“როგორ უნდა იცოცხლოს მისმა მკვლელმა? ახლა ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თავის პატარას ჩახუტებოდა და ასეთი თავზარდამცემი ამბავი მოხდა. ყველაფერი თავდაყირა დადგა” - რას ჰყვებიან ბიჭზე, რომელსაც პოლიციელი დაეჯახა - კვირის პალიტრა

“როგორ უნდა იცოცხლოს მისმა მკვლელმა? ახლა ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თავის პატარას ჩახუტებოდა და ასეთი თავზარდამცემი ამბავი მოხდა. ყველაფერი თავდაყირა დადგა” - რას ჰყვებიან ბიჭზე, რომელსაც პოლიციელი დაეჯახა

მურმან კალანდია, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს საღამოს საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომელსაც პოლიციელი კობა კვიტანძე მართავდა ტროტუარზე მყოფ 24 წლის ახალგაზრდას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი ადგილიდან გარკვეულ მანძილზე მოისროლა. უმძიმესი დაზიანებებით მურმან კალანდია კლინიკაში გადაიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა უმძიმესი იყო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"დღეს დილის საათებში გარდაცვლილა... ეს მძიმე ამბავი გავიგეთ, ჯერ სახლში გადმოსვენებული არ არის. ყველა განვიცდით მომხდარს და სოფელში დიდი გლოვაა",- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

ამ შემზარავ ავარიაზე ადრე უკვე დავწერეთ. მაშინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ასეთი რამ გვიამბო:

"დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში მოხდა ავარია. სავარაუდოდ, მძღოლი სიჩქარით მოძრაობდა და დაეჯახა ჩვენ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდას, 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც დაჯახების შემდეგ გადააგდო გარკვეულ მანძილზე. ბიჭს იმდენად მძიმე დაზიანება ჰქონდა, რომ კლინიკაში მიყვანისთანავე ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი...

როგორც ვიცი, ბიჭი ფეხით მოძრაობდა, გზაზე არ გადადიოდა, ტროტუარზე იყო და ამ დროს დაეჯახა მანქანა, რომელსაც პოლიციელი მართავდა. აფხაზეთიდან დევნილია ეს პოლიციელი, კობა კვიტანძე, წლებია ჩვენს სოფელში, დარჩელში მუშაობს. ოპერატიული პოლიციის თანამშრომელია. არ მისული სოფლის ცენტრამდე მოხდა ეს მძიმე ფაქტი... მას არ დაუტოვებია იქაურობა, იმ წუთიდან იქ იყო, მერე ექსპერტიზაზე წაიყვანეს და მერე დააკავეს... უპატიოსნესი ოჯახის შვილია და უწესიერესი ბიჭია. ნახევარი წელია რაც დაოჯახებულია, ჰყავს ორსული მეუღლე. სულ შრომობდა, მართლა ძალიან წესიერი ადამიანი. ვერც იმ პოლიციელზე ვიტყვი ცუდს, დიდი ხანია ჩვენს სოფელში მუშაობს... სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ისიც ითქვა მანქანა მოუცურდაო... იმ დღეს თვითონ კობა არ მუშაობდა, სამსახურში არ იყო. მისი მეუღლე ინგლისურის მასწავლებელია და მის წამოსაყვანად მიდიოდა. ამ დროს მოხდა ავარია. კობასაც კარგად დავახასიათებ, მოწესრიგებული ბიჭი იყო და ყველას უკვირს რაც მოხდა, არ უყვარდა დალევაო ამბობენ, ამიტომ სავარაუდოდ სიჩქარეა მიზეზი, რადგან დაჯახების შემდეგ მოისროლა ბიჭი გარკვეულ მანძილზე. ზუსტად დეტალებს ალბათ გამოძიება დაადგენს... ტროტუარზე დაეჯახა მანქანა. გვიან მივედი იქ, სასწრაფოს მიჰყავდა უკვე დაშავებული და მეც უცებ გავყევი. ფაქტს ჰყავს თვითმხილველები. ყველამ გაიგო დაჯახების ხმა და მერე ყველამ მიირბინა იქ. ეტყობა სიჩქარეა მიზეზი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა...

ყველას უყვარს მურმანი. ახლა კიდევ აგრო მაღაზიაში დაუწყია მუშაობა. სულ შრომობდა, ოჯახს არჩენდა თავისი პატიოსანი შრომით, მართლა უწესიერესი ბიჭია",- ამბობდა ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

"თქვენ არ იცით, როგორ დამწყდა გული, რა საშინელებაა, რაც მოხდა. ყოველდღე ვკითხულობდი მის ამბავს და რადგან ამდენმა დღემ გაიარა, მეგონა, რომ გადარჩებოდა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი კეთილი სული. თქვენ არ იცით, როგორი გულკეთილი ბიჭი იყო მურია, რა უსამართლო ყოფილა ეს ცხოვრება, არ ვიცი, როგორ უნდა იცოცხლოს მისმა მკვლელმა. არ ვიცი, როგორ შევძლებ მის სახლში მისვლას და სამძიმრის თქმას... გამძლეობა მის ოჯახს, მშობლებს, რომლებიც განადგურებულები არიან.

ახლა ბედნიერი უნდა ყოფილიყო, უნდა გაეხარა ცხოვრებით, ოჯახი შექმნა, ძალიან კარგი გოგონა შეირთო ცოლად, შვილს ელოდებოდა, თავის პატარას უნდა ჩახუტებოდა და ასეთი თავზარდამცემი ამბავი მოხდა. თქვენ არ იცით, როგორი მშრომელი, დაუზარელი ახალგაზრდა იყო, როგორ ედგა ოჯახს მხარში და უცებ, ყველაფერი თავდაყირა დადგა, ვიღაცის დაუდევრობას შეეწირა.

არც გზაზე გადადიოდა, მოშორებით იყო და პოლიციელის გადაჭარბებულმა სიჩქარემ დაღუპა ოჯახი. ზოგი ამბობს მძღოლი მთვრალი იყოო, ზოგი ამბობს არ იყო მთვრალიო, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, დიდი სიჩქარით მოძრაობდა და შეიწირა უდანაშაულო ბიჭი, ჩვენი მურმანი, რომელიც ყველას გვიყვარდა და ამ ამბავს ყველა განვიცდით.

როგორი იმედი მქონდა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ ისე იყო დაშავებული, ძირითადად, თავი ისე ჰქონდა დაზიანებული, რომ ვეღარაფერი მოახერხეს ექიმებმა.

ვუსამძიმრებს ოჯახს და ყველას ვისაც სტკივა მისი გარდაცვალება. ის პოლიციელი კი იმედი გვაქვს, რომ საკადრისად დაისჯება"- ამბობს ჩვენთან საუბარში მეზობელი.

მურმან კალანდიას ოჯახის ახლობელი, მაია კალანდია სოციალურ ქსელში ეხმიანება ფაქტს. წერს, რომ ბიჭს მთვრალი პოლიციელი დაეჯახა. "24 წლის მურმან კალანდია, რომელსაც მთვრალი პოლიციელი დაეჯახა, ამ დილით გარდაიცვალა. დაქვრივდა 21 წლის, 5 თვის ორსული მეუღლე. მშობლებს მოუკვდათ უკეთილესი შვილი. სოფელმა და ქვეყანამ დაკარგა პატიოსანი მოქალაქე!... ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი!"- წერს მაია კალანდია.

როგორც ცნობილია, დაკავებული პოლიციელი ციხეშია გამოკეტილი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. გამოძიება გრძელდება, რა დასკვნა დადო ექსპერტიზამ, იყო თუ არა რეალურად მთვრალი პოლიციელი, ეს და სხვა ბევრი დეტალი ამ საქმეზე, სასამართლო პროცესებზე გახდება ცნობილი. დამნაშავე პოლიციელი ალბათ საკადრისად დაისჯება, თუმცა ეს ვერანაირი ნუგეშია მურმან კალანდიას ოჯახისთვის. მისი ფეხმძიმე მეუღლისთვის და მშობლებისთვის.

სამწუხაროდ, გადაჭარბებულ სიჩქარეს ხშირად ეწირებიან ადამიანები და ეს უდანაშაულო ახალგაზრდაც მორიგირ მსხვერპლია. კიდევ ერთი ოჯახი განადგურდა.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის, მურმან კალანდიას ოჯახს.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE