დროებით შეჩერდება თუ შეწყდება რუსეთ-უკრაინის სამ წელზე მეტხანს მიმდინარე ეს საშინელი ომი? ეს კითხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო უკრაინელებისთვის, რომლებიც ყოველ ღამე საჰაერო განგაშით იღვიძებენ და მორიგი რუსული კამიკაძე-დრონების თავდასხმებს ელოდებიან, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც, რადგან თუ როგორ დამთავრდება რუსეთის წამოწყებული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, განსაზღვრავს როგორც ევროპის, ისე მთელი მსოფლიოს უახლოეს მომავალს. თუკი დავუჯერებთ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც ითავა რუსეთისა და უკრაინის "დაზავება", საქმე ძალიან კარგად მიდის და ოფიციალური ვაშინგტონის მოლაპარაკება როგორც რუსებთან, ისე უკრაინელებთან მალე ნაყოფს გამოიღებს და ომი შეწყდება. ღმერთმა ქნას, ტრამპის იმედი გამართლდეს (თუმცა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მთელ თავის ბიზნესურ თუ პოლიტიკურ კარიერაში არაერთ უნებლიე თუ გამიზნულ სიცრუეშია გამოჭერილი), მაგრამ რამდენად სანდო იქნება კრემლის ხელმოწერილი დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტაზე? ისე ხომ არ მოხდება, რომ დასვენებული, გადაჯგუფებული, გადაიარაღებული პუტინის არმია ერთ არცთუ მშვენიერ დღეს ისევ მუხანათურად დაესხმება თავს უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიას და მთელი უკრაინის გადაყლაპვას შეეცდება? ასეთი ეჭვის საფუძველი კი ძალიან დიდია, თუნდაც იმ მწარე ისტორიიდან გამომდინარე, რაც კრემლმა საქართველოს გაუკეთა აფხაზეთის ომში ორჯერ სწორედ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დადებიდან მალევე: სტალინი კრემლში აკვირდება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მაცუოკას მიერ საბჭოთა-კავშირ-იაპონიას შორის ნეიტრალიტეტის პაქტზე ხელმოწერის პროცესს და ულვაშებში ეღიმება - იაპონია არ დაესხმება თავს საბჭოთა კავშირს ჰიტლერის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავადაც კი, სამაგიეროდ, ოთხი წლის შემდეგ მოსკოვი ტოკიოს ომს გამოუცხადებს... პირველი - 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ კვირაში, 3 სექტემბერს, მოსკოვში კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა "ხელი ჩამოართმევინა" საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძესა და აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ვლადისლავ არძინბას და ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ერთ თვეში, 1992 წლის 1-ელ ოქტომბერს, აფხაზებმა ვერაგულად დაარღვიეს მოსკოვის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეუტიეს გაგრა-განთიადის მონაკვეთს, რაც კრემლმა არათუ არ აღკვეთა, არამედ რუსი სამხედროები როგორც ცოცხალი ძალით, ისე საბრძოლო ტექნიკით იქით დაეხმარნენ სეპარატისტებს ამ ქართული დასახლებების დაპყრობა-აოხრებაში. მეორე - 1993 წლის 27 ივლისს სოჭში რუსეთის ინიციატივით ხელი მოეწერა რუსულ-ქართულ-აფხაზურ სამმხრივ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქართულმა მხარემ აფხაზეთიდან ფოთში გაიტანა მძიმე საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო დანადგარები (თანაც ათ-ათი ათასი დოლარი გადაუხადა რუს ადმირალებს დიდი სადესანტო ხომალდების სამ რეისში), ხოლო აფხაზებს სამხედრო ტექნიკა გუდაუთაში უნდა გაეტანათ, რაც არ შესრულდა - ის გუმისთის ფრონტის სიახლოვეს, ზემო ეშერაში გადამალეს. 1992 წლის 3 სექტემბერს კრემლში ელცინმა შევარდნაძესა და არძინბას "ხელი ჩამოართმევინა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებისას, ერთ თვეში კი აფხაზი სეპარატისტები, ჩრდილოეთკავკასიელ დაქირავებულებთან და რუს სამხედროებთან ერთად გაგრაში ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს ახორციელებდნენ... ამ სამმხრივი შეთანხმებიდან თვე-ნახევარში, 1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა კვლავ ვერაგულად დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეუტიეს სოხუმს მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროდან და სოფელ შრომის მხრიდან, ამასთანავე, დაბლოკეს ოჩამჩირე-სოხუმის საავტომობილო გზა მდინარე კოდორის ხიდთან, რითაც სოხუმი ალყაში მოექცა. იმის ნაცვლად, სოჭის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე კრემლს სასწრაფოდ შეეჩერებინა აფხაზური მხრიდან ცეცხლის ცალმხრივად დარღვევის ნათელი ფაქტი, რუსი გენერლები იქით გზავნიდნენ საბრძოლო დანაყოფებს, სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებს სეპარატისტების დასახმარებლად, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ჯერ სოხუმის დაცემა და შემდეგ აფხაზეთის დროებით დატოვებაც. საქართველოსთვის ძალიან მწარე ეს ორი ისტორიული ფაქტიც კმარა იმისთვის, რომ უკრაინელები დარწმუნდნენ, თუ რამდენად ღირს კრემლის ნდობა, თუმცა თავად უკრაინელებს კიდევ უფრო მძიმე მოსაგონარი აქვთ, თუ როგორ "გადააგდო" მათი ქვეყანა კრემლმა. 1994 წლის 5 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უკრაინამ, რუსეთის ფედერაციამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბირთვული შეიარაღების არგავრცელების ხელშეკრულებასთან უკრაინის მიერთებისა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების თაობაზე. მემორანდუმის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილ მთელ ბირთვული შეიარაღებას (1 900 სტრატეგიული და 2 500 ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინი და მუხტი), ასევე მათი გადამტანი საშუალებების (სტრატეგიული და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები) ნაწილს კიევი გადასცემდა მოსკოვს, რის სანაცვლოდაც კრემლი გამოდიოდა გარანტად, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არავინ და არაფერი დაემუქრებოდა. თუ რა მოხდა ჯერ 2014 წელს ყირიმის ანექსიითა და დონბასის "სეპარატისტული აფეთქებით", ხოლო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებით, მთელმა მსოფლიომ იხილა. უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის "გარანტი" რუსეთის ფედერაცია თავად დაესხა მას და მისი ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციას დღესაც აგრძელებს! არ შეიძლება არ ითქვას ბუდაპეშტის მემორანდუმის კიდევ ორ გარანტ სახელმწიფოზე - დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე, რომლებსაც თავიანთი წილი დანაშაული მიუძღვით იმაში, რომ შეჰპირდნენ უკრაინას, რომ ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ მისი ტერიტორიის მთლიანობაზე პასუხისმგებელი იქნებოდნენ, მაგრამ თავიდანვე ბევრი არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კრემლს მემორანდუმის უხეში დარღვევით არ დაეწყო ჯერ ყირიმის, შემდეგ კი დონბასისა და კიდევ სხვა ოლქების ოკუპაცია. უკრაინას ხელი რომ არ მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმისთვის და შეენარჩუნებინა ბირთვული იარაღი (რომლის მარაგით მაშინ უკრაინა მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახლდათ აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის შემდეგ), პუტინი ვერც 2014 და ვერც 2022 წელს გაბედავდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. კრემლისგან "გადაგდების" მწარე გამოცდილებით, საქართველოსა და უკრაინის გარდა, კიდევ ერთმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამაც შეიძლება "დაიტრაბახოს". სომხეთი, ჩვენი მეზობელი ეს სამხრეთკავკასიური ქვეყანა, რუსეთმა ერთი საუკუნის ინტერვალით ორჯერ ძალიან დაუნდობლად გამოიყენა, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუსეთის არმია ოსმალეთს ებრძოდა, ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მცხოვრებმა სომხებმა მასობრივად დაუჭირეს მხარი მეფის რუსეთს და მის არმიას ყველანაირ დახმარებას უწევდნენ, მათ შორის პარტიზანული მოქმედებებითაც, რაც, რა თქმა უნდა, არ დავიწყებია მოწინააღმდეგეს, როდესაც რუსეთის არმიამ უკან დახევა დაიწყო სამხრეთის ფრონტიდან, თურქებმა სომხებს სამაგიერო გადაუხადეს, თანაც ძალიან დაუნდობლად. საუკუნის შემდეგ რუსეთმა სომხები მეორედაც მიატოვა - ჯერ 1992-94 წლებში კრემლმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყარაბაღის პირველ ომში სწორედ სომხეთს გაემარჯვა, ხოლო 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში კი კრემლმა ყური წაუყრუა და სამხედრო დახმარება არ გაუწია სომხეთს, როდესაც აზერბაიჯანმა დაიწყო თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უფრო მეტიც, 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებდნენ სომხები, რუსეთმა თავისი "სამშვიდობო ძალები" განათავსა, რითაც ყარაბაღელ სომხებს მიეცათ იმედი, რომ რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" დაცვით კიდევ დარჩებოდნენ ამ მიწებზე, მაგრამ 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა სულ რაღაც 23 საათში მოახერხა "ყარაბაღის სომხური არმიის" სრული დამარცხება, ისე, რომ რუსეთის "სამშვიდობო ძალებს" ხელიც არ გაუნძრევიათ, რასაც მოჰყვა ყარაბაღიდან თითქმის ყველა სომეხი მოსახლის გასვლა სომხეთის რესპუბლიკაში. როგორც ხედავთ, კრემლი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც რუსეთს სჭირდება და სულაც არ დაგიდევთ იმის შესრულებას, რასაც თავადვე მოაწერა ხელი. ასე რომ, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი თუკი მართლაც მიაღწევს რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებას, ძალიან კარგი იქნება (თუმცა გააჩნია, რა პირობებით), მაგრამ მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კრემლის ჩვევა - შეთანხმებების მონაწილეების "გადაგდებაში" დიდი გამოცდილება... P. S. ისე, საქმე საქმეზე თუ მიდგა, კრემლისგან ყველაზე მეტად "გადაგდებული"... იაპონია გამოდის... 1941 წლის 13 აპრილს მოსკოვის სარკინიგზო სადგურის ბაქანზე ხდებოდა ისეთი რამ, რაც მსოფლიო დიპლომატიის ისტორიას არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ახსოვს - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაცუოკას აცილებდა თვით... სტალინი, საბჭოთა კავშირის ლიდერი, თანაც გადაეხვია იაპონელს და უთხრა, თქვენც აზიელი ხართ და მეც, თუ ერთად ვიქნებით, აზიის ყველა პრობლემა გადაწყდებაო. მაცუოკამ უპასუხა, დიახ, ერთად მთელი მსოფლიოს პრობლემებს მოვაგვარებთო. სტალინის ასეთ არაორდინარულ ქცევას, რასაც ჯერ კრემლში მდიდრული ბანკეტი უძღოდა, რომელზეც სტალინი თავად უვსებდა ღვინით ფუჟერებს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიპლომატიური რანგით ბევრად დაბალ უცხოელ ჩინოვნიკს, გამოწვეული იყო იმით, რომ იმ დღეს კრემლში ხელი მოეწერა პაქტს ნეიტრალიტეტის შესახებ საბჭოთა კავშირსა და იაპონიის იმპერიას შორის, რომელიც ითვალისწინებდა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ეს პაქტი ხუთი წლის ვადით დაიდო და მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ჯერ კიდევ არ დასხმოდა თავს საბჭოთა კავშირს, სტალინი ხვდებოდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა იმას, რომ ჰიტლერის გერმანიის მოკავშირე იაპონია მას მხარს არ აუბამდა და საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთიდან არ შეუტევდა, რისთვისაც სტალინმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის არც ღვინით პირადად გამასპინძლება ითაკილა და არც მისი გაცილება დაიზარა, რაც დადებითად შეაფასეს ტოკიოში, მათ შორის იაპონიის იმპერატორმაც. სტალინის ამ არაორდინარულმა "დიპლომატიურმა სვლამ" საბოლოოდ გაამართლა - იაპონია გერმანიის პარალელურად არ დაესხა თავს საბჭოთა კავშირს და კრემლმაც შეძლო მოსკოვის დასაცავად "ციმბირული დივიზიების" გადასროლა აღმოსავლეთ საზღვრებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტალინის წითელ არმიას ორ ფრონტზე - დასავლეთსა და აღმოსავლეთში უნდა ებრძოლა, რაც ომის მოგებით ნამდვილად არ დასრულდებოდა მოსკოვისთვის. კრემლმა კი ოთხი წლის შემდეგ ამისთვის "მადლობა" იაპონიას ასე გადაუხადა - 1945 წლის 9 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა იაპონიის იმპერიას და დაიწყო სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია მანჯურიაში, რითაც დაარღვია ტოკიოსთან დადებული პაქტი ნეიტრალიტეტის შესახებ.