19 მარტს თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავა მისი კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ საქმის გამოძიებისთვის. იმამოღლუ რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრია და ერდოღანის ერთ-ერთ ძლიერ პოლიტიკურ კონკურენტად განიხილება. პოლიციამ კიდევ 106 პირის დაკავების ორდერიც გასცა, მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები. სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ პროტესტის ტალღა თურქეთის ყველა დიდ ქალაქს მოედო. იმამოღლუ და მისი თანამოაზრეები სავარაუდო კორუფციაში, მათ შორის გამოძალვასა და თაღლითობაში არიან ბრალდებულნი. დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს ბაკალავრის ხარისხიც გაუუქმა, რაც არჩევნებში მონაწილეობის აუცილებელი პირობა იყო. სტამბოლის მერის დაკავებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა. "თურქეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ გვინდა თურქეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება, თუმცა ეს მოითხოვს მკაფიო ერთგულებას დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს". თურქეთში მიმდინარე პროცესებზე ილიაუნის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი საბა ტაველიშვილი გვესაუბრება, რომელიც ამჟამად სადოქტორო კვლევებზე (თურქოლოგიური კვლევების ფაკულტეტზე) ანკარაში, ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტში იმყოფება. - იმამოღლუს, რომელიც 2028 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანის მთავარ კონკურენტადაა წარმოდგენილი თურქულ პოლიტიკურ სივრცეში, 23 მარტს პრაიმერისში უნდა მიეღო მონაწილეობა. სტამბოლში გამოიცა სპეციალური დეკრეტი, რომლის მიხედვითაც 4 დღით აიკრძალა გამოსვლები, მანიფესტაციები და სახალხო შეკრებები, თუმცა ამან ვერ შეაჩერა CHP –სახალხო რესპუბლიკური პარტიის მომხრეები და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა - დაიწყო გამოსვლები, რასაც მოჰყვა შეტაკებები. გამოსვლები იყო ანკარაშიც და პოლიციამ იქაც გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შს მინისტრმა ალი ერლიქაიამ განაცხადა, რომ შეტაკებებში 6 პოლიციელი დაშავდა. მისივე განცხადებით, პარასკევს ღამით სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანთალიაში, ჩანაქკალეში, ესქიშეჰირში, კონიასა და ედირნეში აქციებზე 343 ეჭვმიტანილი დააკავეს. 19 მარტს პროტესტანტებს სიტყვით მიმართა სახალხო რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ოზგურ ოზერლიმ და იმამოღლუს მეუღლემ დილექ იმამოღლუმ. მათ მომხრეებს მოუწოდეს, პროტესტი გაძლიერდეს, მოედოს დიდ ქალაქებს, გაიშალოს მთელ თურქეთში. მათი მოთხოვნაა დემოკრატიის უკუსვლის შეჩერება, დემოკრატიის აღდგენა და მერის გათავისუფლება. საპროტესტო მსვლელობები ანკარაშიც გაიმართა, შეტაკებები მოხდა იმამოღლუს მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის. სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამართეს საპროტესტო მარში, რომელიც უკავშირდება არა მარტო მერის დაკავებას. ბოლო რამდენიმე კვირაა იმამოღლუს წინააღმდეგ მთელი თურქეთის მედიასაშუალებები მოცულია ბრალდებით, - მას სტამბოლის უნივერსიტეტის დიპლომი გაუუქმეს იმ მოტივით, რომ კვიპროსის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან სტამბოლის უნივერსიტეტში გადმოვიდა. ეს მიიჩნიეს კანონდარღვევად და შესაბამისად, დიპლომი, რომელიც იმამოღლუმ 1994 წელს აიღო, ბათილად ცნეს. - თუმცა დაკავების ოფიციალური მიზეზი კორუფცია და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირია... ეს კონკურენტის ჩამოცილებას ხომ არ ჰგავს პრაიმერისის წინ? ცნობილია, რომ ექრემ იმამოღლუს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, დიდ ქალაქებში ბევრი მომხრე ჰყავს. - იმამოღლუს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) კავშირს ნაკლებად მიაწერენ, საუბარია ფეთულა გიულენის FETÖ-ზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხეს და რომლის დაფინანსებასაც მერს ედავებიან. რაც შეეხება მუშათა პარტიას, მოხდა შეთანხმება - ოჯალანმა ქურთების მუშათა პარტიას იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით ეს პოლიტიკური თამაშია, რომელიც თურქეთის პოლიტიკურ ისტორიას ყოველთვის ახასიათებდა. შეიძლება პარალელის გავლება იმ პერიოდთან, როცა ერდოღანი იყო სტამბოლის მერი - მის წინააღმდეგაც იყო აღძრული საქმეები. რა თქმა უნდა, მათ შორის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი არ იყო და ერდოღანი არც დაუჭერიათ. დღეს თურქეთის რესპუბლიკაში სტამბოლის მერობა ნიშნავს მეორე პირს პოლიტიკაში. სტამბოლი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ქალაქია და ვინაიდან ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიცვალა კონსტიტუცია (პრეზიდენტი არჩევითი გახდა, მანამდე მას მეჯლისი ნიშნავდა), ახლა უკვე პრეზიდენტი ერთპიროვნულად ნიშნავს მინისტრებს, ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიციური პარტიაა გამარჯვებული ისეთ დიდ ქალაქში, როგორიცაა სტამბოლი, ეს ნიშნავს, რომ თურქეთში აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტამბოლის მერი მეორე პოლიტიკოსად ითვლება. - თურქეთში წამყვანი პარტიები და ძალთა ბალანსი როგორია? - 2014 წლიდან თურქეთში ძალიან გააქტიურდა პოლიტიკური ცხოვრება. CHP ახალი არ არის, ის მუსტაფა ქემალ ათათურქის პარტიაა და თურქ ხალხში სახალხო რესპუბლიკური პარტია ათათურქსა და მის სეკულარულ იდეებთან ასოცირდება. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია 50%-ს, CHP კი 26%-ს თუ იღებდა, ადგილობრივ არჩევნებში უკვე ყველა დიდ ქალაქს იგებს იმამოღლუს პარტია, 2019-ში სტამბოლსაც იმატებს (ანკარაშიც მმართველი დღეს ამ პარტიის წარმომადგენელია). არის სახალხო-დემოკრატიული პარტიაც, რომელიც 2015 წლის არჩევნებში 13-14%-ზე ავიდა. შემდეგ არიან პარტიებიც, როგორიცაა "კარგი პარტია" (IYI), რომელიც 2017 წელს შეიქმნა და 2018 წლის არჩევნებში 10%-მდე ხმების რაოდენობა აიღო, რაც ახალი პარტიისთვის ძალიან კარგი შედეგია; მეხუთე დიდი პარტიაა MHP - ნაციონალისტური მოძრაობის პარტია. 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში, ერთად აღებული, ოპოზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვეს - დღევანდელმა მმართველმა, ერდოღანის პარტიამ 45% აიღო, ხოლო 55% გადანაწილებულია დანარჩენ 5 პარტიაზე და მათში ყველაზე დიდი წილი აქვს იმამოღლუს CHP- ს, რომელმაც ხმების 30% აიღო. ამ პარტიას (CHP) მოგებული აქვს ყველა დიდი ქალაქი, რაც მმართველი პარტიისთვის დიდი დარტყმა იყო. ახლახან განცხადება გააკეთა ექსპრეზიდენტმა აბდულაჰ გიულმა, რომელიც ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ვერ ხედავს იმამოღლუს დაკავების საჭიროებას: "ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ზრდას არანაირი სარგებელი არა აქვს. მსგავსი მდგომარეობა გრძელვადიან პერსპექტივაში დამაზიანებელია თურქეთისთვის", - აცხადებს გიული. - ლირა დაეცა, ხალხი ერდოღანს დიქტატორად მოიხსენიებს და მის გადადგომას მოითხოვს... თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები თურქეთში? - თუ დაკავებების სპეცოპერაციამდე 1 დოლარი 35 ლირა ღირდა, ამის მერე 41 ლირამდე ავიდა. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, დოლარი გამოეტანა და გაეყიდა, რათა კურსი ისევ დაერეგულირებინა. დროებით შეჩერდა სწრაფი სავალუტო გადარიცხვები, რაზეც ხალხმა პროტესტი გამოთქვა. 19 მარტს ევროპარლამენტმა ერთობლივი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ევროპარლამენტარები თურქებს მოუწოდებენ, ყველაფერი დემოკრატიის ფარგლებში იყოს განხილული და თუ მართლა არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, ობიექტურად იყოს გამოძიებული, ფაქტობრივად, რეაგირება მყისიერი იყო. თურქეთში არ არის სახელმწიფო დღესასწაული, მაგრამ ერდოღანმა მაინც მიულოცა ხალხს ნოვრუზ-ბაირამი. რამაზანის თვეა და მან განაცხადა, რომ ქუჩის პროტესტები არ არის ის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს თურქულ პოლიტიკაში. - თურქების აზრი ორადაა გაყოფილი... - დიახ, ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, მეორენი ფიქრობენ, რომ იმამოღლუ მართლაც აფინანსებდა და მხარს უჭერდა გიულენის ორგანიზაციას. თუმცა ერთიც უნდა ითქვას - ვინაიდან დიდი ქალაქები, სადაც თავმოყრილია თურქი მოსახლეობის დიდი ნაწილი, მოგებული აქვს ოპოზიციურ პარტიებს, შესაძლოა საპროტესტო ტალღა გაიზარდოს, თან 23 მარტს დაანონსებულია დიდი გამოსვლები. ამ ყველაფერს ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილება რომ მოჰყვეს, რთულად სავარაუდოა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დღის წესრიგი და რიტორიკაც შეიცვლება, თუმცა მყისიერი და სიღრმისეული ცვლილებების მოლოდინი არავის აქვს, საერთაშორისო მასშტაბითაც კი არ იგრძნობა ამის წინასწარი განწყობა. - შიდაპოლიტიკური პროცესები მოახდენს თუ არა გავლენას თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზე? - 2016 წელს, როცა სტამბოლში გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ძალიან დიდი დაკავებების სერია დაიწყო (დააკავეს სამხედროები, გენერლები, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წინააღმდეგ ჩატარდა სპეცოპერაციები), ევროკავშირი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა თურქეთს როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას. ახლაც სტამბოლის მერი დააკავეს და მის წინააღმდეგ არა მარტო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არამედ სპეცოპერაცია ჩატარდა პოლიციელების ჩართვით. ამ ყველაფერმა სპეცოპერაციის სახე რომ მიიღო, ევროკავშირმა ეს აღიქვა როგორც დემოკრატიის უკუსვლა. აქედან გამომდინარე, ეს გავლენას იქონიებს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზე. ოპოზიციამ უკვე დაიწყო საუბარი, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს საქმე და ამას კავშირი არა აქვს სამართალთან. როგორც იუსტიციის მინისტრმა თქვა, სამი თვეა, რაც ამ ადამიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო, რაზეც არავინ არაფერი იცოდა და რომ ერდოღანს ინფორმაციაც კი არ ჰქონდა. - თურქეთში თუ უფრო ფართომასშტაბიანი პროცესი და ესკალაცია წავიდა, ეს ჩვენს რეგიონზე როგორ აისახება? - 2002 წლიდან, როდესაც ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოდის თურქეთის სათავეში, როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ახალი ერა დგება. დავუთოღლუს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც მანამდე პროფესორი იყო და აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული, დაწერილი აქვს წიგნი "სტრატეგიული სიღრმე", რომელიც, ფაქტობრივად, დღევანდელი თურქეთის საგარეო პოლიტიკური დედაენაა. მან ჩამოაყალიბა კონცეფცია, რომელსაც ჰქვია "ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან". დავუთოღლუმ გამიჯნა შიდა და გარეპოლიტიკური პროცესები და ამტკიცებს, რომ შიდა პოლიტიკას გავლენა არ უნდა ჰქონდეს საგარეოზე. ასევე, უნდა მომხდარიყო საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია, მაგალითად, რუსეთთან ურთიერთობაში ხელის შემშლელი არ უნდა ყოფილიყო თურქეთის ნატოს წევრობა. აქედან გამომდინარე, შიდაპოლიტიკური დუღილის ტემპერატურა გარე პოლიტიკაზე ვერ იმოქმედებს, რადგან სხვა ქოლგაა და სხვანაირი ვექტორები განსაზღვრავს თურქეთის საგარეო პოლიტიკას. თურქეთი დღეს რეგიონული ლიდერია, ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა თურქეთს ახლა სირიის მდგომარეობაც აწევს მხრებზე. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.