„XXI საუკუნის ქართველებო, გლოცავთ! იარეთ სულ წინ, გამარჯვებისაკენ!“
მას შემდეგ, რაც 2025 წელს მომავალში გაგზავნილი წერილების სკივრი გაიხსნა, "კვირის პალიტრის" რედაქციას უამრავი ადამიანი აკითხავს. მათ შორის არიან როგორც ადრესატები, ასევე თავად წერილების ავტორებიც. საოცარ ემოციებს იწვევს ამ ადამიანებთან შეხვედრა, გასაუბრება. ამ ყველაფერს სასიხარულო ამბებიც ახლავს და სევდიანიც, რადგან ბევრი წერილის ავტორი ცოცხალი აღარ არის... გასულ კვირას რედაქციაში გზავნილების წასაღებად მოსულ რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ.
"მომაკვდავმა მაინც მოვახერხე და წერილები დავწერე"
ვაჟა ფაჯიშვილი პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ სპეციალობით არ მუშაობს. ახალგაზრდობაში მთამსვლელობა იტაცებდა და მთაში დადიოდა. 2000 წელს შხარის მწვერვალიდან დაშვებისას, ნაპრალში გადავარდა და 14 მოტეხილობა ჰქონდა.
- ფეხები, ნეკნები, თავი სულ დამტვრეული მქონდა. მაშველებმა ამომიყვანეს. მომაკვდავი ვიყავი, გადარჩენის შანსი თითქმის აღარ იყო, მაგრამ გადავრჩი. მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა. იმ პერიოდიდან რაღაცები ბუნდოვნად მახსოვს...
გაზეთ "კვირის პალიტრას" 1995 წლიდან ვკითხულობ. არც ერთი ნომერი არ ჩამიგდია. "კვირის პალიტრა" ჩემთვის საავადმყოფოშიც მოჰქონდათ. გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვკითხულობდი. ერთ-ერთ ნომერში ვნახე, რომ პროექტი "გზავნილი მომავალში" იწყებოდა... სურვილი გამიჩნდა, წერილები ჩემი შვილებისთვის მიმეწერა - 2 შვილი მყავს და ორივეს მივწერე. ბიჭი ახლა ამერიკაშია, გოგო აქ არის... ბიჭს ამ წერილს შევუნახავ, გოგოს ამ დღეებში მივუტან.
- 25 წლის წინ მძიმე მდგომარეობაში მყოფი რას ფიქრობდით, როდესაც ამ წერილებს წერდით?
- ვფიქრობდი, თუ 25 წლის შემდეგ არავის ვემახსოვრები, ამ წერილით მაინც გამიხსენებენ-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა, ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, უფლის იმედი მაინც მქონდა. მოკლედ, იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მაინც მოვახერხე და წერილები დავწერე.
სიმართლე გითხრათ, მას მერე წერილებს ველოდებოდი-მეთქი, ასე არ იყო, ხანდახან მახსენდებოდა, ახლა კი ძალიან გამიხარდა, როცა გაზეთში წავიკითხე, სკივრი იხსნებაო, აი, გამიხსენა "კვირის პალიტრამ"-მეთქი. ჩემს გოგოსაც ვუთხარი და ძალიან გაუხარდა, ეგ წერილი აღარც მახსოვდაო.
ერთიც არის, ნამდვილად აღარ მახსოვს, შვილებს რა მივწერე. მაშინ ტკივილისა და წამლებისგან გაბრუებული ვიყავი. ჩემს თავს თითქმის არ ვეკუთვნოდი. ერთი ფრაზა კი მახსოვს, - გულმოწყალენი იყავით-მეთქი.
"შვილისთვის ასე მიმიწერია: "შენ რომ ამ წერილს გახსნი, მე, ალბათ, შენ გვერდით არ ვიქნები..."
ნათელა გობრონიძე 90 წლისაა, პროფესიით ექიმი-გინეკოლოგია, საყვარელ საქმეს მეორე სამშობიარო სახლში 58 წელი ემსახურებოდა. უამრავი ადამიანის სიცოცხლის დაბადებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ერთ დღესაც გაზეთ "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ შეიტყო და მომავალში წერილის გაგზავნა მასაც მოუნდა. ახლა კი 25 წლის წინ შვილისა და შვილიშვილებისთვის დაწერილ წერილებს თავადვე მოაკითხა.
- ამ პროექტის შესახებ რომ გავიგე, მაშინ მეორე სამშობიარო სახლში ვმუშაობდი. იმედი არ მქონდა, რომ ამ პროექტს ცოცხალი დავხვდებოდი, 65 წლის ვიყავი, მაგრამ წერილები მაინც დავწერე და გავგზავნე... ჩემს ვაჟსა და შვილიშვილებს - 2 გოგონას მივწერე... შვილისთვის ასე მიმიწერია: "შენ რომ ამ წერილს გახსნი, მე, ალბათ, შენ გვერდით არ ვიქნები", მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვარ... ვაჟს მაშინ ცოლი არ ჰყავდა და ყველაფერი კარგი, მრავალშვილიანობა ვუსურვე... სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი წლების განმავლობაში მივიწყებულიც მქონდა, მხოლოდ ხანდახან მახსენდებოდა, თუმცა მაინც ველოდებოდი...
- როგორ გაიგეთ, რომ 2025 წელს წასაკითხი წერილების სკივრი იხსნებოდა?
- წერილი ჩემმა მეზობელმა მიიღო. ვინაიდან ჩვენ მაშინ ერთად დავწერეთ, ეს ამბავი მისგან გავიგე. მერე ვიყიდე "კვირის პალიტრა" და ვნახე სია, სადაც ჩემი შვილისა და შვილიშვილების გვარები და სახელები აღმოვაჩინე. გადავწყვიტე, რედაქციაში თვითონ მოვსულიყავი, ამეღო წერილები და ადრესატებისთვის თვითონ მიმეტანა. ასეც მოვიქეცი, პირადად მივუტანე. უკვე იცოდნენ, რომ ეს წერილები არსებობდა. ჩემს შვილიშვილებს ჯერ არ გაუხსნიათ, ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ერთად როცა შევიკრიბებით, მაშინ გავხსნითო. ვაჟიშვილმა რომ წაიკითხა, მითხრა, პესიმისტური წერილი დაგიწერია, რატომ გეგონა, რომ ამ დროისთვის ცოცხალი არ იქნებოდიო?! რა ვიცი, არ ველოდი, რომ ამდენ ხანს ვიქნებოდი-მეთქი.
სიმართლე გითხრათ, წერილების ნახვა კიდევ იმიტომ მინდოდა, რომ აღარ მახსოვდა, რა დავწერე, შინაარსისთვის თვალის გადავლება მინდოდა. შვილიშვილებსაც ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებდი, ბედნიერ მომავალს, სწავლასა და ცხოვრების კეთილად გაგრძელებას.
P.S. შეგახსენებთ - წერილის გამგზავნისა და ადრესატების სრული სია გამოქვეყნდა გაზეთში "კვირის პალიტრა" (#11) და ასევე საიტზე Kvirispalitra.ge. ადრესატებმა გზავნილს რედაქციაში უნდა მოაკითხოთ. როდესაც გაიგებთ, რომ თქვენს სახელზე წერილია, შეგიძლიათ მოხვიდეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, იოსებიძის #49 ("ბიბლუსის" მაღაზიასთან მიმანიშნებელი ბანერი დაგხვდებათ) 11:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა.
"დედამ წერილი ცხინვალის საბავშვო ბაღს მისწერა..."
თამარ კვაღინიძე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მან რედაქციაში დედის, მერი ასანიძის წერილი მიიღო. ქალბატონმა მერიმ 25 წლის წინ წერილი ცხინვალის ქართულ საბავშვო ბაღს მისწერა.
- დედაჩემი 13 წელია, აღარ არის. 81-ე წელში იყო, რომ გარდაიცვალა. პედაგოგი და ცხინვალში წიგნის მოყვარულთა საზოგადოების აქტიური წევრი გახლდათ. ბიბლიოთეკაში, როცა რაიმე ღონისძიება ტარდებოდა, წიგნების განხილვა თუ სხვა, წამყვანი სიტყვა მას ჰქონდა. ლიტერატურა უყვარდა, მე და ჩემი ძმა წიგნს გვაზიარა... წარმოშობით იმერეთიდან იყო, ცხინვალში გამოთხოვილი, სადაც ისე დამკვიდრდა, რომ ცხინვალელების დიდი გულშემატკივარი გახდა.
ცხინვალიდან 1991 წელს იძულებით წამოვედით. გორის სასტუმრო "ქართლში" ვცხოვრობდით, გვიჭირდა, გაზეთის ფული სად იყო, მაგრამ დედაჩემი ახერხებდა და საიდანღაც მოჰქონდა "კვირის პალიტრა", რასაც მთელი სასტუმრო "ქართლი" დაატარებდა და კითხულობდა.
დედა ამ პროექტში ჩაერთო და წერილი ცხინვალის საბავშვო ბაღს მისწერა. გულში ჰქონდა ცხინვალის მონატრება, მაგრამ ამის შესახებ არასდროს ლაპარაკობდა. ენატრებოდა ის სიტუაცია, რომელიც #3 ქართულ ბაღში იყო. ეს მერე შევიტყვე, როცა 5 ფურცელზე წერილი დაწერა. გაზეთს ამ პროექტისთვის სტანდარტული ფორმატი ჰქონდა გამოყოფილი, იმ დიდ წერილს იქ ვერ დაატევდა და ამიტომ შეამოკლა. თბილი და პატრიოტული წერილი აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს დაუწერა.
2025 წელს მისაღები ბარათების სკივრი ახლა რომ იხსნებოდა, იმერეთიდან აღელვებულმა დეიდაშვილმა დამირეკა, მოემზადე, დეიდამ (ანუ დედაჩემმა, მისთვის - დეიდამ) წერილი მოგწერაო. რა წერილი-მეთქი, ვერ მივხვდი. მერე მითხრა, რაშიც იყო საქმე. "კვირის პალიტრის" ეს პროექტი დავიწყებული მქონდა და გამახსენდა ის ეპიზოდი, დედა რომ მეუბნებოდა, წერილი ცოტა დიდია, უნდა შევამციროო.
ძალიან ავფორიაქდი, მეგონა, დედაჩემთან შესახვედრად ვემზადებოდი. ვეღარ მოვითმინე და წერილის გამოსატანად წავედი. გზავნილი რომ გადმომცეს, უნებურად გულთან მივიდე. ძალიან ავღელდი, ოღონდ ვეცადე არ შემტყობოდა... წერილი რომ მომქონდა, საკმაო მანძილი ისე გამოვიარე, რომ ვერ ვხსნიდი. მერე რაღაც ბარი შემომხვდა, მაგიდები იყო და ჩამოვჯექი. წერილს რამდენჯერმე დავხედე, უცებ გავხსენი და წავიკითხე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დედა მესაუბრებოდა. ჩვენ ახლა ცხინვალისგან ისევ შორს ვცხოვრობთ, ის ბაღიც აღარ არსებობს, მაგრამ არის დედას ეს წერილი:
"ვერ ავაღორძინეთ ქართული კერა წლობით ნაფერებ-ნალოლიავები, მაგრამ ჩვენი გამარჯვების დღეს ისევ ველოდებით"
"ძვირფასო აღმზრდელებო და აღსაზრდელებო!
ჩვენ, ცხინვალიდან დევნილი ქართული საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, სულ გვქონდა იმედი, რომ ჩვენ მიერ საფუძველჩაყრილი ქართული საბავშვო ბაღი მომავალში აუცილებლად იარსებებდა და თუ არსებობს, მაშ, გაგიმარჯოთ, ჩვენო ძვირფასებო.
თქვენ არ იცით, ალბათ, ჩვენ რა ჯოჯოხეთი და გულისტკივილი გამოვიარეთ, როგორ არ გვინდოდა, მშობლიური ლამაზი ქალაქის დატოვება; ჩვენი საბავშვო ბაღის მიტოვება, სადაც ახალმოსახლეობა უნდა გვეზეიმა რამდენიმე თვეში. ნეტავი ახლა როგორ ხართ, სულის ნაწილებო?! ათი წელი გასრულდა, რაც დევნილად ქცეულნი სათაყვანებელი საქართველოს მთელ რიგ რაიონებში (და არა მარტო საქართველოში) ვართ თავშეფარებულნი ბუდემოშლილი ცხინვალელი ქართველები. ვაი, რომ ჯერჯერობით ვერ დავბრუნდით, ვერ ავაღორძინეთ ქართული კერა წლობით ნაფერებ-ნალოლიავები, მაგრამ მომავლის იმედი არ დაგვიკარგავს და ჩვენი გამარჯვების დღეს ისევ ველოდებით.
ჩვენო ძვირფასებო, აი, მიილია ორი ათასი წელი და მესამე ათასწლეულში შევაბიჯეთ. როგორც ყოველთვის, ახლაც ღმერთის იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება - ფუძემოშლილი ქართული კერა ააღორძინოთ. გწამდეთ, რომ ჩვენც მომავლისთვის ვიღვწოდით, მაგრამ არ დაგვცალდა. ახლა ჯერი თქვენზეა.
XXI საუკუნის ქართველებო, გლოცავთ!
იარეთ სულ წინ - გამარჯვებისაკენ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! გთავაზობთ გაზეთ "შიდა ქართლში" საბავშვო ბაღის ისტორიასაც.
მონატრებით, მერი ასანიძე, 2001 წლის 9 იანვარი"