იქნება თუ არა დიდი ბრძოლა თბილისისთვის და შეცდომა, რომელიც შეიძლება ოპოზიციამ დაუშვას - "მე ვხედავ საფრთხეს, რომ..." - კვირის პალიტრა

იქნება თუ არა დიდი ბრძოლა თბილისისთვის და შეცდომა, რომელიც შეიძლება ოპოზიციამ დაუშვას - "მე ვხედავ საფრთხეს, რომ..."

ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოების ნაწილში ლამის წითელ ხაზად იქცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი და რატომღაც ჩაითვალა, რომ მონაწილეობა ღალატი და "ბიძინას­ წისქვილზე წყლის დასხმაა". ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ ამას ოპოზიციის ნაწილი იზიარებს, ნაწილი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. არადა, ამ არჩევნებამდე, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, კანონმდებლობით გაწერილი და ოქტომბრის პირველ შაბათს უნდა გაიმართოს, სულ რამდენიმე თვე რჩება. მონაწილეობაზე უარის მიზეზად თუ საბაბად სახელდება ის, რომ ამით "ოცნებას" ლეგიტიმაცია მიეცემა. თუმცა დღეს რეალობაა, რომ "ოცნებამ" კრიტიკული პერიოდი გადალახა, არც დასავლეთის განცხადებებს უწევს ანგარიშს და ძალაუფლების განსამტკიცებლად ყველაფერს აკეთებს, ოპოზიციამ კი დაკარგა საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი და ამის გამო ბერკეტებიც.­

თუკი რეალობას ვაღიარებთ, ფაქტია, საზოგადოება ჯერჯერობით ვერ ახერხებს, მთავრობას დაანიშნინოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რაიმე რადიკალური თუ არ მოხდა, რისი შანსიც სულ უფრო მცირდება, ეს შეუძლებელი­ იქნება. ამ ვითარებაში კი, ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, რომ ოპოზიცია სწორედ თვითმმართველობის არჩევნებზე აკეთებდეს აქცენტს და თუნდაც თბილისის და დიდი ქალაქების მოგებით დაიწყოს "ოცნების" დამარ­ცხება.

როგორი უნდა იყოს მათი ტაქტიკური ნაბიჯები "ოცნების" დამარცხების სტრატეგიაში და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერში­ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც განცხადება 31 მარტს აქვს დაანონსებული, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.

„მინდა მოვისმინო არგუმენტები, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, რატომ იქნება ცუდი, რომ ხელისუფლებას წავართვათ თუნდაც ნაწილი იმ ბერკეტებისა, რაც აქვს?“

ირაკლი მელაშვილი: - ადგი­ლობრივი­ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამ ხელისუფლებისა და პარლამენტის ლეგიტიმაციას ნიშნავსო, რბილად რომ ვთქვათ, ლეგიტიმაციის არასწორი გაგება ან ინსინუაციაა. თვითმმართველობის არჩევნები როდის უნდა ჩატარდეს,­ განსაზღვრულია კონსტიტუციითა და თვითმმართველობის კოდექსით და არც პარლამენტის მიღებულია და არც ამ პრეზიდენტს მოუწერია ხელი. გარდა ამისა,

თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდებოდა ნებისმიერ პირობებში, ანუ არანაირი კავშირი ამას ლეგი­ტი­მაციასთან არა აქვს, მით უმეტეს­, თუ ლეგიტიმაციის ნაჯახისებურ გაგებას გამოვიყენებთ, გადასახადებს არ უნდა ვიხდიდეთ და დაუმორჩილებლობას უნდა ვაცხადებდეთ.

თუ საყოველთაო დაუმორჩილებლობაზეა ლაპარაკი, კანონებს კი არ უნდა ვაპროტე­სტებდეთ, არ უნდა ვემორჩილებოდეთ - გაპროტესტება და დაუმორჩილებლობა­ კი სხვადასხვა რამაა...

- ერთდროულად არჩევნებში მონა­წილეობა­ და პროტესტი ხალხისთვის გასაგები იქნება?

- პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მოთხოვნად უნდა დარჩეს. მაგრამ ყოველთვის უნდა არსებობდეს გეგმა "ბ". შემოდგომამდე თუ ვერ დავანიშნინებთ რიგგარეშე არჩევნებს, მაშინ რას ვშვრებით? ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები გააყალბა, წააგო თბილისი, წააგო თვითმმართველი ქალაქები.

ვინმემ შეიძლება ამიხსნას ყოველგვარი ლანძღვა-გინებისა და იარლიყების მიწებების გარეშე, რატომ არის ბიძინას თამაში ის, რომ მივიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, მოგებული თბილისი წავართვათ, ჩამოვართვათ 2-მილიარდიანი ბიუჯეტის განკარგვის საშუალება, ჩამოვართვათ იმის საშუალება, რომ თბილისის­ ბიუჯეტით ბიზნესმენები მოისყიდონ, ან ვეღარ გამოიყენონ ის ადმინისტრაციული რესურსი, რასაც იყენებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ა.შ.

იგივე გავაკეთოთ, სადაც ეს შესაძლებელია, მინიმუმ, დიდ ქალაქებში. ეს რატომ არის ბიძინას თამაში? აბა, ეს ყველაფერი დავუთმოთ­ ბიძინას უბრძოლველად? წინასწარ მივულოცოთ გამარჯვება, რომ დაამყარონ მმართველობაში სრული ცენტრიზმი, დაწყებული პრემიერითა და სოფლის ბოლო რწმუნებულით დამთავრებული? ეს რატომ არის სწორი ტაქტიკა და არა სწორედ "ქართული ოცნების" თამაშში შეყოლა? იმედია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იარლიყების გარეშე ყოველივე ამას ახსნიან.

მე ვხედავ ერთ საფრთხეს - თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ყველა ვარიანტში, მიიღებს თუ არა ეს ოთხი სუბიექტი მონაწილეობას, და ის იქნება მრავა­ლპარტიული. ლეიბორისტები, "გირჩი"­ და ა.შ. და "ოცნებას" ყველგან ექნება სათქმელი, რომ არჩევნები მრავალპარტიული იყო.

გარდა ამისა, ალბათ, ჩამოიყვანენ საერთა­შორისო დამკვირვებლებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, დასკვნებში დაწერენ, რომ რიგმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, რამაც შეამცირა ნდობა საარჩევნო პროცესისადმი, და იქნება რეკომენდაცია, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური­ და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში იყოს დიალოგი და ა.შ., მაგრამ არაფერი არ იქნება ისეთი, რაც შეარყევს­ "ოცნების" ლეგიტიმაციას - ანუ ამით მოხდება "ოცნების" ლეგიტიმაცია და მეორე, მივიღებთ ამ ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაციას.

- იქნებ ოპოზიციას თბილისის მოგების იმედი არა აქვს?­

- გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებში, რომელსაც ოპოზიცია მოუმზადებელი შეხვდა, მაინც მოიგო თბილისი,­ დაახლოებით 60-40-ზე. მაშინ მოიგო თბილისი და ახლა ხელისუფლებით უკმაყოფილება უფრო გაზრდილია, თბილის­ში­ თვე­ების განმავლობაში უამრავი ადამიანი იდგა, დღეს ქუჩაში თუ ისევ ამდენი არაა, არ ნიშნავს, რომ მათი უკმაყოფილება­ სადღაც დაიკარგა. პირიქით, რასაც "ოცნება" მას შემდეგ აკეთებს, უკმაყოფილებას უფრო ზრდის და თუ მოვახერხებთ, რომ იმ ადამიანების თუნდაც 10-20%, რომლებიც აქციებზე მოდიოდნენ, უბნებზე კონტროლსა და ოპოზიციის სასარგებლო აგიტაციაში ჩაერთვება, ვერანაირი გაყალბება "ოცნებას" ვეღარ უშველის, ოღონდ ამას სჭირდება ერთიანი კანდიდატები, ოპოზიციის შეთანხმებული მოქმედება. ეს არ ნიშნავს აუცილებლად ერთიან სიას, რადგან ოპოზიციური ამომრჩეველი ბევრად ჭრელია: არის ხალხი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს იმ სიას მხარს, სადაც სააკაშვილი იქნება, და პირიქით, არის ხალხი, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერებს ძალიან არ უყვართ და მათ არ დაუჭერენ მხარს. თავისუფლად შეიძლება იმ კონფიგურაციის მოფიქრება, როდესაც მაქსიმალურად იქნება მიღებული­ ხმები და დარწმუნებული ვარ, სწორი ორგანიზებისა და კარგად წარმართული კამპანიის შემთხვევაში, ხელისუფლებას არა აქვს თბილისის მოგების შანსი.

- რა შანსია, რომ "ოცნებას" სწორედ ამის შიშით აწყობდეს ოპოზიციის ბოიკოტი და ოპოზიციაც წამოგებული იყოს მის ანკესზე?

- "ოცნებას" არ სჯერა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის იდეის. სულ ამბობენ, ოპოზიცია სულ უარზეა და მერე მაინც მონაწილეობსო და ამით ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის დისკრედიტაციას ცდილობენ. ხელისუფლება რასაც აკეთებს, მესმის, მაგრამ ის არ მესმის, აქეთა ფლანგი რას აკეთებს. გასაგებია, პოლიტიკოსი ლიდერები შეიძლება ვერ გამოვიდნენ ინიციატივით, იმიტომ, რომ არა გვყავს ისეთი ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ საზოგადოებრივ აზრში გარდატეხის შეტანა. ჩვენ გვყავს ლიდერები, რომლებიც საზოგადოებაში გამეფებულ განწყობებს მიჰყვებიან და ცდილობენ მათი ქმედებები ამას შეესიტყვებოდეს.

უნდა მივიღოთ ეს რეალობა და ამიტომ საზოგადოებას მოუწევს სწორი არჩევანის გაკეთება - უნდა მოსთხოვონ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მინიმუმ, ლაპარაკის დაწყება.

ყველაზე ცუდი კი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ამ იწილო-ბიწილოში ვერ მოხერხდება საზოგადოების ნაწილის დარწმუნება და განმეორდება 2010 წლის სცენარი, როდესაც ოპოზიციის ნაწილი წავიდა თვითმმართველობის არჩევნებზე, ნაწილი - ბოიკოტზე. შესაბამისად, ოპოზიციური ამომრჩევლის ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე და გაიმარჯვა­ მაშინდელმა ხელისუფლებამ - "ნაცმოძრაობამ" იმ ქალაქში, რომელსაც ყველა ვარიანტში აგებდა. მეშინია, ახლაც იგივე არ განმეორდეს.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პროცესს ძალიან უწყობს ხელს "ოცნებაც", რადგან მისთვის უფრო კომფორტულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, და შექმნას დემოკრატიის ილუზია. ხელისუფლებისთვის ამაზე კარგი არაფერია, რომ ოპოზიციამ, ამ ოთხმა ძალამ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. თუ შენ ეს ბრძოლა გამოტოვე, სულ უფრო ნაკლები არგუმენტი და ბერკეტი დაგრჩება ქვეყანაში და მის გარეთაც.

- რატომ იქცევიან ასე, რა ახსნა გაქვთ?

- დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან დიდი ცვლილებებია და ჩვენ გეოგრაფიულად ისეთ ადგილას ვართ, ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე, მათ შორის, იდეოლოგიურად ჩვენთან რაღაცები შემოტრიალდება და, თუკი ოპოზიცია იმავე მოთხოვნებით გააგრძელებს საუბარს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, როგორც, ვთქვათ, ბაიდენის ადმინისტრაციას ველაპარაკებოდით, ჩვენ ავცდებით რეალობას, რადგან საშინაო პოლიტიკის ის საკითხები, რაც აქტუალური იყო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, აღარ არის აქტუალური ტრამპის ადმინისტრაციისთვის. არათუ აქტუალური არ არის, სრულიად შეიცვალა.

"ოცნების" პოლიტიკა ბოლო თვეებში მიმართულია იქით, რომ თავისი მოთხოვნებით, ლექსიკით და იმ კანონებით, რასაც იღებს, თანხვედრაში იყოს უკიდურეს მემარჯვენე სპექტრთან, ე.წ. ტექნოოლიგარქებთან, რომლებსაც დღეს ამერიკის ადმინისტრაციაში დიდი გავლენა აქვთ მასკისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მეშვეობით.

"ოცნების" ხაზი ბოლო თვეებში ძალიან კარგად არის გამოკვეთილი და ითვალისწინებს მთელ რიგ ცვლილებებს, იქნება­ გენდერული საკითხი, ოჯახის თემა და ა.შ., რაც ძალიან კარგად ჯდება ამერიკის ადმინისტრაციის ხაზში. საქართველოში ოპოზიციას კი ამაზე ერთადერთი პასუხი აქვს, რომ ეს არის რუსული თამაში.

უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი სტრატეგია, თუ რას ვეუბნებით და რითი ვუპირისპირდებით "ოცნებას". საქართველოს ეკონომიკური ზრდა 11%-იანია, რაც ევრაზიაში საუკეთესოა. ზრდას ადასტურებს "მსოფლიო ბანკიც". ანუ ქვეყანაში რაღაც ხდება და ამ დროს ოპოზიციაში "ოცნების" პოლიტიკას კი არ აანალიზებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, იშლება ეკონომიკაო. იმის ძახილი არგებს რამეს ოპოზიციას, რომ "ოცნების" მომხრეები გაუნათლებლები და ბნელები არიან? ყოველივე ეს იმას ჰგავს, ადამიანი ბრძოლის ველზე იყოს გასული და მოწინააღმდეგის ჩრდილს ეჩხუბოს. ვქმნით ისეთ წარმოდგენას, რომ იქით არიან გაუნათლებელი, არაფრის გამკეთებელი იდიოტები და ამ დროს ის ყველა პარტიას გიგებს, რადგან აქეთა მხარეს არ კეთდება სწორი ანალიზი: რატომ წავაგეთ არჩევნები, რატომ აქვს "ოცნებას" პოპულარულობა შენარჩუნებული, რას აკეთებს ეკონომიკურ პოლიტიკაში ისეთს, რომელიც ასეთ შედეგებს იძლევა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ანალიზი და ისე მოქმედება, და არა ჩრდილებთან ბრძოლა. ელემენტარულია, რომ მოწინააღმდეგის შეუფასებლობა შენი მარცხის მთავარი მიზეზია.

წაიკითხე ვრცლად

TOP.GE