თუ არასრულწლოვანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში დააჯარიმეს...
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს შეკითხვებს.
ბინა გამიქირავა უცხოელმა მაკლერმა, დავდეთ ერთწლიანი ხელშეკრულება. ბინაში შევუშვი ორი მამაკაცი. ხელშეკრულება დადებული იყო სააგენტოსთან ერთად, თვითონ მან მოიტანა ფორმა და შეავსო. წაიღო ერთი თვის ქირა. 2 თვე იცხოვრეს ჩემს ბინაში და ფულის ასაღებად რომ მივედი, მითხრა, რომ ტოვებდა ბინას და უკვე წაღებული ჰქონდა თავისი ნივთებიც. ისე წავიდნენ, არ გადაუხდიათ კომუნალური გადასახადები, სახლში ყველაფერი გაფუჭებული დამხვდა. საშხაპე, ხელსაბანი დაზიანებულია. მოვთხოვე ზარალის ანაზღაურება, მაგრამ ტელეფონის ზარებს არც პასუხობს. დავურეკე მაკლერს და, მოვთხოვე დაეფარათ კომუნალურები და აენაზღაურებინათ ზარალი. დამპირდა, რომ ბინას გამიქირავებდა სხვა მდგმურზე, მაგრამ არც ბინა გააქირავა და ამბობს, რომ იმათაც ვერ უკავშირდება. ზარალის ანაზღაურებაზე უარს ამბობს თვითონ კომპანიაც. რა შეიძლება გავაკეთო?
- ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეთ სასამართლოს და დამქირავებლებისგან მოითხოვეთ ანაზღაურება.
მეუღლესთან ვარ განქორწინებული, სასამართლოს გარეშე იუსტიციის სახლში მოვაწერეთ ხელი განქორწინებას. ახლა მინდა დავა დავიწყო ქონების გაყოფაზე, გვაქვს თანაცხოვრების დროს შეძენილი ბინა და მანქანა. ასევე ჩემი ქმრის სახელზეა აღებული სესხი და მეუბნება, რომ სესხის გადახდა მეც დამეკისრება. მართალია, განვქორწინდით ერთი თვის წინ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე თვეა, რაც ერთად არ ვცხოვრობთ და მას სესხი მერე აქვს აღებული. რას მირჩევთ?
- განქორწინების შემდეგ სამი წლის განმავლობაში გაქვთ უფლება მოითხოვოთ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა. თუკი სესხი აღებული იყო ქორწინების პერიოდში და მოხმარდა ოჯახის ინტერესებს, მაშინ შესაძლოა დაგეკისროთ მისი გადახდა, თუ განქორწინების შემდგომაა აღებული, მაშინ პირად სესხად ჩაითვლება და არ დაგეკისრებათ მისი გადახდა.
ბანკიდან მქონდა სესხი აღებული, მაგრამ ვერ გადავიხადე, რადგან სამსახურიდან მომიწია წამოსვლამ. 7 წელი გავიდა სესხის აღებიდან და ახლა გავიგე, რომ თურმე ჩემი მშობლების სახლს ყადაღა დაადეს. გადაცემულია სხვა საკრედიტო ბიუროსთვის, საიდანაც ყოველდღე მირეკავდნენ, ახლა კი მეუბნებიან, რომ ქონებას გამიყიდიან. საუბარია სოფლის სახლზე. აქვთ თუ არა უფლება ჩემი მშობლების სახლი გაყიდონ, სადაც მე ჩაწერილი ვარ?
- შესაძლოა თქვენ შესახებ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც აღსასრულებლად მოექცა. თუ სახლის თანამესაკუთრე ბრძანდებით, მაშინ შესაძლებელია თქვენი წილი მოექცეს აღსასრულებლად და გაიყიდოს აუქციონზე, ან შესაძლებელია თავდებად გყავდათ რომელიმე მშობელი, ან მშობლების სახლით გქონდათ უზრუნველყოფილი სესხი და ამიტომ ხდება მისი რეალიზაცია. მხოლოდ მისამართზე რეგისტრაცია არ წარმოშობს საკუთრების უფლებას, მხოლოდ ჩაწერა ვერ იქნება სახლის რეალიზაციის (გაყიდვის) საფუძველი. სესხის ხელშეკრულებით, სასამართლო გადაწყვეტილებითა და ქონების ამონაწერით უნდა დადგინდეს ქონების დაყადაღების საფუძველი.
ვყიდულობ კორპუსის ბინას, შეთანხმება შედგა გამყიდველთან და საქმე ბინის გაფორმებამდე რომ მივიდა, მეპატრონე მეუბნება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში 10.000 დოლარით ნაკლები თანხა უნდა ჩაწეროს, სხვაგვარად მოუწევს მოგების გადასახადის გადახდა. რომ დავეთანხმო, ეს პრობლემას ხომ არ შემიქმნის, ან მე რომ დამჭირდეს ბინის გაყიდვა, ხომ არ იქნება რაიმე პრობლემა?
- თუ თქვენ ბინის შეძენიდან 2 წლის განმავლობაში გაყიდით იმავე ფასში ბინას, მოგების გადასახადის გადახდა არ მოგიწევთ. შეგიძლიათ ნასყიდობის ხელშეკრულება ბინის რეალური ღირებულებით დაამოწმოთ ნოტარიუსთან, ხოლო რეესტრში არსებულ ხელშეკრულებაში მიუთითოთ ნაკლები თანხა. თუ თქვენ 2 წლის განმავლობაში ბინას გაყიდით რეესტრში მითითებულ თანხაზე მეტად, მაშინ დაიბეგრებით მოგების 5%-ით, ხოლო ორი წლის შემდგომ გაყიდვის შემთხვევაში არ დაიბეგრებით. სხვა სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემა არ შეგექმნებათ.
ყოფილ ქმართან ოფიციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვარ, როცა დავშორდით, ფეხმძიმე ვიყავი და მერე გაჩნდა ჩემი შვილი, რომელიც ჩემს გვარზეა, თუმცა მამის გრაფაში მამის სახელი უწერია. წლებია არც მამას და არც მისი ოჯახის წევრებს ბავშვი არ უნახავთ. ჩემი შვილი უკვე დიდია და მთხოვს მამის გვარზე გადასვლას, თუმცა მამამისი გარდაცვლილია. შესაძლებელია ბავშვმა მამის გვარი აიღოს? ერთადერთი, ბავშვს მამის გრაფაში უწერია მამის სახელი, დაბადების მოწმობაში მამის ვინაობა არ არის. როგორ მოვიქცე?
- თქვენს შემთხვევაში დადგენილია მამობა, ვინაიდან დაბადების მოწმობაში მითითებულია მამის სახელი. ამდენად უნდა მიმართოთ სამოქალაქო რეესტრს (იუსტიციის სახლს) გვარის შეცვლის მოთხოვნით, წარადგინოთ დაბადების მოწმობა, მამის გარდაცვალების მოწმობა, თუ ბავშვი 10 წელზე მეტი ხნისაა, საჭიროა მისი თანხმობაც გვარის შეცვლაზე.
წლების წინ მეგობარს ჰქონდა პრობლემები და ჩემი ოქროულობა ჩავუდე ლომბარდში. თუმცა ხელშეკრულება გაფორმდა ჩემს სახელზე. ამდენი წელია იხდის მხოლოდ პროცენტს, გამოტანაზე მეუბნება, რომ ჯერ არა აქვს თანხა. ოქროული ჩემს სახელზეა, თუმცა ყველანაირი მიმოწერა მაქვს, რომ დავადასტურო ჩემი სიმართლე. 1000 დოლარზეა საუბარი, რა შემიძლია გავაკეთო?
- შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ თანხის, როგორც სესხის თანხის დაბრუნება, ხოლო შემდგომ მიღებული თანხით დაფარავთ ლომბარდს.
მაქვს წლების განმავლობაში მიუღებელი ალიმენტი და ეს აღსრულების ბიუროშია, თუმცა არაფერი გაუკეთებია აღმასრულებელს ფულის ამოსაღებად. ყოფილ მეუღლეს თავის სახელზე აქვს მხოლოდ მანქანა, ვითხოვ მის დაყადაღებას, მაგრამ ამ დრომდე ეს აღმასრულებელმა არ გააკეთა. ასევე ვიცი, რომ ის მუშაობს და შემოსავალს მალავს. რა შეიძლება გავაკეთო, როცა აღმასრულებელი არ მეხმარება ჩემი შვილის კუთვნილი თანხის ამოღებაში?
- იმისათვის, რომ აღმასრულებლის ქმედება შეფასდეს, უნდა ვიცოდეთ აღსრულების დეტალური ინფორმაცია, შესაძლოა მანქანა აღმასრულებელს მოძიება/დაკავებაზე ჰყავდეს გადაცემული და ჯერ ვერ დააკავეს. თუ მისი სამუშაო ადგილის შესახებ ფლობთ ზუსტ ინფორმაციას, მიმართეთ აღმასრულებელს განცხადებით, რომ ყოფილი მეუღლის სამსახურს მიმართოს წერილობით და დადგინდეს ნამდვილად იქ მუშაობს თუ არა. თუ დადგინდა, რომ ნამდვილად მუშაობს მოცემულ სამსახურში, აღმასრულებელს შეუძლია ხელფასის დაკავების მოთხოვნა.
ახლობლის ბავშვი მყავს აყვანილი და რამდენიმე წელია მე ვზრდი 2 წლის ასაკიდან. დედამისი წავიდა საზღვარგარეთ, თავიდან პერიოდულად ცოტა თანხას უგზავნიდა ბავშვს და ურეკავდა, 2 წელზე მეტია აღარ გამოჩენილა. ფეისბუკგვერდიც გააუქმა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გათხოვილა. ბავშვი უკვე სკოლის მოსწავლეა და მინდა შვილად აყვანა გავაკეთო, რადგან თვითონ ბავშვსაც აქვს ამის სურვილი. მისი მშობლები გაშორებულები იყვნენ და არც მამას მოუკითხავს არასოდეს, ბავშვი არის დედის გვარზე. როგორ მოვიქცე, არის შანსი, რომ შვილად აყვანა გაფორმდეს?
- ბავშვის შვილად აყვანა რთული პროცედურაა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს ჰყავს მშობლები. უნდა მოითხოვოთ მშობლის უფლების ჩამორთმევა, ან ბავშვი მიტოვებულად უნდა იქნეს აღიარებული, ან მშობლებმა უნდა მოგცენ თანხმობა შესაბამისი წესით.
უცხო ქვეყნის მოქალაქე შეძლებს თუ არა გაიფორმოს უძრავი ქონება, კერძოდ, სახლი სოფელში?
- უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეუძლიათ გაიფორმონ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
რამდენიმე წლის წინ თბილისში, იტალიურ ეზოში ვიგირავეთ ერთი ოთახი და ბინის მეპატრონესთან გავაფორმეთ სესხის ხელშეკრულება. სახლი ავარიული აღმოჩნდა, ჩამოინგრა ნაწილი და მობინადრეები გაიყვანეს. დღემდე მიდის ინვესტორის მოძიება, მესაკუთრეებს კი მერია უხდის ბინის ქირას. ჩვენს სესხის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ხელახლა გავაფორმეთ იმავე შინაარსის ხელშეკრულება. ახლა იმასაც გასდის ვადა, ბინის მეპატრონე ასაკოვანია და ამბობს, რომ მას შემდეგ გადაიხდის თანხას, როცა იქ რამე აშენდება და იმას გაასხვისებს. როგორ შევძლებ ამ თანხის ამოღებას?
- თუ მხოლოდ სესხის ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ და მოითხოვოთ თქვენი თანხის დაბრუნება, ხოლო ავარიულ ბინაზე მოითხოვოთ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასხვისების/იპოთეკის აკრძალვა, რათა გადაწყვეტილების აღსრულებისას მოხდეს ბინის რეალიზაცია და მიიღოთ კუთვნილი თანხა.
არასრულწლოვანი ბავშვი დააჯარიმეს ავტობუსში ბარათის დაუფიქსირებლობის გამო. მას აქვს სქულქარდი. ახლა გავიგე, რომ დაუყადაღდა ანგარიში. იყვნენ თუ არა ვალდებული, რომ მშობელთან შეტყობინება გაეგზავნათ, სანამ ჯარიმის თანხები გაიზრდებოდა? აქვს თუ არა აზრი გასაჩივრებას? ვის მივმართო?
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირი პასუხისმგებლად ითვლება 16 წლიდან. კანონი განმარტავს, რომ მგზავრი ვალდებულია ელექტროტრანსპორტით, საბაგირო გზით ან ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით (მათ შორის, თავისი კუთვნილი პერსონიფიცირებული, უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობისთვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული გადახდის საშუალებით) გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბილეთო მგზავრად მიიჩნევა. 10-დან 16 წლამდე არასრულწლოვნების შემთხვევაში კი დაჯარიმდება პირი, რომელმაც ბავშვი წაიყვანა უბილეთოდ, რაც ნიშნავს, რომ 10-დან 16 წლამდე პირების დაჯარიმება არ ხდება. თუ თქვენი შვილი არ არის 16 წელს მიღწეული, მაშინ შეგიძლიათ გაასაჩივროთ ჯარიმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში, ხოლო თუ 16 წელს მიღწეულია, მაშინ გასაჩივრებას აზრი არა აქვს.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები