სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატად და ჩრდილოვანი მთავრობა?! - რას ურჩევეს ექსპერტი ოპოზიციას: "თუ 31 მარტს გარღვევა არ მოხდა, საქმე უარესად იქნ - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატად და ჩრდილოვანი მთავრობა?! - რას ურჩევეს ექსპერტი ოპოზიციას: "თუ 31 მარტს გარღვევა არ მოხდა, საქმე უარესად იქნება"

გთავაზობთ ეპიზოდს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული მასალიდან, რომელიც, ძირითადად, ეხება საკითხს - უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა. გვესაუბრება ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.

"ამ საპროტესტო მოძრაობამ შვა გმირები, რომლებმაც დიდი სიმამაცე გამოავლინეს, მაგრამ ჯერ ვერ შვა ლიდერები"

დავით ზურაბიშვილი: - მე არასოდეს არა ვარ ბოიკოტის მომხრე და ამისთვის მაქვს არგუმენტი - დავუშვათ, არ მიიღე მონაწილეობა, სანაცვლოდ რას სთავაზობ? ბოიკოტირების ერთადერთი მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ ამის შედეგად შიგნით ვინმე დანამუსდეს, ხელისუფლებამ უხერხულად იგრძნოს თავი და დაიწყოს რღვევა. თუ ეს შესაძლებლობაა, კიდევ დავუშვებ, მაგრამ მეეჭვება, ამ ხელისუფლებას ბოიკოტის გამო ასეთი განცდები გაუჩნდეს. ან მეორეა - მთელ მსოფლიოს დაანახო ხელისუფლების სახე, აი, რა ცუდი ტიპები­ არიანო, და გააძლიერონ მასზე ზეწოლა. ეს მეორე არგუმენტიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია, რადგან არავისთვის საიდუმლო არ არის, რა ტიპის ხელისუფლებაა "ოცნება" და ისიც, რომ ივანიშვილის მიზანია მარადიული ხელისუფლება, ამას ყველა ხედავს და ამიტომ ახლა სხვა რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციის ბოიკოტს, არ მესმის. თუ იმის თავი გაქვს, რომ ხელისუფლება ჩამოშალო, შენში ამ ენერგიას, ამ რესურსს გრძნობ, როგორმე კარუსელსაც მოუარე. თუ ის შეგიძლია, ეს რა პრობლემაა?

წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ არ მიიღო­ ამ ოთხმა ძალამ არჩევნებში მონაწი­ლეობა, რას აკეთებს ხელისუფლება - ჯერ ერთი, საერთოდ რომ არავინ მიიღოს მონაწილეობა, ასეთი სიტუაცია მაინც არ იქნება.

მონაწილეობას მიიღებს, მაგალითად, "გირჩი", სხვა პარტიები, "ხალხის ძალასაც" მიაღებინებენ მონაწილეობას. არჩევნები­ ჩაივლის მშვიდ ვითარებაში, ჩამოგიყვანს დამკვირვებლების არმიას და თუ ვინმე იტყვის, ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობაო, უპასუხებენ, მშვენიერი არჩევნები ჩავატარეთ, ვინ აუკრძალა მონაწილეობა, მაგრამ იცოდნენ, რომ წააგებდნენ და ამიტომ არ მიიღესო.

ამით ხელისუფლება უფრო გაიმყარებს ლეგიტიმაციას და ის საპარლამენტო არჩევნებიც, რომლის შედეგებსაც დღეს პრაქტიკულად არ ცნობს მთელი დასავლეთი, ლეგიტიმური გაუხდებათ. ამიტომ ლეგიტიმაციის თემაში არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მხოლოდ ხელისუფლებისთვის არის ხელსაყრელი.

სამწუხაროდ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რატომღაც დაკავებულების გათავისუფლების ან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნების ალტერნატივად განიხილება, რომ მაინც არაფერი გამოდის და მოდი, იქნებ ყვავს კაკალი გავაგდებინოთო. ამას აკეთებს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფიც და აქტივისტების უმეტესობაც, ამიტომაც ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეაო, ოპოზიცია რომ ამბობს, შესაძლოა სწორიც არის, რადგან არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ კიდევ რაღაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შემოაგდოს, თუ დაინახავს, აქეთ საფრთხე ემუქრება. ამიტომ დღესვე არ ამბობენ, რომ მიიღებენ მონაწილეობას, სწორია, მაგრამ არა საკმარისი.

- საკმარისი რა იქნებოდა?

- ერთ-ერთი მოთხოვნა უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად.

ამავე დროს ოპოზიციამ და მთლიანად წინააღმდეგობის მოძრაობამ პრემიერობის კანდიდატად უნდა დაასახელონ სალომე ზურაბიშვილი, მან უნდა დაასახელოს თავისი კაბინეტის წევრები, რომლებიც არ იქნებიან ასოცირებული პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ იქნებიან ყველასგან მხარდაჭერილი.

თუ მერე საქმე სიებზე მიდგება, პოლიტიკურ პარტიები ამ სიებში როგორ და რანაირად უნდა იყვნენ, ძალიან მარტივად შეიძლება აქტივისტების სია ცალკე გაკეთდეს, პოლიტიკური პარტიების - ცალ-ცალკე, ისე, რომ არავის ჰქონდეს ეჭვი, რომელიმე პოლიტიკური ძალა, "ნაცი" იქნება თუ არანაცი, ძალაუფლებას მოიგდებს ხელშიო. ოპოზიციურ ამომრჩეველში ამის ეჭვიც კი არ უნდა დარჩეს, მაგრამ ეს უნდა იყოს გაერთიანებული ძალა, რომელიც ხელისუფლების დამმარცხებელი იქნება. ეს იძლევა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ბენეფიტს: პირველი - მთავარი არგუმენტი, რაც ხელისუფლებას აქვს ოპოზიციის წინააღმდეგ, ის არის, რომ ისინი "ნაცები" არიან, რომ შეიცვლება ხელისუფლება და მოვლენ "ნაცები". 4 პარტიაა ბარიერგადალახული, ყველაზე მეტი აქვს გვარამიას პარტიას, რომელიც ხომ ისევ "ნაცია"? მეორე თავად "ნაცმოძრაობა" და ესენი მოდიან. ეს მოდელი კი, რასაც მე გთავაზობთ,­ ამას გამორიცხავს, რადგან მერე კობახიძემ რამდენიც არ უნდა იძახოს, "ნაცები" მოდიანო, რანაირად იქნებიან "ნაცები", მოდის სალომე და მოდის ეს დანარჩენი ხალხი. ადრეც ვამბობდი, რომ კითხვას, თუ ბიძინა არა, მაშინ ვინო, ცალსახა პასუხი სჭირდება. ის კი არა, რომ კოალიცია იქნება,­ ხალხი გადაწყვეტსო, არამედ კონკრეტული - აი, ესენი მოვლენ. ეს კი, ამ წინააღმდეგობის მოძრაობას დიდ სტიმულს შემატებდა.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, ეს გუნდი ძალიან მარტივად შეიძლება გადაერთოს ადგილობრივი­ თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს აღარ აღიქმება ღალატად.

ეტყვი, არ ნიშნავ პარლამენტის არჩევნებს, მაშინ აქ მოგიგებო - ანუ, სათადარიგო ვარიანტი გრჩება, თუ "ოცნება" არ გთანხმდება და, თუ გთანხმდება, ბუნებრივია, იქაც მონაწილეობ და იქაც.

ოპოზიციას სხვა მოთხოვნების წამოყენებაც შეუძლია. მაგალითად, რიგგარეშე­ არჩევნები ვერ დაინიშნება, თუ პრემიერი არ გადადგება და პარლამენტს ახალი მთავრობისთვის არ დასჭირდება ნდობის გამოცხადება. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ პირდაპირ ახალი არჩევნები კი არა, პრემიერის გადადგომა მოითხოვო - ანუ ხელისუფლება კი არ მიჩიხო და უთხრა, შენ ან დამნებდები, ან წადი აქედანო. არა, უნდა გქონდეს საშუალება, როდესაც რაღაცას მოუგებ, გამოსავალი დაუტოვო, რომ ეს ადვილად გააკეთოს, რათა შენ მიიღო და შეირგო მოგება. საკითხი არ უნდა დააყენო ასე, ან ჩვენ დავიხოცებით, ან თქვენო, რადგან ასეთ შემთხვევაში შანსი იმისა, რომ ხელისუფლების მხარეს იქნება უპირატესობა, გაცილებით დიდია - მას აქვს ის რესურსები, რაც ოპოზიციას არა აქვს და ვერც ექნება. ამ საპროტესტო მოძრაობამ შვა სიმბოლოები, გმირები, რომლებმაც დიდი გამბედაობა და სიმამაცე გამოავლინეს, მაგრამ ჯერ ვერ შვა ლიდერები, რომლებსაც პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ და ვისაც ხალხი არსებული პოლიტიკური ძალების ალტერნატივად აღიქვამს.

- სალომე ზურაბიშვილს "ნაცმოძრაობა" რომ დაუპირისპირდა, ეს მის შანსებს ზრდის, თუ პირიქით, ერთობას ამცირებს.

- ეს ერთი მხრივ, კონსოლიდაციისთვის­ ხელშემშლელია. თუმცა, მეორე მხრივ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაცმოძრაობას" იმდენად ხელისუფლების შეცვლა კი არ სურს, რამდენადაც იმის დამტკიცება, რომ 2012 წელს მოსახლეობამ შეცდომა დაუშვა და ისინი რომ დარჩენილიყვნენ, უკეთესი იქნებოდა. ჩემი აზრით, თუ სალომე ზურაბიშვილის გარშემო ჩამოყალიბდება ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, სადაც "ნაცები"არ გამოჩნდებიან პრიორიტეტულად, ეს უკეთესი იქნება.

თუმცა, თუ ამ დაპირისპირების გამო არ გამოდის, მაშინ უნდა გაიყონ ორად: "ნაცები" ცალკე და ცალკე სალომე ზურაბიშვილი, გახარიას პარტია, "ლელო". მაგრამ ეს არ იქნება უკეთესი, რადგან ისეთ ცალსახა ალტერნატივას არ ქმნის, როგორსაც ერთიანობა.

- ფიქრობთ, რომ 31 მარტს ზურაბიშვილი ერთიანობაზე განცხადებას გააკეთებს?­

- რაღაც გარღვევა თუ არ მოხდა 31-ში, რაღაც არ გამოცხადდა, უარესი იქნება.­ უკვე გითხარით, ყველაზე სწორი იქნებოდა ზურაბიშვილის მეშვეობით ერთიანი ფრონტის შექმნა, თავისი ჩრდილოვანი მთავრობითა და ისეთი ბლოკით, სადაც პოლიტი­კური პარტიები არ არიან პრიორიტეტული.­

ოღონდ ეს უნდა იყოს არა ტექნიკური, არამედ გარდამავალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას დააბრუნებს ევროინტეგრაციის რელსებზე პირველ ოთხ წელიწადშივე - ანუ ოთხწლიანი გეგმაა საჭირო, თუ რას გააკეთებენ. მთავარი შეთავაზება უნდა იყოს, თუ ბიძინა არა, მაშინ­ ვინ! - ეს არის მთავარი კითხვა და თუ მას პასუხი არ გაეცა, ბიძინას ვერასოდეს შეცვლი და მის შემდეგ გვეყოლება მისი მემკვიდრეები. მგონი, ცოტნეზე აქვს არჩევანი გაკეთებული. ის "ქართული ოცნების"­ ახალგაზრდული ფრთის უფროსიც არის. გამორიცხულია, ბიძინა სხვას ენდოს. ერთგულებას შეიძლება ბევრი ეფიცება, მაგრამ კაცმა არ იცის, თუ დაჯდება სათავეში, რას იზამს.

წაიკითხე ვრცლად

TOP.GE