"მე გეტყვით იმას, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრა­ციას ჯერ არ განუცხადებია, მაგრამ ძალიან მალე განაცხადებენ", - ამბობს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი. როგორც "კვირის­ პალიტრასთან" აცხადებს, ამ ვერსიის შესახებ თეთრი სახლის კულუარებში ძალიან სერიოზული საუბრები­ მიმდინარეობს.­ რა საკითხს ეხება თეთრი სახლის კულუარული საუბრები, რა შედეგები­ შეიძლება მოჰყვეს ჯერ ამერიკელი და რუსი, შემდეგ კი ამერიკელი და უკრაინელი პრეზიდენტების ბოლოდროინდელ სატელეფონო საუბრებს­ და რა გავლენას იქონიებს საქართველოს დღის წესრიგზე მსოფლიო ლიდერების ახალი გადაწყვეტილებები, ამის შესახებ მირიან­ მირიანაშვილი­ გვესაუბრება. - ამერიკის პოლიტიკურ და სამრეწველო წრეებს სურთ იშვიათი მეტალების საბადოების დარად რუსეთს ხელიდან გამოაცალონ ის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული სიმდიდრე, რომელიც უკრაინას წაართვეს. უპირველესად საუბარია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუსებს უკვე თავისად მიაჩნიათ. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ჯერ არ გახმაურებულა, ტრამპი ამერიკის სახელით ცოტა ხანში გამოაცხადებს პრეტენზიას რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე არსებულ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. იშვიათი­ მეტალების შესახებ მოლაპარაკება უკვე გადავიდა ამ თემაზე. ახლა ამერიკელებს ამ ობიექტების დაზიანების საკითხი აღელვებთ.­ იშვიათი მეტალების საბადოებისა და ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტების 50%-ის ამერიკელებისთვის გადაცემის შემთხვევაში რუსეთის პრეტენზიები უკიდურესად დამცრობი­ლი იქნება, რაც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს. პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკების მთავარი საკითხი სწორედ ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტებია, დანარჩენი ყველაფერი ლირიკა და დიპლომატიური ბურუსია. - რატომ უნდა დასთანხმებოდა პუტინი უკვე მის ხელთ არსებული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტების ამერიკისთვის დათმობას? - რუსეთსა და ამერიკას შორის არსებული ძალთა თანაფარდობა პუტინს იძულებულს ხდის, დაეთანხმოს ამერიკელების ხისტად დაყენებულ ნებისმიერ საკითხს. რუსეთს უარის თქმის რესურსი აღარ აქვს. პუტინმა მშვენივრად იცის, რომ მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდება, თუ ტრამპის შეთავაზებაზე უარს იტყვის. - პუტინმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის საკვანძო პირობა უნდა გახდეს­ კიევ­ისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა­ და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული­ შეჩერება. ტრამპმა პუტინის ვერსია უარყო და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებაზე უკრაინის დახმარების საკითხი არ განუხილავთ. ვინ იტყუება? - საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციაში­ ჩემი კონტაქტები მაქვს და ფრენების­ შესახებ ვერიფიცირებულ ინფორმაციაზე­ ხელი მიმიწვდება. ამერიკული სამხედრო ავია­ციის რეისები არ შეწყვეტილა გერმანი­იდან და ყატარიდან. ეს ნიშნავს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ამერიკული სამხედრო დახმარება არათუ არ შემწყდარა, დაემატა. - ტრამპი პუტინის შემდეგ ზელენსკი­ს ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ განაც­ხადა, რომ ჰქონდა ძალიან კარგი­ საუბარი ზელენსკისთან და სწორ გზაზე დგანან. თქვენი შეფასებით, რა გახდა უკრაინელი პრეზიდენტის ხისტი პოზიციის შეცვლის მიზეზი? - უკრაინელი ტრამპისტებისგან მაქვს­ ინფორმაცია, რომ ზელენსკის კულუარულ საუბრებში მთავარ საკითხად დაყენებული ჰქონდა საკუთრივ მისი პირადი უსაფრთხოება. ამასთან, სურდა გარანტიის მიღება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მისთვის ძირის გამოთხრას არ შეეცდებოდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინაში ვიზიტები გაააქტიურეს ტრამპის სიძის ნათესავებმა - კუშნერებმა. ისინი სხვადასხვა არხით ცდილობდნენ ზელენსკის ალტერნატივის შერჩევას. არ ვიცი, ეს ნამდვილად პოლიტიკური კურსი იყო თუ ზელენსკის შანტაჟი, მაგრამ ამ ამბავმა ის ძალიან შეაშინა. როგორც ამბობენ, ბოლოდროინდელი სწორი ქცევის შედეგად გარკვეული გარანტიები მიიღო...­ ყოველ შემთხვევაში, უკრაინელი ტრამპისტების სურვილი, რომ კიევში ტრამპისტული პარტია ჩამოეყალიბებინათ, რუბიომ ჩაშალა. ჩემი ინფორმაციით, ზელენსკი ძალიან კმაყოფილია, რომ ამერიკელებმა მისი პრეზიდენტის­ პოსტიდან გადადგომის ცდაზე ხელი აიღეს. ახლა მისი მთავარი ამოცანაა,­ ამერიკელები საშემოდგომოდ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩე­ვნების გაუქმებაზეც დაიყოლიოს და თუ ეს გამოუვა, უფრო დამყოლი გახდება ტრამპთან. - ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-სა და რუსეთს ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლიათ,­ მაგრამ უკრაინა პუტინის მენიუში არ უნდა იყოს, რომ მოლაპარაკებაში­ ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება... - ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტა­ იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა რუსეთი, დე იურე (დე ფაქტო უკვე დათანხმებული არიან) ამერიკული კაპიტალის საკუთრება გახდეს მათ მიერ უკვე დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიებზე არსებული ნებისმიერი სიმდიდრე. რუსეთი რესურსებისთვის ომობს, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული მხოლოდ ოთხი ატომური ელექტროსადგურის საბაზრო ღირებულება 80 მილიარდი დოლარია, უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი 40-50 მილიარდამდე დოლარია, შავმიწა ნიადაგების ფასი 2-3 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტია. ამ რესურსებისთვის იბრძოდა რუსეთი უკრაინაში, თორემ ქვიშა და ღორღი რუსებს საკუთარ სივრცეებშიაც არ აკლიათ. თუ ამერიკამ მეტალების საბადოები და ასევე ენერგეტიკული თუ ინფრასტრუქტურული სიმდიდრეები საკუთარ კაპიტალად აქცია, ტერიტორიული დავა აზრს დაკარგავს და აღარავისთვის იქნება ისეთი სიმწვავის მატარებელი, რომ რაიმე დიპლომატიური პრობლემა შეიქმნას ამის გამო. - რჩება განცდა, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხების მოგვარების პარალელურად ტრამპმა საქართველოს საკითხის მოგვარებაც გადაწყვეტა. ამაზე მეტყველებს ამერიკის ელჩისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. თქვენი ვერსიით, რა გზავნილები ჩამოიტანა დანიგანმა ვაშინგტონიდან საქართველოში? - ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არ ნიშნავს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ვიდრე ტრამპი შესაბამის განკარგულებას ოფიციალურად არ გამოსცემს, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალა ისევ არალეგიტიმურად მიიჩნევა. ეს ნიშნავს პოლიტიკურ იზოლაციას და ძალიან კარგი იქნება,­ თუ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთმანეთში არ აერევათ დიპლომატიური და პოლიტიკური იზოლაცია. პოლიტიკური იზოლაციის პერიოდში დიპლო­მატიური ურთიერთობა გრძელდება - ეს აქსიომაა! რაც შეეხება ტრამპის შემონათვალს, ბიძინა ივანიშვილი ტრამპის სიძის ნათესავების, კუშნერების წრეში ცდილობდა გარკვევას, რა უნდა სინამდვილეში ტრამპს მისგან და რა უნდა გააკეთოს ურთიერთობის დასათბობად. კუშნერების წრის ნაცვლად ინფორმაცია მოვიდა ამერიკის სახელმწიფო მდივან რუბიოსგან - თავი დაანებეთ ინფორმაციის კულუარულად მოპოვებას, ახლა მე ვარ თქვენი კურატორიო. თქვენ იცით, რომ რუბიოსა და სენატორი ლინდსი გრემის დაჯგუფება­ ყველაზე ანტირუსულია ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს საკითხებზე პერმანენტული განხილვებია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომელსაც ხელმძღვანელობს სენატორი ჯიმ რიში. იქ მიმდინარე დისკუსიებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მალე გადაწყდება, მიიღებენ თუ არა ამერიკელები იმ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს მეგობრული აქტი ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში "ქართული ოცნების" ანტიმეგობრული აქტია. ე.ი. ამერიკელები საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის გატარებას ითხოვენ. ეს არ არის რუსეთთან ომი, მეორე ფრონტის გახსნა­ ან რაიმე მსგავსი. ეს იქნება ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობის განახლება და ანტიდასავლური რიტორიკის ჩამოშლა. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთი­ კატეგორიული მოთხოვნა იყო ამერიკის ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი ტონის ამოგდება მედიიდან და ხელისუფლების რიტორიკიდან. ახლა მთელი ინტრიგა იმაშია, რჩება თუ არა "ქართულ ოცნებას" რუსული კურსის გატარების მინიმალური შესაძლებლობა მაინც. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მე მგონია, ივანიშვილის გუნდი რუსებთან ფლირტს არ მოიშლის. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ ძალას ემუქრება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარება, ასევე ტრამპის ადმინისტრაციასთან კონფრონტაცია. - ტრამპის ადმინისტრაციასთან კონფლიქტი­ რით შეიძლება დასრულდეს? - დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იქნება ისეთი, როგორიც ბაიდენის ადმინისტრაციასთან კონფრონტაცია­ იყო. ბაიდენი კორექტული შენიშვნებით და განცხადებებით იფარგლებოდა, ტრამპი მომენტალურ შეტევაზე გავა, ბანკებზე იერიში კი უმოკლეს დროში ჩამოანგრევს საქართველოს ეკონომიკას. თუ საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის გატარება და რუსეთისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება არ სურს, ამერიკის ადმინისტრაციასთან კონფლიქტი გარდაუვალია. ეს კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი საფრთხე გახდება, მას ვეღარავინ, მათ შორის ვერც რუსეთი ვეღარ უშველის. უფრო მეტიც, პუტინი საერთოდ არ გამოჩნდება! ხათუნა ბახტურიძე