"მეგობრებთან ერთად ასულა მთაწმინდაზე, ფუნიკულიორთან გადასახედი ხედი რომ არის იქ მდგარან და ... " - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული 30 წლის ბიჭის ახლობლები?
მთაწმინდაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. არსებული ინფორმაციით, მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 30 წლის ლევან დვალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი ორი მეგობარი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
"მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ სამნი, სამივე ერთმანეთის მეგობრები არიან. ორი კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ლევან დვალი ადგილზე დაიღუპა. მის მეგობრებს მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობდი ლევანს, ჩვენი მეზობელი და მეგობარია. საუკეთესო ახალგაზრდა. რუსთავში ცხოვრობდა ლევანი და მომხდარით ყველანი შეძრულები ვართ. მართლა გამორჩეული, მშრომელი ახალგაზრდა იყო. სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობდა და მეგობრებთან ერთად ასულა მთაწმინდაზე. როგორც შევიტყვეთ ფუნიკულიორთან გადასახედი ხედი რომ არის იქ მდგარან და ისე მოულოდნელად ჩავარდნილა ის მონაკვეთი და მოყვნენ შიგნით. ეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. არ ვიცი რა უნდა ვთქვა,ან როგორ უნდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. ლევანი დაოჯახებული არ იყო. მას ჰყავს ერთი ძმა და მშობლები, რომლებიც რუსთავში ცხოვრობენ, ახლა ამ თავზარდამცემ რეალობის წინაშე ვართ ყველანი და ძალიან განვიცდით. როგორი დაუცველები ვართ ადამიანები~, ამბობს ლევანის მეზობელი და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ლევანის კიდევ ერთი მეგობარს ვესაუბრეთ, რომელიც შეძრულია მომხდარით. ` ჩვენი მეგობარია ლევანი. ადამიანი, რომელზეც მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ვიცნობ იმათაც ვინც დაშავდა, ლევანის მეგობრები არიან ისინი. ერთს ხელი აქვს მოტეხილი, მეორეს ფეხი. მომხდარის დეტალები არ ვიცი, ძალიან შეგვძრა ამ ფაქტმა და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი",- ამბობს ის.
ცნობილია ის, რომ ეს ადგილი, სადაც ტრაგედია დატრიალდა კერძო პირს ეკუთვნის, თუმცა რატომ არ იყო უსაფრთხოება იქ დაცული, იმ ადგილას, სადაც უამრავი ტურისტი და უამრავი ადამიანი მოძრაობს, უცნობია. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უდანაშაულო ადამიანი ეწირება ვიღაცის დაუდევრობას და უპასუხისმგებლობას. ისმის კითხვა, რას აკეთებს ამ დროს მუნიციპალური ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახური, რატომ არ მოწმდება ასეთი საზოგადოების თავშეყრის ადგილები მაინც სადაც უამრავი ბავშვი მოძრაობს და რატომ არ სთხოვენ ქონების მეპატრონეებს მოიყვანონ შენობა ნაგებობები ისეთ მდგომარეობაში, რომ იქ გადაადგილება არ იყოს სიცოცხლისთვის საშიში. `მერამდენე ადამიანი უნდა შეეწიროს ვიღაცის დაუდევრობას. თავის დროზე იქ მოაჯირი იყო და გადასახედი. მთელი თბილისი მოჩანს და ამიტომ ხშირად მიდიან ადამიანები იქ სურათების გადასაღებად. ისიც ითქვა, ესენიც სურათებს იღებდნენო. შევარდნაძის დროს იქ კაფე ფუნქციონირებდა, მაგრამ მერე ისევ უყურადღებოდ იყო მიტოვებული. 10 წელზე მეტია რაც ასეა. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ყველაფრის როგორ უნდა გეშინოდეს ადამიანს. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის და არავინ დასჯილა, არადა რამდენიმე სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა შეეწირა ასეთ უბედურ შემთხვევებს. ისინი ვიღაცის დაუდევრობიდან გამომდინარე დაიღუპნენ. ხომ უნდა დასრულდეს ასეთი ტრაგედიები, ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ვინმემ მომხდარზე, რას აკეთებს ხელისუფლება, რას აკეთებს ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახური, რატომ არ ამოწმებენ ამ ადგილებს, მითუმეტეს მას შემდეგ რა შემზარავი ფაქტებიც მოხდა, თუნდაც ვაკის პარკში, ცოტა ხნის წინ რიყეზე, ამის მერე მაინც რატომ არ მოწმდება ეს ყველაფერი. რატომ უნდა გვეშინოდეს ქუჩაში გადაადგილების ადამიანებს. ხშირად ავდივარ მთაწმინდაზე შვილიშვილებთან ერთად და შიშით უნდა ვიყოთ?!" - ამბობს მომხდარით შეძრული მოქალაქე. ვინ იყო პასუხისმგებელი ამ შენობის უსაფრთხოებაზე, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს დეტალები ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. გარდაცვლილ ახალგაზრდას ექსპერტიზა ჩაუტარდა და და სახლში გადაასვენეს, ხოლო მისი ორი მეგობარი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)