის გამო, გაკოტრდა, ამიტომ ტრამპებს იმ პერიოდში ნამდვილად სჭირდებოდათ რუსული ფული. შეიძლება გაგიკვირდეთ და აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი... არყის ბიზნესშიც ჩაერთო.
2007 წლის ნოემბერში ამერიკულმა კომპანიამ - Drinks Americas Holdings-მა, კონტრაქტი გააფორმა დონალდ ტრამპთან, Trump Vodka-ის (რომელსაც რუსეთში "ტრამპოვკა" შეარქვეს) ბრენდის რუსულ ბაზარზე ექსპორტის თაობაზე. 2008 წლის დასაწყისში, რუსეთში შეიტანეს "ტრამპოვკის" პირველი და ერთადერთი პარტია: ორი ათასი ყუთი. 0,750 მლ ბოთლის ღირებულება 40-50 დოლარი იყო. ტრამპი ამბობდა, რომ Trump Vodka გახდებოდა „საუკეთესო არაყი ბაზარზე“ და მეტოქეობას გაუწევდა ცნობილ ბრენდებს, თუმცა უკვე 2009 წელს ამ არყის ექსპორტი, ცუდი რეალიზაციის გამო, რუსეთში შეწყდა.

ტრამპების შემოსავლის წყარო ტოკ შოუ და სილამაზის კონკუსების ჩატარებაც იყო. 1996 წელს აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა „მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსის ჩატარების უფლება იყიდა, ხოლო 1999 წელს სამოდელო სააგენტოც დააარსა. ალბათ, იმიტომაც, რომ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი გატაცება - ლამაზი ქალბატონები იყო.
ყველა ქვეყნის სპეცსამსახურისთვის „დაინტერესების ობიექტის“ კომპრომეტირების ან მასზე (მისგან) ინფორმაციის მიღების ნაცადი „იარაღი“ – ლამაზი ქალბატონია. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ „დიდი პოლიტიკით“ დონალდ ტრამპის სერიოზული დაინტერესება მხოლოდ XXI საუკუნის დადგომიდან დაიწყო. მანამდე, მილიარდერი დონალდ ტრამპი დიდად არ იწუხებდა თავს საკუთარი რეპუტაციისა და პოლიტიკოსის ცხოვრების დაუწერელი ნორმების დაცვაზე: მისი პირადი ცხოვრება მუდმივად იყო ამერიკული მედიის განხილვისა და „მაღალი საზოგადოების“ ჭორაობის საგანი.
დონალდ ტრამპი და სლოვენიური წარმოშობის მოდელი მელანია კნაუსი 2005 წლის 22 იანვარს პალმ ბიჩში, ფლორიდაში დაქორწინდნენ. მათ შორის 24-წლიანი ასაკობრივი განსხვავებაა. მიუხედავად დაოჯახებისა (თანაც მესამედ!), დონალდ ტრამპი „ცუღლუტობას“ არ იშლიდა და სხვადასხვა სკანდალში ხშირად ეხვეოდა.

„პოპულარობისთვის მთავარია, ილაპარაკონ შენზე, მნიშვნელობა არ აქვს, ცუდს იტყვიან, თუ კარგს“ – ამგვარი იყო მაშინ დონალდ ტრამპის - მილიარდერისა და შოუმენის ცხოვრების წესი. ის არც ბიზნესმენ ჯეფრი ეპშტეინის „წვეულებებს“ აცდენდა და „ცერადაც“ დადიოდა.
2005 წლის 7 ოქტომბერს აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში სერიალ Days of Our Lives-ის გადასაღებ მოედანზე ორი მამაკაცი საუბრობდა: ერთი ცნობილი რადიო/ტელეწამყვანი - ბილი ბუში (სხვათა შორის, „იმ“ ბუშების ნათესავი) იყო, ხოლო მეორე, უფრო ცნობილი „მაჩო“, მილიარდერი და შოუმენიც, რომელსაც სერიალის ერთ ეპიზოდში საკუთარი თავი უნდა ეთამაშა. მათი ყურადღება მოხდენილმა ქალბატონმა, მსახიობმა არიანა ზაკერმა მიიპყრო, რომელიც მათკენ მიემართებოდა. მილიარდერ-შოუმენ-მსახიობი, როგორც იტყვიან, „დასაბმელი გახდა“. მსახიობის გარეგნობის დეტალურად განხილვასთან ერთად ის დაწვრილებით მოჰყვა საკუთარ „სექსუალურ გმირობებს“:
"თუ ვარსკვლავი ხარ, ქალები გაძლევენ საშუალებას, რაც გინდა, აკეთო“, აღიარა, რომ მას „მაგნიტივით იზიდავენ ლამაზი ქალები და ყველას შეცდენას ცდილობს“ და თანამოსაუბრეს თავმომწონედ განუცხადა:
”მე არც ველოდები, მაშინვე ვიწყებ მათ კოცნას“.
ჟურნალისტ ბუშის გულახდილი თანამოსაუბრე დონალდ ტრამპი გახლდათ.
მისი „სექსსკანდალების“ ისტორიები მტერ-მოყვარისთვის არ იყო საიდუმლო: ლამაზი ქალბატონების დანახვაზე ტრამპი „დასაბმელი“ რომ ხდებოდა, დიდი ხანია, ყველამ იცოდა. მისი „ამურული თავგადასავლები“ მედიის სკანდალების რუბრიკას არ სცილდებოდა. ამ რუბრიკას საინტერესო მკითხველი ჰყავს: ძირითადად, „თინეიჯერებსა“ და პენსიონრებს აინტერესებთ მილიარდერებისა და კონოვარსკვლავების ცხოვრების სკანდალური ეპიზოდები. თუმცა არის კიდევ ერთი დაინტერესებული „მკითხველი“: სპეცსამსახურების ანალიტიკური დანაყოფები, რომლებიც ამგვარი „სექსსკანდალებით“ ავსებენ ოპერატიული დაინტერესების ობიექტის „დოსიეს“.
დონალდ ტრამპი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სკანდალებით, უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იყო ამ „მკითხველების“ (მათ შორის, ჩვენი „ჩრდილოელი მეზობლების“) კართოტეკაში, სადაც დაწვრილებით იყო აღრიცხული „ობიექტის“ ის სისუსტეები, რომლებიც შემდგომ სპეცოპერაციისთვის გამოადგებოდათ. ხანდახან მსხვერპლი თავად „მირბის“ სპეცსამსახურის მიერ დაგებული ხაფანგისკენ. „ოპერაცია "ტრამპიც“ ამის კარგი მაგალითია.
მოსკოვში დაწვრილებით შეისწავლეს ჯერ კიდევ ბიზნესმენ დონალდ ტრამპის პიროვნული გატაცება/სისუსტეები: უდიდესი პატივმოყვარეობა, ტყუილის თქმის „ხელოვნება“ (ამ მხრივ ტრამპის „მიღწევების“ ბევრს შეშურდება), გამდიდრების დაუოკებელი წყურვილი და... ლამაზი ქალბატონები.
ყველა ამ მიმართულებით რუსეთის სპეცსამსახურებს ტრამპის მაკომპრომეტირებელი უამრავი დოკუმენტის (თუნდაც ჯეფრი ეპშტეინის „კომპრომატების სკივრიდან“) და ფაქტის მოძიება შეეძლოთ. საქმეს ის გარემოებაც აიოლებდა, რომ დონალდ ტრამპი და ოჯახის წევრები (პირველ რიგში, შვილები) 2005-2014 წლებში მოსკოვის ხშირი სტუმრები იყვნენ: „ტრამპების დესანტი“ რუსეთში სხვადასხვა ბიზნესის დაწყებას ცდილობდა.
2013 წლის 9 ნოემბერს „მის სამყაროს“ კონკურსი პირველად ჩატარდა რუსეთში, კერძოდ - მოსკოვში და მას თავად დონალდ ტრამპიც ესწრებოდა. 8-9 ნოემბერს ის რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა და ძალზე აქტიურად მონაწილეობდა ყველა ღონისძიებაში.მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ დონალდ ტრამპის ეს ვიზიტი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი „სექსსკანდალი“ გახდებოდა? ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკელი მილიარდელი სამი წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა. დონალდ ტრამპი ჯერ "თეთრ სახლში" შესული არ იყო, რომ რამდენიმე სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა: აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 2017 წლის 6 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო, რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობდნენ. 2017 წლის 9 იანვარს კი ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულ სპეცსამსახურებს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, სავარაუდოდ, კომპრომატები მოეპოვებოდა. ამაზე საუბარი იყო იმ დოსიეში, რომელიც ერთვოდა რუსულ ჰაკერულ თავდასხმებზე აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ანგარიშის საიდუმლო ნაწილს. აშშ-ის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა დოსიე მხოლოდ იმხანად ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს - ბარაკ ობამას, არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპსა და რვა კონგრესმენს გააცნეს.
ბრიტანეთის დაზვერვის (მი-6) სამსახურის ყოფილი თანამშრომელი კრისტოფერ სტილი 1990-იან წლებში რუსეთში სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ დააარსა კერძო კომპანია, რომელიც პოლიტიკურ და საფინანსო-ეკონომიკურ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს, უმთავრესად - რუსეთის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, კრისტოფერ სტილს თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპის კონკურენტები აფინანსებდნენ, ხოლო მოგვიანებით, როცა ტრამპი პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი გახდა - პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები.
კრისტოფერ სტილმა აშშ-ის სპეცსამსახურებს აცნობა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2013 წელს, მოსკოვში დონალდ ტრამპის ორდღიანი ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, კომპრომატი მოიპოვა - ამ უკანასკნელის დასაშანტაჟებლად გადაიღეს სექსვიდეოები ტრამპისა და ორი რუსი ქალბატონის მონაწილეობითო. სკანდალურ ინფორმაციას (რომელსაც ამერიკაში ირონიით "ოქროს წვიმა" შეარქვეს) დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა "სიცრუე" ერთდროულად უწოდეს. "კრემლს არც დონალდ ტრამპზე და არც ჰილარი კლინტონზე კომპრომატები არ აქვს... კრემლი არავისზე აგროვებს კომპრომატებს,"-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. თუმცა ფაქტები სხვას მეტყველებს.
თეთრი სახლის ყოფილი პრესსპიკერი სტეფანი გრიშემი იხსენებს 2019 წელს იაპონიის G20 სამმიტზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დეტალებს. პუტინმა, იცოდა რა ტრამპის გატაცება ლამაზი ქალბატონებით, იაპონიის სამიტზე პირველად იახლა მოხდენილი რუსი თარჯიმანი ქალი. ამერიკის დელეგაციას არ გამოპარვია პუტინის ეს „ტაქტიკური სვლა“. სტეფანი გრიშემი წერს: „შეხვედრის დაწყების წინ ტრამპის მრჩეველი ფიონა ჰილი ჩემკენ დაიხარა და მკითხა, შევამჩნიე თუ არა პუტინის თარჯიმანი, ძალიან მიმზიდველი შავგვრემანი ქალი, გრძელი თმით, ლამაზი სახითა და მოხდენილი ტანით“. ამერიკელები ფიქრობენ, რომ მაშინ პუტინმა ეს სპეციალურად გააკეთა, რათა შეხვედრის დროს ტრამპის ყურადღება მიმზიდველ თარჯიმანზე გადაეტანა. შესაძლოა, მართალნიც არიან.
სექსკომპრომატების მოპოვება და დაშანტაჟებისთვის გამოყენება, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე - დღევანდელი რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობის კარგად აპრობირებული ხერხია. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ პუტინმა მიზანს მიაღწია: მან, ფაქტობრივად, გახლიჩა ამერიკა ორ, ურთიერთსიძულვილით აღსავსე, დაპირისპირებულ საზოგადოებად, რომელიც როდის გამთლიანდება, არავინ იცის.
(მეშვიდე ნაწილის დასასრული)