განადგურებას გადარჩენილი პიონერთა ბანაკები - კვირის პალიტრა

განადგურებას გადარჩენილი პიონერთა ბანაკები

მემკვიდრეობას მხოლოდ სულელები ანადგურებენ. ყველაფერს მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი ვერ მიენიჭება, მაგრამ ღირებულებების გარეშე არც ერთი მემკვიდრეობა არ არსებობს. მაგალითად, საბჭოთა კავშირში პიონერთა ბანაკები კლიმატურად უნიკალურ და ბავშვთა ჯანმრთელობისათვის ფასდაუდებელ ზონებში შენდებოდა და დღეს სწორედ ეს არის ამ ადგილების დიდი ღირებულება. ამას დავუმატოთ ის, რომ ყველა მათგანი უსაფრთხოების თვალსაზრისით გეომორფოლოგიურად ზედმიწევნით შესწავლილია. ვერც ერთ მათგანს ვერ იხილავთ მეწყერსაშიშ და პოტენციური წყალდიდობების ზონებში. მაშინ რა შეიძლება ბავშვთა ჯანმრთელობისთვის უკეთესი გვქონდეს? მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ყოფილი პიონერთა ბანაკებიც გაიძარცვა, მათ შორის ბევრი შენობა დღესაც დგას. მათი ნახვა ერთადერთ ფაქტორზე მიუთითებს: სახელმწიფო ინსტიტუტებს არ გააჩნიათ არც ნება და არც სახსარი, რომ ეს ადგილები კვლავ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის გამოიყენონ. ეს მაშინ, როცა სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას ბავშვთა გაჯანსაღებისა და დასვენების შესაძლებლობა არ გააჩნია. რამდენად შეიძლება გადარჩენილი პიონერთა ბანაკების გამოყენება ამ მიზნით და საერთოდ, ირიცხება თუ არა მათი ნაწილი მაინც სახელმწიფო საკუთრებაში, ამის შესახებ ექსპერტ როლანდ ბერიძეს ვესაუბრეთ.

gariqulas-pionerta-banaki-1742764007.jpg

- გაგიკვირდებათ, რამ გამახსენა პიონერთა ბანაკები - ჯერ ჩემმა საბჭოთა­ ბავშვობამ, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ბავშვების ჯანმრთელობის მასობრივმა პრობლემებმა. უამრავი ბანაკია გადარჩენილი,­ მაგრამ მათი განადგურება გრძელდება. ნუთუ მათი დანიშნულებით გამოყენება არ შეიძლება?

- თუ გავითვალისწინებთ თუნდაც არდადეგებზე უსახსრობის გამო რამდენი ბავშვი რჩება ქუჩებსა თუ ინტერნეტს მიჯაჭვული, შინ გამოკეტილი, ამ კითხვაში საკვირველი არაფერია. მთელი შეგნებული კაცობრიობა ბავშვებზე ზრუნავს. ამ საუბარში ისიც კი გამახსენდა, როგორ სასწრაფოდ გახსნეს რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა ბავშვთა ბანაკები პანდემიის დასრულებისთანავე, უპირველესად სწორედ ბავშვების ჯანმრთელობასა და სტრესიდან გამოყვანაზე იზრუნეს. წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირში ეს ესმოდათ და უამრავი ბავშვთა ბანაკი იყო უნიკალურ საკურორტო ადგილებში. თითქმის ყველა მათგანი იმდენად მყარად ნაშენია, რომ საგანგებო ნგრევის მიუხედავად, ბევრს ძვრა ვერ უყვეს. ბევრი შენობა დღესაც გვაქვს შემორჩენილი. ავარიულობაზე შემოწმების შემდეგ, ზოგიერთის გამოყენება დღესაც შეიძლება. ამავე ადგილებში შეიძლება ახალი გამაჯანსაღებელი ნაგებობების აგებაც. თუმცა ეს უტოპიად მეჩვენება. უბრალოდ, არ მჯერა, რომ ამისთვის სახელმწიფო სახსრებს გამოყოფენ.

ბევრი ბანაკიდან მხოლოდ ნანგრევებია­ დარჩენილი, მოსახლეობა საგანგებოდ ანგრევდა და სამშენებლო მასალა შინ მიჰქონდა. გული გეტკინება, როცა ნახავ, რომ ბავშვთა დასასვენებელ ზონებში მხოლოდ ქვებია დარჩენილი.

cxavarichamias-banaki-1742764007.jpg

- ზოგი რამ ისე ინგრეოდა, რომ მძარცველებმა არც იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ, მაგრამ მაინც ანგრევდნენ.

- კი, ასეც იყო. მერე დაზიანებული შენობები ბუნებრივმა მოვლენებმაც დაანგრია, თუმცა იქ რომ ოდესღაც სიცოცხლე დუღდა და ბავშვები ჟრიამულობდნენ, კვალი ახლაც არის შემორჩენილი. მაგალითად, საჩხერის სოფელ ლიჩის ან ბაღდადის სოფელ ალისმერეთის პიონერთა ბანაკებიდან აღარაფერია დარჩენილი გარშემო უნიკალური ბუნების გარდა. თვალწარმტაცი სილამაზეა ირგვლივ და გულს გიკლავს, რომ ამ სიმდიდრისა და სილამაზის მოხმარების უნარი არ გაგვაჩნია.

- ალბათ, ბევრი გაყიდულიც იქნება, მათ შორის, უცხოელებზეც ან რომელიმე ცნობილი პირისთვის სიმბოლურ ფასადაა გადაცემული.

- დიახ, ზოგიერთი უკვე გაყიდულია, მაგრამ მეპატრონემ ჯერ ვერ მოიცალა და შენობები ისევ დგას. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ამ ადგილებს თუნდაც კლიმატური ზონების უნიკალურობის გამო სტრატეგიულ ობიექტებად ჩავთვლიდი და არ გავასხვისებდი. სავარაუდოდ, ახალი მეპატრონეები ამ ადგილებს ბავშვებისთვის აღარ გამოიყენებენ, ბიზნესს თავისი ინტერესები აქვს.

სხვათა შორის, ზოგიერთი შენობა თუ მისი ბარელიეფი ხელოვნების ნიმუშია. მაგალითად, ცხვარიჭამიას პიონერთა ბანაკის მოზაიკები ან საგარეჯოში სოფელ წყაროსთავში შენობის უნიკალური ბარელიეფი. როგორც ამბობენ, სოფელ წყაროსთავის ბანაკს ვასილ მჟავანაძე აშენებდა, პირადად ჰყავდა კონტროლზე და იმიტომაც შეიქმნა უნიკალური კომპლექსი.

poladauris-banaki-1742764007.jpg

- ნუთუ სახელმწიფოს ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ ბავშვთა დასასვენებელი ადგილების აღდგენაზე ეზრუნა? თავისთავად ერთი სიმდიდრე ისიც არის, რომ ეს ადგილები კლიმატის და უსაფრთხოების მხრივ საგანგებოდ არის გაკონტროლებული და შესწავლილი თავის დროზე.

- 2022 წელს ჩვენმა მთავრობამ დააარსა კურორტების განვითარების სააგენტო და ამისთვის საკმაო თანხაც დაიხარჯა, როგორც მახსოვს, 2 მილიონ ლარზე მეტი. შესასწავლ კურორტებში ყოფილი პიონერთა ბანაკებიც იყო, თუმცა, არც ერთი ძველი ბანაკის აღდგენა არ დაწყებულა.

- სამაგიეროდ, ახალი ბანაკები შეიქმნა, სადაც კერძო პირები ბავშვებს სოციალური ქსელით იწვევენ და ერთი კვირით მიჰყავთ დასასვენებლად.

- კი, ასეც არის, რასაც ნამდვილად მივესალმებოდი, მკაცრი კონტროლიც რომ იყოს დაწესებული. სახელმწიფომ ბავშვთა დასვენების სისტემა უნდა დააბრუნოს და მომავალზე იზრუნოს. სულ იმის მოშველიება, რომ ღარიბი სახელმწიფო ვართ და მხოლოდ ახლა ვიდგამთ ფეხს, არაადეკვატურია. თუმცა ყველაფერი ეს საზოგადოებამაც უნდა მოითხოვოს, მისი აქტიურობის გარეშე არაფერი გამოვა.