"ხელიც ჩამიქნევია და მითქვამს: "კარგად იყავი და შენს გზაზე გაგიმარჯოს"-მეთქი" - როგორ ებრძვის გიორგი ძოწენიძე ნეგატივს და უარყოფით ემოციებს
გიორგი ძოწენიძეს საქართველოში სულში ჩამწვდომი, ლამაზი სიმღერებით იცნობენ. როგორ ახერხებს თავისი მუსიკით ადამიანებს სიხარული მოუტანოს და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს, ამის შესახებ მომღერალი თავად გვიამბობს:
- გიორგი, ჩვენს დაძაბულ დროში, როგორ იცავთ თავს ნეგატიური ადამიანებისგან და საერთოდ, ნეგატივისგან?
- გააჩნია, აგრესია და უარყოფით ენერგია ოჯახის წევრისგან მოდის თუ სხვისგან. თუ ეს ადამიანი გიყვარს და არ გენანება, რომ მისთვის შენი დრო და ენერგია დახარჯო, რასაკვირველია, უნდა დაამშვიდო და დააწყნარო. შეიძლება ძალიან ახლო ნათესავი და ოჯახის წევრი არც არის, მაგრამ კაცთმოყვარეობის გამო, მაინც უნდა ვეცადოთ, რომ გაბრაზებული, განერვიულებული ადამიანი გავამხნეოთ, ყველაფერი ავუხსნათ და გავაგებინოთ. სამწუხაროდ, ზოგიერთებთან საუბარს აზრი არა აქვს და თუ მისთვის ყველაფერი გააკეთე, მაგრამ არაფერი გამოგივიდა, უმჯობესია, ასეთ ადამიანს გაერიდო და დაივიწყო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შფოთით და ნეგატიური ენერგიებით იკვებებიან - ეს დადგენილი ფაქტია. მათთვის უარყოფით ენერგიას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
მე კი, იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც სიყვარულით, სიცოცხლით და ბედნიერი იმპულსებით საზრდოობენ. ნეგატივი, წყენა და აგრესია მანგრევს და მანადგურებს, შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, ნეგატიურ ხალხს და უსიამოვნო გარემოს გავექცე, გავერიდო.
რასაკვირველია, თუ ეს ადამიანი ძალიან ახლობელია და მასზე გული შეგტკივა, გულგრილად ვერ ჩაუვლი და ეცდები, მასზე დადებითი გავლენა იქონიო. ჩვენი პროფესიაც ხომ ამას ემსახურება? - მუსიკოსი ყოველთვის ცდილობს, ადამიანებს გულში სიყვარული ჩაუღვაროს, პოზიტივი და დადებითი ენერგია აჩუქოს. მეც, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემ გარშემო ადამიანებს პოზიტივი მივანიჭო, მაგრამ თუ ამის ძალა არ შემწევს და არ გამომდის, მაშინ ვცდილობ, გავერიდო - იყო შემთხვევები, როცა სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე და მეც ასე მოვიქეცი. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს დავხმარებივარ, გამიმხნევებია და ტკბილი სიტყვა მითქვამს, მაგრამ მისგან სრულიად საპირისპირო პასუხი მიმიღია. ასეთ დროს, ხელი ჩამიქნევია და მითქვამს: კარგად იყავი, შენს გზაზე გაგიმარჯოს-მეთქი.
- არიან ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკზე, ან აზარტულ თამაშებზე ძალიან დამოკიდებული ხდებიან. ასეთ ხალხთან ურთიერთობა გიძნელდებათ?..
- ნებისმიერი დამოკიდებულება აზიანებს ადამიანის ფსიქიკას და განწყობას - თამაში იქნება ეს, ნარკოტიკი, ალკოჰოლი თუ სხვა რამ. ეს ძალიან რთული საცდურია ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ამგვარ გამოწვევებს ცხოვრება გვიგზავნის და ყველას ისეთი ძლიერი ნებისყოფა არა აქვს, რომ მათ წინ აღუდგეს. ამიტომ, მეგობარი იქნება, კლასელი თუ ახლობელი, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში უნდა დავუდგეთ და ვუთხრათ, რომ მის გვერდით ვართ. მეც ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც წამალზე, სასმელზე, ან აზარტულ თამაშზე არიან დამოკიდებული და მათთან დიდხანს მისაუბრია. ბევრთან ძალიან მეგობრული და სიყვარულით სავსე ურთიერთობა მაქვს, სულ მინდა ვაგრძნობინო, რომ ისინი მარტონი არ არიან. მერე რა, რომ ფეხი გადაუცდა? - ყველანაირად უნდა დავეხმაროთ, რომ ამ სიტუაციიდან როგორმე გამოძვრნენ. ოღონდ, თუ ჩვენი ძალისხმევა არ ამართლებს და მათი ნეგატივი ჩვენზეც გადმოდის, უმჯობესია, გვერდზე გავიწიოთ. სამწუხაროდ, ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, მას მთელი მსოფლიო ებრძვის. იმედი მაქვს, რომ მოიძებნება გზები, რომლითაც ამ ადამიანებს აღარ ექნებათ სურვილი, თავიც დაიღუპონ და გარშემო მყოფებსაც დისკომფორტი შეუქმნან. ჩემი აზრით, ისინი სუსტი ნებისყოფის ადამიანები არიან, რომლებსაც ბოროტი ძალა მოერია. ამიტომ, ვინც თავის მეგობარს და ახლობელს ამ მდგომარეობაში ნახავს, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ დაიცვას და დაეხმაროს.
- ასეთ ახალგაზრდებს ხშირად, ძალიან ყურადღებიანი, კარგი მშობლები ჰყავთ. ჩნდება კითხვა - რატომ ირჩევენ ისინი ამგვარ გზას?
- როგორც ჩანს, მშობელს რაღაც გამოეპარა. დედას და მამას ძალიან დიდი ყურადღება მართებთ. მით უმეტეს, როცა ოჯახი ფინანსურად ძლიერია და შვილს ყველაფერი აქვს, მას ხშირად უჩნდება სურვილი, რაღაც უცხო, ახალი ხილიც გასინჯოს. ამიტომ, მშობელი უნდა დააკვირდეს, როგორია მისი გარემოცვა, როგორი მეგობრები ჰყავს. მე ვფიქრობ, რომ მანამდე უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი შვილები, სანამ ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ და ჭკუაში ჩავარდებიან. თავიდან ბოლომდე უნდა ვიცოდეთ, რას აკეთებენ და რა წრეში ტრიალებენ...
- თუ მოზარდი მაინც არასწორ გზას აირჩევს და ცხოვრება გაუმრუდდება?
- ამ შემთხვევაში, საქმეში უკვე პროფესიონალები უნდა ჩავრთოთ. კარგია, რომ ბოლო წლებში ამ საკითხისადმი მიდგომა შეიცვალა: ადრე ფსიქოლოგთან მისვლა ერთგვარ უხერხულობასთან იყო ასოცირებული, დღეს კი, ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა და ფსიქოლოგთან მისვლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ფსიქოლოგებმა და ფსიქოთერაპევტებმა უკეთ იციან, როგორ დაეხმარონ ასეთ ოჯახებს. მშობელს შეუძლია მარტო, ან შვილთან ერთად მივიდეს ფსიქოლოგთან და მისგან ძალიან სასარგებლო რეკომენდაციები მიიღოს. არაჩვეულებრივი ბავშვთა ფსიქოლოგები გვყავს. მშობლები ერთხელ მაინც რომ მივიდნენ და კონსულტაცია გაიარონ, ბევრ რამეში გაერკვევიან. ფსიქოთერაპევტი გვირჩევს, რა შენიშვნები უნდა მივცეთ ჩვენს შვილს და რა - არა, როგორ მოვექცეთ მას. ამ შემთხვევაში, მშობელი თანდათან შეძლებს შვილის მეგობარი და მრჩეველი გახდეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია გარდატეხის ასაკში, როცა ბავშვები თანატოლების აზრს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ და ერთმანეთს ბევრ რამეში ჰბაძავენ. მაგალითად: ჩემს ბავშვობაში თამბაქოს მოწევა ერთგვარი ტრენდი იყო - თუ სხვებს მიბაძავდი და სიგარეტს მოწევდი, შენც "კაი ტიპი" იქნებოდი. ბუნებრივია, თუ ადამიანს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არა აქვს, თავის გარემოცვას უფრო ადვილად აჰყვება და მიბაძავს.
- ცნობილია, რომ ადამიანს "არა"-ს თქმა უნდა შეეძლოს, თუმცა ეს მოზარდებს კი არა, ზრდასრულებსაც უჭირთ.
- ამ სიტყვის თქმა ადამიანს იმიტომ უჭირს, რომ ჰგონია, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. დამიჯერეთ, თანხმობამ და "კი"-ს თქმამ შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შეგვიქმნას, ვიდრე "არა"-მ. მეც ძალიან მიჭირს უარის თქმა და ამის გამო ისეთ პრობლემებში ჩავვარდნილვარ, რომ ჯობდა თავის დროზე უარი მეთქვა. 12-13, ან 15 წლის ბავშვს სურს, ფეხი მოიკიდოს იმ საზოგადოებაში, სადაც ის ცხოვრობს. მისთვის სოციუმი მისი თანატოლები არიან და მის პიროვნებას სწორედ თანატოლები აფასებენ. ეს ძალიან რთული ასაკია, როცა მოზარდები ყველაზე მეტ შეცდომას უშვებენ. ამ დროს, მთავარია, ღირსეული ადამიანი იყო და უარის თქმაც ღირსეულად შეგეძლოს. "მე შენთან მეგობრობა მინდა, მაგრამ ამას ნუ შემომთავაზებ" - თუ ამ სიტყვებს იტყვი, დარწმუნებული ვარ, ვერავინ გისაყვედურებს და ვერც ვერავინ გაგამტყუნებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიქცეოდი, როცა მსგავსი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდებოდი ხოლმე.
- ხომ არ ჯობია ბავშვის პირველი მეგობარი და მესაიდუმლე მშობელი იყოს?
- რასაკვირველია. ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან, მაგრამ უკვე ვცდილობ, მათი პირველი მეგობარი მე ვიყო. ამასთან, სულ ვცდილობ, ბავშვის პრობლემას მისი გადმოსახედიდან შევხედო და რჩევაც ისე მივცე, თითქოს მისი თანატოლი ვიყო, ოღონდ, ჩემი გამოცდილების საფუძველზე. მგონი, ეს ყველაზე კარგი მეთოდია, რომ ბავშვს დაუმეგობრდე და მან ყოველთვის მოგისმინოს.
ჩემი ანიტა ჯერ 3 წლისაა, ბაღში დადის და როცა ბაღის მეგობრებთან რაიმე პრობლემა აქვს, ისე ვუსმენ და ვექცევი, თითქოს მის ასაკში ვიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეთოდი მომავალშიც გაამართლებს. ვფიქრობ, შვილთან არც ზედმეტად მკაცრი უნდა იყო და არც ზედმეტად ლმობიერი, რადგან ზომიერება ამ საკითხშიც აუცილებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათთან მეგობრობას შევძლებთ, ეს ჩვენც დაგვეხმარება და ჩვენს შვილებსაც, რომლებიც განათლებულ, წესიერ და კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)