"შოკში ვართ, თავზარდაცემულები, 25-26 წლის, საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ" - რას ჰყვებიან ქუთაისში მომხდარ ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

"შოკში ვართ, თავზარდაცემულები, 25-26 წლის, საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ" - რას ჰყვებიან ქუთაისში მომხდარ ტრაგედიაზე?

ქუთაისში, წყალწითელას ხიდიდან წუხელ მანქანა მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, მანქანაში მყოფი სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

"საფიჩხიაზე, ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდიდან გადავარდა მანქანა, რომელშიც მეგობრები ისხდნენ. სამივე ადგილზე დაიღუპა. ერთ მათგანს ვიცნობდი, ლუკა ებრალიძეს, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. სამწუხაროდ, ასე გვეღუპებიან ახალგაზრდები და ეს დიდი ტკივილია თითოეული ადამიანისთვის. ამ ამბავს ძალიან განვიციდი", - ამბობს ლუკას ახლობელი.

ჩვენი ინფორმაციით, საჭესთან ლუკა იჯდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ის საჭესთან მთვრალი არასოდეს ჯდებოდა, ამიტომ ვერ აუხსნიათ, რამ გამოიწვია ეს საშინელი ავარია.

"ამ ამბავმა ყველანი გაგვანადგურა. ჩემ თვალწინ გაზრდილი ბიჭები არიან. ლუკა და გიორგი მეზობლები და მეგობრები იყვნენ, 25-26 წლის ბიჭები. ბავშვობიდან ერთად მოდიან და სულ ერთად იყვნენ. მესამე ახალგაზრდას მე პირადად არ ვიცნობდი, მითხრეს, რომ ისიც ქუთაისელია, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა. ის ბიჭი გიორგისთან მეგობრობდა. სასწაული, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. უთბილესი, უტკბილესი ბავშვები არ გვყავს. ყველა მათგანი დედისერთა იყო. ლუკას და გიორგის დედა ემიგრაციაში არიან და კვირას ველოდებით. გიორგის მამა არ ჰყავს, ობლად გაზრდილია, იმის გააზრებაც მიჭირს, როგორ უნდა გაუძლონ ამ ოჯახებმა ამ ტკივილს. ჩემი შვილის მეგობრები არიან, ძმებივით გაიზარდნენ.

მე როგორ დავახასიათებ ჩემ თვალწინ გაზრდილ ბავშვებს? ჩემი სისხლი და ხორცი არ იყვნენ, თორემ, ფაქტობრივად, შვილებივით იყვნენ. მათში ყოველთვის ყველაფერს დადებითს ვხედავდი. მათ გარეშე ჩემს სახლში ჭიქას არ აწევდა ჩემი შვილი, განადგურებულია ამ ამბით.

დარწმუნებული ვარ, ვინც მათ იცნობდა, ყველა კარგის მეტს არაფერს იტყვის. ეს თავზარდამცემი ამბავი წუხელ მოხდა და შოკში ვარ. არც ერთი მათგანი დაოჯახებული არ იყო", - ამბობს ბიჭების მეზობელი.

ჩვენ კიდევ ერთ ახალგაზრდას დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ბიჭები მისი მეგობრები არიან და საუბარი მასაც ძალიან გაუჭირდა.

"სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ძალიან კარგი ბიჭები აღარ გვყავს, გაგვანადგრა ამ ამბავმა. მე გიორგის და თენგოს ვიცნობდი. ძალიან კარგი, სიცოცხლით სავსე ბიჭები აღარ გვყავს, ძალიან მიჭირს მათძე წარსულში საუბარი.

საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ. სიტყვებს ვერ ვპოულობ",- ამბობს მეგობარი.

"კვირის პალიტრა" გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს მომხდარი ტრაგედიის გამო. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

(სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE