„რასაც უკრაინას სთავაზობენ, კაპიტულაციაა“ - კვირის პალიტრა

„რასაც უკრაინას სთავაზობენ, კაპიტულაციაა“

"სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი­ და ამერიკაა - მენიუშია ბრიუსელური კომბოსტო, ბრიტანული შემწვარი თევზი­ კარტოფილით და პარიზული მამალი, მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია!" - ამგვარად შეაფასეს რუსმა პოლიტიკოსებმა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი. "აშშ-სა და რუსეთს ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლიათ, მაგრამ უკრაინა პუტინისთვის მენიუში არ უნდა იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ამერიკელ და რუს პრეზიდენტებს შორის დადებულ არც სიტყვიერ შეთანხმებას აქვს აზრი და არც ხელმოწერით გამყარებულ ხელშეკრულებას, რადგან რუსები პირობებს არასდროს ასრულებენ. პუტინის სიტყვები რომ რეალობისგან განსხვავდება, პუტინისა და ტრამპის სიტყვიერი შეთანხმების მეორე დღესვე 150 რუსული დრონისგან დაბომბილი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საავადმყოფოები მოწმობს... გვესაუბრება უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.

- სიმართლე ვთქვათ, სინამდვილეში­ ტრამპი და პუტინი იმაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში რაღაცაზე შეთანხმდებიან. ოპტიმიზმს არავის ვუკარგავ, მაგრამ რუსეთს ახლა არ აწყობს სამშვიდობო შეთანხმება. იმიტომ, რომ დღეს უკრაინას ფრონტის ხაზზე­ ძალიან უჭირს და ინიციატივა რუსე­თის­ ხელშია. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სუსტ მხარეს შესაძლებლობას აძლევს გადააჯგუფოს ძალები, მიიღოს დამატებითი დახმარება, გააუმჯობესოს პოზიციები, გააანალიზოს შეცდომები და ამით საქმე გაურთულოს აგრესორს. ეს შესანიშნავად იცის პუტინმა და ამიტომაც უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე. ძალიან ირონიულია განცხადება, ტრამპთან შეთანხმების­ საფუძველზე 30 დღის განმავლობაში ენერგეტიკულ ობიექტებს არ დავარტყამო, იმიტომ, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურის 80% ისედაც განადგურებულია. რა გამოდის? უკრაინას შეეზღუდება რუსეთის ენერგოობიექტების განადგურება, მაშინ როდესაც საომარი მოქმედებები ჩვეულებრივად­ გაგრძელდება. რასაც უკრაინას სთავაზობენ, კაპიტულაციაა. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ ჰაველმა სწორად თქვა, აგრესორის პირობებით "მშვიდობას" კაპიტულაცია ჰქვიაო.

- ე.ი. ომის დასრულების კონტურები ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი?

- წელს რომ არ დამთავრდება, ცხადია. სამწუხაროდ, მე ოპტიმისტური დასკვნის საფუძველს ვერ ვხედავ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა წააგებს­ ომს და რუსეთი დაიწყებს მანიპულირებას დასავლეთით. პუტინი ძალიან კარგად ხედავს, რომ კოლექტიურ დასავლეთში ერთობა­ აღარ არსებობს, ევროკავშირსა და ამერიკას შორის დიდი ბზარია. რთულია, ენდო სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების დროს 180 გრადუსით ატრიალებს თავის პოლიტიკას. ყოველთვის იქნება რისკი, რომ ტრამპი ან ტრამპზე უარესი მოვიდეს ხელისუფლებაში. რა გააკეთა ტრამპმა? კრიზისში მყოფი ევროპა მარტო დატოვა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი და პოლიტიკური დღის წესრიგის გაშლა იმ ვერბალიზაციით დაიწყო, რომ თურმე კანადა უნდა იყოს ამერიკის 51-ე შტატი, გრენლანდიაც სჭირდება, რადგან კუნძულის სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ე.ი. ნატოს ორ მოკავშირეს დაემუქრა - ერთს ტერიტორიული სუვერენიტეტის ხელყოფით, მეორეს კი ანექსიით. უკვე გასაგებია, რომ ტრამპი პუტინივით აზროვნებს - "ცივი ომისა" და გავლენის სფეროების კატეგორიებით. მისი განცხადებები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ცდილობს მსოფლიო გადაანაწილოს ძირითად აქტორებს - ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის. რას ჰქვია, პუტინთან კარგი საუბარი ჰქონდა და მერე ზელენსკისთანაც?! ყველა კარგი საუბრის შემდეგ რუსეთი აგრძელებს შეტევას და უკრაინა მიდის დათმობაზე. როგორც გაირკვა, ზელენსკის ბოლოს რუსებისგან გადარჩენილი უკრაინული ენერგოობიექტების ამერიკისთვის გადაცემის შესახებ ესაუბრა. ეს არის კარგი საუბრები?!

- რუსეთისთვის რამდენად მისაღებია უკრაინული ენერგოობიექტების თუნდაც 20%-ის ამერიკისთვის გადაცემა?

- თუ რუსეთი და ამერიკა რუსული პირობებით გაიყოფენ უკრაინას, რატომაც­ არა?! პრობლემა სწორედ ის არის, რომ უკრაინა თამაშგარე დარჩა. ზელენსკის უყენებენ პირობებს, ის არის რეაქციული აქტორი, რომელსაც არც პუტინი უსმენს და არც ტრამპი. რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ რუსეთი და ამერიკა, სად არის აქ უკრაინის ინტერესები?

- თუმცა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ იქნება კერძი რუსეთის მენიუში.

- სხვა რა უნდა თქვას? ხომ არ იტყვის, სხვა გზა აღარ მაქვს და ვთმობო?! არც ჩეხოსლოვაკიის ლიდერებს უთქვამთ, დავთმობთო, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მიუნხენის კონფერენციაზე სუდეტის ტერიტორია რომ გადასცეს ჰიტლერს. ზელენსკის მოუწევს იმ დღის წესრიგის მიღება, რაზეც მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდებიან. ჩვენ ვნახეთ ზელენსკის ვიზიტი თეთრ სახლში, მისი გაგრძელებაც და დასასრულიც. ამერიკას რაც უნდოდა,­ ყველაფერზე მოაწერინა ხელი უკრაინის პრეზიდენტს, ასე იქნება მომავალშიც. ეს იმიტომ მოხდა, რომ როგორც ტრამპმა თქვა, ზელენსკის არა აქვს კოზირები, არა აქვს უპირატესობა. სამწუხაროდ, ამ ტიპის მოლაპარაკებებში ძალის პრიმატია გადამწყვეტი, ზელენსკის არა აქვს ძალა ამერიკის გარეშე.

gkfth28wgaamhxm-1742753569.jpg

- ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ დაიწყო გამოღვიძება უკრაინის დახმარებისა და საკუთარი თავდაცვის გაძლიერებისთვის.

- სანამ ისინი ჩამოყალიბდებიან ცალკე სამხედრო ძალად, ამასობაში დრო გავა. რუსეთს ახლა აქვს ძალიან კარგი შეტევითი პოზიციები და სანამ ევროპა საქმეზე გადავა, დაიკარგება ის ძვირფასი დრო, რომელიც უკრაინას არა აქვს. ამასთან, საიდანღაც უნდა მოვიდეს თანხები, რომლითაც უკრაინის შეიარაღება დაფინანსდება. საკითხავია, რამდენად არის მზად ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომ უკრაინა უზრუნველყოს შესაბამისი იარაღით,­ რამდენად არის ამის პოლიტიკური ნება და ხომ არ გადაიყოლებს ეს ევროპის მთავრობებს. საზოგადოების ნაწილი, მაგალითად, გერმანიაში არ არის აღფრთოვანებული უკრაინის დახმარებით, რაც იწვევს მემარჯვენე ფლანგის გაძლიერებას,­ და ეს სჭირდება რუსეთსაც. ვგულისხმობ­ გერმანელი ულტრამემარჯვენეების, "ალტერ­ნატივა გერმანიისთვის" ლიდერის, ალის ვაიდელის პოზიციის გაძლიერებას.

- შეთქმულების თეორიას, რომ ტრამპი­ რუსული სპეცსამსახურების "დავერბოვკებულია", შეიძლება­ საფუძველი ჰქონდეს?

- ჩვენ გვჩვევია, ვინც არ მოგვწონს, ვიღაცის აგენტი­ ვუწოდოთ. სინამდვილეში ტრამპი საკუთარი­ თავის აგენტია. მას აქვს ამბიცია, რომ ისტორიაში­ დიდი მშვიდობისმყოფლის სახელით შევიდეს. ის რუსეთისა და ჩინეთის გარდა, არც ერთ ქვეყანას არ მიიჩნევს ანგარიშგასაწევ ძალად. შესაბამისად, თუ ვინმესთან რაიმეს გაინაწილებს, სწორედ ამ ორ აქტორთან. ევროპა­ გლობალური პოლიტიკის პერიფერიაში გადადის. ეს აუცილებლად მოხდება, თუ ლიდერები დროულად არ დაიწყებენ კონსოლიდაციას. ევროპას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ შედგეს ძალის მეოთხე ცენტრად, ამერიკის, რუსეთისა და ჩინე­თის პარალელურად,­ თუმცა ამისთვის ბევრი რამ უნდა გადააფასონ, უპირველესად უნდა მიხვდნენ, რომ მათთვის ტრადიციულ კომფორტში ვეღარ იცხოვრებენ.­ მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ერთიანობა არა აქვთ, სადაც პოლონეთი საუბრობს შეიარაღებული ძალების გაორმაგებაზე, გერმანია თავდაცვის ძალების ბიუჯეტის გახუთმაგებასა და საფრანგეთი ევროპაზე თავისი ბირთვული ქოლგის გადაფარებაზე, იქვე იტალია, უნგრეთი და სლოვაკეთი ამ ყველაფერს ემიჯნება. მათივე მსგავსია ესპანეთისა და პორტუგალიის პოზიციები. ასეთი დაქსაქსულობის გამო შესაძლოა მალე ვიხილოთ ევროკავშირის ფრაგმენტაცია პაციფისტებად და მილიტარისტებად...

- რუსეთი რა გამოწვევის წინაშე დადგება­? მათ დაკარგეს ძალიან დიდი რაოდ­ენობის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, შეექმნათ ეკონომიკური პრობლემები და დიდწილად გახდნენ ჩინეთზე დამოკიდებული.

- რუსი ლიდერები არასდროს ნერვიულობენ ცოცხალი ძალის დაკარგვაზე. რუსეთის ერთადერთი პრობლემა ჩინეთზე დამოკიდებულებაა. ამ ომის დასრულების შემთხვევაში რუსეთი, დიდი ზიანის მიუხედავად, ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს­ - მის ხელში გადავა უკრაინული ტერიტორიები და მიიღებს სამხედრო ძალას, რომელსაც სამი წელია სანგრებში სძინავს­. რუსი ჯარისკაცები სამხედრო გამოცდილებას ამერიკელებივით და ევროპელებივით პარტიზანების დევნაში კი არ იღებენ, არამედ ყველაზე ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალასთან დაპირისპირებაში. უკრაინელებმა­ ნამდვილად დაამტკიცეს, რომ არც ერთი ევროპული არმია არ არის მათსავით ბრძოლისუნარიანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსს შეუძლია იცხოვროს ნაგავში და უხაროდეს, რომ აქვს კარგი ბომბი. თუ მას კარგი არმია ეყოლება და დაკმაყოფილდება მისი იმპერიალისტური ამბიციები, არაფერზე იდარდებს. შესაბამისად, ომის დასრულების შემდეგ რუსეთი გადაიქცევა საშინელ საფრთხედ ევროპისთვის, დასავლეთისთვის. არის კიდევ ერთი პრობლემა - თქვენ სწორად შენიშნეთ, რუსეთის ჩინეთზე დამოკიდებულება იზრდება. ჩვენ უკვე გვყავს კბილებამდე შეიარაღებული ჩინეთის ერთი სატელიტი - ჩრდილოეთი კორეა. ძალიან მალე გვეყოლება მეორეც, რომელიც­, რა თქმა უნდა, მთლად ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სატელიტი არ იქნება, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთ, შედუღაბებულ ძალად ჩამოყალიბდნენ, რაც დიდი საფრთხეა დასავლეთისთვის. ასეთ შემთხვევაში ევროპულ დემოკრატიას ძალიან გაუჭირდება გადარჩენა. კიდევ უარესი სცენარი შეიძლება განვითარდეს რუსეთისა და ჩინეთის ერთიან ღერძში ინდოეთისა და ცალკეული ლათინური ქვეყნების კორპორირებით და მძიმე ბრძოლა გაიმართება ბიპოლარულ მსოფლიოში დემოკრატიულ და ავტორიტარულ სამყაროებს შორის, მით უფრო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის სიტუაციური მოკავშირის შთაბეჭდილებას­ უფრო ტოვებს, ვიდრე ევროპის. ერთადერთი, რასაც რუსეთი ამ შემთხვევაში დაკარგავს, ის არის, მოსკოვს შეეზღუდება საგარეო პოლიტიკური ავტონომიურობა ჩინეთის სასარგებლოდ. პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება იყოს მისთვის ჩინეთი. სხვათა შორის, ამას ვერც დასავლეთი აცნობიერებს, იმიტომ, რომ ძალიან დააგვიანდა ჩინეთის შეკავებაზე ფიქრი. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ ჩინური და ამერიკული­ მეგაპოლისები და სხვაობას­ თითქმის ვერ ნახავთ, თუ ნახავთ, ჩინეთის სასარგებლოდ. ჩვენ იმასაც კი მოვესწარით, რომ ჩინელები გახდნენ გერმანული ავტოქარხნების უმსხვილესი აქციონერები... პირდაპირ გეტყვით - ჩინეთის ეკონომიკური პენეტრაცია დასავლეთში­ გარდაუვალია. ჩინეთი გადაიქცევა ახალ გლობალურ ძალად, რუსეთი კი ჩამოყალიბდება აგრესიულ რეგიონულ ძალად, რომელიც საფრთხე იქნება მისი ყველა მეზობლისთვის. პირველ რიგში დასავლეთისთვის, იმიტომ, რომ სამხრეთში მოსკოვს მეტ-ნაკლებად დალაგებული აქვს სიტუაცია. პუტინს გაუჩნდება ცდუნება, შეამოწმოს რამდენად მუშაობს ნატოს მეხუთე მუხლი. ამისთვის იდეალური სამიზნეა ბალტიისპირეთი. ბევრი პოლონეთს ვარაუდობს, მაგრამ ის მაინც დიდი და რთულად დასაპყრობი ქვეყანაა.

- ფიქრობთ, რომ ეს საფრთხეები ვაშინგტონში არა აქვთ გათვლილი?

- ძალიანაც კარგად აქვთ გათვლილი, მაგრამ ტრამპს ევროპის ბედი არ აინტერესებს. თუ გახსოვთ, ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტისას თქვა, საჭიროების შემთხვევაში პოლონეთს დავიცავო, მაგრამ როდესაც ბალტიისპირეთზე დაუსვეს კითხვა, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ბალტიისპირეთის ქვეყნების შფოთვა, მათ კარგად ესმით, თუ რუსეთისთვის დღის წესრიგში დადგება ნატოს ქვეყნები, პირველად ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო აღმოჩნდება სამხედრო აგრესიის ობიექტი. სანამ ნატოს მინისტერიალი შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი სამხედრო ოპერაციას დაამთავრებს...

- რა იქნება ომის შემდგომ უკრაინაში ან საქართველოს საკითხი როგორ გადაწყდება?

- უკრაინის ტრაგედია ჯერ კიდევ არა გვაქვს გააზრებული. ომი ყველაფერს ანადგურებს... რაც შეეხება საქართველოს, გავა­კეთებთ იმას, რასაც მოსკოვიდან გვიკარნა­ხებენ, იმიტომ, რომ ევროპის უსაფრთხ­ოების პოლიტიკა ჩავარდა ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.

მესმის, რომ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გამო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპელი ლიდერების "წყალობით" უკვე 30 წელია ევროკავშირის ღია კარში ვდგავართ როგორც მათხოვრები. ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ ძალიან სწორად შენიშნა, ღია კარში დიდხანს დგომამ გაცივება იცისო. ამდენი ხანია, ეს პროცესი ვერ დაიძრა, ხან რა მიზეზი მოიგონეს, ხან რა... ბალტიისპირეთმა საქართველო გააკრიტიკა, რუსეთს სანქციები რატომ არ დაუწესეთო? რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მაინც ვერ დავუწესეთ. ისე კი 2008 წელს არავის ულაპარაკია სანქციების დაწესებაზე. გერმანიის­ ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი დღემდე "გაზპრომის" წარმომადგენელია. ევროპამ­ ორმაგი სტანდარტით საკუთარი­ თავიც დაღუპა და მის იმედზე მყოფი ქვეყნებიც. მე მაინტერესებს, ჩვენ რომ გვთხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას და ა.შ., უსაფრთხოების გარანტიას გვაძლევდნენ? თუ გახსოვთ, იყო საუბარი, თქვენი საბჭოთა დროინდელი შეიარაღება უკრაინას მიეცით და ახალს მოგცემთო. წარმოიდგინეთ, უკრაინისთვის რომ გაგვეგზავნა­ 200 ტანკი, ტე-72 და მიგვეღო 200 ლეოპარდი. ახლა ეს ომი რომ დამთავრდება და მილიონიანი არმიისა და უდიდესი საბრძოლო გამოცდილების მქონე რუსეთი ჩვენ რომ შემოგვიბრუნდება შურის საძიებლად, დასავლეთი რას გააკეთებს, დაგვიცავს? ერთი უკრაინა დაიცვა, მეორეს ჩვენ დაგვიცავს. სამი წლის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს, უნდა დახმარებოდნენ თუ არა უკრაინას და რამდენად.

ხათუნა ბახტურიძე