„სალომე ზურაბიშვილს აქვს სწორი გეგმა, მაგრამ...“
ქვეყანაში პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება კვლავ სტაგნაციაშია. პროტესტის მასშტაბმა იკლო, თუმცა აქციები მაინც ყოველდღიურად იმართება. ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, პროტესტანტებიც ახალ მასშტაბურ მანიფესტაციებს აანონსებენ. პროცესი ჩიხშია. შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:
- ნებისმიერ ბრძოლას სჭირდება სარდალი. ეს პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკური გონი, ხელმძღვანელობა სჭირდება. სწორედ აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა. ამ ბრძოლაში პოლიტიკური სარდლობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. არის არმია, რომელიც შედგება უამრავი სოციალური თუ პროფესიული ჯგუფისგან, ჩვენ ეს მარშების სახით ვიხილეთ, მაგრამ ამ ყველაფრის აკუმულირება, კონსოლიდაცია რომ მოხდეს, ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფია საჭირო. სამწუხაროდ, პოლიტიკური კლასი, რომელიც დასავლური მიმართულების აპოლოგეტად გამოდის, არ აღმოჩნდა მზად, რომ ამ პროცესს უხელმძღვანელოს. ამას აქვს, რა თქმა უნდა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. მათ აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ ამ პროცესის მართვის სადავეებთან, მაგრამ რატომღაც არჩიეს არა საჭესთან დაჯდომა, არამედ უკანა სავარძელზე მოკალათება და იმ ილუზიაში ჩაძირვა, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ა-დან ბ წერტილში თავისით მივა და ბოლოს ამისთვის დამსახურებას თვითონ მიიწერენ. ასეთი უცნაური ვითარებაა. ოპოზიციაში, ძირითადად, გარე ფაქტორებზე აპელირებენ, თითქმის აღიარებენ, რომ თვითონ არაფერი შეუძლიათ და იმის იმედად არიან, გარედან ვიღაც დისტანციური პულტით წარმართავს ამ ყველაფერს და მიიყვანს სასურველ შედეგამდე. ასე არ ხდება რეალურ პოლიტიკაში. ეს არის საკუთარი უსუსურობის დემონსტრირება და ამას მშვენივრად ხვდება ის საზოგადოება, რომელიც პროტესტის მამოძრავებელი ძალაა.
გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევს ძალის დემონსტრირებას, ბუნებრივია, მას კიდევ უფრო დიდი ძალა უნდა დაუპირისპირდეს. ამ ძალის ფორმირებას ორი ელემენტის კომბინაცია სჭირდებოდა - შიგა პროცესის ეფექტიანი მართვა და საგარეო ზეწოლა. ამას ერთად უნდა გაეჩინა გარკვეული სინერგია. მიზეზთა გამო საგარეო ფაქტორები მუშაობს, მაგრამ შეყოვნებით, რაც გამოიწვია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომლის მერეც ბუნდოვანი გახდა, საით მიდის სამყარო და როგორი იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი? ამ ეტაპზე საქართველოს თემა დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც არის სტაგნაცია. რაც შეეხება შიგა ფაქტორებს, ამის ხარვეზებზე დასაწყისში ვილაპარაკე. ფაქტობრივად, ის სინერგია, რასაც უნდა ჩამოეყალიბებინა ხელისუფლებისთვის გადაულახავი ძალა, არ არსებობს. თვითონ ხელისუფლებაც გაუგებრობაშია. არ იცის, მთავარ მტრად გამოცხადებული "დიფ სთეითი" როდის დამარცხდება, ან დამარცხდება თუ არა საერთოდ, შესაბამისად, დიდი აქტივობებით ისინიც არ გამოირჩევიან, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც აგრძელებენ ავტორიტარიზმისკენ, ძალაუფლების აბსოლუტიზაციისკენ სვლას. კეტავენ ყველა მიმართულებას, იყენებენ მათ ხელთ არსებულ რესურსებს - ეკონომიკურს, ძალისმიერ, ე.წ. მართლმსაჯულებრივს და ა.შ. საზოგადოდ, ავტორიტარული რეჟიმები ერთგვარი ბულიმიით არიან დაავადებული, ვერ ჩერდებიან, მუდმივად ახალი და ახალი სეგმენტების შეჭმას ცდილობენ... აი, ამ პროცესში ვართ დღეს.
- კარგა ხანია სალომე ზურაბიშვილი ცდილობს მოახერხოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების, როგორც თვითონ ამბობს, კოორდინაცია. როგორც მისი ბოლო განცხადებები კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, მისი მიზანი არ არის ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, მეტიც, მან გასულ კვირას განაცხადა, ერთიანობა გარედან შემოგდებული თემააო, რაც განსაკუთრებით არ მოეწონათ "ნაციონალურ მოძრაობაში" და ზურაბიშვილი მკაცრად გააკრიტიკეს, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი ბოლოდროინდელი განაჩენის შემდეგ... გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია გიორგი გახარიას პარტიის პოზიცია, რომ არ აპირებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ტიპის ერთობას... გამომდინარე ამ ყველაფრიდან, როგორ ფიქრობთ, რას ცდილობს რეალურად სალომე ზურაბიშვილი და რამდენად რეალურია ამის მიღწევა?
- ზურაბიშვილს აქვს სწორი გეგმა, მაგრამ ეს დღეს კი არა, გუშინ უნდა გაკეთებულიყო...
მეც ვეთანხმები მე-5 პრეზიდენტს, რომ პოლიტიკურ ერთიანობაზე ლაპარაკი არასწორია, პროდასავლური პარტიები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც შიდაპოლიტიკური ხედვებით, ისე ისტორიით და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ერთიანობაზე ლაპარაკი არაკონსტრუქციულია. რა თქმა უნდა, უნდა იყოს კოორდინაცია. ამ პროცესში 2 თემა არსებობს: ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ საარჩევნო მდგომარეობას, რათა ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური ხელისუფლება; და მეორე - გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ვექტორი. ამ ყველაფერს სჭირდება პროდასავლური ძალების კოორდინაცია და თანამშრომლობა. ამის პარალელურად პოლიტიკური კონკურენცია ამ პარტიებს შორის უნდა იყოს და ეს იქნებოდა სწორი.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მას თავისი მიზნები და ამოცანები აქვს. თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევენ და როდესაც ერთიანობაზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ მათი ორბიტის გარშემო გაერთიანებას, რაც შეუსრულებელი ამოცანაა. რაც მთავარია, ამ ტიპის ერთიანობის თეორიული შანსიც რომ დავუშვათ, ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია. მათი მთავარი პოლიტიკური იარაღია მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობასთან" დატოლება და საზოგადოებისთვის ამგვარი გზავნილის გაგზავნა, კი ბატონო, მე ცუდი ვარ, მაგრამ ჩემ წინ ხელისუფლება კიდევ უარესი იყოო. შემთხვევით კი არ ეძახიან ყველას, ვისაც კი მათგან განსხვავებული აზრი აქვს, "ნაცს" - ეს არის მათი სქემა. კვლავაც არსებობს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელსაც, წარსული ტრავმებიდან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრიც კი შიშის ზარს სცემს. წმინდა პოლიტიკურადაც ის ერთიანობა, რაზეც "ნაციონალური მოძრაობა" ლაპარაკობს, წამგებიანი იქნება.
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, კი, ზურაბიშვილი ლაპარაკობს ძალთა კოორდინირების აუცილებლობაზე, მაგრამ, ფაქტია, ვერ აკეთებს ამას. რომ გითხრათ, ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს დგამს-მეთქი, თავს მოვიტყუებთ. ეს ეპიზოდური შეხვედრები, სწორი იდეების გახმოვანება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმედ იქცევა. პოლიტიკაში მთავარი რიტორიკა კი არა, ქმედებაა... ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი ვერ ახერხებს რაიმე რეალურის გაკეთებას და ეს სამწუხარო რეალობაა.
- ხელისუფლება ახალ-ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით ცდილობს გააძევოს პროტესტი ქუჩიდან. გასულ კვირას დააყადაღეს იმ ფონდების ანგარიშები, რომლებიც პროტესტისას დაშავებულ თუ დაჯარიმებულ პირებს ეხმარებოდნენ, პროკურატურის განცხადებით კი "ფონდები" თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად იყენებდნენ, რომ ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს მიმართავდნენ "კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის"...
- ეს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ცდილობენ დაასუსტონ და გააქრონ ქვეყანაში ნებისმიერი ალტერნატივა, რათა როდესაც დრო მოვა, ანუ როდესაც დადგება გარე აქტორებთან საუბრის დრო, თქვან, კი ბატონო, მე ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ქვეყანაში სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს, ურთიერთობა თუ გინდათ, ჩემთან უნდა იურთიერთოთო. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური ამოცანა, მაგრამ ამის გარდა აქვს კიდევ ერთი გაცილებით დიდი მიზანიც - საზოგადოების გათითოკაცება, პროტესტის ქუჩიდან სამზარეულოში შეკეტვა, კონფორმისტული საზოგადოების ჩამოყალიბება... და ეს უკვე გრძელვადიანი ამოცანებია.
მათი რიტორიკის თუ ქმედებების ინსტრუქციები, მეთოდოლოგია, დარწმუნებული ვარ, ან შპარგალკების სახით არის მოსკოვიდან ჩამოტანილი, ან შეიძლება კიდევ უფრო მძიმედ არის საქმე და პირდაპირ იქიდან ჩამოსული ჯგუფები მოქმედებენ მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ და კრემლის გეგმებს ჯერ კა-გე-ბეში და შემდგომ ეფ-ეს-ბეში დამუშავებული ინსტრუქციებით ასრულებენ. ძალიან ბევრი ანალოგიის პოვნა შეიძლება იმასთან, თუ რა ხდებოდა 10-15 წლის წინ რუსეთში, თითქმის იმავეს იმეორებენ დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში რიტორიკის, პროპაგანდის თუ ქმედებების დონეზე... საბოლოო ამოცანაა ჩვენი საზოგადოებაც რუსულივით კონფორმისტულ ნაჭუჭში ჩაიკეტოს, თუმცა, ვფიქრობ, მთლად ასე არ გამოუვათ. რუსეთში პუტინი მაინც "მისიონერია", ეს ყველაფერი რუსული სამყაროს, დიადი "დერჟავის" იდეას ემყარება. საქართველოში ასეთი იდეა არ არსებობს, ამიტომაც ხელოვნური და არასტაბილურია ეს ყველაფერი. მატერიალური მხარეც რომ ავიღოთ, ავტორიტარულ სისტემებს სჭირდებათ კვების მუდმივი წყარო, რაც რუსეთს აქვს ბუნებრივი რესურსების სახით. საქართველოში ასეთი კვების წყარო არ არსებობს, შესაბამისად, არის საფრთხე, რომ საბოლოოდ ეს სისტემური ურჩხული საკუთარ მშობელს შეჭამს. ბიძინა ივანიშვილს საფრთხე პროტესტანტი საზოგადოებისგან კი არ ემუქრება, რისაც ასე ეშინია, არამედ ემუქრება თავისივე შექმნილი სისტემისგან. მოკლედ, დალხენილი ცხოვრება არა აქვს ხელისუფლებას. ამ რეჟიმს გრძელვადიანი სტრატეგიული მომავალი არა აქვს. მოკლედ, უფრო პაროდიულია ის ავტორიტარიზმი, რაც საქართველოშია, იმის პაროდიაა, რაც რუსეთში ხდება...
- გასულ კვირას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა რუმინეთს. "რუმინულ მხარეს დავუდასტურეთ ის, რასაც ვეუბნებით ქართველ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრებლად, ასევე დავსვით კითხვა, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ ევროპული ქვეყნები ნელ-ნელა დაიწყებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციის ცნობას?
- არა მგონია. ჩემი აზრით, ეს წმინდად ადამიანურ დონეზე ჩაწყობილი ვიზიტებია. ეს იყო უფრო პროპაგანდისტული ვიზიტი, ვიდრე რეალური პოლიტიკის ნაწილი. სამხარაძის განცხადებებიც უფრო შიდა პოლიტიკისთვის განკუთვნილი გზავნილებია, უფრო სწორად, სისტემის "დასაბოლებელი" განცხადებები, თითქოს ყველაფერი კარგად არის... ვისაც ანალიზი შეუძლია, წესით, მიხვდება, თუ სადმე შესვლა გინდა, იქით უნდა მიდიოდე და არა საწინააღმდეგო მიმართულებით. ევროკავშირი არ არის გეოგრაფიული ფენომენი, ეს არის კავშირი, რომელიც გარკვეულ ფასეულობათა სისტემაზე აშენდა და შენ როდესაც ამ ფასეულობათა სისტემას არ აღიარებ და ამას სულ უფრო და უფრო შორდები, რაღაც თარიღების დასახელება ამას ვერ უშველის. ჩემი შეფასებით, ამ განცხადებებს არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა არა აქვს, ეს მხოლოდ პროპაგანდაა.
თუმცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა მეტად ბუნდოვანი ვითარება შექმნა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც, "ქართულმა ოცნებამ" კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ საერთოდ გავმქრალიყავით ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პოლიტიკური დღის წესრიგიდან. საქართველო ხურდაში გადასაყოლებელ ელემენტად აქციეს. ეს ბიძინა ივანიშვილმა სრულიად შეგნებულად გააკეთა. მისი გათვლა, დარწმუნებული ვარ, ასეთია: რაკი ჰგონია, საბოლოოდ ტრამპი და პუტინი დასხდებიან, ძლიერის დომინირების პოლიტიკის ინსტრუმენტებით შეთანხმდებიან და გაიყოფენ მსოფლიოს, საქართველოსაც ისინი მიუჩენენ ადგილს. ივანიშვილმა ყველაფერი იმისკენ წაიყვანა, რომ ჩვენ დღეს ვართ დახლზე დადებული პროდუქტი, თვითონ კი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ამ განაწილებაში აუცილებლად რუსეთის იმპერიაში მოვხვდებით. მოკლედ, აქეთ მიჰყავს პროცესი და ელოდება, ტრამპი და პუტინი სად მიგვიჩენენ ადგილს.
- ბოლო დროს გააქტიურდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა, რომელიც შემოდგომაზეა დანიშნული. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას, ნაწილის პოზიცია კი გაურკვეველია. ხომ არ აღმოჩნდება ისე, რომ ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ მაინც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა სრულიად მოუმზადებლად...
- დღეს ამ თემის აქტუალიზაცია, ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენ, არ ვიცით, რა მოცემულობა გვექნება იმ მომენტისთვის, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დრო მოვა, თუნდაც საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი მოქმედებს პროცესზე, ამიტომ დღეს თქმა, არ მივიღებ ან მივიღებ მონაწილეობასო, რეალური ამოცანებიდან აცდენაა. დღეს ოპოზიციის საფიქრალი უნდა იყოს, თუ როგორ შენარჩუნდეს საპროტესტო მუხტი და შეიძინოს მეტი დინამიკა. ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი არარელევანტურია. დღევანდელი მოცემულობით, ამ ხელისუფლებას არა აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, ხვალ რომ იყოს არჩევნები, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა იქნება თვეების მერე... თუ ხელისუფლებამ მიიღო ლეგიტიმაცია, მაშინ ოპოზიციურ სპექტრს მოუწევს იმაზე დაფიქრება, რა უნდა ქნას, რომ თამაშგარე მდგომარეობაში არ დარჩეს.