"ივანკა ტრამპმა იკითხა, შეეძლო თუ არა პუტინის სავარძელში ჩაჯდომა..." - რას აკეთებდნენ "დიდი დონალდის" შვილები კრემლის ბინადრის კაბინეტში?! - კვირის პალიტრა

"ივანკა ტრამპმა იკითხა, შეეძლო თუ არა პუტინის სავარძელში ჩაჯდომა..." - რას აკეთებდნენ "დიდი დონალდის" შვილები კრემლის ბინადრის კაბინეტში?!

ტყუილი პოლიტიკოსისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ხინკალზე პილპილი. თუმცა არც გადამეტება ვარგა -შეიძლება, პირი დაგწვას. ტყუილის თქმაც ხელოვნებაა და გადამლაშება არც აქ შეიძლება. თუ ტყუილი დეტალებში იმალება, სიმართლე „პატარა ტყუილის“ უკან უნდა ვეძიოთ. როდესაც რომელიმე სახელმწიფოს მეთაური დაჟინებით ცდილობს აშკარა ტყუილი სიმართლედ გაასაღოს, ამ დროს მას „პატარა ტყუილით“ დიდი და სერიოზული სიცრუის დამალვა სურს.

2000-იანი წლების დასაწყისში დონალდ ტრამპმა სამშენებლო ბიზნესში პირდაპირი მონაწილეობა არსებითად შეწყვიტა და მთლიანად საკუთარი სახელის, როგორც ბრენდის, გაყიდვაზე გადაერთო. პარალელურად, ტელევიზიაში მიჰყავდა შოუ, სადაც მკაცრ მაგნატს ასახიერებდა.

დონალდ ტრამპი, რომელიც მაშინ ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა, დაუახლოვდა მდიდარ ებრაელებს, საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებულ თამირ საპირს (თემურ სეფიაშვილს), ფელიქს სატერს (რომელიც მოსკოვში იყო დაბადებული, მისი ნამდვილი გვარი შეფეროვსკია) და თევფიკ არიფს (ყაზახეთში დაბადებული ტოფიკ არიფოვი ), რომლებმაც დიდი ინვესტიცია განახორციელეს Trump SoHo-ს პროექტში, რაც მოიცავდა მანჰეტენზე სასტუმროსა და ძვირად ღირებული საცხოვრებელი ბინების კომპლექსის მშენებლობას.

თამირ საპირი სამშენებლო კომპანია Sapir Organization-ის პრეზიდენტი და წლების მანძილზე დონალდ ტრამპის სამშენებლო კომპანიების მთავარი პარტნიორი იყო. Trump Soho-ს მშენებლობა სრულად დააფინანსეს Sapir Organization-მა და Bayrock Group-მა (საინვესტიციო ფონდი, რომელსაც მართავდნენ თევფიკ არიფი და ფელიქს სატერი). ტრამპმა კი მისი სახელისა და მართვის სერვისების გამოყენებისთვის პროექტის ღირებულების 18% მიიღო.

დონალდ ტრამპმა კარგად იცოდა, რომ ყოფილ საბჭოთა ემიგრანტებს, რომლებმაც ამერიკაში მილიონები და მილიარდები იშოვეს, მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ყოფილ სამშობლოსთან, მათ შორის - რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან. თუმცა ტრამპს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ეს კავშირი, როგორც წესი, რუსეთის სპეცსამსახურების შუამავლობითა და მონაწილეობით ხორციელდება.

რუსეთში, მოგებიანი ბიზნესის სანაცვლოდ, ემიგრანტ მილიარდერებს რუსეთის ხელისუფლების „პატარ-პატარა“ დავალებები უნდა შეესრულებინათ. ამიტომ ნებისმიერი ამერიკელი (გერმანელი, ფრანგი და ა.შ.) მილიარდერისთვის რუსეთში ბიზნესის დაწყების ნებართვის გაცემა ამ ქვეყნის ხელისუფლების, როგორც წესი, პირადად ვლადიმერ პუტინის სურვილზე იყო დამოკიდებული. პუტინს კი ყოველთვის „ჩეკისტური“ მიდგომა ჰქონდა და აქვს: ყველაფერს იმისდა მიხედვით აფასებს, თუ მომავალში როგორ გამოიყენებს საკუთარ გეგმებში.

Trump Organization-ს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული კომპანია Bayrock Group-თან, რომელიც ტრამპის კომპანიისთვის სხვადასხვა საშუამავლო საქმიანობას ასრულებდა. ამ კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა ფელიქს სატერმა ტრამპის ცათამბჯენისთვის მოსკოვის საერთაშორისო ბიზნესცენტრში, მდინარე მოსკოვის მახლობლად შეარჩია შესაბამისი ადგილი.

2006 წელს ტრამპის უფროსი ვაჟი დონალდ ტრამპი-უმცროსი და ქალიშვილი ივანკა ტრამპი მოსკოვში ჩავიდნენ: ისინი Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის პოსტებს იკავებდნენ და მოსკოვსაც საოჯახო ბიზნესის პერსპექტივების შესაფასებლად ეწვივნენ. ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა ფელიქს სატერს, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, დაურეკა და შვილების დახვედრა/მასპინძლობა სთხოვა. ფელიქსმაც იმდენად კარგად შეასრულა ეს თხოვნა, რომ ტრამპის შვილების ის ვიზიტი დღემდე განხილვის საგანია. თუმცა მანამდე აუცილებელია ფელიქს სატერის ძალზე საინტერესო ბიოგრაფია გაგაცნოთ.

picture6-1742886429.jpg

დონალდ ტრამპი, თევფიკ არიფი და ფელიქს სატერი Trump Soho-ს პრეზენტაციაზე, 2007 წლის 19 სექტემბერი, ნიუ-იორკი.

ფელიქს სატერი საბჭოთა კავშირიდან 1974 წელს, 8 წლის ასაკში ჩაიყვანეს ამერიკაში. მისი მამა კრიმინალური საქმეებით ცნობილი მიშა შეფეროვსკი ( მეტსახელად черепица -„კრამიტი“) იყო, რომელმაც ნიუ-იორკშიც ძველი „სპეციალობით“ გააგრძელა საქმიანობა. თავად ფელიქსი 1991 წელს მანჰეტენში ბარში ჩხუბისთვის გაასამართლეს. თუმცა მალევე ფელიქსმა საბროკერო ფირმა გახსნა ნიუ- იორკის საფონდო ბირჟაზე: ეს კრიმინალური ფულის გათეთრების საუკეთესო ადგილი იყო. ფელიქს სატერს არ გაუმართლა: მისმა საქმიანობამ ეფ-ბი-აის ყურადღება მიიპყრო და 40 მილიონი დოლარის თაღლითობის საქმეში ბრალი წაუყენეს. 1996 წელს მან დანაშაული აღიარა, თანამშრომლობა დაიწყო გამოძიებასთან და სასჯელიც შეუმსუბუქეს, სამაგიეროდ, ის ამერიკის სპეცსამსახურების ფარული ინფორმატორი გახდა. ფელიქსის მამა - მიხაილ შეფეროვსკი ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს -„სევას“ (სემიონ მოგილევიჩს) ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იცნობდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე სემიონ მოგილევიჩი რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და სოლნცევოს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურად ითვლება. სავარაუდოდ, ეს კავშირები ძალზე დაეხმარა ფელიქსს, რომელიც იარაღით ვაჭრობის ყველაზე დაუნდობელ ბიზნესში ჩაერთო: ის რუსულ იარაღს მთელ მსოფლიოში ყიდდა. ეს ბიზნესი „კრემლის“ ნებართვის გარეშე არც მაშინ ხორციელდებოდა და არც ახლა. თუმცა ფელიქს სატერი უარყოფს, რომ მას კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან. ის ამგვარად ხსნის „სისხლიანი ბიზნესის“ დაწყებას: მოსკოვში, რესტორანში შემთხვევით გავიცანი ერთი რუსი, ერთად დავლიეთ, დავმეგობრდით, შემდეგ კი გავიგე, რომ გენერალი ყოფილა და გე-ერ-უში (რუსეთის სამხედრო დაზვერვა) მუშაობდა, სწორედ ის დამეხმარა ამ ბიზნესის აწყობაშიო. სპეცსამსახურებში შემთხვევით, რომ არაფერი ხდება, თქვენც კარგად იცით. ეს გენერალი ევგენი შმიკოვი იყო, რომელიც ფელიქს სატერის „კეთილ მფარველად“ იქცა: ტონობით იარაღს და საბრძოლო მასალებს აძლევდა, პრობლემებს აცილებდა და რუსეთის ხელისუფლების ყველაზე დაცულ კაბინეტებსაც კი სატერისთვის, „ფეხით აღებდა“. ეს რომ სიმართლე იყო, ქვემოთ დარწმუნდებით.

picture5-1742886429.jpg

მარჯვნიდან მარცხნივ: ფელიქს სატერი, გენერალი შმიკოვი, (მესამე პირის ვინაობა უცნობია), დუბაი. 1998 წლის მაისი.

ფელიქს სატერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის, პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, თურმე, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს აგენტი-ინფორმატორი იყო და გენერალ-ლეიტენანტ ევგენი შმიკოვისგან საიდუმლო ინფორმაციას იღებდა.

კიდევ უფრო საინტერესო ის გარემოებაა, რომ ფელიქს სატერის „ამერიკის აგენტობის“ შესახებ, თურმე, მშვენივრად იცოდა... რუსეთის სამხედრო დაზვერვამ. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ თუ ფელიქს სატერის მონათხრობი სიმართლეს შეეფერება, მაშინ მას რუსეთის სპეცსამსახურები მათთვის ხელსაყრელი ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდნენ. სატერის ეს „ორმაგი თამაში“ 2002 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ კი ის... დიდ ბიზნესში – კომპანია Bayrock-ის საინვესტიციო ფონდის სათავეში აღმოჩნდა. ფელიქს სატერის განცხადებით, ამ კომპანიამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში „ტრამპის კოშკების“ მშენებლობაში. დონალდ ტრამპს ძალიან უნდოდა მოსკოვში კიდევ ერთის აშენება, რომელიც, დაახლოებით, ამგვარი უნდა ყოფილიყო.

picture4-1742886429.jpg

დონალდ ტრამპმა რუსეთის ბაზარზე შესვლა ბევრჯერ სცადა, თუმცა პრობლემა კვლავ პროექტის დაფინანსება იყო. თუმცა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი სხვადასხვა ვარიანტს ეძებდა. კომპანია Bayrock Group-მა, რომელსაც რუსეთში ფელიქს სატერი წარმოადგენდა, როგორც უკვე ითქვა, მოსკოვში „ტრამპის კოშკისთვის“ ადგილი შეარჩია და ამიტომაც 2006 წელს ტრამპის უფროსი ვაჟი, დონალდ ტრამპი-უმცროსი და ქალიშვილი ივანკა ტრამპი მოსკოვში ჩავიდნენ. მათ სატერი მასპინძლობდა და ჩანს, ძალზე სურდა თავის გამოჩენა: მან ტრამპის შვილებს ექსკურსია მოუწყო კრემლში და როგორც თავად აცხადებს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კაბინეტიც კი დაათვალიერებინა. ფელიქს სატერი იხსენებს: „ივანკამ იკითხა, შეეძლო თუ არა პუტინის სავარძელში ჩაჯდომა... ის დაჯდა მაგიდასთან, ორჯერ შებრუნდა სავარძელში და სულ ეს იყო“. 2017 წელს პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა კატეგორიულად იუარა ამგვარი შემთხვევის შესაძლებლობა. ისე კი, არაა გამორიცხული, პუტინს ამგვარი „ტრიუკი“ სხვადასხვა მიზნით თავად დაეგეგმა.

არსებული ინფორმაციით, მოსკოვში „ტრამპის კოშკის“ მშენებლობის ლობირებაში ფელიქს სატერს გე-ერ-უს გენერალი ევგენი შმიკოვი ეხმარებოდა. ტრამპების ოჯახი მოსკოვის ხშირი სტუმარი გახდა: 2007-2008 წლებში დონალდ ტრამპი- უმცროსი ექვსჯერ ეწვია რუსეთს, სადაც გამართა არა ერთი მოლაპარაკება ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე - რამდენიმე კერძო ინვესტორთან. მანვე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ...ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთიდან ჩვენთან ბევრი ფული შემოდის... მოსკოვი მირჩევნია მსოფლიოს ყველა სხვა ქალაქსო. 2007 წლის ნოემბერში მოსკოვს თავად „დიდი დონალდი“ ესტუმრა და ე.წ. მილიონერების ბაზრობაზე არაყი Trump Vodka წარადგინა.

მანამდე კი, 2007 წლის 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში Trump Soho-ს გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ფელიქს სატერი და დონალდ ტრამპი დიდხანს საუბრობდნენ.

picture3-1742886429.jpg

ფელიქს სატერი და დონალდ ტრამპი

არსებული ინფორმაციით, აშშ-ისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფელიქს სატერისა და ბიზნესმენ დონალდ ტრამპის გაცნობა 2003 წელს შედგა, თუმცა თავად სატერი ამტკიცებს, რომ ტრამპი 1996 წელს გაიცნო, როდესაც ოფისი დაიქირავა ნიუ-იორკში, Trump Tower-ში.

2006 წელს ფელიქს სატერმა დონალდ ტრამპს იურისტი მაიკლ კოენი წარუდგინა, რომელიც მალევე გახდა ტრამპის „მარჯვენა ხელი“ და ყველა „შავი საქმის“ მომგვარებელი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფელიქს სატერი და მაიკლ კოენი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ ნიუ-იორკში, ბრაიტონ-ბიჩზე. ალბათ, ამიტომაც იყო სატერი გულახდილი კოენთან და ხშირად უმხელდა კონფიდენციალურ ინფორმაციასაც. შემდგომ წლებში, როდესაც „მიულერის კომისიამ“ გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის ბიზნესპარტნიორ ფელიქს სატერსა და ადვოკატ მაიკლ კოენს შორის 2015 წლის ელფოსტის შინაარსი, ძალზე ბევრი კითხვა დაიბადა.

picture2-1742886428.jpg

ფელიქს სატერის სავიზიტო ბარათი (2010 წელი): „ფელიქს სატერი. დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი“.

2013 წლის 8-9 ნოემბერს დონალდ ტრამპი მოსკოვში იმყოფებოდა და კვლავ განიხილავდა ცათამბჯენის აშენების ვარიანტებს და „მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსის ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა, თუმცა მხოლოდ დიმიტრი პესკოვის ტელეფონის ზარს დასჯერდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ვლადიმერ პუტინმა ტრამპს ნიუ-იორკში პატარა ზარდახშა და წერილი გაუგზავნა (ამის შესახებ შემდგომ ვისაუბრებ). მოულოდნელად მოსკოვში ცათამბჯენის აგების საკითხი 2015 წლის ბოლოს, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის ამბიციები ღიად დაადასტურა.

picture1-1742886428.jpg

2015 წლის 13 ნოემბერს ფელიქს სატერი ტრამპის ადვოკატსა და ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირს - მაიკლ კოენს ელექტრონულ წერილში წერდა: ”ჩვენი ბიჭი (იგულისხმება ტრამპი - ბ.ა.) შეიძლება გახდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩვენ შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ. მე დავითანხმებ პუტინის მთელ გუნდს ამ საქმისთვის. მე წარვმართავ ამ პროცესს“. სხვა ელექტრონულ წერილში ფელიქს სატერი მაიკლ კოენს წერს, რომ მოსკოვში Trump Tower-ის აშენება დაეხმარება რუსეთის მთავრობას, შეუერთდეს ტრამპის გუნდს. სატერმა ძველი ამბებიც გაიხსენა: „მე მოვაწყე, რომ კრემლში ივანკა პუტინის კაბინეტში მის მაგიდასთან, მის სავარძელში დაჯდა“.

2015 წლის 3 დეკემბერს რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტმა ევგენი შმიკოვმა სატერს აცნობა, რომ საჭირო იყო დონალდ ტრამპისა და მაიკლ კოენის საპასპორტო მონაცემები, მათთვის რუსეთის ვიზის გასამზადებლად. ფელიქს სატერმა კი ამის შესახებ კოენს ელექტრონული ფოსტით აცნობა. ხედავთ, ხომ, როგორი მოწადინებული იყო სატერი? თუმცა ვინ დაუფასა! დონალდ ტრამპმა ადრევე დაიწყო მისგან დისტანცირება და იუარა მასთან ნაცნობობაც კი: „ახლა ოთახში რომ იჯდეს ვერც ვიცნობდი , არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება“, - განაცხადა აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა 2014 წელს. როდესაც Associated Press-მა 2015 წლის დეკემბერში ჰკითხა სატერზე, ტრამპმა უპასუხა: "მე მას არ ვიცნობ", ხოლო 2017 წელს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა: საერთოდ არ მახსოვს, ვინაა ყოფილი მოსკოველი ფელიქს სატერიო. ამ დროს კი მასთან სულ მცირე 10-12 წლის ბიზნესპარტნიორობა აკავშირებდა.

(მერვე ნაწილის დასასრული)

TOP.GE