სკანდალური ინტერვიუ ანუ რა თქვა ტრამპის სპეცწარმომადგენელმა - ტრამპისთვის მლოცველი პუტინი, ხრუშჩოვი და "ალყაში" მოქცეული უკრაინელები - კვირის პალიტრა

სკანდალური ინტერვიუ ანუ რა თქვა ტრამპის სპეცწარმომადგენელმა - ტრამპისთვის მლოცველი პუტინი, ხრუშჩოვი და "ალყაში" მოქცეული უკრაინელები

ბოლო ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური დესპანის - სტივ უიტკოფის სკანდალური ინტერვიუ, რომელიც მან ჟურნალისტ თაკერ კარლსონს მისცა. სტივ უიტკოფმა, რომელსაც დონალდ ტრამპმა რუსეთთან მოლაპარაკების გაძღოლა დაავალა, ინტერვიუში რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომლებიც რუსული პროპაგანდის ნარატივს ემთხვევა და რიგ შემთხვევებში აშკარად ეწინააღმდეგება ცნობილ ფაქტებს“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანი „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სათაურით - „რეფერენდუმები“, „ალყაში მოქცევა“, „ხრუშჩოვი“: სკანდალური მტკიცებები უკრაინაზე უიტკოფის ინტერვიუდან“.

გთავაზობთ პუბლიკაციას, რომელშიც მოცემულია როგორც აშშ-ის სპეცდესპანის განცხადებები, ასევე, „ბიბისის“ კომენტარები და განმარტებები.

სტივ უიტკოფი - ამერიკელი მილიარდერი და ინვესტორი აშშ-ის პრეზიდენტის დავალებით რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვში და რუსეთის ხელმძღვანელებს შეხვდა. სწორედ მას გადასცეს რუსებმა მარკ ფოგელი - აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა.

ა) „რეფერენდუმები“ „უკრაინის რუსულენოვან რეგიონებში“

ინტერვიუში სტივ უიტკოფის ყველაზე რეზონანსული განცხადებები აღმოჩნდა მისი ნათქვამი ე.წ. რეფერენდუმების შესახებ, რომლებიც რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში (ოლქებში) ჩატარდა.

რა ითქვა ინტერვიუში?

„სტივ უიტკოფი: - ვფიქრობ, რომ კონფლიქტში ყველაზე დიდი საკითხია ოთხი რეგიონის - დონბასის, ყირიმის და სხვების კუთვნილება... თქვენ იცით მათი სახელწოდებები.

თაკერ კარლსონი: - დიახ, ლუგანსკი...

სტივ უიტკოფი: - დიახ ლუგანსკიც. და არის კიდევ ერთი რეგიონი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. იქ ჩატარდა რეფერენდუმები, რომელთა დროს მცხოვრებლების უდიდესმა ნაწილმა განაცხადა, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა სურთ.

თაკერ კარსლონი: - დიახ.

სტივ უიტკოფი: - ვფიქრობ, რომ ეს არის კონფლიქტის საკვანძო საკითხი. ასე რომ, ესაა პირველი მომენტი, რომელიც უნდა გადაწყდეს. ამაზე ჩვენ ძალიან პოზიტიური დისკუსია გვქონდა. ამ ტერიტორიებს რუსეთი აკონტროლებს.

თაკერ კარსლონი: - ანუ ამ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ამჟამად, კრემლის თვალსაზრისით, რუსეთის ნაწილს წარმოადგენს. სწორად ვამბობ?

სტივ უიტკოფი: - დიახ, სწორია. ეს ყოველთვის ასე იყო".

როგორ არის სინამდვილეში?

სინამდვილეში რუსეთი პრეტენზიას აცხადებს ხუთ რეგიონზე: ყირიმზე, დონეცკზე, ლუგანსკზე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე.

უკრაინის პარლამენტის არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, რუსული ენის გავრცელება უკრაინის ამა თუ იმ რეგიონში სულაც არ მეტყველებს მოსახლეობის სურვილზე, იცხოვროს რუსული მმართველობის ქვეშ და რუსეთის ტერიტორიის ნაწილი გახდეს. ანუ მცხოვრებლების პრორუსული განწყობა არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

უკრაინის რადის 2019 წლის არჩევნების შედეგების თანახმად, პრორუსულმა პარტიამ „ოპოზიცია პლატფორმა სიცოცხლისათვის“ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ხმების 18-20% მიიღო. მსგავსი მონაცემები ჰქონდა მას ხარკოვისა და ოდესის ოლქებშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე ლაპარაკობს.

2001 წლის მოსახლეობის აღწერის სტატისტიკური მონაცემებით, ხერსონის ოლქში მოსახლეობის მხოლოდ 25%-მა დაასახელა რუსული ენა მშობლიურ ენად, ზაპოროჟიეს ოლქში - 49%-მა, დონეცკში - 69%-მა, ყირიმში - 75%-მა.

რაც შეეხება „რეფერენდუმებს“, რუსეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმები ოკუპაციის დროს ჩაატარა და მის ლეგიტიმურობას მსოფლიოს სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა არ აღიარებს.

გარდა ამისა, კრემლი სინამდვილეში მთლიანად ვერ აკონტროლებს იმ ოლქებიდან რამდენიმეს, რომლებზეც ვსაუბრობთ: ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია 2014 წლიდან. რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრისთანავე ლუგანსკის ოლქის მთლიანი ოკუპირება მოხდა. რაც შეეხება დონეცკის ოლქს, მას რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ფლობს, ოლქის ტერიტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ისევ უკრაინის ხელშია. იგივე სიტუაციაა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართაც.

ბ) ნიკიტა ხრუშჩოვის როლი

ინტერვიუს დროს თაკერ კარსლონი და სტივ უიტკოფი, ასევე, სარგებლობენ ცრუ მტკიცებებით საბჭოთა ლიდერის - ნიკიტა ხრუშჩოვის როლის შესახებ უკრაინის ტერიტორიის ჩამოყალიბებაში.

რა ითქვა ინტერვიუში?

"სტივ უიტკოფი: - ჩვენ მკაფიოდ უნდა დავადგინოთ ფაქტები და პირობები. რუსეთისა და უკრაინის თანამედროვე თვალსაზრისის გათვალისწინებით, კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელების ნაწილი რუსების წინააღმდეგ გამოდიოდა. რუსები ფიქრობენ, რომ უკრაინა „ყალბ სახელმწიფოს“ წარმოადგენს, ანუ უკრაინა მოზაიკურად არის ხელოვნურად შეკრებილი სხვადასხვა ნაწილისაგან. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ამ ომის საკვანძო მიზეზი: რუსეთი ხუთ რეგიონს, რომლებიც უკრაინას ხელოვნურად აქვს მიერთებული, თავისად თვლის. ამაზე ლაპარაკი არავის სურს, მე კი მკაფიოდ ვამბობ. როგორ შეიძლება კონფლიქტის ისე მოგვარება, თუ არ გადაწყდება მთავარი საკითხი?

თაკერ კარლსონი: - უკრაინას აღნიშნული ოლქები ნიკიტა ხრუშჩოვმა მიუერთა.

სტივ უიტკოფი: - დიახ, ასეა.

თაკერ კარლსონი: - არადა, ნიკიტა ხრუშჩოვი, მგონი, თვითონ უკრაინელი იყო. საოცარი ფაქტია!"

როგორ არის სინამდვილეში?

პრაქტიკულად, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც საბჭოთა კავშირში დაიბადა და გაიზარდა, იცის, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს შეხება არ ჰქონია დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებთან, რომლებიც უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში იყვნენ, მისი შექმნის დროიდან - 1919 წლიდან.

რაც შეეხება ყირიმს, ნახევარკუნძული საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდანვე რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის (რსფსრ-ის) შემადგენლობაში იყო. გადაწყვეტილება მისი უკრაინისადმი გადაცემის თაობაზე მიღებული იქნა 1954 წელს, სსრ კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის - ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ასეთი ფორმულირებით: „ყირიმის ოლქი ტერიტორიულად უკრაინის სსრ-სთან არის მჭიდროდ დაკავშირებული, არსებობს მათი ეკონომიკური, სამეურნეო და კულტურული ერთიანობა“.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ცრუ მტკიცება ისაა, რომ, თითქოსდა, ნიკიტა ხრუშჩოვი ეროვნებით უკრაინელი იყო. არა, იგი უკრაინელი არ ყოფილა. ხრუშჩოვი რუსეთის კურსკის ოლქში დაიბადა, მისი მშობლები რუსები იყვნენ, თუმცა სიმართლეა ის, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში: ხელმძღვანელობდა უკრაინის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს.

გ) ვლადიმერ პუტინის პრეტენზიები უკრაინის რეგიონებზე

ინტერვიუს დროს სტივ უიტკოფმა და თაკერ კარლსონმა, ასევე, ისაუბრეს რიგ აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, დონალდ ტრამპის სპეციალურმა დესპანმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს არ აქვს განზრახული რაიმე პრეტენზია წამოაყენოს უკრაინის კიდევ რომელიმე ნაწილის მიმართ, გარდა იმ ხუთი ოლქისა, რომლებიც უკვე რუსეთის შემადგენლობაშია, კონსტიტუციის თანახმად.

რა ითქვა ინტერვიუში?

"თაკერ კარლსონი: - თქვენ ფიქრობთ, რომ რუსებს მთელი ევროპის მარშით გავლა სურთ?

სტივ უიტკოფი: - არ სურთ. ამას 100%-იანი რწმენით ვამბობ.

თაკერ კარლსონი: - და რატომ უნდა სურდეთ რუსებს [ევროპის ქვეყნების დამორჩილება]? მე, მაგალითად, ის ქვეყნები საერთოდ არ მჭირდება. მითხარით, რატომ უნდა სურდეთ ევროპის ხელში ჩაგდება?

სტივ უიტკოფი: - მე მგონი, საკითხი ასე უნდა დავსვათ: რაში სჭირდებათ რუსებს უკრაინის მთლიანი კონტროლი? რა კონკრეტული მიზნისთვის? მათ, წესით და რიგით, უკრაინის მთლიანად შთანთქმა არ უნდა სურდეთ. ეს იქნება, როგორც ღაზას ოკუპაცია. განა ისრაელის ებრაულ მოსახლეობას ღაზას ოკუპაცია სიცოცხლის ბოლომდე სურთ? არ უნდათ. მათ სტაბილურობა სურთ. რუსებს უკვე აქვთ ის, რაც უნდოდათ. მათ ეს ხუთი რეგიონი უკვე უკანვე დაიბრუნეს. მათ აქვთ ყირიმი. რაში სჭირდებათ დამატებით?!"

როგორ არის სინამდვილეში?

უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ მსგავსი განზრახვა არ აქვთ. უფრო მეტიც - 2022 წლის მარტში ვლადიმერ პუტინი აღნიშნავდა, რომ „რუსეთის ჯარების კიევთან ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს უკრაინის ოკუპირება აქვს განზრახული“. მაგრამ უკვე 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ოთხი რეგიონის ანექსირება, შესაბამისი ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაშიც.

რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის - ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, მუდმივად ლაპარაკობენ ხარკოვისა და ოდესის ოლქების ოკუპირება-ანექსიაზეც.

ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის საზღვრებს ძალის გამოყენებით შეცვლის, კრემლის შემდეგი მსხვერპლი სხვა სახელმწიფოებიც გახდებიან.

დ) კურსკის ოლქი: „უკრაინის არმია ალყაშია“?

ინტერვიუს დროს სტივ უიტკოფმა არა ერთხელ გაიმეორა კრემლის ყალბი მტკიცებები, რომ უკრაინის ჯარები კურსკის ოლქში რუსების მიერ არიან ალყაშემორტყმულები.

რა ითქვა ინტერვიუში?

"სტივ უიტკოფი: - არის საკითხები, რომელთა მოგვარება რუსებს ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებამდე სურთ... მაგალითად, კურსკის ოლქში უკრაინის ჯარები ალყაში არიან მოქცეულები.

თაკერ კარლსონი: - კურსკის ოლქი რუსეთის შემადგენლობაშია.

სტივ უიტკოფი: - დიახ, კურსკის ოლქი რუსეთის ტერიტორიაზეა, რომელიც უკრაინელებს ჰქონდათ ოკუპირებული და რუსებმა ბრძოლით უკან დაიბრუნეს. უკრაინელები იქ ალყაში არიან ბლოკირებულები. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სურს, რომ ისინი რუსებმა გაანადგურონ. ეს მნიშვნელოვანი პირობაა, რომელიც უნდა მოგვარდეს".

როგორ არის სინამდვილეში?

კურსკის ოლქის სუჯას რაიონში მყოფი უკრაინის ჯარების ვითომდა ალყაში მოხვედრის თაობაზე ბოლო დღეებში რამდენჯერმე განაცხადეს როგორც დონალდ ტრამპმა, ასევე ვლადიმერ პუტინმა, მაგრამ როგორ ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე რიგი დასავლელეი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტრმპისა და პუტინის ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება.

დიახ, სინამდვილეა, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები კურსკის ოლქიდან უკან იხევენ, მაგრამ ისინი ალყაში არ არიან. ამის თაობაზე აშშ-ის სადაზვერვო ორგანოებმაც კარგად იციან და როგორც რამდენიმე ანონიმი მაღალჩინოსანი აცხადებს, მათ თეთრი სახლიც საქმის კურსში ჩააყენეს

ვლადიმერ პუტინმა 13 მარტს განაცხადა, რომ კურსში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს მხოლოდ ორი გამოსავალი აქვთ: ან ტყვედ ჩაბარდნენ, ან დაიღუპონ. 14 მარტს დონალდ ტრამპმა დაწერა სოცქსელში, რომ მან პუტინს ალყაში მოქცეულების შებრალება სთხოვა. 18 მარტს ეს საკითხი პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროსაც ახსენეს.

ე) „პუტინი ტრამპისთვის ლოცულობდა“...

სტივ უიტკოფის ინტერვიუდან საინტერესოა რიგი განცხადებები ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ურთიერთდამოკიდებულების შესახებაც. მაგალითად, ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ლოცულობდა და მას ფერწერული პორტრეტი აჩუქა.

„მე როცა რუსეთში მეორედ ვიყავი, ძალიან პირადული მომენტები გავიგე. თურმე, ვლადიმერ პუტინს შეუკვეთავს დონალდ ტრამპის პორტრეტის დახატვა ცნობილი რუსი მხატვრისათვის და როცა მე რუსეთის პრეზიდენტს შევხვდი, მან ეს ნახატი მომცა და მთხოვა, პრეზიდენტ ტრამპისათვის გადამეცა. მართლაც ასე გავაკეთე. ეს ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო.

ვლადიმერ პუტინი, ასევე, მომიყვა, რომ როცა დონალდ ტრამპს ესროლეს, იგი მივიდა თავის ეკლესიაში, შეხვდა წინამძღვარს და ტრამპის უსაფრთხოებაზე ილოცა. არა იმიტომ, რომ ის იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და პრეზიდენტად არჩევის რეალური შანსი ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ორივეს ერთმანეთთან მეგობრობა აკავშირებთ. პუტინი თავის მეგობარზე ლოცულობდა. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? იცით, რა მდგომარეობაში ვიყავი, როცა პუტინის წინაშე ვიჯექი და მის ნაამბობს ვუსმენდი?

როცა უკან, შტატებში დავბრუნდი და პუტინის გზავნილი ჩვენს პრეზიდენტს გადავეცი, რა თქმა უნდა, ნახატიც, დონალდ ტრამპს აშკარად ესიამოვნა. ასე რომ, სწორედ ასეთი უბრალო მოქმედებით, კეთილი სიტყვებით შეიძლება ადამიანებს შორის ნორმალური კომუნიკაციების დამყარება. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ მე მას არ უნდა შევხვედროდი, რომ პუტინი ცუდი კაცია და ა.შ. მე არ ვთვლი მას ცუდ ადამიანად. სიტუაცია ძალიან რთულია, ომი უნდა შეწყდეს“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

TOP.GE