პირველად: ქართველი გენერალი აღიარებს აგვისტოს ომში დაშვებულ შეცდომებს - რა გავიგეთ 2008 წლის ომზე იმაზე უფრო მეტი, რაც მანამდე ვიცოდით - კვირის პალიტრა

პირველად: ქართველი გენერალი აღიარებს აგვისტოს ომში დაშვებულ შეცდომებს - რა გავიგეთ 2008 წლის ომზე იმაზე უფრო მეტი, რაც მანამდე ვიცოდით

ბოლო რამდენიმე დღეა ქართველი ტელემაყურებლის დიდი ნაწილი მთელი დღე „მიჯაჭვულია“ ტელეეკრანებთან, თუმცა არა მორიგი თურქული სერიალის საყურებლად, არამედ - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემებისას...

განსაკუთრებულად საინტერესო გახლდათ ამ კომისიის გუშინდელი, 27 მარტის სხდომა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებთან დაკავშირებით სამ მაღალჩინოსანს, ოღონდ უკვე თადარიგში მყოფ სამხედროს მოუსმინეს, რომელთაგან მთავარი გახლდათ გენერალ-მაიორი ზაზა გოგავა...

აგვისტოს ომის დაწყების მომენტში ბრიგადის გენერალ ზაზა გოგავას ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსის თანამდებობა ანუ გახლდათ ქვეყნის პირველი სამხედრო პირი, ექვემდებარებოდა უმაღლეს მთავარსარდალს -პრეზიდენტს და მასზე უკეთესად და დეტალურად ვინ უნდა იცოდეს, თუ რა ხდებოდა ჩვენი საქართველოსთვის ასეთი საშინელი ომის დაწყებამდე და მის დროს...

ამიტომაც გენერალ ზაზა გოგავას მოსმენა საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული დაძაბულობითა და ემოციებით წარიმართა, რასაც კომისიის წევრებისთვის (რომლებიც არც მალავენ, რომ მათი მთავარი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის პოლიტიკური გასამართლება და დასამარებაა და შეიძლება, არა მარტო ესეც...) ამძაფრებდა ის მომენტიც, რომ თადარიგის გენერალი გოგავა ბოლო ერთ წელზე მეტია, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრდა, თუმცა მეორე თვეა, მან დატოვა ეს პარტია.

რა გავიგეთ აგვისტოს ომზე იმაზე უფრო მეტი, რაც ვიცოდით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ფაქტობრივად, „ჯვარედინი“ დაკითხვა მოუწყო პირდაპირ ეთერში გენერალ გოგავას?

პირველი - გენერალმა გოგავამ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რაც ამავე კომისიაზე დაკითხულ სხვა პირებს ახასიათებდათ, პირდაპირ განაცხადა, რომ ცხინვალისკენ ჯარების მიბრუნების ბრძანება მან გასცა, რაც ახსნა სამხედრო აუცილებლობით, რათა შეტევის აღმოსავლეთ მიმართულებაზე, ერედვიდან სარაბუკისკენ, შემცირებულიყო მოწინააღმდეგის ზეწოლა და მათი ძირითადი ყურადღება ცხინვალის დაცვაზე გადასულიყო.

მეორე - გოგავამ ასევე პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ მან უბრძანა მეოთხე ბრიგადის მეთაურს დასავლეთის შეტევის მიმართულებიდან ძალები 90 გრადუსით მარჯვნივ შემოეტრიალებინა და „დუბავაია როშჩას“ მხრიდან ცხინვალისკენ დაეძრა, ოღონდ... გენერალი მნიშვნელოვან დაზუსტებას აკეთებს - მე ვუბრძანე ბრიგადის მხოლოდ ერთი, ვიმეორებ, ერთი ბატალიონის შემოტრიალებაზე და არა - მთელი ბრიგადის შეტევის მიმართულების შეცვლაზე და როგორ შეასრულა თუ არ შეასრულა ეს ბრძანება, მოკითხეთ მეოთხე ბრიგადის მაშინდელ მეთაურსო...

მესამე - გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი უარყოფს, რომ 7 აგვისტოს ან მანამდე არსებობდა სპეციალურად დამუშავებული სამხედრო გეგმა ცხინვალში შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფების შეყვანაზე და ეს ყველაფერი გამოიწვია შექმნილმა რთულმა სიტუაციამ, როდესაც ქართულ არმიას მოუწია მანევრირებადი თავდაცვის ტაქტიკით ბრძოლა როკის გვირაბიდან შემოჭრილი რუსეთის საოკუპაციო ძალების შესაჩერებლად...

მეოთხე - 2008 წლის 7 აგვისტოს 23:42 წუთზე ძლიერი საარტილერიო ცეცხლის გახსნის ბრძანება გაერთიანებული შტაბების უფროსმა ბრიგადის გენერალმა ზაზა გოგავამ ტელეფონით მიიღო თავად ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისგან - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან, რომ ჩაეხშო მოწინააღმდეგის ის საარტილერიო საცეცხლე წერტილები, საიდანაც მერამდენე დღე იყო, იბომბებოდა ქართული სოფლები, განსაკუთრებით კი - ნული-ავნევის მონაკვეთი, რამაც იქ კიდევაც გამოიწვია ქართული სამშვიდობო ბატალიონის ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება და ორი ქართველი მშვიდობისმყოფელის დაღუპვა...

გარდა ამ საკითხებისა, საგამოძიებო კომისიის რამდენიმესაათიან სხდომაზე ბევრი სხვა მტკივნეული საკითხიც წამოიჭრა, მათ შორის - დიდი ლიახვის (თამარაშენი-კეხვის სათემო) და კოდორის ხეობის ქართული სოფლების მოსახლეობის დაგვიანებული ევაკუაცია, დროშებისა და სამიტინგო ტრიბუნის ჩატანა საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ბევრი სხვა.

ჩემი პირადი აზრი გენერალ ზაზა გოგავას რამდენიმესაათიანი, ემოციური პასუხების თაობაზე ამ კომისიის სხდომაზე:

1992 წლიდან ვაშუქებ სამხედრო თემას და განვლილი 33 წლის განმავლობაში საქართველოს ორ ათეულზე მეტ თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსთან მქონია საქმიანი, ჟურნალისტური ურთიერთობა.

ზაზა გოგავა პირველად ჯერ კიდევ 2002 წელს გავიცანი, როდესაც საქართველოს მაშინდელი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ოფიციალურად პირველად შევიდა პანკისის ხეობაში, მას შემდეგ, რაც იქ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა და იქ მყოფი ჩეჩენი მებრძოლები გაყვანილნი იქნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ.

როგორც არასამთავრობო ჟურნალისტს, ერთადერთს მეც მომეცა საშუალება იმ პირველი ოფიციალური საავტომობილო კოლონით შევსულიყავით პანკისის ხეობაში (თუმცა მარტო ამ ხეობაში მანამდეც არა ერთხელ ვყოფილვარ სარედაქციო დავალებებით), ჩვენს კოლონას „დოჯის“ პიკაპებზე ამხედრებული შავნაბადის ანტიტერორისტული ცენტრის მებრძოლები იცავდნენ, რომელთა ახალმა გერმანულმა ავტომატურმა შაშხანებმა და განსაკუთრებულმა უნიფორმამ ერთგვარი მოწიწება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში (რომლებიც ძალიან კარგად ერკვეოდნენ შეიარაღებაში) -ამერიკელი სპეცრაზმელები შემოვიდნენ ხეობაშიო...

შავნაბადის ამ „ამერიკულ სპეცრაზმს“ კი მეთაურობდა სწორედ ზაზა გოგავა...

მოგვიანებით, როდესაც ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა და ძალოვანი სტრუქტურების „აჯაფსანდალი“ დაიწყო, შავნაბადის ანტიტერორისტული ცენტრი შსს-ს გადაეცა, რომლის მინისტრიც ირაკლი ოქრუაშვილი გახდა და როდესაც 2004 წლის 17 დეკემბერს ის თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს, ზაზა გოგავაც თან წაიყვანა, სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მეთაურად.

2006 წელს, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ერთობლივი ძალისხმევით, „თავსგასული“ ოქრუაშვილისა და მისი გუნდის „ჩაკვლის“ შემდეგ, ზაზა გოგავამ გააგრძელა თავისი წარმატებული სამხედრო კარიერა შეიარაღებულ ძალებში და ჯერ გახდა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი - გაერთიანებული შტაბების უფროსიც, რაც გულზე ძალიან არ ეხატებოდათ იმ მაღალჩინოსან სამხედროებს, რომლებსაც თავდაცვის ეროვნული აკადემია ჰქონდათ დამთავრებული, გაერთიანებულნი იყვნენ(და არიან) ერთგვარ არაოფიციალურ „სამხედრო კლასტერში“ და ჩათვალეს, რომ „პოლიციელი გოგავას“ გაერთიანებული შტატების უფროსად დანიშვნამ მათი სამხედრო კარიერის ზრდა არასამართლიანად შეაფერხა...

სწორედ ამით შემიძლია ავხნა ის ფარული „ბოიკოტი“, რასაც რიგი მაღალჩინოსანი სამხედროები შეიძლება, ვიმეორებ - შეიძლება უნებლიეთ ან სულაც სპეციალურად უწევდნენ გაერთიანებული შტაბების უფროსის, ბრიგადის გენერალ ზაზა გოგავას ბრძანებებსა და დავალებებს, აგვისტოს ომის როგორც დაწყებამდე, ისე - უშუალოდ ომის დროს...

ალბათ, ამიტომაც არის, რომ გენერალმა გოგავამ ამ სხდომაზე საქვეყნოდ მიმართა ყოფილ თუ მოქმედ სამხედროებს - არ გინდათ ზურგს უკან ქირქილი და სოციალური ქსელებით ჩემი „დაბომბვა“, ერთად შევიკრიბოთ და იქ გაგცემთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებსო...

გენერალ გოგავასთან არა ერთი შეხვედრა მქონია, როგორც აგვისტოს ომამდე, ისე - ომის შემდგომ და ბევრ ისეთ საინტერესო სამხედრო თემაზეც გვისაუბრია პირისპირ, რისი გამოქვეყნებაც მაშინ აზრადაც კი არ გამივლია და არც მომავალში ვაპირებ... მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაც დეტალებში არ ვეთანხმები...

საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ვინმე უკეთესად რომ ერკვეოდეს სამხედრო თემაში, ბევრად უფრო საინტერესო კითხვებს დაუსვამდა იქ მიწვეულ გენერალ გოგავას და მჯერა, არანაკლებ საინტერესო და პირდაპირ პასუხებსაც მიიღებდა, თუმცა ამის გამოსწორება ადვილია, მაგრამ ეს, ალბათ, აუცილებლად დახურულ სხდომაზე უნდა მოხდეს, რადგან ყოველივე ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა გამართლებული არანაირად არ იქნებოდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მთავარი კი იცით რა არის?

1992 წლის ცხინვალის,1992-93 წლების აფხაზეთის, 1998 წლის გალის მოვლენების, 2004 წლის ისევ ცხინვალის ომების შემდეგ არც ერთ მაღალჩინოსან სამხედროს და მით უმეტეს - გენერალს (აღარაფერს ვამბობ იმ ვაიპოლიტიკოსებზე, რომელთა გამოისობითაც, უუნარობით თუ სპეციალურად, ჩვენმა ქვეყანამ თავი გაჰყო ამ დამანგრეველ ომებში) ერთი სიტყვა არ წამოსცდენია თავის შეცდომებზე ამ ომებში და ყველა ცდილობდა, ერთმანეთისთვის გადაებრალებინა ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციის წარუმატებლობა...

პირველად ქართული ომების ისტორიაში, გამოჩნდა გენერალი, რომელსაც ეყო გამბედაობა და არ შეუშინდა თავისი წილი შეცდომების აღიარებას და იმ დიდი სინანულის გამოხატვას, რაც აგვისტოს ომმა დაგვატეხა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ლომის წილი ამ სავალალო შედეგებში სწორედ იმდროინდელ პოლიტიკურ ხელისუფლებას მიუძღვის...

TOP.GE