როგორ „ლოცულობდა“ პუტინი ტრამპისთვის ანუ ტრაგიკომედია გრძელდება
ისეთ დროში ვცხოვრობთ, აღარაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. პლანეტის ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესო გახადა ტრამპის გაპრეზიდენტებამ. ეს ყველაფერი კომიკური იქნებოდა, რომ არა დიდი ომი ევროპაში, მუხრუჭებიდან აწყვეტილი პუტინი და განაბული სხვადასხვა კალიბრის დიქტატორები, რომლებიც თავის დროს ელიან, რომ მეზობელ ქვეყნებს ტერიტორია წაგლიჯონ.
ამჯერად გაგვაოცა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა. მან ინტერვიუ მისცა კარლსონ ტაკერს, აი, იმას, პუტინთან "ეპოქალური" ინტერვიუ რომ ჩაწერა, რომლის ნახევარი დაიკავა კრემლის ბინადრის ისტორიულმა წიაღსვლებმა. ჰოდა, უიტკოფმა საინტერესო რამ გვამცნო - თურმე ტრამპს თავს რომ დაესხნენ, პუტინი ეკლესიაში წასულა და მეგობრისთვის ილოცა, შემდეგ კი რუს მხატვარს ტრამპის პორტრეტი დაახატვინა და "დიდ დონალდს" გაუგზავნა.
ამას დიდი მონდომებით ავრცელებს რუსული პროპაგანდისტული მედია იმის დასამტკიცებლად, რომ თურმე პუტინი მორწმუნე ყოფილა. კი, კრემლის ბინადარი რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიაში დაიარება და სანთელიც უკავია, თუმცა რამდენად მორწმუნეა კაცი, რომლის გამოც ასეულობით ათასი ადამიანი დაიხოცა და რამდენი მოკვდება კიდევ, არავინ იცის, რომლის გამოც მეზობელი ქვეყნები მუდმივად შიშში ცხოვრობენ და თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ამაში "მორწმუნე" ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს მთავარი წვლილი ექნება.
იყო თუ არა მორწმუნე ჰიტლერი? გებელსს თუ დავუჯერებთ, ადოლფს ქრისტიანობა ეჯავრებოდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პროპაგანდისთვის, რომ ემტკიცებინა, ადოლფი გერმანელებს ზეციურმა ძალებმა გამოუგზავნეს და ისინი ეხმარებოდნენ მას გამარჯვებების მოპოვებაში. იყო თუ არა მორწმუნე სტალინი? ამის შესახებ ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, იოსებ ბესარიონის ძე არანაირი მორწმუნე არ იყო - ის იყო პრაგმატული მატერიალისტი, როგორც ჰიტლერი, ოღონდ როდესაც დასჭირდა, რელიგია გამოიყენა ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. რუსული პროპაგანდა დღესაც ამტკიცებს, რომ სტალინი მორწმუნე იყო და გერმანელები მოსკოვს რომ მიუახლოვდნენ, დიდმა ბელადმა რჩევა მატრონა მოსკოველს ჰკითხა.
პუტინის "მორწმუნეობაც" ამ ოპერიდან არის. თუმცა ერთია, როდესაც ამის თაობაზე გაჰყვირის რუსული პროპგანდა და მეორეა, როდესაც ამაზე საუბრობს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
რა ხდება უკრაინაში ანუ აბა, სად არის მშვიდობა?!
ტრამპმა და პუტინმა ვითომდა მოილაპარაკეს რაღაც სამშვიდობო გეგმის ჩარჩოზე, თუმცა რუსებმა ორმაგად დაუნდობლად დაიწყეს უკრაინის ქალაქების დაბომბვა და ასევე, უკრაინელები ინტენსიურად ბომბავენ რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს.
თუმცა ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - შეიძლება თუ არა ტრამპის სამშვიდობო ინიციატივა საერთოდ ჩაიშალოს? ამის გასაღები ისევ კრემლში უნდა ვეძებოთ.
მანამდე გაგახსენებთ ამერიკული გამოცემა თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ-ის სტატიას, რომელშიც აღწერილია, თუ რა მოთხოვნებს უყენებს პუტინი უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს. ამ საკითხზე "კვირის პალიტრის" საიტზე გამოქვეყნდა ირაკლი ალადაშვილის ბლოგი, რომლის ეპიზოდსაც გთავაზობთ.
"თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ-ი წერს, რომ ევროპულმა სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს დოკუმენტი, შედგენილი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მეხუთე სამმართველოსთან დაკავშირებული მოსკოვის ანალიტიკური ცენტრის მიერ, რომელშიც ჩაწერილია რეკომენდაციები, რითაც სასურველია ისარგებლოს რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს უკრაინაში ომის დროებით შეჩერების თაობაზე.
რუსული სპეცსამსახურის ანალიტიკოსების მთავარი რჩევები კრემლისთვის ასეთია:
პირველი - აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის დიდი სურვილი და მონდომება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება მისი ახალი პრეზიდენტობის 100 დღის შესრულებამდე დაიდოს, შეუსრულებელი იქნება. უფრო რეალურია, უკრაინის ომი მხოლოდ 2026 წელს შეწყდეს.
მეორე - უკრაინამ საერთოდ უნდა დაივიწყოს სიტყვა "ნატოც" კი, რადგან მის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.
მესამე - გამორიცხულია ევროპული ქვეყნების სამხედროების რაიმე სახით, თუნდაც სამშვიდობო ძალების მანდატით განთავსება არათუ ფრონტის ხაზზე, არამედ საერთოდ უკრაინის ტერიტორიაზე.
მეოთხე - მიუღებელია აშშ-ისა და ევროპის მიერ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელება.
მეხუთე - უკრაინა იწყებს თავისი ერთ მილიონამდე არმიისა და შეიარაღების სასწრაფო შემცირებას.
მეექვსე - უკრაინა და დასავლეთი ოფიციალურად აღიარებენ უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად, მათ შორის ამ ოლქების იმ რაიონებსაც, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ არ დაუპყრია.
მეშვიდე - უშუალოდ უკრაინის ჩრდილოეთის რაიონებში უნდა შეიქმნას ბუფერული ზონები რუსეთის ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვრების გასწვრივ, ასევე დემილიტარიზებული ზონა უკრაინის სამხრეთში, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ესაზღვრება.
მერვე - უნდა მოხდეს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების სრული "დემონტაჟი", რადგან მხოლოდ არჩევნებისა და მასზე პრორუსული პარტიების მონაწილეობის მოთხოვნა, არასაკმარისია", - აღნიშნულია სტატიაში.
გასულ დღეებში არაერთმა დასავლურმა წყარომ დაადასტურა, რომ ზემოხსენებული გამოცემის ინფორმაცია რეალობასთან ახლოსაა. ასე რომ, ტრამპი დგას დილემის წინაშე - პუტინს ეს მოთხოვნების ნაწილი შეაცვლევინოს (თუ ამ პირობებით გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება, ეს უპირველესად აშშ-ის დიდი სირცხვილი იქნება) და ზელენსკი ამ პირობების ნაწილზე მაინც დაითანხმოს (ყველა პირობას პუტინს ვერ შეაცვლევინებს).
კიდევ ერთი საკითხია ბუნდოვანი - უსაფრთხოების გარანტიები უკრაინელებისთვის. პირველ რიგში, ამერიკული, რათა პუტინმა პაუზა არ გამოიყენოს გასაძლიერებლად და მეორე წრეზე წასასვლელად. ამერიკული პრესის ინფორმაციით, ამ კუთხითაც არაფერია ჩამოყალიბებული. უფრო ზუსტად, ვაშინგტონში ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ და რა ფორმებით მისცენ ზემოხსენებული გარანტიები უკრაინელებს. იდეაში ტრამპს ეს ასე წარმოედგინა - უსაფრთხოების მთავარი გარანტორები უნდა ყოფილიყვნენ ევროპის ქვეყნების ჯარები, რომლებიც ე.წ. დემილიტარიზებულ ზონაში ჩადგებოდნენ, ოღონდ ესენი უნდა ყოფილიყვნენ არა რაღაც სიმბოლური სამშვიდობო ჯარები, არამედ მრავალრიცხოვანი, კარგად აღჭურვილი შენაერთები, რომლებიც რუსებს ვერაგული შეტევის ხალისს დაუკარგავდნენ. თუმცა პუტინს უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების გაგონებაც არ უნდა და სიმართლე ითქვას, არც ევროპაში შეიმჩნევა უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებული ერთიანი პოზიცია. ემანუელ მაკრონმა ჯერ თქვა, რომ მზად არის ჯარების გასაგზავნად და შემდეგ გაჩუმდა... ანალოგიურად მოიქცა დიდი ბრიტანეთის პრემიერი კიმ სტრამერი...
ასე რომ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მშვიდობისკენ (კარგი იქნება ის თუ ცუდი) ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. ან შეიძლება ვიხილოთ მოკლვადიანი პაუზა, რომელსაც რუსები ამოსასუნთქად და ახალი ოპერაციების დასაგეგმად გამოიყენებენ.
ამასობაში საქართველოში...
საქართველოში სიახლე ის არის, რომ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში გაიშალა დისკუსია - უნდა მიიღონ თუ არა პარტიებმა მონაწილეობა შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. პოზიციები გაიყო - ბუნდოვან პასუხებს იძლევიან (ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს აქტივისტების ნაწილი) "ლელო" და გახარიას პარტია, აი, გვარამია-მელიას გაერთიანება და "ნაცმოძრაობა" კი ამბობენ, რომ არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და ამას მოუწოდებენ კოლეგა-ოპოზიციონერებსაც.
თუმცა ჰაერში გამოკიდებული რჩება მთავარი კითხვა - თუ პროტესტის მონაწილეებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიღწევა, რა იქნება შემდეგ? 2028 წლამდე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან.
არაერთხელ გვითქვამს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დაინიშნოს რამდენიმე შემთხვევაში - თუ პროტესტი ისეთი სიმძლავრის იქნება, რომ ხელისუფლებას სხვა გამოსავალი აღარ ექნება; თუ დასავლეთის ზეწოლა ისეთ სიმწვავეს მიაღწევს, რომ "ოცნება" წავა ახალ არჩევნებზე; ან მესამე ვარიანტი - თუ თავად მმართველმა გუნდმა ჩათვალა, რომ ახალი არჩევნები მისთვის აუცილებელია, რათა ლეგიტიმაცია მიიღოს დასავლეთიდან, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამის წინა პირობა ის უნდა იყოს, რომ "ოცნება" დარწმუნებული იყოს საკუთარ გამარჯვებაში.
ჯერჯერობით არც ერთის ნიშანი ჩანს, არც მეორესი და არც მესამესი. პროტესტი გრძელდება, თუმცა მისმა მასშტაბმა იკლო და ხელისუფლებაც მიეჩვია მასთან თანაცხოვრებას. ოპოზიციურ ფლანგზე არც ისეთი რამე არაორდინარული ხდება, რომ ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ მასზე დიდი იმედი დაამყაროს. უფრო პირიქით პროცესია. 31 მარტის აქცია დაანონსებულია, როგორც ოპოზიციური ერთობის დღე. თუმცა ამასობაში "ამბოხდა" "ნაცმოძრაობა" და სალომე ზურაბიშვილს ძველი "ცოდვები" (სააკაშვილის არშეწყალება) გაუხსენა, იქით გახარიას პარტიას დაესხა თავს - ან გამოვიდნენ, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტიდან, ან თქვან, რომ "ოცნების" პროექტი არიანო. აქეთ გვარამიაც უთვლის საპარლამენტო მანდატებს გახარიას და, თავის მხრივ, არც ყოფილი პრემიერის გუნდი რჩება ვალში, როგორც თვითონ უწოდებენ, "ნაცებსა" და "ახალ ნაცებს".
ამ ფონზე გაურკვეველია, რა უნდა მოხდეს 31 მარტს, საერთოდ, რა ერთიანობაზეა საუბარი, რა უნდა გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა (მას მომხრეებიც კი პასიურობაში ადანაშაულებენ) და რა მანქანებით უნდა გაიზარდოს პროტესტი.
დასავლეთიდან თბილისზე ზეწოლა შემოფარგლულია მხოლოდ ევროკომისრების ეპიზოდური განცხადებებით - კი, ზეწოლას ვახდენთ აბა, რას ვშვრებითო, რეალურად კი საქართველოს საკითხი მეორე-მესამე პლანზე ინაცვლებს. აგერ აშშ-ში "მეგობარი აქტის" განხილვა კიდევ ერთხელ გადადეს, ევროსაბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არ შეიტანეს და ამის გამო სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციონერებმა წერილიც მისწერეს ევროპელ ლიდერებს.
ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ, ოპოზიციის პოლიტიკური იმიჯისთვის ჯობს, ძალიან კატეგორიული არ იყვნენ შემდეგი საკითხისადმი - მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში.
გიორგი კვიტაშვილი