ზამთარი, დიდთოვლობა და ყინვა უკან ჩამოვიტოვეთ, მაგრამ დასავლეთ საქართველოში ამ პერიოდმა პირუტყვის არაერთ პატრონს შეუქმნა პრობლემები. ყველაზე მეტად ეს მათ შეეხო, ვისთვისაც პირუტყვის მოშენება შედარებით სიახლე იყო და ზამთარში მათი შენახვის გამოცდილებაც ნაკლები ჰქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ვეტერინარ შალვა თოთიბაძესთან საუბარი. ბუნება მუდამ სიურპრიზებს გვთავაზობს, მსგავსი დიდთოვლობა და ყინვები არც მომავალ წლებშია გამორიცხული, გამოცდილი ვეტერინარის რჩევები კი დიდთოვლობისა და ყინვების დროს ბევრს დაეხმარება. შალვა თოთიბაძე: - წლევანდელ დიდთოვლობაში სოფლად ერთ-ერთი სერიოზული საფიქრალი პირუტყვის გადარჩენაც იყო. ხალხი წუხდა, რომ პირუტყვი ხანგრძლივ დიდთოვლობას ვერ გადაიტანდა და დაეცემოდა. რატომ შეიძლება გახდეს დიდთოვლობა ამის მიზეზი? - დიდთოვლობა კიდევ დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, განსაკუთრებით საოჯახო მეურნეობებში მართლაც იყო მოსალოდნელი პირუტყვის დახოცვა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ყველა, ვისაც სოფლად პირუტყვი ჰყავს, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ სხვებისთვისაც. სხვათა შორის, კარგია, რომ პირუტყვს ფასი დაედო. სოფლებში ხუმრობენ კიდეც, ისეთი დრო დადგა, ძროხის ფულით ორ ავტომანქანასაც კი იყიდიო. სწორედ ამიტომ, სადაც შესაძლებელია, ჩვენს სოფლებში მოსახლეობის ნაწილი მაინც ცდილობს პირუტყვი იყოლიოს. ზოგმა გამოუცდელმაც კი შეიძინა პირუტყვი და შიში მათაც გაუჩნდათ. ყველამ იცის, რომ დიდთოვლობისას პირუტყვის დაცემის შემთხვევები ყოფილა, და იქნება კიდეც, თუ სათანადოდ არ მოვუარეთ. პირუტყვის დაცემას უპირველესად იწვევს სახსრების ანთება, რომელიც განსაკუთრებით ზამთარში ვითარდება. ბოსელში ამ დროს გროვდება დიდი რაოდენობით ნესტი, მით უფრო, როცა დიდთოვლობაა და პირუტყვი ბოსლიდან ვერ გამოდის. ნესტის დაგროვება განპირობებულია, რა თქმა უნდა, ნესტიანი კლიმატითაც: მაგალითად, გურიაში ნესტის ძალიან დიდი შემცველობაა. თუმცა ზამთრობით ნესტის დაგროვებას იწვევს თავად პირუტყვიც, მისივე გამოყოფილი შარდითა და სუნთქვით, უპირველესად კი, სუნთქვით. პირუტყვი დღე-ღამეში სუნთქვისას კილოგრამობით ორთქლს გამოყოფს. სიცივეში თბილი ორთქლი კონდენსირდება, წვეთებად იქცევა და ბოსელშიც ნესტი გროვდება. სწორედ ამიტომ არის განლაგებული ბაგები ძველ ბოსელში კედლიდან მოშორებით, რათა კვებისას კედელი ძალიან არ დასველდეს, და ეს მაშინ, როდესაც ბოსლები ხის მორებისაგან იყო ნაშენი. დღეს უკვე ბოსლებს აშენებენ ბლოკისგან, რომელიც ნესტის საუკეთესო შემკრებია, მით უფრო მაშინ, როდესაც ზოგიერთი ბლოკის ბოსელს სათანადო რაოდენობით ფანჯარასაც არ უკეთებს. არადა, აუცილებელია ბოსელში ორი პატარა ფანჯარა (0,5მX0,7მ) მაინც იყოს გასანიავებლად. ესეც არ კმარა, პირუტყვი აუცილებლად ხშირ-ხშირად უნდა გავიდეს გარეთ, რათა ერთ ადგილას ხანგრძლივი დგომის გამო ნესტი არ მოერიოს და სახსრები არ დაუავადდეს. როდესაც ხანგრძლივი დიდთოვლობისას პირუტყვი "მუხლის გაშლას" ვერ ახერხებს, სახსრების დაავადების დიდი რისკი აქვს, რომელსაც შესაძლოა ვეღარც უშველო. ამიტომაც ცდილობდნენ ჩვენი წინაპრები ზამთრობით გზების გაწმენდასა და პირუტყვის რაღაც მანძილზე გადაადგილებას. მაგალითად, ხევსურეთში წყარომდე თოვლავდნენ გზას, რათა პირუტყვი წყლის დასალევად ჩაეყვანათ წყაროზე. მოძრაობა ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელი პირობაა და როდესაც ვუზღუდავთ, დაავადების გარემოს ვუქმნით. ბოსელში ხანგრძლივად ყოფნა, ჩვეულებრივ, წველადობასაც აუარესებს. გარდა ამისა, სადგომში პირუტყვს 8-დან 12°ჩ-მდე სითბო აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ზამთრის განმავლობაში ეს ტემპერატურა აუცილებელია, პირუტყვმა რომ გამოზამთრება შეძლოს. - როგორც ვიცი, პირუტყვს ზამთრობით განსაკუთრებული კვებაც სჭირდება სიცივეების გადასალახავად. - აუცილებლად. რადგან ზამთარში ზამთრის დაავადებების დიდი რისკია, პირუტყვს უნდა მისცე სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვები. ზამთრობით პირუტყვს მხოლოდ ჩალასა და თივაზე ვერ გადაიყვან, მარცვლეულიც უნდა დაუმატო, რათა გაძლოს და ჯანმრთელიც იყოს. მეწველი პირუტყვისთვის კიდევ მეტი მარცვლეულია საჭირო, რადგან წველადობას ენერგია სჭირდება. ზამთარში პირუტყვს არ უნდა მოაკლდეს კვება, განსაკუთრებით, თუ ზამთარი ცივი და უხვთოვლიანია და გარეთ საკვებისთვის ვერ გამოდის, წვნიანი საკვები დღეში ერთხელ მაინც აუცილებელია, წყალი კი ძალიან ცივი არ უნდა დაუდგათ. კარგი კვებით პირუტყვი ზამთრობით ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურასა და წონას. გადაცივებაც აღარ ხდება, რაც ასევე საშიშია მისი სიცოცხლისთვის. საკვები, ისეთ ადგილას უნდა ინახებოდეს, რომელიც ნესტისგან არის დაცული. დაობებულ საკვებს პირუტყვი არ ჭამს და თუ შიმშილის გამო მაინც ჭამა, კუჭ-ნაწლავს დაუავადებს. - როგორც ამბობენ, ზამთრობით პირუტყვის დაცემა იმ დროსაც ხდება, როდესაც სახსრები არა აქვს დაავადებული. რას მივაწეროთ ეს? - პირუტყვის მოულოდნელად დაცემა ხდება არა მარტო ზამთრობით, არამედ სხვა სეზონებზეც სხვადასხვა მიზეზით. ამიტომაც არის აუცილებელი დიდი ყურადღება. თუმცა ახლა ბოსელში ხანგრძლივად ყოფნის უარყოფით შედეგებზე ვსაუბრობთ. ამ დროს პირუტყვის უცაბედი დაცემა შესაძლოა გამოიწვიოს დიდი რაოდენობით შარდისგან მოწამვლამ, ჩვეულებრივმა ინტოქსიკაციამ. პირუტყვი ეცემა, მაგრამ ვერ ხვდებიან, რისგან. ამიტომაც უნდა ჰქონდეს ბოსელს სათანადოდ მოწყობილი კანალიზაცია, რაც დადგენილია პირუტყვისთვის. ის ნაგებობას გაწმენდს და პირუტყვს ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს. პირუტყვი ხომ ცოცხალი ორგანიზმია და მასზე საჭიროა ისეთი ზრუნვა, როგორიც სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, მით უფრო, რომ ისინიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს სიცოცხლეს.