სკანდალური სტატია:„ტრამპი მართალია, როცა თვლის, რომ ევროპელთა თავდაცვა სასაცილოა" - რა ელის ნატოს?! - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: „ტრამპი მართალია, როცა თვლის, რომ ევროპელთა თავდაცვა სასაცილოა" - რა ელის ნატოს?!

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ტრამპი მართალია, როცა თვლის, რომ ევროპელთა თავდაცვა სასაცილოა. სტარმერი და მაკრონი, თითქოსდა, მჭექარედ ლაპარაკობენ, მაგრამ მათი „დახმარების მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელობა ნულოვანია“ (ავტორი - ქონ ქოგლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კირ სტარმერს და ემანუელ მაკრონს შეუძლიათ, რამდენიც სურთ, იმდენი ილაპარაკონ. მათ შეუძლიათ, სიტყვებით საკუთარი თავი „მაგარ ბიჭებად“ წარმოაჩინონ, მაგრამ მათ მიერ შექმნილი „მსურველთა კოალიციისაგან“ არაფერი გამოვა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ბავშვურად გამოხატავენ თავიანთ, ცუდად დამალულ ზიზღს ევროპელი მოკავშირეების მიმართ. სამწუხაროა, რომ მათი სიტყვები მწარე ჭეშმარტებას წარმოადგენს, რომელზედაც დაფიქრება აუცილებელია. ასე, მაგალითად, ამას წინათ სკანდალურად გახმაურებული საუბრის დროს, სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ევროპელებს „აშშ-ის კმაყოფაზე მყოფნი“ უწოდა, მაგრამ ვერც შეედავები, რადგანაც კონტინენტის ლიდერებმა მრავალი წლის განმავლობაში ვერა და ვერ შეასრულეს ძირითადი ვალდებულებები, სამხედრო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით, ნატოს ჩარჩოებში.

თუ დიდ ბრიტანეთს და დანარჩენ ევროპას რაღაც როლის შესრულება სურთ სამშვიდობო საქმეში, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.

ახლაც კი, როცა მათ როგორც იქნა გააცნობიერეს თავიანთი თავდაცვითი შეთანხმებების სრული უუნარობა, ევროპელი ლიდერები თვითონვე ძირს უთხრიან საკუთარ ინიციატივებს მილიარდობით ევროს დახარჯვაზე, სამხედრო მოდერნიზაციისათვის და უადგილო დავას იწყებენ იმაზე, თუ ვის შეუძლია ევროპის გადაიარაღებაში მონაწილეობა და ვის - არა.

თუ ფრანგები თავისას მიაღწევენ და ლონდონს ევროპული თავდაცვიდან გარიყავენ, მაშინ ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს, ბრექსიტის გამო, თავის 150-მილიარდიან ფონდთან ახლოს არ მიაკარებს - მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატოს შემადგენლობაში ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოს წარმოადგენს.

უფრო მეტიც - საფრანგეთი ცდილობს, თავისი ანტიბრიტანული პოზიცია გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ, წესით და რიგით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მხარდამჭერი უნდა იყოს „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ შექმნა-განმტკიცებაში.

რამდენადაც კირ სტარმერს ჯერაც არ წარმოუდგენია მეტი ინფორმაცია „კოალიციის“ სტრუქტურაზე და მის უფლებამოსილებაზე, ძნელია, შეედავო დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელს - სტივ უიტკოფს მის ნათქვამში, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის წევრების გახმაურებულ ქსელურ საუბარში გააჟღერა: „კირ სტარმერის ინიციატივა ევროპელების პოზიორობაა და მეტი არაფერი“, - ასეთნაირად შეაფასა სტივ უიტკოფმა ბრიტანელი პრემიერის ძალისხმევა.

თუ ევროპელ მხედართუფროსთა იმ სამიტის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელიც ნორტვუდში არსებულ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ ოპერატიულ შტაბში ჩატარდა და რომელზეც ოპერატიული დაგეგმვის საკითხები იხილებოდა, მაშინ სტივ უიტკოფი აშკარად მართალია. სამიტზე მიღებული ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ნორმალური გადაწყვეტილება იმით გამოიხატება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებს - Typhoon Eurofighter-ებს უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად გამოიყენებენ.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც კითხვა ისმება - როგორ? დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს თვითონაც არ ჰყოფნით და მწვავედ სჭირდებათ საფრონტო ავიაგამანადგურებლები, შესაბამისად, ძალიან ძნელი იქნება ერთი საბრძოლო ავიაესკადრილიის გადასროლა უკრაინაში, თანაც - ერთი სამხედრო-საჰაერო ქვედანაყოფი რუსეთის აგრესიას, თუკი მის დაწყებას კრემლი მოისურვებს, ვერანაირად შეაჩერებს.

და თუ მხოლოდ ამით იქნება გამოხატული კირ სტარმერის „კოალიციის“ როლი და წვლილი, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქსელურ ჩატში ამერიკელ ჩინოვნიკებს ესოდენ დაბალი აზრი აქვთ თავიანთ ევროპელ მოკავშირეებზე.

ამას ადასტურებს ვიცეპრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის გადაწყვეტილებაც, ეწვიოს დანიის სამეფოს ნაწილს - კუნძულ გრენლანდიას, ისე, რომ კოპენჰაგენისაგან ნებართვა არ აიღოს.

მისი აზრით, რადგანაც გრენლანდიაზე აშშ-ის ყველაზე დიდი არქტიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს (პიტუფიკში), მას უფლება აქვს, როცა სურს, ბაზა მაშინ მოინახულოს. ვიცეპრეზიდენტს ევროპული პრობლემები არ აინტერესებს.

გრენლანდიაზე ჯეიმს ვენსის ვიზიტმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, დონალდ ტრამპის მრავალგზის მუქარების ფონზე, რომ ამერიკა კუნძულის ანექსიას განახორციელებს, აშშ-ის უსაფრთხოების თვალსაზრისით. პიტუფიკის ბაზა ხომ კოორდინაციას უწევს კოსმოსისადმი დაკვირვებას და ანტირაკეტული თავდაცვის სისტემას!

რამდენადაც რუსეთის (და ჩინეთის) მოქმედება არქტიკის რეგიონში ამერიკისათვის გამოწვევას ნიშნავს, დონალდ ტრამპს სურს, გრენლანდია მთლიანად გააკონტროლოს, მაგრამ დანია, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის - ნატოს ერთ-ერთი დამაარსებელია, კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ის სურვილს და არ სურს, დაკარგოს თავისი სუვერენიტეტი პოლარულ რეგიონზე.

დონალდ ტრამპის, ჯეიმს ვენსის და აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა საკვანძო თანამდებობების მქონე ჩინოვნიკების ქედმაღლური დამოკიდებულება ევროპელი პარტნიორების მიმართ არა მარტო ნატოს მომავალს ემუქრება, არამედ იმასაც ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციის მეთაური - აშშ-ის პრეზიდენტი - ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც შეუთავსებელია ევროპული ქვეყნების ინტერესებთან.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც თეთრმა სახლმა გააფორმა, უკრაინის მონაწილეობით, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ვაშინგტონს ანგარებითი ზრახვები ამოძრავებს, იმიტომ, რომ უკრაინის ერთადერთი აშკარა წარმატება, რაც მან რუსეთთან ომში მიაღწია, ეს სწორედ შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ მიმართული დარტყმებია, რომლის შედეგად კრემლმა კატასტროფული ზარალი განიცადა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს კიევს ამ კოზირის სწორად გამოყენებაში, დონალდ ტრამპი პირიქით აკეთებს - ხელს უწყობს რუსეთს, უკრაინის ძლიერი პოზიციის ძირის გამოთხრაში: ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, შეწყვიტოს დარტყმები ყირიმზე და მის ირგვლივ არსებულ საზღვაო აკვატორიაში, ასევე, არ არის გამორიცხული, მოსკოვს რიგი სანქციებიც მოუხსნას.

ეს ნიშნავს, რომ მოსკოვს შეუძლია, შვებით ამოისუნთქოს: მას მეტად აღარ მოუწევს რესურსების დახარჯვა შავი ზღვის ფლოტის ხომალდებისა და ყირიმში არსებული ბაზების დაცვაზე. ამის ნაცვლად კრემლს შესაძლებლობა ექნება, დონბასში შეტევა გააფართოვოს და კიდევ მეტი ტერიტორია დაიკავოს.

თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ასეთი სახით აქვს წარმოდგენილი „მოგებიანი გარიგება“, უკრაინასთან მიმართებით, მაშინ ამითაც დასტურდება პრეზიდენტის გარემოცვის გულგრილი დამოკიდებულება ევროპული პრობლემების მიმართ.

თუ დიდ ბრიტანეთს და მის მოკავშირეებს სურთ, რაიმე მცირე შანსი მაინც ჰქონდეთ ამ სახიფათო სიტუაციაში, რაღაც გარდატეხის შეტანის მიზნით, მათ დროა, შეწყვიტონ დავა გადაიარაღების გეგმასთან დაკავშირებით. მათ რაც შეიძლება მეტი რესურსები უნდა მიმართონ თავიანთი ინტერესების ანუ ევროპის ინტერესების დასაცავად. და როცა თეთრი სახლი ევროპელთა მტკიცე პოზიციას დაინახავს, მხოლოდ მაშინ გამოავლენს პატივისცემას თავისი მოკავშირეების მიმართ.

წყარო

TOP.GE