F-47- ტრამპმა მეექვსე თაობის „უჩინმაჩინი“ თვითმფრინავი თავის საპატივცემულოდ „მონათლა“...
დონალდ ტრამპი ახლა, აშშ-ის მერამდენე პრეზიდენტია?-47-ე, შესაბამისად უახლესს, მეექვსე თაობის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავს რა ნომერი უნდა მიენიჭოს? რა თქმა უნდა...F-47-ი...
ეტყობა სწორედ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდა აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც გუშინ თავის ოვალურ კაბინეტში მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა, რომ ზესაიდუმლო სამხედრო პროგრამაში, რომელიც პირველ ამერიკულ მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის შექმნას ითვალისწინებს, გაიმარჯვა კარგად ცნობილმა კორპორაციამ „ბოინგმა“ და მას მოუწევს უახლესი F-47-ების სერიული წარმოებაო...
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მხრიდან პერსპექტიული საბრძოლო თვითმფრინავის, გამანადგურებლის მაინცდამაინც F-47-ად „მონათვლა“ იმის ფონზე, რომ F-22-ისა და F-35-ის შემდეგ კიდევ ბევრი ციფრი არსებობს, უტყუარად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპის უდიდეს ამბიციებზე, რომ მეექვსე თაობის პირველი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავის სახელი ისტორიაში მასთან დაკავშირებით შევიდეს და ამით დაასწროს ჩინეთს, რომელმაც ორიოდე თვის წინ უკვე ასწია ცაში ორი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის პროტოტიპი და რომლებსაც ასევე აქვთ პრეტენზია მეექვსე თაობაზე...

· საერთოდ რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავების თაობების ათვლა მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდიდან იწყება გერმანული Messerschmitt Me.262-დან და მოიცავს ასევე საბჭოთა МиГ-9 და Як-15 (პირველი საბჭოთა რეაქტიული „იაკები“ თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა ჯერ კიდევ 1946 წელს), აგრეთვე ამერიკულ ბრიტანულ Gloster Meteor და ამერიკულ Republic F-84 Thunderjet, რომელიც ჩვენი თანამემამულის,ცნობილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) ხელმძღვანელობით იყო დაპროექტებული.
· პირველი, ომისშემდეგომი რეაქტიული გამანადგურებლები (რომლებსაც ძირითადად არასრისებრი ფრთა ჰქონდათ) მიჩნეულია, როგორც საწყისი, ნულოვანი თაობის თვითმფრინავები.

· პირველი თაობის (1949-51წწ) რეაქტიული გამანადგურებლების (რომლებიც ისრისებრი ფრთით გამოირჩეოდნენ) სიას კი მიაკუთვნებენ ამერიკულ North American F-86 Sabre და Republic F-84F Thunderstreak (ასევე ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი), ფრანგულ Dassault Ouragan, ბრიტანულ Hawker Hunter და საბჭოთა Як-25 და МиГ-15 (ამ „მიგებსაც“ თბილისის საავიაციო ქარხანა აწარმოებდა წლების განმავლობაში).
· მეორე თაობას (1950-60-იანი წლები) მიაკუთვნეს ამერიკული Lockheed F-104 Starfighter და Republic F-105 Thunderchief(ესეც ალექსანდრე ქართველის ქმნილებაა,რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა ვიეტნამის ომში),შვედური Saab 35 Draken, ფრანგული Dassault Mirage III, ბრიტანული English Electric Lightning და საბჭოთა Су-7 და МиГ-19.ამ თაობისისთვის დამახასიათებელი ზებგერითი სიჩქარე და ფორსაჟული რეაქტიული ძრავები.
· მესამე თაობის რეაქტიული თვითმფრინავები იქმნებოდა 1960-იან წლებში და მათ უკვე გააჩნდათ საბორტე რადიოლოკატორები მართვადი რაკეტების გამოსაყენებლად.
· ამ თაობას განეკუთვნება ამერიკული McDonnell Douglas F-4 Phantom II,ბრიტანული SEPECAT Jaguar, ფრანგული Dassault Mirage F1, ევროპული Panavia Tornado,შვედური Saab 37 Viggen და საბჭოთა МиГ-21(თბილისის საავიაციო ქარხანას გამოშვებული აქვს ორადგილიანი სასწავლო საბრძოლო МиГ-21У-ს მოდიფიკაციის 2 100-მდე თვითმფრინავი), МиГ-23 და Су-17.

· მეოთხე თაობის ზებგერითი რეაქტიული გამანდგურებელი თვითმფრინავების შექმნა 1970-იან წლებში დაიწყო და მათი დამახასიათებელი ნიშნები იყო ინტეგრალური აეროდინამიკური ფორმები, მაღალი მანევრირება, თანამედროვე საპილოტაჟე-სანავიგაციო ხელსაწყოები, რომლებიც ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტების გარდა „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენების საშუალებასაც იძლეოდა.
· მეოთხე თაობაში გააერთიანეს ამერიკული გამანადგურებლები Grumman F-14 Tomcat, McDonnell Douglas F-15 Eagle ,General Dynamics F-16 Fighting Falcon და McDonnell Douglas F/A-18 Hornet,ფრანგული Dassault Mirage 2000, შვედური Saab JAS 39 Gripen და საბჭოთა МиГ-29 და Су-27.
· ამ თაობის მოდერნიზებულ თვითმფრინავებს დაუმატეს + და ++ ნიშნები.
· 4+ თაობის სიაში ჩასვეს ევროპული Eurofighter Typhoon,ფრანგული Dassault Rafale
· და ჩინური J-10, ასევე უკვე რუსული Су-30, ხოლო 4++ ზეგაუმჯობესებულ გამანადგურებლებად მიიჩნიეს ამერიკული F-15SE და რუსული Су-35.
მეხუთე თაობის გამანადგურებლების შექმნა დაიწყო მეოცე საუკუნის ბოლოდან და მათ ახასიათებდათ „სტელსის“ ტექნოლოგია ანუ რადიოლოკატორებისთვის ძნელად აღმოსაჩენი იყვნენ, რისთვისაც მთელი შეიარაღება ფიუჟელაჟის შიგნით ინახებოდა, შეეძლოთ ზებგერითი სიჩქარის განვითარება რეაქტიული ძრავების ფორსაჟის ჩართვის გარეშე და გააჩნდათ აქტიური ფაზირებულანტენიანი საბორტე რადიოლოკატორები.
მეხუთე თაობის პირველი წარმომადგენელი გახდა ამერიკული F-22 Raptor, რომელსაც მოჰყვა ყველაზე მასობრივი F-35 Lightning II,ჩინელებმა ამ თაობას მიაკუთვნეს თავიანთი J-20 და J-31,ხოლო რუსებმა კი Су-57-ი,თუმცა დასავლეთის რიგი საავიაციო სპეციალისტები მიიჩნევენ,რომ ეს ჩინური და რუსული თვითმფრინავები მე-5 თაობას კი არა,არამედ 4+++ თაობას განეკუთვნებიან,რადგან მათი „სტელსის“ ტექნოლოგია ჩამოუვარდება ამერიკული „რაპტორებისას“.

მეექვსე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავების შექმნა მხოლოდ ახლა იწყება და ჯერ კიდევ უცნობია რა გამოვა აქედან, რადგან ჯერ მეხუთე თაობის თვითმფრინავებიც კი არ არიან ბოლომდე „შეკაზმულნი“.
მეექვსე თაობის მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავებს კიდევ უფრო მცირე რადიოშემჩნევადობა უნდა ჰქონდეთ, რისთვისაც მათ ვერტიკალური საჭეები „დააჭრეს“ და მანევრირებისთვის დაუყენეს რეაქტიული ძრავების მართვადი საქშენები და სხვა კონსტრუქციული ნოუ-ჰაუები. მათ უნდა შეეძლოთ უპილოტო თვითმფრინავებთან ერთად საბრძოლო დავალების შესრულება ან თავადაც შეეძლოთ პილოტის გარეშე ფრენა.
ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკულ კონკურსში გამარჯვებულად „ბოინგის“ პროექტი გამოაცხადა (რაც 20 მლრდ დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს სერიული წარმოებისა და ექსპლუატაციის ჩათვლით) და მას სახელი თავის პრეზიდენტობის ნუმერაციის მიხედვით დაარქვა, F-47-ის არათუ ზუსტი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები კვლავ საიდუმლოდ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის თურმე მეხუთე წელია გადის საფრენოსნო გამოცდებს, არამედ ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუ საერთოდ როგორ... გამოიყურება პირველი ამერიკული მეექვსე თაობის გამანადგურებელი, ყველა აქამდე გავრცელებული ფოტოები მხოლოდ მხატვრული ილუსტრაციებია...