ტრამპი აღდგომამდე ჩქარობს, პუტინს კი 9 მაისს ორმაგი გამარჯვების გამოცხადება სურს - ზელენსკის მძიმე მშვიდობას აიძულებენ?!
პოლიტიკური ლიდერების ზეამბიციები ყოველთვის გადაჯაჭვულია კონკრეტულ თარიღებთან, რომელთა დამთხვევით, მათ თავიანთი პირადი იმიჯის ამაღლება სურთ, როგორც საკუთარი ქვეყნების ამომრჩევლებში, ისე - მსოფლიოს მასშტაბით...
გამონაკლისად არც უკრაინის ომი, უფრო სწორად კი - მისი შესაძლო „დაპაუზების“ ან, სულაც, საერთოდ შეჩერების თემა იქცა.
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს სურთ ახლა საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან თავისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებელი ამოიღონ, შეიძლება, უკრაინის პრეზიდენტსაც აწუხებს ასეთივე აზრები, მაგრამ მოსკოვისა და ვაშინგტონის ინტერესების შესრულება, ძირითადად, სწორედ კიევის ხარჯზე მოხდება...
ამ ბლოგის 2025 წლის 11 თებერვლის სტატიაში: „ტრამპის 7-პუნქტიანი გეგმა და „მათრახი და თაფლაკვერი“ პუტინისა და ზელენსკისთვის - როდის დასრულდება ომი უკრაინაში?“ ვწერდით, რომ „იგეგმება ცეცხლის შეწყვეტა რუსეთ-უკრაინის ომში, 2025 წლის 20 აპრილისთვის, როდესაც მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები ერთ დღეს აღნიშნავენ ქრისტეს აღდგომას, ხოლო მოლაპარაკების წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, საბოლოო დოკუმენტზე ხელის მოწერა - 9 მაისს“. რატომ შეიძლება იყოს მიბმული სწორედ ამ თარიღებთან უკრაინაში ომის შეჩერება, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის:
პირველი - დონალად ტრამპი, რომელიც ქრისტიანობას და ოჯახის სიმტკიცეს, იმავე წინამორბედ ბაიდენთან შედარებით ბევრად მაღლა აყენებს (ყოველ შემთხვევაში, ეს იყო მისი წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილები ამერიკელი ამომრჩევლისთვის), დაინტერესებულია, რომ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით, მისმა ქრისტიანულმა ნაწილმა აღიქვას, როგორც „მსოფლიოს მშვიდობისმყოფელი“, რომელმაც შეძლო ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ყველაზე სისხლისმღვრელი ომის შეჩერება და ისიც - სწორედ ქრისტიანებს შორის (თუმცა, საინტერესოა, რა პასუხი აქვს ტრამპს იმაზე, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში პირჯვარის გადამწერი პუტინი, რომელმაც თითქოს სპეციალურად ილოცა ტრამპის გადარჩენის გამო, როდესაც მას ტყვიამ მხოლოდ ყური გაუკაწრა, ჯერ ასევე ქრისტიანულ საქართველოს დაესხა თავს, ახლა კი დაუნდობლად ბომბავს ასევე ქრისტიანულ უკრაინას?!).
მეორე - პუტინისთვის კი 9 მაისი, ტრადიციულად, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და განსაკუთრებით კი - 2025 წლის 9 მაისი, როდესაც აღინიშნება ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წელი და შემთხვევითი არ არის, რომ მას სწორედ ამავე დღეს სურს, დაამთხვიოს მეორე „გამარჯვების“ გამოცხადებაც - ამჯერად უკრაინაზე...
ამ თარიღებამდე მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ ცაიტნოტში უფრო ტრამპი იმყოფება, ვიდრე - პუტინი, რადგან სწორედ ტრამპი იქადნებოდა რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში ერთი სატელეფონო ზარით შეჩერების შესაძლებლობას და მას მოუწევს მრავალმილიონიანი ამერიკელი ამომრჩევლისთვის და მსოფლიოს რამდენიმე მილიარდი მოსახლისთვის პასუხის გაცემა, თუ რატომ ვერ შეძლო მან დანაპირების აღსრულება, თუ არა ერთ დღეღამეში, საპრეზიდენტო პირველ ას დღეში მაინც...
ასეთი ცაიტნოტი კი სწორედ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს და აი, რატომ - „დროში გაჭედილ“ ტრამპს პუტინი სპეციალურად კარნახობს ისეთ სერიოზულ მოთხოვნებს, რაც უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასი ხდება, მათ შორის ერთ-ერთ ასეთ პირობასაც უყენებს - უკრაინამ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მთლიანი ოლქები რუსეთის ფედერაციის კუთვნილებად ანუ ისიც, რაც პუტინის საოკუპაციო არმიას ჯერ კიდევ ვერ დაუპყრია უკრაინაში (და კაცმა არ იცის, საერთოდ, შეძლებს ამას თუ არა), ხოლო კიევმა, თურმე, უნდა „გადაუფორმოს“ მოსკოვს...
ასეთ დროს ჩნდება იმის დიდი საფრთხე, რომ ზეამბიციური და თავმოყვარე ტრამპი წავიდეს იმაზე, რაც ერთხელ უკვე საქვეყნოდ გააკეთა თავის ოვალურ კაბინეტში, როდესაც ეცადა, მთელი მსოფლიოს დასანახად დაემცირებინა უკრაინელი კოლეგა - მხოლოდ იმიტომ, რომ თუგინდ 20 აპრილამდე მხოლოდ „დაპაუზდეს“ ეს ომი, ტრამპმა ზელენსკიზე შეიძლება უდიდესი ზეწოლა განახორციელოს, პუტინის „სურვილების“ ასასრულებლად...