"ახლა პუტინს მოლაპარაკებების გამართვის ილუზიის შექმნა სურს, რათა ერთის მხრივ, დრო გაწელოს და პარალელურად, აშშ-ში გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელ წრეებში ბუნდოვანება შექმნას" - კვირის პალიტრა

"ახლა პუტინს მოლაპარაკებების გამართვის ილუზიის შექმნა სურს, რათა ერთის მხრივ, დრო გაწელოს და პარალელურად, აშშ-ში გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელ წრეებში ბუნდოვანება შექმნას"

თურქეთში განვითარებულ პროცესებსა და იმაზე, ვითარებაში, როცა ევროპას სჭირდება თურქეთი, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება პრეზიდენტ ერდოღანის ბრძოლა მის კონკურენტ „სახალხო რესპუბლიკურ“ პარტიასთან, ასევე იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად რუსი დიპლომატის, კარასინის დანიშვნა, რა მოლოდინები არსებობს აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, გასულ კვირას, თურქმა სამართალდამცავებმა სტამბულის მერი და პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი იმამოღლუ და მისი თანაგუნდელები დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი და კორუფცია. დაკავების წინა დღეებში იმამოღლუს ალმა-მატერმა, სტამბულის მერს უნივერსიტეტის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი გააუქმა.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის პრეზიდენტი ვერ გახდება პირი, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს, ერდოღანის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იმამოღლუს წინააღმდეგ დაწყებული მოვლენები მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სტამბულის მერის იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას უკავშირდება.

მომხდარის გამო საპროტესტო აქციები იმართება სტამბულსა და ქვეყნის რეგიონების დიდ ქალაქებში. ვიცით, რომ უკვე დაკავებულია 1200-ზე მეტი სტამბულის მერის მხარდამჭერი. სავარაუდოდ, როგორ განვითარდება თურქეთში დაწყებული პოლიტიკური პროცესები?

- თურქეთი სპეციფიკური ქვეყანაა და არ ჰგავს სხვა ქვეყნებს. ის კიდევ უფრო არ ჰგავს პოსტსაბჭოთა-პოსტსოციალისტურ ქვეყნებსა და იქ განვითარებულ მოვლენებს. თუ პოსტსაბჭოთა-პოსტსოციალისტურ სივრცეში მთავარი დაპირისპირება პრორუსულ და პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის ხდება, ეს ასე არაა თურქეთში, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა შიდაპოლიტიკური დღის წესრიგია.

საგარეო პოლიტიკური საკითხები თურქულ პოლიტიკურ დებატებში წინა პლანზე ნაკლებადაა ხოლმე. ამიტომ ამ დღეებში სტამბოლსა და თურქეთის სხვა დიდ ქალაქებში გამართულ მიტინგებზე ვერსად დაინახავთ ევროკავშირის, აშშ-ს ან უკრაინის დროშებს.

რაც შეეხება ბრალდებას, დაკავებისას სტამბოლის მერს ექრემ იმამოღლუს ბრალად ედებოდა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და ტერორიზმთან კავშირი. თუმცა, მოგვიანებით ეს უკანასკნელი ბრალდება მას მოუხსნეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია დაკავებულთა სახლებიდან მტკიცებულების სახით ამოღებული ათეულ მილიონობით თურქული ლირა, აშშ დოლარი და ევრო, ასევე ოქრო და სხვა სახის ძვირფასეულობები და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და დაკითხვები გრძელდება.

იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაიწყო ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები თითქმის მთელი თურქეთის მასშტაბით, გარდა ქურთული წარმოშობის მოქალაქეებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონისა.

გამოსვლებს თან სდევს შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიცია იყენებს ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს.

დემონსტრანტები კი აქტიურად იყენებენ ფოერვერკებს. პირველ დღეს იყო მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ერთეული შემთხვევებიც, წყლის ბოთლებსა და ქვებს, ასევე ცეცხლმოკიდებულ ნაგვის ურნებს;

დღეის მონაცემებით, პოლიციამ დააკავა 1 418 მოქალაქე. დაშავებულები არიან ორივე მხარეს. შსს-ს მონაცემებით, შეტაკებებისას სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 123-მა პოლიციელმა. დაშავებული მომიტინგეების ზუსტი რაოდენობის შესახებ კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ახლოვდება რამადანის დღესასწაული. წელს 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით პერიოდში აღინიშნება, რომელსაც ტრადიციულად წინაპრების საფლავზე გასვლა ახლავს ხოლმე თან. მისი აღნიშვნა წმინდაა მუსლიმებისთვის. ამ დროს თურქები დიდი ქალაქებიდან სოფლებში ბრუნდებიან. საპროტესტო აქციების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რამადანის დღესასწაულებზე ქალაქებიდან გასვლის ფონზე შეწყდება თუ არა ეს გამოსვლები და თუ შეწყდება, განახლდება თუ არა ის უკან დაბრუნების შემდეგ.

პოლიტიკურ პროცესში კი ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ან ვერ შეძლებს ოპოზიცია კონსოლიდაციასა და მომხრეების მობილიზებას. ამ მხრივ კი პრობლემები არაერთია. მაგალითად, ოპოზიციამ კი შეძლო ქემალისტური ძალების, მათ შორის, ნაციონალისტების ნაწილის შემოკრება, მაგრამ სირთულეებია პროქურთულ ძალებთან ურთიერთობებში.

იგივე ეხება მომხრეთა მობილიზებას. თურქეთის მოსახლეობა 85 მილიონია. „სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ“ ერთი მილიონი მომხრე რომ გამოიყვანოს ქუჩებში, ეს მთელი მოსახლეობის 1%-ზე ოდნავ მეტი გამოდის. ეს კი პროცენტული გადასახედიდან არც თუ ისე დიდი ციფრია.

- იმის გათვალისწინებით თუ როგორ მოექცა პოლიტიკურ ოპონენტებს პრეზიდენტი ერდოღანი 2016 წელს და შემდეგ წლებშიც, არაა გამორიცხული ერდოღანის პოლიტიკურ ოპონენტებს ისეთივე ბედი ეწიოთ, ვინც უკანასკნელი, როგორც მინიმუმ 10 წელის ებრძვის პრეზიდენტ ერდოღანსა და მმართველობას.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა პრაქტიკულად უარი თქვა ევროპის უსაფრთხოებაზე თანხები ხარჯოს, აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობებში სერიოზული კრიზისი და გაუგებრობაა. ფაქტია, რომ ევროპამ ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნაზე დაიწყო ფიქრი, რომელშიც ანკარისაგან და პირადად ერდოღანისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.

როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ერდოღანმა იგრძნო, რომ ევროპას თურქეთი სჭირდება, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დევნა-შევიწროება დაიწყო. ევროპაში თურქეთის სახალხო-რესპუბლიკურ პარტიასა და მის ლიდერებს კარგად იცნობენ, რადგან ისინი უფრო პროევროპულ პოლიტიკოსებად მიიჩნევიან, ვიდრე ერდოღანი.

თუ პრეზიდენტმა ერდოღანმა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გააგრძელა აკრძალული ილეთების გამოყენება, საინტერესოა, როგორი იქნება ამგვარ ქმედებაზე ბრიუსელისა და ევროპის სხვა დედაქალაქების პასუხი?

- ვახსენე, რომ თურქეთი განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, ამიტომ ზუსტი პარალელების გავლება არასწორი იქნებოდა. ეს ეხება ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულებისა და ლეგიტიმაციის თემასაც. მაგალითად, ერდოღანის ხელისუფლებას, იგივე „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, არ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რაც ართულებს ოპოზიციის მდგომარეობას.

იმამოღლუს დაკავებამდე 3 დღით ადრე (16 მარტს) გაიმართა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. მათი ურთიერთობები ჯერ კიდევ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროიდან იწყება.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად "ინტერპრესნიუსზე"