პუტინის "ობობის ქსელი" ტრამპისთვის - რა მოხდა მოსკოვში 2013 წლის ნოემბერში?!
თუ დაკვირვებიხართ, როგორ ქსოვს ობობა ბადეს? რა გულმოდგინედ და ფრთხილად ამზადებს სატყუარას მსხვერპლისთვის? რა მოთმინებით ელოდება, შემდეგ შხამიან კლანჭებს შემოახვევს და მსხვერპლიც წინააღმდეგობას წყვეტს. არ დაგიმალავთ: ახალგაზრდობაში ძალზე გატაცებული ვიყავი ობობებზე დაკვირვებით და სახლში რამდენიმე, სხვადასხვა ჯიშის ეს საოცარი არსება (უფრო ცხოველი, ვიდრე - მწერი) მყავდა. რომ გითხრათ, ოჯახის წევრები დიდად აღფრთოვანებულები იყვნენ ჩემი ობობებით-მეთქი, რა თქმა უნდა, მოგატყუებთ. ობობის მოქმედება ერთიანი, კარგად გააზრებული და უმაღლეს დონეზე შესრულებული პატარა „სპეცოპერაციაა“, ამიტომაც ადარებენ ხშირად სპეცსამსახურების ოპერაციას „ობობის ქსელის მოქსოვას“. ამერიკელი და ევროპელი ავტორების ჟურნალისტური გამოძიების მასალების შესწავლის შემდეგ სწორედ ამგვარი ასოციაცია გაჩნდა: პუტინი წლების მანძილზე ქსოვდა „ობობის ბადეს“ დონალდ ტრამპის გასაბმელ-დასაბმელად ან თუნდაც კომპრომეტირება-შანტაჟისთვის.
2018 წლის 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების: ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: მათ შორის - რუსეთის შესაძლო ჩარევა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა კატეგორიულად უარყო ჩარევის შესაძლებლობაც კი, რითაც დონალდ ტრამპის აღფრთოვანება გამოიწვია („აი, ხომ გეუბნებოდით, რუსეთი არ ჩარეულაო“, – ჩაილაპარაკა მან). რუსეთის პრეზიდენტმა კი გააგრძელა მსოფლიოს „დაბოლება“. პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა, ჰქონდა თუ არა რაიმე კომპრომატი რუსეთს დონალდ ტრამპზე? რუსეთის პრეზიდენტმა სულ „ნიანგის ცრემლები“ ღვარა: - როგორ გეკადრებათ, ჩვენ ეგეთი „ცუდები“ არ ვართ, 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ტრამპი მოსკოვში ჩამოვიდა, არც კი ვიცოდი. რამდენი ამერიკელი მილიარდერიც ჩამოვა, მე საიდან უნდა ვიცოდეო?! - შეაცოდა პუტინმა თავი. - როგორ ფიქრობთ, ჩვენ თითოეული მათგანზე ოპერატიულ მუშაობას ვიწყებთ და კომპრომატებს ვაგროვებთ, რა სისულელეა, ამდენი რესურსი სად გვაქვსო. ამ დროს თავად დონალდ ტრამპიც ჩაერთო საუბარში: - რაიმე კომპრომატი რომ ჰქონოდათ, აქამდე გამოაქვეყნებდნენო.
საბოლოოდ კი, ორივე პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ რუსეთი „არ იკადრებდა“ ტრამპზე კომპრომატების მოძიება-შექმნას. ვლადიმერ პუტინი რომ ჩვეულებისამებრ ტყუილს ამბობდა, მალევე დარწმუნდებით.
2007-2015 წლებში რუსეთის ხელისუფლებამ და, პირადად, პუტინმა, დონალდ ტრამპს „კლასიკური ობობის ბადე მოუქსოვა“, სადაც მთავარი „სატყუარა“ მოსკოვში დიდი ბიზნეს-პროექტების განხორციელება და თავად ვლადიმერ პუტინთან ტრამპის პირადი მეგობრობის დაპირება იყო.
ამ ოპერაციისთვის „სცენაზე“ შემოიყვანეს მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმოშობის მილიარდერი, კომპანია Crocus International-ის პრეზიდენტი არას აგალაროვი და მისი ვაჟი, საშუალო დონის მომღერალი, თუმცა მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიძე - ემინ აგალაროვი.
2013 წლის ივნისში დონალდ ტრამპი ლას-ვეგასში იმყოფებოდა, სადაც „მის აშშ-ის“ სილამაზის კონკურსი უნდა ჩატარებულიყო. ამის შემდეგ, უკვე შემოდგომაზე, უნდა გამართულიყო „მის სამყაროს“ კონკურსი, თუმცა ჩატარების ადგილი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. სწორედ ლას-ვეგასის ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში შეხვდნენ პირველად დონალდ ტრამპი და არას აგალაროვი: თურმე, ემინი კლიპის გადაღებას აპირებდა და „დიდ დონალდს“ სთხოვეს დახმარება, რათა ერთ-ერთ ყოფილ „მის აშშ-ის“ კლიპში მონაწილეობა მიეღო.
15 ივნისის საღამოს კი კაზინო Palazzo რესტორანში ძალზე „ჭრელი“ საზოგადოება შეიკრიბა: მილიარდერი დონალდ ტრამპი, მაიკლ კოენი, ტრამპის პირადი ადვოკატი, მამა-შვილი აგალაროვები, Crocus International-ის ვიცეპრეზიდენტი ირაკლი ყაველაძე (ირაკლი თამაზის ძე ყაველაძე დაიბადა 1965 წლის 16 ივნისს, 1992–2003 წლებში იყო Crocus CJSC (აშშ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო 2003-2009 - Crocus International JSC-ის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, შემდეგ კი Crocus International-ის ვიცეპრეზიდენტი. შემდგომ ირაკლი ყაველაძე გარეული აღმოჩნდა დიდ საერთაშორისო სკანდალში, რასაც მოგვიანებით დავუბრუნდები). ამ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ემინ აგალაროვის მუსიკალური პროდიუსერი რობ გოლდსტოუნი და კიდევ რამდენიმე პირი.
საუბარი იახტებს, თვითმფრინავებს, სილამაზის კონკურსის მონაწილეებს და, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპს შეეხებოდა, რომელსაც წინა დღეს 67 წელი შეუსრულდა. როდესაც საუბარი ბიზნესზე ჩამოვარდა, ტრამპმა „კოლეგა მილარდერს“ შესჩივლა: როცა საქმე ეხება რუსეთში ბიზნესის კეთებას, ძალიან ძნელია იპოვო ადამიანები, რომლებსაც ენდობიო. "ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვექნება", – ერთხმად უპასუხა მამა-შვილმა აგალაროვმა.
სწორედ იმ საღამოს გადაწყდა, რომ „მის სამყაროს“ სილამაზის მორიგი კონკურსი მოსკოვში, აგალაროვების კუთვნილ საკონცერტო დარბაზ crocus city hall-ში 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში გამართულიყო. მეორე დღეს ტრამპმა Twitter-ში დაწერა: „ეს იქნება "მის სამყაროს" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი ღონისძიება... როგორ ფიქრობთ, პუტინი მოვა „მის სამყაროს“ კონკურსზე მოსკოვში ნოემბერში... და გახდება ჩემი ახალი საუკეთესო მეგობარი?"
ემინ აგალაროვმა სწრაფადვე უპასუხა საკუთარი ტვიტით: „ბატონო @realDonaldTrump, ყველა, ვისაც იქ შეხვდებით, გახდება თქვენი საუკეთესო მეგობარი, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოსკოვში არც ბატონი პუტინი იქნება გამონაკლისი“.
ემინ აგალაროვი, დონალდ ტრამპი და არას აგალაროვი
მოსკოვში ამ ღონისძიების ჩატარებით ტრამპს სურდა, პირდაპირ კავშირზე გასულიყო ვლადიმერ პუტინთან და სანუკვარი ოცნება, მოსკოვში Trump- ცათამბჯენი, აესრულებინა. დონალდ ტრამპის ახალი ბიზნესპარტნიორი პუტინის „კარის მილიარდერი“ არას აგალაროვი გახდა, რომელიც ამერიკის მომავალ პრეზიდენტს პუტინთან პირად აუდიენციას დაჰპირდა. ამიტომ ტრამპის მოსკოვში ჩასვლის მთავარი მიზანი სილამაზის კონკურსი კი არ იყო, არამედ - რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან პირადი კონტაქტების დამყარება, შემდგომში „დიდი ბიზნესის“ დასაწყებად. ტრამპის უსაზღვრო პატივმოყვარეობა არავისთვის იყო დამალული და სწორედ ეს გამოიყენა (და ახლაც იყენებს) ვლადიმერ პუტინმა: ამერიკელი მილიარდერის ვიზიტი იმიტომ იყო საჭირო, რომ მოსკოვში უფრო ადვილია კომპრომეტირების ოპერაციის (ან თუნდაც, ვითომ კომპრომატების არსებობის დეზინფორმაციული ოპერაციის) განხორციელება, ვიდრე - ამერიკაში.
დონალდ ტრამპი მოსკოვში 2013 წლის 8 ნოემბერს ჩაფრინდა თავისი მეგობრის, ბიზნესმენ ფილ რუფინის პირადი თვითმფრინავით. ტრამპისთვის სასტუმრო Ritz-Carlton-ში დაჯავშნული იყო სწორედ ის საპრეზიდენტო ლუქსი, რომელშიც 2009 წელს ბარაკ ობამა იმყოფებოდა, მოსკოვში ვიზიტის დროს.
არას აგალაროვი სულ ტრამპის გვერდით ტრიალებდა: მან ამერიკის მომავალ პრეზიდენტს რამდენიმე რუსი ბიზნესმენი, მათ შორის - პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი გერმან გრეფი გააცნო. მოგვიანებით გრეფმა განაცხადა, რომ კმაყოფილი იყო ტრამპთან პირადი შეხვედრით: ის არის გონიერი ადამიანი... რომელსაც კარგი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართო. იმ საღამოს არას აგალაროვმა წვეულება მოაწყო Crocus City Hall-ში: მას 58 წელი შეუსრულდა, საპატიო სტუმრების ტევა არ იყო, თუმცა მათ შორის მაინც მილიარდერი დონალდ ტრამპი გამოირჩეოდა. მომავალ პრეზიდენტს გვერდიდან არ ცილდებოდა მისი პირადი დაცვის უფროსი კიტ შილერი.
კიტ შილერი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
ყველა ქვეყანაში და ყველა დროს პირადი დაცვა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ცალკეული პიროვნების სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. რეალურად, დაცვა, დასაცავი პირის ოჯახის წევრი და ამიტომაც - მათი ყველა საიდუმლოების მცოდნეც ხდება. განსაკუთრებით დაფარული საოჯახო და ფინანსური საქმეები არა მარტო "დაცვის" თვალწინ ხდება, არამედ - ხშირად ამასაც სწორედ "დაცვის ბიჭები" აკვარახჭინებენ. კიტ შილერიც დონალდ ტრამპის „მესაიდუმლე“ იყო, განსაკუთრებით, ტრამპის ლამაზ ქალბატონებთან პაემნების ორგანიზება ეხერხებოდა.
ამერიკელმა პორნოვარსკვლავმა სტორმი დენიელსმა (რომელიც ამტკიცებს, რომ 2006-2007 წლებში დონალდ ტრამპთან მას 11-თვიანი რომანი ჰქონდა და შემდეგ მომავალმა პრეზიდენტმა დუმილისთვის 150 000 დოლარი გადაუხადა) ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: მე არასოდეს მქონია დონალდის მობილურის ნომერი. ყოველთვის ვიყენებდი კიტის ნომერს და ის მეუბნებოდა სად უნდა მივსულიყავიო. ეს მცირე გადახვევა იმისთვის იყო საჭირო, რომ დონალდ ტრამპზე შესაძლო კომპრომატების არსებობის საკითხი უკეთ გაირკვეს.
„ქართველ ტრამპისტებს“ ნერვები, რომ არ მოეშალოთ მხოლოდ კიტ შილერის ოფიციალური ჩვენება დავიმოწმოთ. 2017 წლის 10 ნოემბერს აშშ წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრებს კიტ შილერმა განუცხადა, რომ მოსკოვში 2013 წლის 8 ნოემბერს გვიან ღამით მას ერთ-ერთმა „რუსმა მეგობარმა“ შესთავაზა "ხუთი რუსი ლამაზმანის გაგზავნა დონალდ ტრამპის სასტუმროს ნომერში. მაგრამ მე უარი ვუთხარი ასეთ "გულუხვ" შეთავაზებაზეო.
შემდეგ ეს ამბავი ტრამპს რომ მოვუყევი, მან მხოლოდ გაიცინაო. ამის შემდეგ მილიარდერი თავის ნომერში შესულა, შილერი, რამდენიმე წუთით კართან დგომის შემდეგ, თავის ნომერში დაბრუნებულა. „ შემდეგ კი რა მოხდა, არ ვიცი, თუმცა ტრამპმა კარგად იცოდა მოსკოვის სასტუმროს ნომერში ვიდეოგადაღების რისკი, ამიტომ, ჩემი აზრით, იმ ღამეს იქ არაფერი მომხდარაო“, – ამგვარად დაასრულა კიტ შილერმა ჩვენების მიცემა. ამ ტრაგიკომიკურმა ამბავმა ერთი ფრაზა გამახსენა ქართული ფილმიდან
„მხიარული რომანი“: "აკოცა, აკოცა... კინაღამ აკოცა“. ასე რომ, საინამდვილეში თუ რა მოხდა Ritz-Carlton-ის საპრეზიდენტო ლუქსში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის.
მეორე დღეს, 2013 წლის 9 ნოემბერს, კონკურსის ფინალი Crocus City Hall-ში გაიმართა. ეს საკონცერტო დარბაზი, რომელიც ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის, მუსლიმ მაგომაევის სახელს ატარებდა, მილიარდერმა არას აგალაროვმა ააგო და 2009 წლის 25 ოქტომბერს გაიხსნა. საინტერესოა, რომ Trump SoHo-ს პროექტში ტრამპის პარტნიორები ალექს საპირი (თამირ საპირის ვაჟი) და როტემ როზენი (თამირ საპირის სიძე) სპეციალურად ჩავიდნენ მოსკოვში ამ ღონისძიებაზე დასასწრებად. მათ ტრამპთან და აგალაროვთან ერთად განიხილეს Crocus-ის
როტემ როზენი, არას აგალაროვი, დონალდ ტრამპი და ალექს საპირი
ტერიტორიაზე Trump Tower-ის აშენების შესაძლებლობა.
სილამაზის კონკურსში „მის სამყარო 2013“, 80 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ყველა ღელავდა, განსაკუთრებით - დონალდ ტრამპი. არას აგალაროვმა ტრამპს გადასცა: „ბატონ პუტინს სურს ბატონ ტრამპთან შეხვედრაო“. ამის შემდეგ ტრამპი მოუთმენლად ელოდა რუსეთის პრეზიდენტის გამოჩენას და მუდმივად ეკითხებოდა არას აგალაროვს: სიახლე ხომ არ არის რამეო? შემდეგ აგალაროვის მობილურ ტელეფონზე პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დარეკა და ტრამპთან რამდენიმე წუთს ისაუბრა. ამერიკის მომავალი პრეზიდენტი იმედგაცრუებული იყო: პესკოვმა ბოდიში მოიხადა, პუტინს ძალიან სურდა ტრამპთან შეხვედრა, მაგრამ გაჩნდა გაუთვალისწინებელი პრობლემა და პრეზიდენტი მოსვლას ვერ შეძლებსო.
9 ნოემბერს, საღამოს, დონალდ ტრამპი მოსკოვიდან სამშობლოში გაფრინდა. რუსეთის ოფიციალურმა მასმედიამ დიდი აჟიოტაჟი ატეხა: ამერიკელი მილიარდერი მოსკოვში დიდ ბიზნესპროექტებს იწყებსო. შეერთებულ შტატებში დაბრუნებულმა ტრამპმა "ტვიტერში" დაწერა: "ახლახან დავბრუნდი რუსეთიდან - ძალზე ბევრი გავიგე, მოსკოვი ძალიან საინტერესო და საოცარი ადგილია!"
მეორე დღეს მან არას აგალაროვს "ტვიტერში" დაუწერა: "შენ და შენს ოჯახთან ერთად მშვენიერი შაბათ-კვირა გავატარე. თქვენ ფანტასტიკური სამუშაო გასწიეთ. შემდეგი არის TRUMP TOWER-MOSCOW“. Trump Organization-მა და აგალაროვის კომპანია Crocus International-მა ხელი მოაწერეს წინასწარ შეთანხმებას Trump Tower-ის აშენების შესახებ. პროექტის ხელმძღვანელად დონალდ ტრამპი-უმცროსი დაინიშნა. 2014 წლის თებერვალში ივანკა ტრამპი ჩაფრინდა მოსკოვში, რათა ემინ აგალაროვთან ერთად შეერჩია პოტენციური ადგილები Trump Tower-ის პროექტისთვის. თუმცა რამდენიმე კვირაში რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დაიწყო უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს, მათ შორის - რუსულ ბანკებს. ეს იყო დიდი დარტყმა დონალდ ტრამპის ბიზნესისთვის, რადგანაც Trump Tower-ის დაფინანსების უდიდესი წილი სწორედ რუსულ ბანკებს უნდა აეღოთ. ტრამპის პროექტებთან ერთად წლების შემდეგ დიდი განსაცდელი ელოდა, თურმე,
ასე გამოიყურება Crocus City Hall-ი, სადაც 2013 წლის ნოემბერში სილამაზის კონკურსი ჩატარდა.
აგალაროვების საამაყო Crocus City Hall-ს. 2025 წლის 22 მარტს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ ხორასნის განშტოებამ მოახდინა ტერორისტული თავდასხმა ამ საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებზე. მაშინ ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ჯერ ავტომატებით გაუხსნეს ცეცხლი დარბაზში მყოფ ხალხს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს შენობას, რის შედეგად 144 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით - დაშავდა.
2013 წლის ნოემბრის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს არას აგალაროვის ქალიშვილის, შეილას ხელით, საჩუქარი ნიუ-იორკში გაუგზავნა, რაც ადასტურებს, რომ პუტინმა ძალზე კარგად იცოდა 2013 წლის 8-9 ნოემბერს დონალდ ტრამპის მოსკოვში ყოფნის შესახებ და ხუთი წლის შემდეგ ჰელსინკში ტყუილები ილაპარაკა. თუმცა ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, ის ხომ, თურმე, დონალდ ტრამპის გადარჩენისთვისაც ლოცულობდა?!
(მეცხრე ნაწილის დასასრული)