"მამიდაჩემი გაოცებული იყო, რა უქენიო? განსაკუთრებული აზარტია" - თეონა აქუბარდიას "ეკლიანი" სიყვარული
"კაქტუსს რაც უნდა თავდაცვის ინსტინქტი ჰქონდეს, ეკლიანი იყოს და უშნოდ გამოიყურებოდეს, ყვავილობის დროს ულამაზესია. ამიტომ მისი მოვლა იმ ერთდღიანი ყვავილისთვის ნამდვილად ღირს", - ამბობს პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია. ის ახლა არა პოლიტიკაზე, არამედ საყვარელ გატაცებაზე გვიყვება. მოყვარული მეყვავილეა, თუმცა მასთან საუბრისას ხვდები, რომ პროფესიონალ მემცენარეს არაფრით ჩამოუვარდება.
- ჩემს პატარაობაში სახლში დედას ბევრი ყვავილი არ ჰქონია, მხოლოდ ლურჯი ია, ჩემი დაბადებიდან მოყოლებული, შინ ფანჯრის რაფაზე გვქონდა. დედა უვლიდა, ფოთლებს მეც ვუწმენდდი, წყალს ვუსხამდი. შემდეგ სახლში ყვავილების მოვლის შესახებ წიგნი აღმოვაჩინე და დავინტერესდი... მერე ბოტანიკას რომ ვსწავლობდი, ამ საგანმა ძალიან გამიტაცა. ჩემს ბიოლოგიის მასწავლებელს მცენარეები ძალიან უყვარდა და ქოთნის ყვავილი ბევრი გვქონდა კლასში. გვიყვებოდა, ოთახის პირობებში როგორ უნდა მოგვევლო მცენარეებისთვის.. მოკლედ, ისე დავინტერესდი, რომ ბოტანიკის ტურში, ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე.
სანამ 90-იანები დაიწყებოდა, ერთხანს მინდოდა ბოტანიკოსი გავმხდარიყავი, 90-იანებში კი პარლამენტის შენობის გვერდით პატარა ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სადაც უცხოეთიდან კაქტუსები შემოჰქონდათ, ულამაზესი ყვავილებით... ფულს ვაგროვებდი, რომ კაქტუსები მეყიდა. თვეში ერთხელ მივდიოდი და შეგროვებული ფულით თითო ჯიშის კაქტუსი მომქონდა. ასე 120 კაქტუსის ქოთანი დავაგროვე.
- გვარიანი კოლექცია შეგიქმნიათ...
- სახლში ამ ქოთნების გამო ყველას გავლა უჭირდა. კაქტუსებზე, მათი მოვლის წესებზე ლიტერატურას ვკითხულობდი... იმხანად ასეთი ცრურწმენა იყო, რასაც ბებია მახსენებდა - გასათხოვარი გოგოს სახლში კაქტუსი კარგი ნიშანი არ არის, ვერ გათხოვდებაო. არადა, 19 წლისა გავთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლიანი მცენარეა, თავდაცვის განსაკუთრებული ინსტინქტი აქვს. ერთი კაქტუსი მქონდა, ბუსუსოვანი, რომლის ეკლები მორწყვის დროს აქეთ-იქით იყრებოდა. მერე იმ ეკლებს პინცეტით ვიღებდი. დიდი უხასიათო ვინმე იყო, მაგრამ ულამაზესი ყვითელი ყვავილები ჰქონდა...
- თქვენი კაქტუსების კოლექცია მზითვის სახით თუ წაიღეთ?
- ვერ წავიღე, რადგან იქ შესაფერისი ფართობი არ გვქონდა. ამიტომ დედას დავუტოვე, თან მხოლოდ ის ბრაზიანი კაქტუსი წავიღე, რომელიც კარგა ხანს შემრჩა... დედამ კაქტუსებს ვეღარ მიხედა და სამწუხაროდ, იქიდან ბევრი ვერ გადარჩა. ყვავილებს ერთი თვისება აქვთ - პატრონის შეცვლა არ უყვართ. რაც უნდა წყალი დაუსხან და მოუარონ, როგორც კი პატრონი ეცვლებათ, ან შინ არ არის, მაშინვე ეტყობათ. როდესაც დასასვენებლად მივდივარ, სახლს ჩემს ძმას ან დას ვუტოვებ, რომ ყვავილებს მიხედონ, მაგრამ მცენარეები მომენტალურად იწყენენ. მერე ტელეფონით ვეკონტაქტები, რჩევებს ვაძლევ... გარდა იმისა, რომ წყლის დასხმა სჭირდებათ, მათთვის აუცილებელია ის ენერგეტიკა, ზრუნვა, რომელსაც პატრონი იჩენს. ესეც დიდ გავლენას ახდენს... ჩემი შვილი ეჭვიანობდა, ამ ყვავილებს მეტ ყურადღებას აქცევ, უფრო გიყვარს, ვიდრე ჩვენო.
- ფოთლოვანი მცენარეებიც გიყვართ?
- ძალიან. მაქვს დიდი ჰიბისკუსი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი ყვავილითაა გამორჩეული, მზიანი განათება უყვარს და ჩემს სახლში ძალიან კარგად ხარობს... მაქვს დიფენბახია, რომელიც ივლიანე ხაინდრავამ მაჩუქა, როდესაც უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი. რამდენჯერაც ამ ყვავილს ვუვლი, ბატონი ივლიანე მახსენდება, დიდი სიყვარულით მაჩუქა... საერთოდ, ვინც იცის, რომ ყვავილები მიყვარს, ქოთნის ყვავილებს მჩუქნიან. მათ ისე ვუვლი, რომ 4-5 წლის შემდეგ უკვირთ, ამხელა როგორ გაზარდეო? შედეგი, რასაც ზრუნვის საპასუხოდ მცენარე გაძლევს, ყველაზე მეტად მომწონს.
- მცენარე პატრონს თითქმის ყოველთვის უფასებს შრომას, ალბათ, მადლიერებას ასე გამოხატავს.
- კი, მადლიერია იმ ყურადღების, რომელსაც პატრონი იჩენს. არადა, ხშირად ჰგონიათ, რომ მცენარის მოვლა წყლის დასხმაა. ასე არ არის. ზოგჯერ მავნებლები უჩნდებათ, ზოგს მზის მხარეს ყოფნა არ უყვარს, ზოგს პირიქით, ასევეა სასუქის მიწოდებაზეც, ძალიან უხდებათ ფოთლების დაბანა, წელიწადში ერთხელ ნიადაგის გამოცვლა... ეს ყველაფერი ჩემი გატაცებაა, რომელიც მაბედნიერებს.
დილას რომ ვიღვიძებ და ჩემს ჰიბისკუსს ახალი ყვავილი აქვს გამოტანილი, საოცარ განწყობაზე მაყენებს. ჩემთვის დილის ამაზე ბედნიერად დაწყება შეუძლებელია. ამიტომ ყველას ვურჩევ, მცენარეებზე ზრუნვა ისწავლონ და მიიღონ ის სიამოვნება, რომელსაც მცენარეები ყოველდღიურად გვაძლევენ.
- როგორც ვიცი, მემცენარეებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ...
- ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნეტში არსებული სოციალური ჯგუფები. ჩემი დიდი ხნის მეგობარია ლაშა ზარგინავა, ჟურნალისტი აჭარის მაუწყებლიდან, რომელსაც უამრავი ყვავილი აქვს. როდესაც რაიმე ახალს შევიძენ, რჩევას ვეკითხები: როგორ ჯობია სასუქის მიცემა, მზის განათების მხარის არჩევა, მათ შორის, მავნებლებთან ბრძოლა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ ინფორმაციის გაცვლა, მცენარეებით თავის მოწონება ამ ჯგუფებში ჩვეულებრივი ამბავია. იქ ახალი მცენარის შეძენითაც მისარგებლია. ეს ყველაფერი პატარა ბედნიერებაა, რომელიც შეგიძლია შინ შეიქმნა, რათა შენს სივრცეში ჰარმონია გქონდეს.
- მითხარით, რომ შინ კატებიც გყავთ. მცენარეებს ხომ არ ემტერებიან?
- მყავს ორი კატა და ყვავილებს ნამდვილად ემტერებიან. განსაკუთრებით ისეთებს, რომლებთან მიახლოებაც მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამიტომ ასეთი მცენარეები ჭერში მაქვს დაკიდებული. "მსხვერპლის გაღებამ" მომიწია, რათა ფლორა და ფაუნა ერთმანეთისთვის შემეთავსებინა. ჭერში საკიდები დავამატე და ასე შეიქმნა "მესამე იარუსი"... განსაკუთრებით მიყვარს შაბათი დილის რიტუალი, რომელსაც ყოველთვის ვატარებ.
- რა რიტუალია?
- შაბათი დილა ყვავილების მოვლით იწყება - წყლის შესხურებითა და მცენარეების დაბანით, როგორც ვთქვი, ეს განსაკუთრებით ფოთლოვნებს უყვართ... ახლა კაქტუსის ყვავილს ველოდები. სანამ ყვავილს მომცემს, ეს პერიოდი მაბედნიერებს, მერე, როდესაც ვიღვიძებ და შედეგს ვხედავ, დადებითად ვიმუხტები. ეს განწყობაზე კარგად მოქმედებს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ეს ის პატარა ოაზისია, რომელიც შეიძლება შენს მიკროგარემოში შეიქმნა. ახლახან თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთი ვიყიდე და უკვე ხეებს ვრგავ. ასევე დავრგე როზმარინი, ლავანდა და ცოტა ხანში ვარდების გაშენებას ვაპირებ, იმიტომ, რომ ჩემი ყვავილები შინ აღარ ეტევა.
- ოჯახის წევრებსაც უყვართ ყვავილები?
- მამას უყვარს, მისი ნაჩუქარი სამი მცენარე მაქვს... მასაც აქვს ჩემი ნაჩუქარი დიფენბახია და ამაყობს, რომ კარგად უვლის. როდესაც მივდივარ, მაჩვენებს, როგორ გაიზარდა. მცენარეებზე ხშირად ვსაუბრობთ. ვფიქრობ, მასაც გამოსდის ფლორასთან ურთიერთობა, კარგი ენერგეტიკა აქვს. არადა, ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ფანტასტიკური ყვავილიც რომ მიუტანო, ერთ კვირაში გაუხმებათ. კი, არიან ასეთებიც, არ შეუძლიათ მცენარეების მოვლა.
ერთ წელიწადს ლონდონში სასწავლებლად ვიყავი და მცენარეები მამიდაჩემს დავუტოვე. ჩინურ ვარდზე დამირეკა, მოკვდა, მამიდა, ფოთლები დაყარაო. ვუთხარი, არ გადააგდო, კვირაში ერთხელ წყალი დაუსხი, ჩამოვალ და მივხედავ-მეთქი. მისგან ცარიელი ღეროები წამოვიღე და სამ თვეში შეიფოთლა. მამიდაჩემი გაოცებული იყო, რა უქენიო? განსაკუთრებული აზარტია, როდესაც მცენარე კვდება და გადაარჩენ... ქოთნის ყვავილის ჩუქება იმათთვის მსიამოვნებს, ვისაც მცენარე უყვარს. ისეთ ადამიანს არ უნდა ვაჩუქოთ, ვინც ვერ გაახარებს. მაშინ მცენარე სიკვდილისთვის უნდა გაწიროთ.
ერთადერთი, სადაც თავს ვერ ვაკონტროლებ, მცენარეების მაღაზიაა. იქიდან დაგეგმილ მცენარეზე მეტი მომაქვს - ეს კიდევ ცალკე ბედნიერებაა. მიხარია, რომ ჩემმა შვილებმაც ისწავლეს მცენარეების მოვლა. ხშირად მეკითხებიან ხოლმე რჩევას.
- ვისაც უნდა ქოთნის ყვავილები მოაშენოს, რას ეტყვით?
- მარტივი მცენარეებით დაიწყონ, დიფენბახიით, იუკათი... ხშირი მორწყვა არ სჭირდება. ერთი დღე აიღონ და კვირაში ერთხელ იმ დღეს მორწყონ. აუცილებელია ოთახის ტემპერატურის წყალი და არა ონკანის. თუ სასუქი უნდა მისცენ, გაზაფხულიდან მოყოლებული, ორ კვირაში ერთხელ მიაწოდონ. გაწევრდნენ ინტერნეტჯგუფებში, სადაც არაერთ სასარგებლო რჩევას მიიღებენ.