"ასე ბევრად ლამაზია"
მოდა, გარეგნობასთან ერთად, ადამიანების გემოვნებასაც ცვლის. ეს თავისთავად არ ხდება. თავისი "ავტორი" ჰყავს. მათ მოდის კანონმდებლებს ეძახიან. ისინი იგონებენ რაღაც ახალს ან არც იგონებენ, ისე, გამოსდით. "ზაგარსაც," ქართულად ნამზეური რომ შეარქვეს, თავისი ავტორი ჰყავს, - კანონმდებელთა შორის სახელგანთქმული კოკო შანელი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 1922 წლიდან მოყოლებული, ლამაზ ქალს აღარ ჰქვია მზეთუნახავი.
იმ ზაფხულს უკვე საქვეყნოდ ცნობილმა მოდელიერმა საყვარელ ადამიანთან ერთად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს კურორტები მოიარა და გვარიანად გაირუჯა. პარიზში დაბრუნებულს პირველივე მიღებაზე გაფითქინებულმა ქალბატონებმა გაკვირვებული და შეწუხებული ტონით ჰკითხეს, ეს რა დაგმართვიათო. შანელი რისი შანელი იყო, რომ უკან დაეხია; "სულაც არ არის აუცილებელი, ქალს ასპირინის აბის ფერი ედოს, ასე ბევრად ლამაზია" - უპასუხა და... დაიწყო ის, რამაც 21-ე საუკუნის ათიანი წლების საქართველოში ლეღვის ფოთლების ხარშვამდე მიგვიყვანა.
მადლობა ღმერთს, ბოლო დროს, ქართველმა ქალებმა გაიხადეს ათწლეულების მანძილზე ლამის "ეროვნულ სამოსად" ქცეული შავი კაბები და უფრო ხალისიან ფერებში გამოეწყვნენ. ადრე და, უმეტესად, დღესაც, შავს გლოვის ნიშნად ატარებდნენ. საზოგადოებაში მისი უმიზეზოდ ტარება არ ითვლებოდა კარგ ტონად. ამ ტაბუს დამსხვრევაც, სასიკეთოდ თუ საუბედუროდ, არაჩვეულებრივად ჯიუტი და გაბედული ფრანგი ქალბატონის დამსახურებაა.
შანელის ცნობილი "პატარა შავი კაბა" გარკვეული თვალსაზრისით რომანტიკულ და იმავდროულად, ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება. ის "საყვარელი ადამიანი," რომელთანაც მოდელიერი ხმელთაშუა ზღვის კურორტებს სტუმრობდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი დაღუპვა ქალმა ძლიერ განიცადა, შავით შეიმოსა, მაგრამ თავის მოწოდებას მაინც ვერ უღალატა, - სამგლოვიარო სამოსი ისეთ თარგზე მოჭრა და გააფორმა, რომ მისგან, ფერის გარდა, "ტრაგიკული" აღარაფერი დარჩა. სიჯიუტითა და გაბედულებით ცნობილ სკარლეტ ო"ჰარას არ ჩამოუვარდებოდა. პირველი იყო, ვინც მოკლედ შეჭრილი თმით მაღალ საზოგადოებაში გამოჩენა გაბედა და გაოცებულ შეკითხვებზე გესლიანად პასუხობდა, შინ ხანძარი მომიხდა და შემეტრუსაო.
კოკო შანელის მიერ 1924 წელს შექმნილი სახელგანთქმული სუნამო "შანელი #5", პარფიუმერიის სფეროში ათწლეულების მანძილზე არსებული კონკურენციისა და მრავალფეროვნების მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს "პოზიციებს". სხვა სუნამოებისგან განსხვავებით, რომლებიც ათასგვარი ფორმისა და მორთულობის ჭურჭელში არიან მოთავსებულნი, მას ბოთლიც და წარწერაც ორიგინალური აქვს, უფრო ზუსტად, სრულიად არაორიგინალური - ერთი შეხედვით, ქიმიური ლაბორატორიიდან აღებულ სინჯარას ან სპირიტის შესანახ ჭურჭელს ჰგავს. ასეც არის.
"შანელი #5"-ის "დაბადებამდე" პარფიუმერიის სფეროში სულ რამდენიმე არომატი არსებობდა, - ლავანდის, ჟასმინისა და ვარდის. შანელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რევოლუციის შემდეგ რუსეთიდან დევნილ დიდ თავად დიმიტრი პავლეს ძე რომანოვთან. რუსეთის იმპერატორთა შთამომავალი დევნილობაში ღარიბად ცხოვრობდა და ნაღველს არყის სმით იქარვებდა. ალბათ, მისი გავლენით ჩამოუყალიბდა შანელს აზრი რუს მამაკაცებზე. "ისინი წარმოსადეგნი არიან, მაგრამ შიგნით არყის მეტი არაფერი აქვთ". - ასე ამბობდა, თუმცა, რომანოვთან კავშირმა მის საქმიანობაში ერთ რევოლუციურ პროექტს დაუდო სათავე. დიდი თავადის სახლში მოწყობილ "ზასტოლიებში" აქტიურად მონაწილეობდა ასევე რუსეთიდან დევნილი, სამეფო კარზე დიდად დაფასებული პარფიუმერი ერნესტ ბო, რომელშიც შანელმა ჭეშმარიტი ტალანტი დაინახა და მას ახალი სუნამოს ელექსირის დამზადება დაავალა. სუნამოსი, რომელსაც ექნებოდა "ქალის ხელოვნური სურნელი" ("ხელოვნურში" შანელი გულისხმობდა ბუნებაში არარსებული სურნელის შექმნას). ბომ დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. შექმნა 10 ვარიანტი, შინ მრავლად გაბნეულ სპირტის ბოთლებში მოათავსა, ზედ თეთრი ეტიკეტები მიაწება, დანომრა და მოდელიერს წარუდგინა. შანელმა თითოეული გასინჯა და არჩევანი მე-5 ნომრით აღნიშნულ ბოთლზე შეაჩერა. იგი არა მხოლოდ შიგთავსით მოიხიბლა, არამედ თავად ჭურჭლის სადა ფორმა და მასზე მიკრული უბრალო ეტიკეტიც მოეწონა. მხოლოდ ბოთლის მახვილი კუთხეები "დაარბილა" ოდნავ და საცობზე წახნაგების გაკეთებას დათანხმდა. ასე მოევლინა სამყაროს "შანელი #5" და მას შემდეგ ოდნავადაც არ შეცვლილა, რითაც ხაზს უსვამს კოკო შანელის პრინციპს: "მთავარია არა ტარა, არამედ შიგთავსი".
დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)