როცა ფეხბურთი „მხოლოდ ფეხბურთი“ არ არის
სომხეთი "ცივად" კი დაგვხვდა (დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე ხვავრიელად თოვდა, მატჩის წინადღეს წვიმა იყო ერევანშიც), მაგრამ იმაზე თბილად მიგვიღო, ვიდრე ველოდით და საბოლოოდ, კმაყოფილებიც გამოგვისტუმრა. აქამდე გამართულ შვიდ შეხვედრაში ჯამური უპირატესობა საქართველოს ჰქონდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოფიციალურ მატჩებში სომხები არასდროს დაგვიმარცხებია და დრო იყო, ეს უიღბლო და ალოგიკური ტრადიცია ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე დაგვესრულებინა. დავასრულეთ კიდეც, თანაც, ისეთი უპირატესობით, რომ განმეორებითი მატჩი, ფაქტობრივად, ინტრიგის გარეშე დარჩა. ორმატჩიანი "კავკასიური დერბის" ბედი პირველივე შეხვედრაში გადაწყდა!
ჰოდა, თბილისში გამართულ საპასუხო მატჩზე არაფერს ვიტყვი (მით უმეტეს, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, საქართველო-სომხეთის დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი), "კვირის პალიტრის" ფორმატი არც გვაძლევს შესაძლებლობას, კვირა საღამოს გამართული თამაშის პერიპეტიებზე გაზეთის ამ ნომერში მოგიყვეთ. თუმცა ნიდერლანდელი ჯონ ვან’ტ სხიპის გუნდს პირველი მატჩის დასაწყისშივე შეეტყო, რომ "კრამიტებს" ვერც ერევანში დააწყებინებდა ლაწალუწს და მით უმეტეს, თბილისში, სადაც მასპინძლებს ხვიჩა კვარაცხელიაც დაუბრუნდათ.
მოკლედ, განმეორებითი შეხვედრა თვითონაც ნახეთ. ამ პატარა წერილში კი იმაზე მოგიყვებით, მე რაც ვნახე ერევანში - საქართველოსთან მატჩამდე, სტადიონზე და თამაშის შემდეგ:
ერე-ვან
"ვან" ინგლისურ ენაზე "ერთს" ნიშნავს და მსგავსი პრეფიქსი არც სომხებისთვის არის უცხო (მით უმეტეს, ნაკრების მთავარ მწვრთნელად ნიდერლანდელი ვან’ტ სხიპის დანიშვნის შემდეგ). ერევანში აქამდეც ვყოფილვარ, თუმცა საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად პირველად ჩავედი, პირველად მოვუგეთ (ოფიციალურ შეხვედრებში) სომხეთის ნაკრებს, პირველად ვნახე მთლიანად ტუფით "გაწყობილი" სტადიონი... მოკლედ, ერევანში ბევრი "ვან" იყო, მაგრამ რადგან სტადიონი ვახსენეთ, სომხეთი-საქართველოს მასპინძელი არენით დავიწყოთ:
1935 წელს აშენებულ "რესპუბლიკურ" სტადიონს, თავდაპირველად, "დინამო" ეწოდებოდა, 1950-იანი წლების დამდეგს კი, მას შემდეგ, რაც საბჭოეთის ჩემპიონატში დედაქალაქის "დინამო" "სპარტაკმა" ჩაანაცვლა, "ანრაპეტაკანი" ("რესპუბლიკური") დაერქვა. 1999 წელს სტადიონს ვაზგენ სარქისიანის სახელი მიენიჭა. ერთ იარუსზე განლაგებული ტრიბუნები 14 900 სტუმარს იტევს და საქართველოსთან მატჩში ბოლომდე გაივსო, თუმცა... მიქაუტაძის მესამე გოლის შემდეგ მაყურებელთა ნაწილს "მოულოდნელი საქმე" გამოუჩნდა და სტადიონი დატოვეს.
ისე კი, მასპინძლები სერიოზულად იყვნენ მომზადებული საქართველოსთან პრინციპული მატჩისთვის - ბილეთის თითოეულ მფლობელს სკამზე ეროვნული დროშის ფერ(ებ)ის ბანერი და პატარა ალამი დახვდა, სომხეთის ჰიმნის დროს ენერგიულადაც აფრიალეს, მაგრამ არც ამან უშველათ და არც რამდენჯერმე გასროლილმა პიროტექნიკამ (ამის გამო ადგილობრივი სტადიონები რამდენჯერმე დაჯარიმდა და, დიდი ალბათობით, სასჯელს ვერც ამჯერად აცდებიან) - საქართველოს ნაკრები მასპინძლებზე მაღალი კლასის გუნდია და დამსახურებულად (და დამაჯერებლად!) გაიმარჯვა.
"რაზდანი" უშველიდათ?!
არა მგონია. საქართველოს ნაკრები და მისი ქომაგები ისეთი განწყობით ჩავიდნენ ერევანში, მასპინძლებს "რაზდანის" ბოლომდე სავსე (რეკონსტრუქციის შემდეგ სომხეთის მთავარი და ყველაზე ცნობილი სტადიონი 54 000 მაყურებელს იტევს) ტრიბუნებიც ვერ დაეხმარებოდა, მით უმეტეს, უკვე რამდენიმე წელიწადია, ერევნის ყველაზე დიდი არენა ამორტიზებულია - ფეხბურთის გულშემატკივრების ნაცვლად, სავაჭრო დახლებით არის გარშემორტყმული.
ბევრი სხვა რამის მსგავსად, 1970-იან წლებში ეს ნაგებობაც თბილისში არსებულის გადასაფარად აშენდა და წლების განმავლობაში ადგილობრივი "არარატისა" და თბილისის "დინამოს" არაერთი პრინციპული დაპირისპირება ახსოვს. საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა ქართულ-სომხური საფეხბურთო ქიშპობა არ დასრულებულა, "კავკასიური დერბი" ორივე ქვეყანაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და რა გასაკვირია, რომ საკუთარ მოედანზე 0:3 წაგებამ სომეხი გულშემატკივრები ძალიან გაანაწყენა.
თუმცა არსებობს სურვილი და შანსი, 2029 წელს საქართველომ და სომხეთმა ერთად უმასპინძლონ მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდე ფეხბურთელებს შორის! ეს გადაწყვეტილება სომხეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე გასაჯაროვდა - ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების თავკაცებმა "რესპუბლიკური" სტადიონის მინდორზე ბანერი გაიტანეს, ტრიბუნებზე მყოფებმა კი სამ ენაზე (სომხურად, ქართულად და ინგლისურად) მოვისმინეთ განცხადება, რომ სომხეთი და საქართველო ერთობლივ განაცხადს წარადგენენ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ერევნის ანძა რომ სჯობს...
ეიფელს თუ ვერ - თბილისის სატელევიზიო ანძას მაინც. მთაწმინდაზე ახალი, 274,5 მეტრი სიმაღლის ტელეანძა 1972 წელს დამონტაჟდა. სამი წლის შემდეგ კი ძველი სატელევიზიო კონსტრუქცია ერევანშიც ჩაანაცვლეს ახალი ტელეანძით, რომელიც, ფაქტობრივად, თბილისის ანძის ასლია, ოღონდ მასზე რამდენიმე მეტრით მაღალია.
სომხურ-ქართული ქიშპობის სხვა მაგალითების მოყვანაც შეგვიძლია. მაინცდამაინც სატელევიზიო ანძა კი იმიტომ გამახსენდა, რომ ის სწორედ ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონს დაჰყურებს და ფეხბურთის პარალელურად, დასავლეთ ტრიბუნაზე მყოფებს თვალი მისკენაც გაურბით.
პრინციპში, ეს ადგილობრივ ქომაგზე უფრო ითქმის: ერევნის სატელევიზიო ანძა აქამდეც ბევრჯერ უნახავთ, მაგრამ... მოედანზე მათთვის სასიკეთო არაფერი ხდებოდა და ვინც ბოლომდე შემორჩა ტრიბუნებს, ვინ იცის, საყვარელი ნაკრების რბევის ყურებას, იქნებ სწორედაც თვალების აქეთ-იქით ცეცება ერჩივნათ... სომეხ გულშემატკივარზე იმასაც ვიტყვი, რომ უმრავლესობა ნამდვილად არ ყოფილა აგრესიულად განწყობილი ქართველების მიმართ, პირიქით, მათგან დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობდით. ეგაა, მატჩის ბოლოს, სამი უპასუხო ბურთის გაშვებით გამწარებული ქომაგების ნაწილმა შეურაცხმყოფელი სიტყვების სკანდირება დაიწყო, თუმცა მგონია, ეს აგრესია სომხეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან’ტ სხიპისკენ უფრო იყო მიმართული.
მთლიანობაში კი ერევანში იმაზე გაცილებით თბილად დაგვხვდნენ, ვიდრე ველოდით.
...ეს მხოლოდ ფეხბურთია?!
"3:1 მოგიგებთ!" - სომხეთის ღირსშესანიშნაობების ფოტოებით აჭრელებული მინივენის მძღოლმა მიაძახა საქართველოს ნაკრების რამდენიმე ქომაგს (ასეთი ჯგუფი კი, მერწმუნეთ, ერევანში უამრავი იყო!). წამოდით, "რაზდანს", ეჩმიაძინს ან ერევნის "კასკადს" დაგათვალიერებინებთ, თორემ მატჩის შემდეგ ამის ხალისი აღარ გექნებათო...
- მოიგებთ და მოიგეთ, ეს ხომ მხოლოდ ფეხბურთია?! - "პროვოკაციას" არ აჰყვა საშუალო ასაკის ქართველი მამაკაცი და თანამგზავრებთან ერთად მშვიდად გაუყვა მარტის მზით გამთბარ და ტუფით ნაშენი შენობებით სავსე ქუჩას.
ერევანში ტუფს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით, ისევე, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს. "პროვოკატორი" მძღოლიც ერთ-ერთი მათგანი ჩანდა, მაგრამ გულმა მაინც არ მომითმინა და გაწონასწორებული თანამემამულის ნაცვლად ვუპასუხე, მართლაც გჯერა, რომ სომხეთს საქართველოს ამ ნაკრების დამარცხება შეუძლია, თუ გულს იმაგრებ-მეთქი?
მეგობარო, მისმინე, ჩემს ადგილას, ქართველებიც ხომ ასე მოიქცეოდნენო, მიპასუხა. ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ცხადია, მოგებაზე უნდა ვილაპარაკოთ, თბილისში კი თქვენ იქნებით ფავორიტები... აი, ჩემი სავიზიტო ბარათი, როცა ერევანში იქნებით, დამირეკეთ და კარგი ტური მოვაწყოთ, აქაურ ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებთო.
სავიზიტო ბარათი გამოვართვი და დავამშვიდე, ჩემს მომდევნო სტუმრობამდე, ალბათ, მართლაც მოხასიათდები, მაგრამ თუ ფეხბურთი გიყვარს, არა მგონია, ამაღამ ტკბილად დაგეძინოს-მეთქი, და წამოვედი, მაგრამ... მატჩის დაწყებამდე ვერ მოვიშორე აკვიატებული ფრაზა: "ეს ხომ მხოლოდ ფეხბურთია"...
საქმეც ის არის, რომ ფეხბურთი ყოველთვის არ არის "მხოლოდ ფეხბურთი". საბჭოეთის დროს თუნდაც იმავე "არარატთან", მით უფრო კი მოსკოვის გუნდების წინააღმდეგ, ის თვითდამკვიდრების, ეროვნული სულისა თუ იდენტობის გამოხატვის ლამის ერთადერთი გზა იყო... და დღესაც არანაკლები ძალით შეუძლია ერის გაერთიანება, ქართველების ერთ მუშტად შეკვრა...
ამის თვალსაჩინო მაგალითი ზუსტად ერთი წლის წინ - 2024 წლის 26 მარტსაც ვნახეთ და მერეც, ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე... გერმანიის ქალაქების ქუჩებში თუ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ალალად გვიყვარდა ერთმანეთი, უცხო, პირველად ნანახი, მაგრამ იმ წუთს დაუჯერებლად ახლობელი ადამიანები...
იმავე მასშტაბის არა, მაგრამ ისეთივე ერთიანობა ვნახეთ ერევანშიც - ერთ მუშტად შეკრული რამდენიმე ასეული ქართველი ქუჩაშიც და სტადიონზეც: ქართული სიმღერები, შეძახილები, საოცარი მუხტი, რომელიც, ერევნის 14 000-იან "რესპუბლიკურს" კი არა, ადგილობრივი ფანებით სავსე "რაზდანსაც" გადადგამდა!
ერევანში გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არაა,. მით უმეტეს, როცა დუელი ორმატჩიანია. თუმცა უკვე ბევრჯერ ვთქვი, ოფიციალურ შეხვედრებში სომხები არასდროს დაგვიმარცხებია, 20 მარტს გამართული შეხვედრა კი არა მხოლოდ ოფიციალური და პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანიც გახლდათ - ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში თამაშის უფლებას მიიღებს. 2024 წელი ისტორიული კი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ შარშანდელი ერთა ლიგის გათამაშების ბოლო მატჩებში განიავებული ქულების გამო დივიზონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფის თამაში გვიწევს. მატჩის პრინციპულობას რომ თავი დავანებოთ, ერთი დივიზიონით დაქვეითება საქართველოს ნაკრებს "ევრო-2028"-ზე მოხვედრის პერსპექტივას გაურთულებდა. სომხეთის ნაკრებთან ორმატჩიანი დუელის მოგება თუნდაც ამის გამო იყო აუცილებელი!
სომხებთან მატჩები უკვე ისტორიაა, შემოდგომიდან კი ვილი სანიოლსა და მის კრებულს გაცილებით სერიოზული გამოცდა ელით: მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება!