„რუსებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაგრაში“- მოსკოვმა აფხაზეთი კვლავ „უსაფრთხო ტურისტულ ქვეყნად“ გამოაცხადა - კვირის პალიტრა

„რუსებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაგრაში“- მოსკოვმა აფხაზეთი კვლავ „უსაფრთხო ტურისტულ ქვეყნად“ გამოაცხადა

ოკუპირებულ აფხაზეთში ზამთრის ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ რუსებმა დასასვენებლად ჩასვლა ისევ განაახლეს და აფხაზების აგრესიული თავდასხმის პირველი მსხვერპლიც არის - 13 მარტს გაგრაში, სანაპიროს ახლოს, თავს დაესხნენ პეტერბურგელ ცოლ-ქმარს და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს მამაკაცი. თავდასხმას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, თუმცა არც ერთმა არ ისურვა ტურისტის საშველად თუნდაც სასწრაფო დახმარებისთვის დაერეკა. დაჭრილი ჯერ გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ სოჭში. თავდაპირველად ითქვა, ალბათ რომელიმე აფხაზს პეტერბურგელის ცოლი მოეწონა და კონფლიქტიც ამიტომ მოხდაო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მიზეზი ქმრის ჩაცმულობა ყოფილა - მამაკაცს წელზემოთ არაფერი ეცვა. ამ ბანდიტური თავდასხმის მონაწილე გაგრის დე ფაქტო გამგებელი იური ხაშუგიც ყოფილა, რომელიც სხვა დროსაც იყო მხილებული კრიმინალურ გარჩევებში.

ამ ინციდენტში საყურადღებო ისაა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრო ამ ფაქტს ორი დღე კატეგორიულად უარყოფდა და ოპოზიციური არხების ინფორმაციას სიცრუეს უწოდებდა.

რუსეთის მოქალაქეზე ბანდიტურ თავდასხმას მოსკოვი არ გამოხმაურებია. უფრო მეტიც, სწორედ ამ ინციდენტს დაემთხვა და 14 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა საკუთარი მოქალაქეებისათვის შარშან შემოდგომაზე გაცემული რეკომენდაცია აფხაზეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ. მოსკოვმა აფხაზეთი კვლავ "უსაფრთხო ტურისტულ ქვეყნად" გამოაცხადა.

ოპოზიციური მედია ორმაგ სტანდარტსა და დაკანონებულ უსამართლობაზე წერს, რომ გაგრის "გამგებელი" იური ხაგუში "არჩევნების" დროსაც ამხილეს სომეხი მოსახლეობის დაშინებაში, მაგრამ მაშინ ამით არავინ დაინტერესებულა, ახლა კი ადამიანის დაჭრაში მონაწილეობდა და ამ დანაშაულების მიუხედავად, კვლავ თანამდებობაზეა. მედია ასევე აქტიურად სვამს კითხვას, რატომ დუმს რუსეთის საგამოძიებო სამსახური "რუსეთის მოქალაქეზე" თავდასხმის გამო, მაშინ როდესაც "წინასაარჩევნოდ" რამდენიმე სომეხის დაშინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ იმ მიზეზით, რომ აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. გარდა ამისა, რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა "არჩევნების დღეს" სოფელ წანდრიფშის ერთ-ერთ უბანზე ყუთის გატაცების გამოც დაიწყო გამოძიება, თანაც ტერორიზმის მუხლით. ისევ იმავე მიზეზით, რომ აფხაზეთში მცხოვრებთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვი მათ უსაფრთხოებას იცავდა.

რუს ტურისტებზე თავდასხმის ამბავი თავდაპირველად ოპოზიციურმა ტელეგრამარხმა "აიშარიამ" გაავრცელა და ფაქტის დასადასტურებლად დე ფაქტო ჯანდაცვისა და დე ფაქტო შს სამინისტროებს მიმართა. "სამინისტროებმა" ფაქტი უარყვეს, პარალელურად კი დე ფაქტო სამთავრობო ტელეგრამარხებმა ოპოზიციური წყაროების წინააღმდეგ ბრალდებების ომი გამოაცხადეს. დაიწერა, რომ "აიშარიას" ჟურნალისტი მიზნად ისახავდა "გამგეობის უფროსის შევიწროებას" და ტურისტული სეზონისთვის ზიანის მიყენებას. ანონიმური ხალხი ჟურნალისტს უცხოეთის აგენტს და ფეიქების პროვოკატორს უწოდებდა და სინანულს გამოხატავდა, რომ აფხაზეთში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონი არ არსებობს და მას "ანტისახელმწიფოებრივი" ცრუ ინფორმაციისთვის არავინ დასჯიდა.

ბრალდებების საპასუხოდ "აიშარიას" ჟურნალისტი სოჭის იმ სამედიცინო დაწესებულებაში მივიდა, სადაც დაზარალებული მკურნალობს, და დაწერა, რომ რუსეთის მოქალაქეს, პეტერბურგელ 43 წლის კონსტანტინ ბელოზეროვს, ოპერაცია გაუკეთეს, ის რეანიმაციაში იწვა, ბევრი სისხლი დაკარგა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. შემდეგ ამ ინციდენტზე ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა რუსულმა ინტერნეტგვერდმაც - 78. რუ-მ, სადაც დაზარალებულის ცოლი ინციდენტის დეტალებს ჰყვება. მალე საიტზე ეს ინფორმაცია წაიშალა, თუმცა აფხაზურმა ოპოზიციურმა არხებმა სტატია დააკოპირეს. დაჭრილის მეუღლის თქმით, საერთო მეგობართან ერთად გაგრაში ისვენებდნენ, 13 მარტს ზღვაზე წავიდნენ, მის ქმარს მაისური არ ეცვა, რაც აფხაზებს არ მოეწონათ და გამვლელებმა ყვირილი დაუწყეს, რომ ჩაეცვა. მალე სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ იარაღი ამოიღო და ყვირილით, ახლა აქვე მოგკლავო, სროლა დაიწყო. რამდენიმე ტყვია ბელოზოროვს ფეხში მოხვდა და ამის შემდეგ წაქცეულს წიხლებით ცემა დაუწყეს. დაჭრილი გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულის ცოლს აფხაზმა მილიციელმა "ურჩია", საჩივარი არ დაეწერა, ეთქვა, რომ მისი ქმარი ზღვაში ცურვისას რკინის ძელს გამოედო და ჭრილობა ასე მიიღო. ამის შემდეგ დაჭრილი სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ინფორმაციას მოჰყვა აფხაზი ოპოზიციური და სამოქალაქო ორგანიზაციების საერთო განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა გაგრის "გამგებელი" იური ხაგუში და "შს სამინისტროს" დანაშაულის ჩახშობის ცდა შემაშფოთებელია. ამიტომაც დე ფაქტო შს სამინისტრო იძულებული შეიქნა გამოძიება დაეწყო, თუმცა თავდამსხმელების შესახებ არაფერი თქმულა. პირიქით, დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხები დაზარალებული ტურისტის დადანაშაულებას შეუდგნენ, რომ აფხაზეთში შიშველი სიარული აფხაზთა ადათ-წესების შეურაცხყოფაა, რომ "წესიერი ხალხი ქალაქში საცვლებით არ დადის", რომ დაზარალებულს პრეტენზია არავის მიმართ არა აქვს, არც აფხაზეთის და არც რუსეთის სამართალდამცავ უწყებებში საჩივარი არ შესულა და აფხაზურ ოპოზიციურ მედიაში ატეხილი ხმაური "ანტისახელმწიფოებრივია".

ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე ამ ინციდენტის განხილვა არ ცხრება. ყველაზე ხშირად ისმება კითხვა: რატომ დუმს რუსეთი? კომენტარებში წერენ: "რუსებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაგრაში!.. რუსებო, თქვენ დაეხმარეთ ამ ხელისუფლებას დარჩენაში, კამპანიას რუსები აწარმოებდით და, ალბათ, მოგწონთ შედეგი"... "თუკი ორმაგი სტანდარტი არ არის, ახლა ვნახავთ, როგორ რეაგირებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თავისი მოქალაქის დაჭრაზე. დაე, ბადრა გუნბამ სთხოვოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ამ ინციდენტის გამოძიება და ეფ-ეს-ბემ ჩამოართვას გაგრის "გამგებელ" ხაგუშს რუსეთის მოქალაქეობა, როგორც არჩევნების დროს ოპოზიციის წევრებს ჩამოართვეს".

ოპოზიციურ ინტერნეტპლატფორმებზე გაგრის "გამგებლის" იური ხაგუშის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ, მით უმეტეს, რომ გაგრის მოსახლეობაზე თავდასხმის "გმირული" სია აქვს. 19 იანვარს ის თავს დაესხა რუს მიხაილ გოლოვინს; 16 თებერვალს ხაგუშმა და მისმა თანამზრახველებმა გაგრელ სამველ დაშიანს სცემეს და მოკვლით დაემუქრნენ, თუ ოპოზიციას დაუჭერდა მხარს. ყოველი თავდასხმის შემდეგ იური ხაგუში დაზარალებულთა ნათესავებს აიძულებდა ეთქვათ, რომ ძალადობა არ ყოფილა. იური ხაგუში ამჯერადაც შეეცდება გააქარწყლოს რუსის დაჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და ამაში ბადრა გუნბას "ხელისუფლება" და აფხაზეთის უშიშროება დაეხმარებიან.

"რუსები აუცილებლად ასწავლიან ჭკუას აფხაზებს"

ზურაბ ბენდიანიშვილი, ორგანიზაცია "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - აფხაზეთში რუსი ტურისტების შევიწროება ხშირია, კანონიც მოქმედებს, რომელიც პლაჟის იქით შილიფად სიარულს კრძალავს. საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ტრადიციული საზოგადოებებია, ქალაქში თამამი ჩაცმულობა დიდ გაღიზიანებას იწვევს და ასეა აფხაზეთშიც. ზუსტად ეს იყო გაგრის ე.წ. გამგებლის ბანდიტური გამოხდომის მიზეზი და გარწმუნებთ, აფხაზებში ბევრი მხარდამჭერი ეყოლებოდა იმ მოტივით, რომ დამსვენებლების ასეთი ქცევა აფხაზური ადათ-წესების შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, ეს შემთხვევა ის ინდიკატორია, რომელიც აფხაზი საზოგადოების რუსეთთან დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ასეთი ბანდიტური ქმედების მიუხედავად აფხაზების დიდ ნაწილში ნეგატიური რეაქცია არ ყოფილა. საზოგადოდ, რუსების მიმართ არა აქვთ კარგი დამოკიდებულება, რუსები არ უყვართ. აფხაზების აზრით, ისინი "დამოუკიდებელ ქვეყანაში" ცხოვრობენ და რუსები დასასვენებლად ჩამოსული სტუმრები არიან. არადა, ისინი აფხაზეთში მასპინძლებივით იქცევიან. რუსების ძალიან ცნობილი ფრაზაა "ნაშა აბხაზია", რაზეც აფხაზები მწვავედ რეაგირებენ. რუსები იმიტომაც არ უყვართ, რომ რუსეთი დამპყრობელი ქვეყანაა და ეშინიათ სრული ანექსიის, რაც უკვე დაწყებულია და შემაკავებელი ძალა არ ჩანს. რუსების მიმართ აგრესია ამ პროცესზე აფხაზების ბუნებრივი უკურეაქციაა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ ტურიზმია.

- რატომ არ რეაგირებს რუსეთი თავის მოქალაქეზე თავდასხმაზე, როდესაც "არჩევნების" დროს ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევის გამო?

- რუსეთის ხელისუფლებისგან ორმაგი სტანდარტი რა გასაკვირია?! დღეს არ სჭირდებათ პოზის დაჭერა, რომ სამართლიანები არიან, ან საკუთარი მოქალაქის უსაფრთხოება ადარდებთ. აფხაზეთში "არჩევნების" დროს სჭირდებოდათ "რუსეთის მოქალაქეების" დაცვა, ახლა აფხაზი საზოგადოების ლოიალურობა სჭირდებათ. რუსეთისთვის ახლა მთავარია აპარტ-ოტელების შესახებ კანონის მიღება, რუსული საინვესტიციო შეთანხმების სწრაფად რატიფიცირება და სულ არ აინტერესებს რუსეთის ერთი მოქალაქის სიცოცხლე.

აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნები დიდი დარღვევებით ჩატარდა. ბადრა გუნბას სომხების პრეზიდენტს იმიტომ უწოდებენ, რომ სომეხი ელექტორატის ხმებით გაიმარჯვა და თან კრემნლი დაეხმარა. რუსეთმა თავისი კანდიდატი იმიტომ გაიყვანა, რომ რუსული კანონები შეუფერხებლად მიაღებინოს აფხაზებს. ამიტომაც იყო, რომ ჯერ დე ფაქტო არჩევნები დასრულებულიც არ იყო, როცა პუტინმა კრემლში გუნბა მიიღო და დაიწერა გრაფიკიც, როდის უნდა დაიწყოს კანონების განხილვა-მიღება. დიდი ალბათობით, ამ გაზაფხულზე რუსეთი გაიფორმებს თავის კანონებს. ეს იციან აფხაზეთში და წკიპზე არიან, რომ საპროტესტო ტალღა აგორდეს. რუსი ტურისტი აფხაზების კეთილგანწყობის მოპოვებას "შეეწირა".

აფხაზები სასტიკად ექცევიან რუს ტურისტებს, ველურებივით. ამას ხშირად გაიგებთ რუსებისგან. რუსებს ატყუებენ, ზედმეტ ფულს ახდევინებენ. ხშირია დაყაჩაღება, გაუპატიურება და დაჭრა. კრიმინალური სიტუაცია იმიტომ არ იცვლება, რომ დამნაშავეებს არავინ სჯის. ამის მიუხედავად, ტურისტები მაინც ჩადიან - ზღვა და სანაპირო ძალიან კარგია, თან იაფია. იქვეა სოჭიც, თუმცა იქ დასვენება იმდენად ძვირია, რომ ჯობს მსოფლიო მოიარო. ამიტომ მაინც რისკავენ და რამდენჯერაც გარისკეს, იმდენჯერ ცხვირი წაიმტვრიეს. აფხაზეთში უმეტესად დაბალშემოსავლიანი კატეგორია ჩადის, რუსეთის პროვინციებიდან. ესეც იციან აფხაზებმა, რომ ვინც მათთან დასასვენებლად ჩადის, მთლად პატრონიანები არ არიან, და ამიტომაც ბედავენ ამდენს.

აფხაზების თავნებობა გაგრძელდება მანამ, სანამ იქ რუსი ინვესტორების მასობრივად შესვლა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ათვისება არ დამთავრდება. ამას ემსახურება ის კანონები, რომელთაც რუსები ძალიან ელოდებიან, რათა აფხაზეთში დროზე ჩადონ ინვესტიციები და ანექსია მყარად გაიფორმონ. როდესაც იქ რუსული კაპიტალი საგრძნობლად გაიზრდება, ბუნებრივია, აფხაზებს სხვანაირად მოქცევა მოუწევთ. შემდეგ რუსმა ბიზნესმენებმა შეიძლება პირდაპირ მოითხოვონ კიდეც, რომ წესრიგის დაცვაში რუსი სამართალდამცველები ჩაერთონ, რათა მათი ინვესტიციები დაცული იყოს. რუსული ბიზნესების გამყარების შემდეგ რუსები აუცილებლად ასწავლიან ჭკუას აფხაზებს.

ეკატერინე ბასილაია