გუბანოვას ფიასკო და ბერულავა-მეტელკინას უშეცდომო სრიალი - როგორ დაიწყო საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში?
25 მარტს დაიწყო და 30 მარტის ჩათვლით ბოსტონში (აშშ, მასაჩუსეტსის შტატი) გაგრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმი. ბოსტონი, 2016 წლის შემდეგ, მეორედ მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას 42 ქვეყნის 190 სპორტსმენი იღებს.გამარჯვებულებისა და საპრიზო ადგილებზე გასული მოციგურავეების გამოვლენის გარდა, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ბოსტანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით განაწილდება საგზურები 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისათვის. აგრეთვე, ნაწილობრივ განისაზღვრება სარეიტინგო ქულები, მილანში, ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში, 10 საუკეთესო გუნდს შორის ადგილის მოსაპოვებლად.
ამიტომაც განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ევროპის ექსჩემპიონი და ერთ-ერთი წამყვანი მოციგურავეა სტარტი წარუმატებლად აიღო - მან პირველივე ნახტომისას შეცდომა დაუშვა, რამაც მის ციგურაობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა და გუბანოვამ ძალიან დაბალი შეფასება მიიღო - 47,31. ის ჩვენი ნაკრებიდან პირველი გამოვიდა, თუმცა ჩავარდნილი მოკლე პროგრამის შემდეგ, მან გამოსვლა 28-ე ადგილზე დაასრულა და თავისუფალი პროგრამით ვეღარ ისრიალებს.
"მოკლე პროგრამაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამო, ჩვენი ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ამიტომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად მას ოლიმპიური საგზურისათვის ბრძოლა დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირზე მოუწევს, რომელიც სექტემბერში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება", - აცხადებენ ფედერაციაში.