პარადოქსი - ომის "დაპაუზების" მოლოდინში ზელენსკიმ და პუტინმა უფრო დაუნდობლად დასცხეს ერთმანეთს - კვირის პალიტრა

პარადოქსი - ომის "დაპაუზების" მოლოდინში ზელენსკიმ და პუტინმა უფრო დაუნდობლად დასცხეს ერთმანეთს

ომის „დაპაუზების“ მოლოდინში რუსეთი და უკრაინა უფრო დაუნდობლად ბომბავენ ერთმანეთს...

150-ი, 200-მდე, 300-ზე მეტი - აი,ის ციფრები,თუ რამდენი კამიკაძე-დრონითა და რაკეტებით უტევენ ერთმანეთს ყოველღამე რუსეთი და უკრაინა...

ანუ ხდება პარადოქსი - მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დიდი მონდომებით დაიწყო რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომის სრული შეჩერებისა თუ არა, დროებით „დაპაუზების“ მცდელობები, მოსკოვმა და კიევმაც პირიქით, ასევე უფრო მეტი მონდომებით განაგრძეს ერთმანეთის ენერგეობიექტებისა თუ სამხედრო აეროდრომების დაბომბვა...

20-21 მარტის ღამეს კრემლმა არ დაინდო ოდესა(შავიზღვისპირა უკრაინული ისტორიული ქალაქი,რომელსაც პუტინი „რუსულ ქალაქადაც“ კი მოიხსენიებდა) და მას ათობით კამიკაძე-დრონი „გერანი“ „მიუქსია“, თანაც ახალი ტაქტიკის გამოყენებით.

რუსული დრონები ზღვის მხრიდან ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენით მიუახლოვდნენ ქალაქს,რომ უკრაინულ რადიოლოკატორებს ისინი შორ მანძილზევე არ აღმოეჩინათ და შემდეგ სწრაფად აიღეს 2 კმ-მდე სიმაღლე(რათა მათ ვეღარ მისწვდომოდა სანაპიროდან მოქმედი უკრაინელების მობილური საზენიტო ჯგუფების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ცეცხლი) და ამ სიმაღლიდან განახორციელეს პიკირება ოდესის საცხოვრებელ უბნებზე...

თავის მხივ არც უკრაინა მოერიდა პასუხის დაბრუნებას აგრესორი ქვეყნის მიმართ - თუკი 19-20 მარტის ღამეს უკრაინული კამიკაძე-დრონები სარატოვთან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ აეროდრომს „ენგელსი-2“-ს მერამდენედ მისწვდნენ და იქ საბრძოლო მასალების საწყობი „გამოაცოცხლეს“, უკვე 20-21 მარტის ღამეს უკრაინელი „დაუპატიჟებელი ფრთოსანი სტუმრები“ მორიგ რუსულ აეროდრომს „მარინოვკას“ ესტუმრნენ ვოლგოგრადის ოლქში...

1-ode-1742549475.jpg
მორიგი რუსული „გერანის“ ნამოქმედარი უკრაინული ოდესის ცენტრში...

ამასთან, 19 მარტს უკრაინული დრონების მიერ აგიზგიზებულ ნავთობსაქაჩ სადგურ „კავკაზსკაიაზე“(კრასნოდარის მხარის ქალაქ კროპოტკინთან) 21 მარტის ღამეს მოხდა დიდი სიმძლავრის აფეთქება, რამაც რუს მეხანძრეებს კიდევ უფრო გაუძნელა ისედაც ძლიერი ხანძრის ჩაქრობა.

21 მარტის გამთენიისას უძლიერესი აფეთქება მოხდა გაზისგამანაწილებელ სადგურ „სუჯაზე“, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვართან კურსკის ოლქში მდებარეობს, სწორედ იქ სადაც ახლა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

საინტერესო ის არის,რომ მთელი ომი განმავლობაში სწორედ ამ სადგურის გავლით რუსული ბუნებრივი აირი გადაიქაჩებოდა ჯერ უკრაინაში და შემდეგ ევროპაში, 2024 წლის ბოლოს კი ვადა გაუვიდა რუსეთ-უკრაინის წლების წინ დადებულ ხელშეკრულებას ამ გაზსადენით რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებაზე.ეს ხელშეკრულება ბუნებრივია აღარ გახანგრძლივდა. უკრაინის საექსპედიციო კორპუსსაც მოუწია შვიდთვიანი ოკუპაციის შემდეგ რუსეთის კურსკის ნაწილის თითქმის ბოლომდე დატოვება, მათ შორის ამ გაზგამანაწილებელი სადგურისაც, რის შემდეგადც მოხდა მისი აფეთქება...

რუსული მხარე უკრაინელებს აბრალებს გაზგამანაწილებელი სადგურის „სუჯას“ აფეთქებას მიზანმიმართული საარტილერიო ცეცხლით,უკრაინის გენშტაბი კი იქით სდებს ბრალს რუს არტილერისტებს მის დაბომბვაში.

2-ode-1742549474.png
„კავკაზკაიას“ ნავთოსაქაჩ სადგურზე უკრაინული „ლიუტის“ სტუმრობის შემდეგ მესამე დღეა ვერ აქრობენ აგიზგიზებულ ნავთობრეზერვუარებს...

უფრო რეალობასთან შეიძლება იყოს, რომ უკანდახეულმა უკრაინელმა სამხედროებმა წინასწარ დანაღმეს ეს სადგური და როდესაც მას რუსული საბრძოლო დანაყოფები მიუახლოვდნენ, ეს გაზგამანაწილებელი სადგური დისტანციურად ააფეთქეს ანუ გაიმეორეს ის, რაც რუსეთმა ორი წლის წინ უკრაინის ხერსონის ოლქის კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებისას გააკეთა...

რუსეთის მხრიდან უკრაინულ ენერგოობიექტებსა და საზღვაო პორტებზე თავდასხმები ისედაც პერიოდულად ხორციელდებოდა მთელი ამ ომის განმავლობაში,უკრაინის მხარის გააქტიურება კი შესაძლოა ორ მთავარ გარემოებას უკავშირდებოდეს:

პირველი - უკრაინამ შესძლო შორსმფრენი კამიკაძე-დრონების მასიური წარმოების აწყობა და უკვე შეუძლია მათი დიდი რაოდენობით გამოყენება თითოეულ კონკრეტულ საჰაერო ოპერაციაში, რაც ზრდის საბრძოლო წარმატების შესაძლებლობას, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვას ძალიან უჭირს ყველა მნიშვნელოვანი ენერგოობიექტის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მეორე - ომის „დაპაუზების“ მოლაპარაკებების წინაპერიოდში ოფიციალური კიევი ცდილობს, რაც შეიძლება ძლიერი არგუმენტებით წარდგეს - უკრაინას ძალუძს ძალზე მტკივნეული საჰაერო დარტყმები მიაყენოს რუსეთს მისსავე ტერიტორიის დიდ სიღრმეში და კრემლს თუ სურს ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეჩერება, მაშინ კეთილი ინებოს და უკრაინის მხარესთან გარკვეულ დათმობებზეც უნდა წამოვიდესო...

TOP.GE