„თუ თაფლაკვერი პუტინისთვის მოწამლული იქნება, მაშინ..." - ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან: ტრამპზე, პუტინზე, ომზე და თეთრ სახლში "დაკარგულ" საჩუქარზე
აშშ-ის ჟურნალ „ტაიმში“ (TIME) გამოქვეყნებულია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, საიმონ შუსტერის ვრცელი სტატია სათაურით -„ექსკლუზივი: ზელენსკი ტრამპზე, პუტინზე და ომის დასრულებაზე“, რომელშიც გადმოცემულია უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შინაარსი, ავტორისეული კომენტარებით.
გთავაზობთ ნაწყვეტებს პუბლიკაციიდან:
უკრაინის პრეზიდენტმა მარტის საღამოს იმპროვიზებული ექსკურსია მომიწყო - თავისი კაბინეტი დამათვალიერებინა, რომელიც, ჩემი შეხედულებით, საკმაოდ უგემოვნოდ არის მოწყობილი - ბევრია გაპრიალებული თითბერი, დიდი ძველებური ჭაღი... შთაბეჭდილება ისეთი მრჩება, თითქოს ოთახი დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან - მარა-ლაგოდან გადმოუტანიათო.
პრეზიდენტი მებოდიშება, რომ დრო ვერ გამონახა ძველი ავეჯის გამოსაცვლელად და რემონტის გასაკეთებლად. მისი კაბინეტის სიღრმეში პრეზიდენტის სამუშაო მაგიდა მოჩანს, რომელიც ჩემს შთაბეჭდილებას აძლიერებს - ისიც ასევე ძალიან ჰგავს ოვალურ კაბინეტში მდგარ „რეზოლიუტს“ - აშშ-ის პრეზიდენტის მაგიდას. იქვე არის ადგილი, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში: პატარა ერთსაწოლიანი ოთახი, რომლის კედელზე უკრაინის ლიდერის მიერ პირადად შერჩეული ნახატები ჰკიდია.
ისე არ იფიქროთ, რომ ნახატები სამუზეუმო ექსპონატებს წარმოადგენენ. ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი სურათები, დაახლოებით, 200 დოლარი ღირს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტისათვის ისინი ერთობ ძვირფასები და მნიშვნელოვანნი არიან - მათში დამალული აზრის გათვალისწინებით. ერთზე გამოსახულია რუსების ხომალდი, რომელიც შავ ზღვაში იძირება, მეორეზე - უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში, მესამეზე კი, შუა სურათზე (რომელიც ზელენსკის ყველაზე მეტად უყვარს), ასახულია ცეცხლმოდებული მოსკოვის კრემლი. „ ყოველი მათგანი გამარჯვებაზეა“, - მიხსნის პრეზიდენტი, როცა ჩვენ საძინებელში შევდივართ, - „აი, ამ სურათებთან ერთად ვცხოვრობ“.
სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკის საექსკურსიოდ არ მივუწვევივარ. რამდენადაც მივხვდი, მის მიზანს იმ დაძაბულობის განმუხტვა წარმოადგენს, რომელიც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან და ჯეიმს ვენსთან შეხვედრამ გამოიწვია. პირდაპირი ეთერით გადაცემული კადრები მთელი მსოფლიოსათვის სენსაციად იქცა. ზელენსკის არ სურს მომხდარი ამბის გახსენება, რომელსაც მისი ქვეყნისათვის შეიძლება მძიმე შედეგები მოეტანა. მისი სტანდარტული პასუხი ასეთია: „დავუტოვოთ იქ მომხდარი ამბავი ისტორიას“.
(...)
ბევრს, ალბათ, არ ეცოდინება, რომ ვიზიტის დროს დონალდ ტრამპზე პოზიტიური შთაბეჭდილების მოსახდენად ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტა, რამდენიმე საჩუქარი მოემზადებინა და გაეფანტა აშშ-ის პრეზიდენტის ის ანტიუკრაინული შთაბეჭდილებები, რომლებიც თეთრ სახლზე კრემლის პროპაგანდისტული გავლენის შედეგი იყო.
ერთ-ერთი საჩუქარი შეესაბამებოდა დონალდ ტრამპის ეპოქაში ჩასახულ ტრადიციას, რომლის ჩარჩოებში სტუმრებს მასპინძელთან სიტუაციის შესაბამისი ნიშანდობლივი საჩუქრები მიაქვთ, პატივისცემისა და ერთგულების ნიშნად.
ასე, მაგალითად, ამას წინათ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს ოქროს პეიჯერი აჩუქა, იმ ასაფეთქებელი მოწყობილობების ნიშნად, რომლებიც ისრაელმა ლიბანში გამოიყენა პეიჯერების სახით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.
ვლადიმერ პუტინი უფრო შორს წავიდა: მან ცნობილ რუს მხატვარს სურათი შეუკვეთა დონალდ ტრამპის გამოსახულებით და ნახატი თეთრ სახლში გაგზავნა. ვოლოდიმირ ზელენსკის საჩუქარი კი ყველაზე შთამბეჭდავი იყო, სიტუაციის შესაბამისად - მისი მეგობრის, მძიმე წონაში კრივში მსოფლიო ჩემპიონის - ალექსანდრე უსიკის საჩემპიონო ქამარი.
როცა ოვალურ კაბინეტში შევიდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქამარი იქვე, დაბალ მაგიდაზე დაიდო და გეგმავდა, დონალდ ტრამპისათვის გადაეცა შეკრებილი ჟურნალისტების წინაშე, თუმცა, როცა სატელევიზიო ტრანსლაცია დაიყო, ზელენსკიმ გადაწყვეტილება შეცვალა და დონალდ ტრამპს სხვა „საჩუქარი“ გადასცა - საქაღალდე უკრაინელი ჯარისკაცების ფოტოებით, რუსეთში ტყვეობის შემდეგ, რომლებზეც ისინი შიმშილობა-წამებაგამოვლილები იყვნენ.
(...)
ჯედაში (საუდის არაბეთში) გამართული მოლაპარაკების შემდეგ - როცა ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება აღუდგინა, ოვალურ კაბინეტში დატრიალებულმა დრამამ თანდათან სიმწვავე დაკარგა და უსიამოვნო მოგონებად იქცა. ვოლოდიმირ ზელენსკის თვალსაზრისით, შეხლა-შემოხლამ გარკვეული პოზიტიური შედეგებიც მოიტანა ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე, „ზოგი ჭირი მარგებელია“. მარტის პირველ ნახევარში უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზოგიერთი გამოკითხვით, თითქმის 70%-ს მიაღწია - ასეთი მხარდაჭერა ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ომის პირველ წელს თუ ჰქონდა. მე, პირადად, ასეთი ცვლილება უცნაურად მეჩვენება: იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ დიდი რამ იდო მისი ქვეყნის ბედის სასწორზე, როცა ზელენსკიმ ტრამპთან და ვენსთან დავა დაიწყო, უკრაინის მოქალაქეებისათვის უფრო ლოგიკური იქნებოდა, თავიანთი პრეზიდენტი დიპლომატიური ძალისხმევის ჩაშლაში დაედანაშაულებინათ.
როცა მე მას ამის ახსნა ვთხოვე, ზელენსკიმ კითხვაზე კითხვით მიპასუხა: „რატომ იცავდნენ უკრაინელები გმირულად თავს კონფლიქტის დასაწყისში? იმიტომ, რომ მათ ღირსების გრძნობა ჰქონდათ", - მითხრა მან, - „ჩვენ არ ვთვლით ჩვენს თავს ზესახელმწიფოდ, მაგრამ უკრაინელები ძალიან ემოციურები არიან და როცა საქმე ეხება ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას და დემოკრატიას, მაშინ ჩვენი ხალხი ფეხზე დგება და ერთიანობის დემოსტრირებას ახდენს“.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებს იმედი ჰქონდათ, რომ ოვალურ კაბინეტში დაინახავდნენ იმას, რასაც ელოდებოდნენ - აშშ რჩება უკრაინის მოკავშირედ. „მაგრამ იმ მომენტში გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ მოკავშირეები აღარ ვართ ან მსგავსი პოზიციები აღარ გვაქვს“, - აღიარებს ვოლოდიმირ ზელენსკი, - "იმ საუბრის დროს მე უკრაინის ღირსებას ვიცავდი“.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ფასად იქნა ეს მიღწეული. უკრაინელები საკუთარ პრეზიდენტს ამისათვის ბრალს არ სდებენ. ისე ჩანს, რომ - ამერიკელებიც. მარტის შუა რიცხებში ჩატარებული გამოკითხვით (ოვალურ კაბინეტში მომხდარი შეხლა-შემოხლიდან, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ), რესპოდენტთა 60%-მა განაცხადა, რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის სწრაფვას ნატოში გასაწევრებლად. გამოკითხულთა სამი მეოთხედი დაეთანხმა ვოლოდიმირ ზელენსკის იმაში, რომ ვლადიმერ პუტინი სანდო ადამიანი არ არის, ზავის პირობების დაცვის თვალსაზრისით. გამოდის, რომ თეთრ სახლში მომხდარიდან რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგაც კი, როცა აშშ-ის მემარჯვენე პრესა უკრაინას აკრიტიკებს, ამერიკელები მაინც დადებითად აფასებენ ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობას.
უკრაინის ლიდერი ამ მონაცემებში შესაძლებლობას ხედავს. სანამ დონალდ ტრამპი ზავის დადებას დაჟინებით ითხოვს, ვოლოდიმირ ზელენსკის განზრახული აქვს ამ პროცესზე გავლენა მოახდინოს, უშუალოდ ამერიკელი ამომრჩევლებისადმი მიმართვით.
ვატყობ, რომ სწორედ ამიტომ დათანხმდა იგი ჩემთან ინტერვიუს. მაგრამ უკრაინის ლიდერი, ასევე, აღიარებს, რომ თუ იგი დონალდ ტრამპზე გავლენას ვერ მოახდენს, ძალიან მცირე შანსები ექნება სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.
უკიდურეს შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ვლადიმერ პუტინის სიჯიუტე შეიძლება, უპირატესობად იქცეს. ბოლო დროს კრემლი აგრძელებს თავისი პირობების კარნახს კონფლიქტის შესაწყვეტად: არმიის დემობილიზება, მთავრობის შეცვლა და მტკიცე გარანტია კიევისაგან, რომ ქვეყანა არასოდეს გახდება ნატოს წევრი.
ვოლოდიმირ ზელენსკის საუბედუროდ, დონალდ ტრამპი დათანხმდა კრემლის ზოგიერთ მოთხოვნას - დათმო და დღის წესრიგიდან მოხსნა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში წევრად მიღება. აშშ-ის ლიდერმა, ასევე, ინიციატივა წამოაყენა, რომ რუსეთი კვლავ დააბრუნონ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ დემოკრატიული ქვეყნების კლუბში - „დიდი შვიდეულის“ (G7) მერვე წევრად. ზელენსკის თქმით, თუ რუსეთს კლუბში ისევ მიიღებენ (საიდანაც 2014 წელს გარიცხეს, ყირიმის ანექსიის გამო), მაშინ ამით უქმდება ის კონკრეტული სასჯელი, რომელიც პუტინმა უკრაინაში შეჭრის გამო დაიმსახურა ანუ ნეიტრალდება კრემლის საერთაშორისო იზოლაცია. „ეს ძალზე დიდი კომპრომისია", - თვლის ვოლოდიმირ ზელენსკი, - "ეს თითქმის იგივეა, ჰიტლერი რომ პოლიტიკური იზოლაციიდან გამოვიდეს“.
რამდენადაც დონალდ ტრამპი დაბეჯითებით ცდილობს კონფლიქტის შეწყვეტას, მან, როგორც ჩანს, ყველა თაფლაკვერი მხოლოდ პუტინისთვის გაამზადა, უკრაინას კი მხოლოდ მათრახი შეხვდა. ზელენსკი იღიმის და სიტყვებს სათქმელად გულმოდგინედ არჩევს: „თუ თაფლაკვერი მოწამლული იქნება, მაშინ უფალს მადლობას შევწირავ... შესაძლოა, სწორედ ამაშია დიპლომატიური ცბიერება ჩადებული“.
დონალდ ტრამპი თუ მოისურვებს, რუსებს რაღაც-რაღაცებს დაათმობინებს - იმიტომ, რომ ის ერთადერთია დასავლეთში, რომლის მიმართ ვლადიმერ პუტინს შიში აქვს. „მე ვიცი, რომ სამშვიდობო პროცესის გარკვეულ მომენტებში, როცა დონალდ ტრამპი რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებოდა (უკრაინის დაბომბვის გაგრძელების გამო), რუსებს ძალიან ეშინოდათ“, - დარწმუნებულია ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის ლიდერს იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში დონალდ ტრამპი მიხვდება, რომ ვლადიმერ პუტინი უფრო სუსტია, ვიდრე მას ჰგონია და რომ არ შეიძლება მას ვინმე ენდოს - იმიტომ, რომ რუსეთის გამარჯვება ომში კატასტროფას ნიშნავს, არა მარტო უკრაინისთვის, არამედ - მთელი დასავლეთისთვის, განსაკუთრებით - ამერიკისა და მისი ამჟამინდელი ლიდერებისათვის. „დონალდ ტრამპი და მისი გუნდი, რასაკვირველია, არ შეურიგდება ასეთ დამარცხებას, მათ თავიანთი ამბიციები აქვთ, ისინი საკუთარ როლს ხედავენ ისტორიაში - არა მხოლოდ ძლიერი ლიდერების სახით, არამედ - ისეთი იმიჯითაც, რომელიც ომის ღირსეულად დასრულებას შეესაბამება. აი, სწორედ ამიტომ ვერ ვიჯერებ აპოკალიპტურ სცენარებს“, - ასკვნის ზელენსკი.
და მაინც, დონალდ ტრამპთან ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი შეეცადა, მსგავსი სცენარის ამსახველი სურათი დაეხატა: რა მოხდება, თუ ცეცხლის შეწყვეტას თან რუსეთის მხრიდან უამრავი დარღვევები მოჰყვება? უკრაინის სოფლები და ქალაქები, რომლებიც ფრონტის ხაზის გასწვრივ მდებარეობენ, დაემსგავსებიან ცივი ომის დროინდელ ბერლინს - კედლით გაყოფილს, რომლებიც ძლივ-ძლივობით თუ იარსებებენ. ზელენსკის თქმით, აღნიშნული ტერიტორიები ევროპის რუკაზე „მკვდარი ზონები“ გახდებიან. უკრაინის ლიდერი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს სრულიადაც არ სურს პრეზიდენტობის შემდეგ მსგავსი მემკვიდრეობა დატოვოს.
უახლოეს კვირებში ზელენსკი გააგრძელებს ძალისხმევას, რომ ეს ყველაფერი დონალდ ტრამპს და ჯეიმს ვენსს დაუმტკიცოს. მან აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს (რომელსაც ყველაზე მეტად არ მოსწონს ზელენსკი) უკრაინაში ჩასვლა შესთავაზა: „ვიცი, თქვენ არ გინდათ უკრაინაში ჩამოსვლა, მაგრამ ჩვენ მაინც გელოდებით“, - უთხრა ზელენსკიმ, რაზედაც ჯეიმს ვენსს არაფერი უთქვამს.
რამდენიმე დღის შემდეგ იმ დროიდან, როცა მე ზელენსკის კაბინეტის კართან ვიდექი, პრეზიდენტს კითხვა დავუსვი, - "რა იქნა ის საჩემპიონო ქამარი, გადაეცით და მან სახლში წაიღო თუ - როგორ?" „არ ვიცი, - მიპასუხა მან", - შეიძლება ის ისევ იმ მაგიდაზე დევს“.
იმ ალიაქოთში, რომელიც შეხლა-შემოხლას მოჰყვა, უკრაინის ლიდერმა საჩუქარი ოვალურ კაბინეტში დატოვა, პატარა მაგიდაზე, დივანთან ახლოს. როგორც გავარკვიე, ცოტა მოგვიანებით, იმავე დღეს ქამარი ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს აუღია და ტრამპის პირად სასადილოში მიუტანია, სადაც ის ახლა სხვა საჩუქრებთან ერთად დევს - წარუმატებელი დიპლომატიური მცდელობის სამახსოვროდ.
წყარო: https://time.com/7270880/zelensky-trump-putin-ukraine-endgame-interview/