"ავტორად მითითებული იყო ლადო გუდიაშვილი. ნამუშევარი რუსული ფერწერის კატეგორიაში იდო, ჟანრი: რუსული ორიენტალიზმი. პერიოდი მე-19 საუკუნე. რა თქმა უნდა, თუ გუდიაშვილზეა საუბარი, ესეც მორიგი შეცდომაა", - ამბობს ახალგაზრდა მკვლევარი­ ლაშა გასვიანი... - ჩვენი სამშობლოს საზღვრებს მიღმა გაფანტულია მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურისა და ხელოვნების არაერთი­ ცნობილი ან უცნობი ნიმუში. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი ჩვენივე დაუდევრობის გამო აღმოჩნდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ზოგიც კი სხვადასხვა მაქინაციით გაიტანეს. ამის მაგალითია ისეთი იშვიათი­ შედევრი, როგორიც ფიროსმანის "შავი ლომია", რომელიც დღეს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაშია და მისი დაბრუნების შანსი ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს. - თქვენ აღმოაჩინეთ ბევრი რამ, რაც საზოგადოებისთვის უცნობი იყო... - ყოველთვის მაინტერესებდა უცხო­ელი­ ავტორები, რომლებიც საქართველოს შესახებ ქმნიდნენ ნაწარმოებებს. ჩემი პირველი სამეცნიერო კვლევა ეხება მე-19 საუკუნის გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორის, ჟაკ ოფენბახის ოპერა-ბუფს, სახელწოდებით "ქართველი ქალები", რომლის პრემიერა 1864 წლის 16 მარტს პარიზში,­ ელისეს მინდვრებზე მდებარე თეატრში გაიმართა და მას არც მეტი, არც ნაკლები,­ ალექსანდრე დიუმაც ესწრებოდა... როგორც მოგეხსენებათ, 1858-59 წლებში დიუმამ კავკასიაში იმოგზაურა და ექვს კვირაზე მეტი თბილისში ცხოვრობდა.­ დიუმას თან ახლდა ფრანგი ფერმწერი ჟან-პიერ მუანე, რომელმაც ნანახი ადგილები ტილოზე­ აღბეჭდა­ და ამ ამბის ვიზუალური­ ინფორ­მაცია დაგვიტოვა. დიუმა მეგობრობდა ოპერის ლიბრეტოს ავტორთან, ცნობილ ფრანგ სატირიკოს მწერალთან, ჟიულ მუანოსთან, რომელსაც ნაწარმოების ლიბრეტოს შექმნაში დაეხმარა. ნაწარმოებს არნახული წარმატება ხვდა წილად, მან უდიდესი წარმატებით მოიარა ევროპის თითქმის ყველა მეგაპოლისი, 1871 წლიდან­ კი ამერიკაც დაიპყრო და ნიუ-იორკის­ "გრანდ ოპერა­ ჰაუსში" მისი ასზე მეტი წარმოდგენა გაიმართა.­ სპექტაკლის გრანდიოზულობასა და ეგზოტიკურობაზე­ ისიც მეტყველებს, რომ თეატრმა ნიუ-იორკის "ცენტრალ პარკისგან" სპილოც კი იქირავა­ წარმოდგენისთვის. ეს კვლევა­ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედები­თი კავშირის ჟურნალ "მუსიკაში" გამოქვეყნდა 2020 წელს და რამდენიმე სატელევიზიო ეთერიც დაეთმო... შემდეგ იყო 1962 წლის ჩიკაგოს რადიოს არქივში მიკვლეული ინტერვიუ, რომელიც კომპოზიტორ ალექსანდრ ჩერეპნინს ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა­ და ჯაზის მკვლევარმა სტადს ტერკელმა­ ჩამოართვა. ალექსანდრის მამა, ნიკოლაი, 1917-1920 წლებში თბილისის კონსერვატო­რიის ერთ-ერთი პირველი რექტორი გახლდათ და ზაქარია ფალიაშვილის ოპერების პირველ დირიჟორად ითვლება. ჩერეპნინი მოიხიბლა ჩვენი ხალხური პოლიფონიით და განსაკუთრებით ლიტურგიკული მუსიკით, კერძოდ, საგალობლებით, რასაც სამეცნიერო დონეზე იკვლევდა და შემდეგ თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებდა ქართული ხალხური მელოდიის ჯადოსნურ­ მოტივებს. ეს ინტერვიუ ინგლისურიდან ვთარგმნე, რათა მას ჩვენი­ საზოგადოებაც გასცნობოდა. ეს სტატიაც ზემოთ ნახსენებ ჟურნალში დაიბეჭდა. ჩემი მესამე სამეცნიერო ნაშრომიც ამ თემის გაგრძელება იყო. ვგულისხმობ ბალეტ "შოთა რუსთაველს", რომელიც­ პარი­ზის "გრანდ ოპერის" საბალეტო დასის­ დირექტორმა, მე-20 საუკუნის უდიდესმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, უკრაინული წარმოშობის სერჟ ლიფარმა 1946 წელს დადგა მონტე-კარლოში. ამ ნაწარმოებმა­ მრავლისმხილველი ევროპელი მაყურებელიც კი დაამუნჯა... ამჟამად ვმუშაობ კიდევ ერთ ნაწარმო­ებზე, რომელიც 1812 წელს პარიზში­ დაიდგა, საქართველოს ეხება­ და მასზე საზოგადოებამ არაფერი იცის. ასევე მივაკვლიე ჰოლანდიელი მწერლის ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელიც­ ქართველ ქალს ეძღვნება, თუმცა ჯერ თავს შევიკავებ დეტალების გასაჯაროებისგან.… - სად აღმოაჩინეთ ლადო გუდიაშვილის "უშგული"? - 2011 წელს ინტერნეტსივრცეში შემთხვევით გადავაწყდი ამ ნახატს, ერთ-ერთ ონლაინაუქციონზე (www.sphinxfineart.com) გასაყიდად იყო გამოტანილი. სახელწოდებად "იშგული" ეწერა, რა თქმა უნდა, მცდარად (იგულისხმება ზემო სვანეთის სოფ. უშგული). ავტორად მითითებული იყო ლადო გუდიაშვილი. ნამუშევარი რუსული ფერწერის კატეგორიაში იდო, ჟანრი: რუსული ორიენტალიზმი. პერიოდი მე-19 საუკუნე. რა თქმა უნდა, თუ გუდიაშვილზეა საუბარი,­ ეს მორიგი შეცდომაა. მცდარი სახელწოდების თაობაზე, ასევე სხვა საკითხებზეც აუქციონის ვებგვერდს ვრცელი წერილი მივწერე. ის იყო და ის, ნახატი ვებგვერდიდან გაქრა... კიდევ კარგი, გასასხვისებლად გამოტანილ ნამუშევარს ფოტო გადავუღე, რომელიც ერთადერთ მტკიცებულებად შემომრჩა... - ჰგავს ლადო გუდიაშვილის ნამუშევარს? - ჩანს გუდიაშვილის ფერთა გამისთვის მიმსგავსების ცდა, თუმცა მხატვრის უაღრესად დინამიკურ მონასმებს ნახატი დიდად არ შეესაბამება. ამასთანავე, ნამუშევრის დეტალებზე ნაივისტური სტილიც შეგვიძლია დავინახოთ, რაც დიდი ქართველი მხატვრისთვის არ იყო დამახასიათებელი, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია გუდიაშვილის ნაცნობობა გამოჩენილ ფრანგ ნაივისტ ფერმწერ ანრი რუსოსთან. - ანუ ფიქრობთ, რომ მისი არ არის? - ეს მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუ­დოთ, ხოლო თუ სპეციალისტებს უფრო ღრმა კვლევის საშუალება მიეცემათ, გამორიცხული­ არ არის, ნახატი ლადო გუდიაშვილის არ აღმოჩნდეს, ან პირიქით... ნახატზე გამოსახულია სვანეთის პეიზაჟი­, თუმცა, ვინც ნამყოფია ზემო სვანეთის სოფელ უშგულში, მიხვდება, რომ ეს უშგული არ არის. ტილოზე პერსპექტივაში გამოსახულია მხოლოდ ერთი მწვერვალი, მაშინ როდესაც საქართველოს კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი შხარა ქედის ტიპის გადაბმული მთის მასივს წარმოადგენს.­ ამასთანავე, უშგულში სათავეს იღებს ცნობილი მდინარე ენგური, რომელიც ისეთი ფართო კალაპოტის მქონე არ არის ზედა ნაწილში, როგორც ნახატზეა ასახული. ყურადღებას იპყრობს ორი სვანური კოშკი სვანური საცხოვრებელი ნაგებობით, რომელსაც მაჩვიბი ჰქვია და სტილისტიკით სვანურია. ნამუშევრის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში, ორი პირუტყვიც არის გამოსახული, რითაც ავტორი ცდილობს სოფლის ბიოსოციალურ გარემოს გაუსვას ხაზი. ერთი რამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ - ნახატის ავტორს უშგული თვალითაც არ ჰქონდა ნანახი და როგორც ჩანს, საკუთარი ფანტაზიის შესაბამისად დახატა.