კრეისერ „მოსკვას“ ჩამძირავი უკრაინული „ნეპტუნი“ „დაგრძელების“ შემდეგ მოსკოვსაც მისწვდება...
უკრაინელებმა „ნეპტუნი“ „დააგრძელეს“ - „მიახარა“ პრეზიდენტმა ზელენკიმ რუსულ მხარეს და დამატებითი თავსატეხი გაუჩინა თავის რუს კოლეგას, რადგან ეს სიახლე პირველ რიგში სწორედ კრემლში დაბერებულ პუტინს შეიძლება დაემუქროს...
მკითხველს ემახსოვრება, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, 2022 წლის 13-14 აპრილის ღამეს უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის-სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა შეძლეს - მათ ამ რუსულ სამხედრო ხომალდს „ნეპტუნის“ ტიპის ორი ხომალდსწინააღმდეგო რაკეტით შეუტიეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს, ალბათ იმიტომაც, რომ რუს ადმირალებს ვერც კი წარმოედგინათ როგორ შეძლებდა უკრაინა ღია ზღვაში მცურავი კრეისერ „მოსკვამდე“ მიწვდომას.
მაგრამ მაშინ ეს უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს და მას შემდეგ არ შეუწყვეტიათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების „ნეპტუნების“ შემდგომი მოდერნიზაცია, რომ მათ შეძლებოდათ უფრო შორეული და ზუსტი საჰაერო დარტყმის მიყენება სახმელეთო სამიზნეებისთვისაც.
საქმე ის არის, რომ უკრაინული „ნეპტუნი“ ფაქტობრივად წარმოადგენდა საბჭოთა Х-35 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი ფრთოსანი რაკეტის მოდერნიზებულ ვარიანტს, რომლის ფრენის მაქსიმალური სიშორე მხოლოდ 280 კმ-ს შეადგენდა და ის გათვლილი იყო ზღვაში კონტრასტული სამიზნეების-ხომალდების დასაზიანებლად-ჩასაძირად, რასაც თავისი საბორტე რადიოლოკატორის საშუალებით საზღვაო სამიზნეზე „გასვლით“ ახერხებდა.

მაგრამ სახმელეთო სამიზნეები, მათ შორის აეროდრომები თუ იარაღის საწყობები თავისი რადიოლოკაციური კონტრასტულობით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან გაშლილ ზღვაში მცურავი ხომალდისგან და მათზე რაკეტის ზუსტი „გასვლა“ ბევრად უფრო რთულია.
გარდა ამისა, უკრაინელ გენერლებს არ აკმაყოფილებდათ „ნეპტუნის“ ფრენის მაქსიმალური სიშორე -სულ 280 კმ, რადგან აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში აპირებდნენ ზუსტი დარტყმების მიყენებას.
იყო კიდევ ერთი ძლიერი მასტიმულურებელი ფაქტორიც - უკრაინელები დაიღალნენ ამერიკელებისა თუ გერმანელების ხვეწნით „ჰაიმარსის“ ბალისტიკური რაკეტები მოგვეცით და გერმანული ფრთოსანი „ტაურუსები“ იქნებ ბოლოს და ბოლოს გაიმეტოთ ჩვენთვისო - ამიტომაც თავად დაიწყეს „ნეპტუნის“ „დაგრძელება“- მისი ფრენის სიშორის გაზრდა 280 კმ-იდან 1 000 კმ-მდე...
„გრძელი ნეპტუნი“- სწორედ ასე დაარქვეს ამ რაკეტის გაუმჯობესებულ ვარიანტს კიევში და მისი საბრძოლო ნათლობა კიდევაც შედგა, რაზეც მეტყველებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ერთმანეთის მიყოლებით აფეთქებული რუსული აეროდრომის საბრძოლო მასალების საწყობი თუ მორიგი აგიზგიზებული ნავთობბაზა, რომელსაც მეოთხე დღეა ვერ აქრობენ რუსი მეხანძრეები.

ომის მესამე წლის ბოლოსთვის უკრაინა თითქმის დაეწია რუსეთს შორსმფრენი კამიკაძე-დრონების გამოყენების რაოდენობით - რუსული „გერანების“ ყოველღამე თავდასხმებს, უკრაინელები არანაკლები რაოდენობის „ლიუტების“ საპასუხო გაგზავნით პასუხობენ რუსეთის სიღრმეში, ოღონდ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი...
კამიკაძე-დრონებს ძირითადად 50 კგ მასის საბრძოლო ქობინის წაღება თუ შეუძლიათ, რაც არასაკმარისია მოწინააღმდეგის კარგად დაცული ობიექტის გასანადგურებლად, მაშინ როდესაც ფრთოსანი რაკეტები 5-6-ჯერ უფრო ძლიერი საბრძოლო ქობინებით არიან აღჭურვილნი და თანაც რეაქტიულძრავიანი ფრთოსანი რაკეტის ფრენის სიჩქარეც 3-4 ჯერ მაინც აღემატება მოტოციკლეტის ძრავის მქონე კამიკაძე-დრონების ფრენის სიჩქარეს, რაც ბევრად ართულებს ამ ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებას საზენიტო ტყვიამფრქვევებისა და მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხების საშუალებით.
ის „ნეპტუნები“, რომლებითაც სამი წლის წინ უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსი ადმირალების სიამაყე-სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ჩაძირეს, მხოლოდ 150 კგ მასის საბრძოლო ქობინებთ იყვნენ აღჭურვილნი, მაგრამ ეს ქობინები შემღწევი მოქმედების მსხვრევად-ფუგასური ტიპის იყვნენ, რაც სრულად საკმარისი გახლდათ 5 ათას ტონამდე წყალწყვის ხომალდის დასაზიანებლად ან სულაც ჩასაძირად (მეორე მსოფლიო ომისგან განსხვავებით, თანამედროვე ფრეგატებისა თუ კრეისერების კორპუსები შეჯავშნული არ არის).

„გრძელ ნეპტუნს“ კი სავარაუდოდ, 350 კგ-იანი საბრძოლო ქობინი უყენია და ათას კმ-დე შეუძლია ფრენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე სერიოზული საფრთხე ხდება კრეისერ „მოსკვას“ მფლობელის- თავად კრემლისთვის, რადგან უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან მოსკოვის კრემლამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 457 კმ-ია...
ანუ მოდერნიზებულ უკრაინულ „გრძელ ნეპტუნს“ შეეძლება ის, რაც არ ძალუძდათ ამერიკელების მიერ კიევისთვის გადაცემულ აერობალისტიკურ ATACMS-ებს და ბრიტანულ-ფრანგულ ფრთოსან STORM SHADOW/SCALP -ებს...
ათას კმ-ზე ზუსტი საჰაერო წერტილოვანი დარტყმების მიყენება კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის არსენალში პირველად გამოჩნდა საშუალო სიშორის მოქმედების ზუსტი სარაკეტო შეიარაღება და „გრძელი ნეპტუნების“ სერიული წარმოების აწყობის შემთხვევაში (ისე,რომ უკრაინელებმა თვეში 20-30 „გრძელი ნეპტუნის“ გამოშვება მაინც რომ შესძლონ), კიევს გაუჩნდება „გრძელი სარაკეტო ხელკეტი“ მოსკოვის სერიოზულად დასაფიქრებლად-ღირს თუ არა ამ ომის გაგრძელება...