„საქართველო უნდა მოემზადოს იმ დღისთვის, როცა მისთვის მოიცლიან“
რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და როგორია ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება მაშინ, როცა რამდენიმე თვეში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, ოპოზიცია კი მონაწილეობას არ აპირებს - ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
- ოპოზიცია ამბობს, რომ არ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ყოველ შემთხვევაში, გადამწყვეტი ნაწილი მაინც. აპირებენ 31 მარტს მასშტაბური აქციის ჩატარებას და როგორც ამბობენ, ამ დღეს უნდა გაირკვეს საერთო სურათი, რაშიც ეჭვი მეპარება, იმიტომ, რომ აშკარაა, ოპოზიციას ძალიან უჭირს საერთო ენის გამონახვა. სალომე ზურაბიშვილი ის ქარიზმატული ფიგურა არ არის, რომელსაც შეუძლია ოპოზიციის გაერთიანება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ ესენი ოდესმე ერთ ფრონტად ჩამოყალიბდებიან... ეს აქცია კიდევ ერთხელ იქნება დემონსტრირება იმისა, რომ ქვეყანაში არის საპროტესტო მუხტი... ასეთი საპროტესტო მუხტი იყო ზვიად გამსახურდიას ზეობის პერიოდში და საბოლოოდ სიტუაცია გადატეხა შეიარაღებულმა ძალებმა. ღმერთმა ნუ ქნას, იგივე განმეორდეს ახლა. მეორე შემთხვევაში, სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლოს, დიდი იყო საპროტესტო მუხტი და დასავლელი ლიდერების ძალიან მყარმა პოზიციამ გადატეხა სიტუაცია, კიდევ იმან, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლოს უპრეცედენტო სიტუაცია შეიქმნა ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, ასევე იყო ბევრი სხვა ფაქტორიც და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 2008 წლის ომი. მან გარკვეულ ძალებთან ერთად უცხოეთში, დავარქვათ ნეოლიბერალები, მოინდომა "ექსპერიმენტის ჩატარება", რომელიც ტრაგედიით დამთავრდა... ეს "ექსპერიმენტი" აბსოლუტურად მიუღებელი იყო მაშინდელი თეთრი სახლის ხელმძღვანელობისთვის. ამ ნაბიჯით სააკაშვილმა დაკარგა მხარდაჭერა... შეიძლება ითქვას, ახლაც ზუსტად ის ვითარებაა - თეთრი სახლის მესვეურნი მაშინაც რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის ემზადებოდნენ. ალბათ, გახსოვთ, ამან გამოიწვია მაშინდელი ადმინისტრაციის სააკაშვილის მიმართ ძალიან მკვეთრი პოზიცია, და ის იძულებული გახდა, წასულიყო. სააკაშვილი კი გაიძახის, მე არჩევნები დავნიშნე, მე გადავდექიო, მაგრამ არ ყოფილა ასე - არჩევნებში დამარცხების მერე გუნდის ზოგიერთი წევრი და თვითონ სააკაშვილიც აპირებდნენ არ შერიგებოდნენ ამას, მაგრამ 2 ოქტომბერს, ძალიან აქტიურად ჩაერია აშშ-ის მაშინდელი ელჩი და მას სხვა გზა აღარ ჰქონდა. იმის თქმა მინდა, რომ ან უნდა იყოს ჩარევა ქვეყნის გარედან, ან უნდა იყოს გამოყენებული იარაღი.
- ახლა გადამწყვეტი ჩარევა არ ჩანს?
- გადამწყვეტი ჩარევა საზღვარგარეთიდან არ ჩანს. გარდა ამისა, დღეს გეოპოლიტიკურად იმდენად მნიშვნელოვანია უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენები, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა, ამერიკა-ევროპის ურთიერთობა, რომ საქართველოს საკითხი უკანა პლანზეა. გარდა ამისა, "ქართული ოცნების" პროგნოზი და მათი ტაქტიკური ნაბიჯები რეალობა გამოდგა. ტრამპმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც უკვე პროგნოზირებული იყო "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიერ. მართალია, ახლა აშშ-ის პოლიტიკა და საქართველოს პოლიტიკის უნისონი სასაცილო ჩანს დიდი პოლიტიკის გადმოსახედიდან, მაგრამ ასე იყო. ოპოზიციას ქმედითი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, მთავრობა პრორუსულია და გვჩაგრავსო, თან ამ პრორუსულობისა და არჩევნების გაყალბების საბუთები ვერ წარმოადგინეს...
მე მქონდა საუბარი ბევრ ადამიანთან, რომლებიც თუ არ ქმნიან მსოფლიო პოლიტიკას, მის ახლოს ტრიალებენ. მათთვის შეიძლება "ქართული ოცნების" ზოგიერთი ქმედება საეჭვოა, მაგრამ არც ოპოზიციისაა დამაჯერებელი. ბევრად დამაჯერებელია მათთვის იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც ქუჩაში დგანან. ამას უფრო აღიქვამენ, ვიდრე იმ წერილებს, რომლებსაც ოპოზიცია ყოველდღიურად წერს...
დღეს მსოფლიო აღელვებულ ზღვას ჰგავს, რომლის ტალღები ხშირ შემთხვევაში უკონტროლოა და ძალიან რთულად პროგნოზირებადია. ჩვენ კი იმის მაგივრად, ამ სიტუაციაში კონსოლიდირება მოგვეხდინა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, მაინც მივყვებით იმ ტრადიციულ გზას, რომელსაც მივყვებოდით - აუცილებლად უნდა ვუპირისპირდებოდეთ ერთმანეთს.
პუტინი დაასანქცირა არა მხოლოდ ცივილიზებულმა სამყარომ, ჰააგის ტრიბუნალმაც, ის პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული და ასეთ ადამიანს ესაუბრება აშშ-ის პრეზიდენტი. ამ ფონზე საქართველოს დასანქცირება ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ კომიკურია.
- ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი რას შეცვლის.
- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აქვს რუსეთზე ზეწოლის ბერკეტები, რუსეთსაც აქვს, რომ თავისი გაიტანოს. ან მხარეებმა უნდა დათმონ რაღაც, და ეს მათთვის იქნება ძალიან ცუდი - ამერიკის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის დათმობა არ შეიძლება. რუსეთის ხელისუფლებაც ვერაფერს დათმობს, როგორც კი დათმობს, მისი ხელისუფლება დაემხობა... არის მესამე ვარიანტიც, ყველაზე ცუდი - ეს არის უკრაინის პრაქტიკულად განადგურება, დაქუცმაცება, დაყოფა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის სიმბოლო, როგორც მსოფლიოში თავისუფლების დაცვის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტორის, გაქარწყლდება და ამერიკის პარტნიორობა გახდება სერიოზული ეჭვის საბაბი. გარდა ამისა, არის ჩინეთი, მრავალრიცხოვანი დიდი სახელმწიფო, ახალი დიდი სახელმწიფოებია, რომლებიც ნელ-ნელა შემოდიან პოლიტიკურ ველზე, მაგალითად, ინდოეთი და არაბული სამყარო. ასე რომ, ასე მარტივი არ იქნება ხვალინდელი დღე... რაც შეეხება საქართველოს, რეგიონულ პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი მოვლენებია. არნახულად აქტიურ თამაშს თამაშობს ცალკე თურქეთი და ცალკე აზერბაიჯანი.
რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალ კანონებზე, არაფერია იმასთან, რაც ხდება თურქეთში, რომელიც ნატოს წევრია და თავს თვლის ევროპის, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას შორის შუამავლად. მას ეფერებიან ევროპელი ლიდერები, ხან ერთი ჩადის ვიზიტით, ხან მეორე. ამ დროს იქ აბსოლუტურად უკანონოდ აპატიმრებენ რესპუბლიკური პარტიის წევრებს, მათ შორის სტამბოლის მერი დააპატიმრეს სულელური მიზეზით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თურქეთი ცდილობს საუკუნობრივი ოცნების ახდენას, ოსმალური იმპერიის ტერიტორიებზე გავლენის აღდგენას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიებს დაიპყრობს. ამის კარგი მაგალითია სირია, თან ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ პრაქტიკულად თურქეთის მეშვეობით სირიის ხელისუფლებაში ყოფილი მკვლელები, ტერორისტები მოვიდნენ.
- შეიძლება თურქეთი უკრაინასაც აქტიურად დაეხმაროს?
- თურქეთი უკრაინას ძალიან აქტიურად ეხმარება, ოღონდ ეჭვია, რომ თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინამ ყირიმი დათმოს. ფიქრობს, თუ რუსეთისთვის შეიძლება მიიტაცოს ყირიმი, რატომ არ შეიძლება ჩემთვის, როცა ყირიმი მეკუთვნოდა საუკუნეების განმავლობაშიო.
ჩვენმა საზოგადოებამ შეიძლება არ იცის კიდევ ერთი გარემოება - ისრაელისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობა, რაც, სხვათა შორის, ანკარაში მაინცდამაინც არ მოსწონთ. რამდენიმე ათეულმა რაბინმა, ძალიან საპატიო ხალხმა, ოფიციალურად მოსთხოვა ტრამპს, რომ აზერბაიჯანი შეიყვანონ ეგრეთ წოდებულ აბრაამის ხელშეკრულებაში. ეს ხელშეკრულება გულისხმობდა ისრაელსა და არაბული სამყაროს ზოგიერთ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას, ეკონომიკურ განვითარებას, ერთიანი პოლიტიკური პლატფორმების შექმნას და ა.შ. რაბინების ეს მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, ტრამპი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ებრაელი საზოგადოების წარმომადგენელთა რჩევებსა და ინიციატივებს. ამ თემის ფაქტობრივი გამტარი მისი ოჯახის წევრი და სიძე, ქალიშვილის ქმარი კუშნერია. აქედან ჩანს კარგად, როგორ მუშაობენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებები, როგორი ლობისტები ჰყავს ბაქოს და საით მიდის საქმე. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის როლი და ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე თუნდაც თურქეთის, თუ მოხდა ამ გეგმის რეალიზაცია. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უცებ გადაწყვიტეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომელშიც არ არის ის მუხლი, რომლის ამოქმედებას ამდენი ხანია ცდილობს აზერბაიჯანი - ეს არის ზანგეზურის კორიდორი, ანუ ხმელეთით თურქეთთან დაკავშირება. მოკლედ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ამ დოკუმენტით კარგად ჩანს მსხვილი მოთამაშეების ყურები. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია სხვაგან, სხვა დონეზე და სხვა პირობებით... ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ აშშ-ს თავისი ინტერესები შეეზღუდა შავი ზღვის აუზში, მაგრამ დღეს არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ამერიკისთვის, ჩანს, სხვა პრიორიტეტებია უფრო მნიშვნელოვანი.
საქართველოსთვის არ სცალიათ, მაგრამ საქართველო უნდა მოემზადოს იმ დღისთვის, როცა მისთვის მოიცლიან. საქართველოსთვის მთავარი მომზადების ამოცანა ის კი არ არის, აქ ვინ როგორ კანონს მიიღებს, მთავარი ამოცანაა საგარეო პოლიტიკაში რა ფუნქცია და ადგილი განეკუთვნება. ამ ადგილის მიკუთვნების დრო რომ დადგება, საქართველოს უნდა ჰქონდეს ისეთი სტრატეგიული ნაბიჯები გადადგმული, ისეთი ინიციატივების პაკეტი შედგენილი და ისეთი ნამუშევარი პარტნიორებთან თუ მეზობლებთან, რომ მოლაპარაკების მაგიდის კუთხეში ადგილი ჰქონდეს, რომ თავისი სიტყვა თქვას. შეიძლება ჩვენ მაგივრად სხვამ მიიღოს გადაწყვეტილება და მაშინ ჩვენი სახელმწიფოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, გვერდზე უნდა გადავდოთ გაუთავებელი დაპირისპირება და ერთად ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში. დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიცია წავიდა თანამშრომლობაზე ამ საგარეო პოლიტიკური გამოწვევების საკითხზე ხელისუფლებასთან, მაშინ ხელისუფლება დათმობაზე უეჭველად წავა. თუმცა რასაც მე ვამბობ, უტოპია და ზღაპარია, ქართული ოპოზიციის თვისება არ არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, კულუარულად ფულის მიღება ხელისუფლებისგან კი, მაგრამ სახალხოდ თანამშრომლობა - არა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ლევან გაჩეჩილაძის გამოსვლა, როდესაც პარლამენტის სხდომაზე პირდაპირ განაცხადა, რომ მხარს უჭერს მთავრობას, იმიტომ, რომ სხვა გამოწვევები გაჩნდა. ეს იყო უნიკალური გამონაკლისი, ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში იშვიათია და ამის განმეორებას დღევანდელ რეალობაში არ ველი.