გია ხუხაშვილის ანალიზი: რა გეგმები აქვს "ქართულ ოცნებას" და რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია - "საზოგადოების ნაწილს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრიც კი შიშის ზარს სცემს"
გთავაზობთ ეპიზოდს ექპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 24 მარტის ნომერში გამოქვეყნდა.
- კარგა ხანია სალომე ზურაბიშვილი ცდილობს მოახერხოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების, როგორც თვითონ ამბობს, კოორდინაცია. როგორც მისი ბოლო განცხადებები კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, მისი მიზანი არ არის ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, მეტიც, მან გასულ კვირას განაცხადა, ერთიანობა გარედან შემოგდებული თემააო, რაც განსაკუთრებით არ მოეწონათ "ნაციონალურ მოძრაობაში" და ზურაბიშვილი მკაცრად გააკრიტიკეს, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი ბოლოდროინდელი განაჩენის შემდეგ... გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია გიორგი გახარიას პარტიის პოზიცია, რომ არ აპირებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ტიპის ერთობას... გამომდინარე ამ ყველაფრიდან, როგორ ფიქრობთ, რას ცდილობს რეალურად სალომე ზურაბიშვილი და რამდენად რეალურია ამის მიღწევა?
- ზურაბიშვილს აქვს სწორი გეგმა, მაგრამ ეს დღეს კი არა, გუშინ უნდა გაკეთებულიყო...
მეც ვეთანხმები მე-5 პრეზიდენტს, რომ პოლიტიკურ ერთიანობაზე ლაპარაკი არასწორია, პროდასავლური პარტიები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც შიდაპოლიტიკური ხედვებით, ისე ისტორიით და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ერთიანობაზე ლაპარაკი არაკონსტრუქციულია. რა თქმა უნდა, უნდა იყოს კოორდინაცია.
ამ პროცესში 2 თემა არსებობს: ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ საარჩევნო მდგომარეობას, რათა ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური ხელისუფლება; და მეორე - გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ვექტორი.
ამ ყველაფერს სჭირდება პროდასავლური ძალების კოორდინაცია და თანამშრომლობა. ამის პარალელურად პოლიტიკური კონკურენცია ამ პარტიებს შორის უნდა იყოს და ეს იქნებოდა სწორი.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მას თავისი მიზნები და ამოცანები აქვს. თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევენ და როდესაც ერთიანობაზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ მათი ორბიტის გარშემო გაერთიანებას, რაც შეუსრულებელი ამოცანაა.
რაც მთავარია, ამ ტიპის ერთიანობის თეორიული შანსიც რომ დავუშვათ, ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია. მათი მთავარი პოლიტიკური იარაღია მუდმივად "ნაციონალურ მოძრაობასთან" დატოლება და საზოგადოებისთვის ამგვარი გზავნილის გაგზავნა, კი ბატონო, მე ცუდი ვარ, მაგრამ ჩემ წინ ხელისუფლება კიდევ უარესი იყოო. შემთხვევით კი არ ეძახიან ყველას, ვისაც კი მათგან განსხვავებული აზრი აქვს, "ნაცს" - ეს არის მათი სქემა. კვლავაც არსებობს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელსაც, წარსული ტრავმებიდან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრიც კი შიშის ზარს სცემს. წმინდა პოლიტიკურადაც ის ერთიანობა, რაზეც "ნაციონალური მოძრაობა" ლაპარაკობს, წამგებიანი იქნება.
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, კი, ზურაბიშვილი ლაპარაკობს ძალთა კოორდინირების აუცილებლობაზე, მაგრამ, ფაქტია, ვერ აკეთებს ამას. რომ გითხრათ, ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს დგამს-მეთქი, თავს მოვიტყუებთ. ეს ეპიზოდური შეხვედრები, სწორი იდეების გახმოვანება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმედ იქცევა. პოლიტიკაში მთავარი რიტორიკა კი არა, ქმედებაა..
ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი ვერ ახერხებს რაიმე რეალურის გაკეთებას და ეს სამწუხარო რეალობაა.
- ხელისუფლება ახალ-ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით ცდილობს გააძევოს პროტესტი ქუჩიდან. გასულ კვირას დააყადაღეს იმ ფონდების ანგარიშები, რომლებიც პროტესტისას დაშავებულ თუ დაჯარიმებულ პირებს ეხმარებოდნენ, პროკურატურის განცხადებით კი "ფონდები" თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად იყენებდნენ, რომ ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს მიმართავდნენ "კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის"...
- ეს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ცდილობენ დაასუსტონ და გააქრონ ქვეყანაში ნებისმიერი ალტერნატივა, რათა როდესაც დრო მოვა, ანუ როდესაც დადგება გარე აქტორებთან საუბრის დრო, თქვან, კი ბატონო, მე ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ქვეყანაში სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს, ურთიერთობა თუ გინდათ, ჩემთან უნდა იურთიერთოთო.
ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური ამოცანა, მაგრამ ამის გარდა აქვს კიდევ ერთი გაცილებით დიდი მიზანიც - საზოგადოების გათითოკაცება, პროტესტის ქუჩიდან სამზარეულოში შეკეტვა, კონფორმისტული საზოგადოების ჩამოყალიბება... და ეს უკვე გრძელვადიანი ამოცანებია.
მათი რიტორიკის თუ ქმედებების ინსტრუქციები, მეთოდოლოგია, დარწმუნებული ვარ, ან შპარგალკების სახით არის მოსკოვიდან ჩამოტანილი, ან შეიძლება კიდევ უფრო მძიმედ არის საქმე და პირდაპირ იქიდან ჩამოსული ჯგუფები მოქმედებენ მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ და კრემლის გეგმებს ჯერ კა-გე-ბეში და შემდგომ ეფ-ეს-ბეში დამუშავებული ინსტრუქციებით ასრულებენ. ძალიან ბევრი ანალოგიის პოვნა შეიძლება იმასთან, თუ რა ხდებოდა 10-15 წლის წინ რუსეთში, თითქმის იმავეს იმეორებენ დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში რიტორიკის, პროპაგანდის თუ ქმედებების დონეზე... საბოლოო ამოცანაა ჩვენი საზოგადოებაც რუსულივით კონფორმისტულ ნაჭუჭში ჩაიკეტოს, თუმცა, ვფიქრობ, მთლად ასე არ გამოუვათ. რუსეთში პუტინი მაინც "მისიონერია", ეს ყველაფერი რუსული სამყაროს, დიადი "დერჟავის" იდეას ემყარება. საქართველოში ასეთი იდეა არ არსებობს, ამიტომაც ხელოვნური და არასტაბილურია ეს ყველაფერი. მატერიალური მხარეც რომ ავიღოთ, ავტორიტარულ სისტემებს სჭირდებათ კვების მუდმივი წყარო, რაც რუსეთს აქვს ბუნებრივი რესურსების სახით. საქართველოში ასეთი კვების წყარო არ არსებობს, შესაბამისად, არის საფრთხე, რომ საბოლოოდ ეს სისტემური ურჩხული საკუთარ მშობელს შეჭამს. ბიძინა ივანიშვილს საფრთხე პროტესტანტი საზოგადოებისგან კი არ ემუქრება, რისაც ასე ეშინია, არამედ ემუქრება თავისივე შექმნილი სისტემისგან. მოკლედ, დალხენილი ცხოვრება არა აქვს ხელისუფლებას. ამ რეჟიმს გრძელვადიანი სტრატეგიული მომავალი არა აქვს. მოკლედ, უფრო პაროდიულია ის ავტორიტარიზმი, რაც საქართველოშია, იმის პაროდიაა, რაც რუსეთში ხდება...