გრძელდება "კვირის პალი­ტრაში" ადრესატებისა თუ წერილის ავტორების ვიზიტი, რათა 25 წლის წინ დაწერილი ბარათები მიიღონ. ასე რომ, პროექტი "გზავნილი მომავალში" უამრავ ადამიანს ახარებს, თუმცა, სამწუხაროდ, ასევდიანებს კიდეც. ჩვენც ვაგრძელებთ მათთან შეხვედრასა და გასაუბრებას... ახლა ერთი ოჯახის საოცარი ამბავი უნდა მოგითხროთ. მარიამ ნავაძე ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ენათმეცნიერებას ასწავლის, არის დოქტორანტი. მუშაობს ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ენათმეცნიერების ექსპერტად. მისი მამა, მერაბ ნავაძე, 25 წლის წინ პროექტისთვის "გზავნილი მომავალში" წერილს რომ წერდა, მაშინ მარიამი 7 წლის იყო. მაშინ არც პროფესია ჰქონდა არჩეული და არც ის იცოდა, თუ 25 წლის შემდეგ მამისგან წერილს მიიღებდა. სამწუხარო ის არის, რომ მამა გარდაცვლილია და მისთვის ეს ყველაფერი უზომოდ სევდიანია. მარიამ ნავაძე: - წერილის ადრესატები ვართ მე და ჩემი უფროსი ძმა, მიხეილი. წერილი მივიღეთ მამისგან, რომელიც, სამწუხაროდ, 5 წლის წინ გარდაიცვალა. მამა, მერაბ ნავაძე, ინჟინერი იყო. განათლებული ადამიანი გახლდათ, შესაბამისად, "კვირის პალიტრის" მკითხველიც. კარგად მახსოვს, რომ მხოლოდ მამა კი არა, მასთან ერთად მთელი ოჯახი "კვირის პალიტრის" მკითხველი იყო. მაშინ მედიის ამდენი საშუალება არ იყო, მოგეხსენებათ, არც ინტერნეტი, მაგრამ ამ პროექტმა იმხანად ბევრი ადამიანი აიყოლია და ეს დღევანდელი გადასახედიდანაც გამოჩნდა. მოკლედ, წერილი მამამაც დაწერა... - იცოდით, რომ თქვენთვის წერილი ჰქონდა მოწერილი? - არა, მაგრამ ბავშვობიდან გონებაში მქონდა ჩარჩენილი ასეთი ეპიზოდი - პროექტის შესახებ ვიღაცას უყვებოდა. ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ჰქონდა წერილი გამოგზავნილი. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა რამ იყო, როდესაც ეს გავიგე - წარმოუდგენელი განცდა იყო. - გამოდის, ბარათი სწორედაც რომ წარსულიდან მიიღეთ... - კი, ასეა... გზავნილი თქვენი რედაქციიდან ერთი კვირის წინ გამოვიტანე და დღემდე ამ ემოციით ვცხოვრობ... პროექტის ავტორები, როდესაც "გზავნილი მომავალში" ქმნიდნენ, არ ვიცი, რამდენად აცნობიერებდნენ, თითოეულ გზავნილს რამხელა გავლენა შეიძლებოდა ადამიანზე მოეხდინა. მამის წერილი ჩემს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამას, როგორც ჩანს, თვითონაც უნდოდა, რომ ეს ყველაფერი შვილებისთვის მსგავსი ემოციის მომტანი ყოფილიყო. - ე..ი. ვიღაცას უყვებოდა ამ პროექტის შესახებ, მაგრამ არასდროს წამოსცდენია თქვენთან, რომ 25 წლის შემდეგ შესაძლოა მისგან წერილი თქვენც მიგეღოთ? - არასდროს... ბოლოში წერს, რომ წერილი დედისა და მამისგანო... ვიდრე არ მივედი "კვირის პალიტრის" რედაქციაში და გზავნილი არ ავიღე, დედისთვის მანამდე არ დამირეკავს. ვიცოდი, ინერვიულებდა... ამიტომ მერჩივნა, გამომეტანა და შემდეგ შემეტყობინებინა. მერე დედამ გაიხსენა, რომ მამა რომელიღაც პროექტის შესახებ უყვებოდა, მაგრამ ბარათი თუ გაგზავნა, არ ვიცოდიო. "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე რომ გამოქვეყნდა, მამაჩემის ბიძაშვილს უნახავს და დაგვირეკა. თქვენს სახელზე წერილიაო, მაგრამ მითითებული არ იყო გამომგზავნის ვინაობა. მხოლოდ ნავაძე მარიამი და ნავაძე მიხეილი ეწერა. წამოსაღებად რომ მივდიოდი, დარწმუნებული ვიყავი, მამისგან იქნებოდა, მაგრამ მაინც ვეჭვობდი, იმედგაცრუების ძალიან მეშინოდა. ყველასგან, ვისაც არ უნდა დაეწერა, 25 წლის შემდეგ ბარათის მიღება ამაღელვებელი იქნებოდა, მაგრამ შიში მაინც მქონდა, ვაითუ მამასგან არ ყოფილიყო. - წერილის შინაარსი გაასაჯაროეთ, ხომ? - კი, ისეთია, რომ გამოქვეყნებას იმსახურებდა. მთავარი მასში რაცაა, ჩემი და ჩემი ძმისადმი მომართვაა, რომ ერთმანეთი და ერთმანეთის შვილები უნდა გვიყვარდეს. მამას ძალიან უყვარდა თავისი სოფელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც დავკრძალეთ კიდეც. ესაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორითი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდით, წერილში მისამართად ხორითს მიუთითებს. 25 წლის შემდეგ ბედი საით გადაგვისვრის, არავინ იცის, მაგრამ მშობლიური მხარე შენთვის სამუდამოა და არასდროს არ მივატოვებთო, წერს გზავნილში... ამაში დარწმუნებული იყო და მართლაც ასეა - ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სოფელი. როდესაც სახლს წარმოვიდგენ ხოლმე, ყოველთვის ხორითის სახლი წარმომიდგება. - და მისი სამუდამო განსასვენებელიც ის ადგილი აღმოჩნდა. უეცრად გარდაიცვალა? - 15 წელი მძიმე დაავადებას ებრძოდა... ისეთი განცდა მაქვს, რომ მე და ჩემი ძმა როცა უკვე დაბინავებულები გვნახა, მერე წავიდა - 60 წლის იყო... გვწერს, 25 წლის შემდეგ წერილს რომ მიიღებთ, მინდა ეს ამბავი ჩვენს სოფელში აღნიშნოთო. პრაქტიკულად მისი გზავნილი ანდერძივითაა - დანაბარები, რომელიც უნდა შევასრულოთ. სოფელში მივდივართ მისი ოჯახის უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრები. ყველანი შევიკრიბებით მამას საფლავზე და მის წერილს წავიკითხავთ. - როგორ ფიქრობთ, იმას უშვებდა, რომ წერილის გახსნის დროს ცოცხალი აღარ იქნებოდა? - სწორედ ამით იწყებს, 25 წლის განმავლობაში ბევრი წყალი ჩაივლის, შეიძლება მე და დედა ცოცხალი აღარც ვიყოთო... როდესაც საყვარელი ადამიანი გტოვებს, გახსენდება, რომ სიცოცხლეში მისთვის ბევრი კითხვა უნდა დაგესვა, ამაზე რას იფიქრებდა, იმაზე რას მირჩევდა და ამ წერილმა გულიდან იმხელა რამ მომხსნა, ვერ წარმოიდგენთ. საჭირო კითხვებს, რაზეც პასუხი მჭირდებოდა, პასუხი გაეცა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ახლა რომ მკითხოთ, შენი ცხოვრებიდან 5 ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გამოყავიო, აუცილებლად ამას დავასახელებ. მამა ემოციური ადამიანი იყო, არამატერიალისტი. ჩვენთან, ბაბუიდან მოყოლებული, ოჯახის კულტი იყო - ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია და მერე დანარჩენი სხვა. საერთოდაც ასეა, ოჯახი არის მნიშვნელოვანი, რაც ადამიანს სჭირდება. მთელი ერთი კვირაა ამაზე ვფიქრობ, ეს წერილი კი, როგორც ვთქვი, ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს, რაც მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ამას კიდევ ერთხელ ამყარებს. მადლობას ვუხდი "კვირის პალიტრას," რომ 25 წლის განმავლობაში გზავნილებს ასე გაუფრთხილდა. იდეის ავტორს დიდი მადლობა და გულით ვლოცავ... - როგორც აღნიშნეთ, ამ ყველაფერზე სოციალურ ქსელში ვიდეოც ჩაწერეთ? - რომ გავიგე წერილი იყო ჩვენს სახელზე, ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რომ სამსახურის მერე თქვენს რედაქციაში წამოვსულიყავი. იმდენად დიდი ემოცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ განცდების სახალხოდ გამოხატვა არ მჩვევია, საჯაროდ გამოვხატე - გადავწყვიტე, ვიდეო ჩამეწერა. წერილის წამოსაღებად რომ მივდიოდი, მეგონა, მამაჩემი უნდა მენახა. წერილი რომ მომაწოდეს, მაინც ვეჭვობდი, სხვისგან არ ყოფილიყო, მაგრამ მამის ხელწერა ვიცანი... ამაზეც კიდევ არ იცით, რა დამემართა - ბევრი ვიტირე... ერთდროულად იყო სევდა, ჭრილობების განახლება და უსაზღვრო ბედნიერება... შეუძლებელი იყო ამაზე ძვირფასი საჩუქარი მამისგან მიგვეღო. ეს ყველაზე ძვირფასი დანატოვარია ჩვენთვის... მერაბ ნავაძის წერილი: "მიშიკო და მარიამ ნავაძეებს! ამ წერილს თქვენ 25 წლის შემდეგ მიიღებთ. მანამდე ბევრი წყალი ჩაივლის, იქნებ არც მე და არც დედიკო არ ვიყოთ ცოცხლები... გაიხსენეთ ბავშვობა. თუმცა ცოტა გვიჭირდა, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით. სათნოებას, პატიოსნებას, სიყვარულს და მოყვასისადმი პატივისცემას გინერგავდით და დარწმუნებული ვართ, ასეთივე იქნებით ახლაც. გიყვარდეთ ერთმანეთი, ურთიერთის ნაშიერი. პატივი ეცით დედას და მამას, რომლებიც თქვენთვის სულსაც კი არ იშურებდნენ. მოიგონეთ წინაპრები, რომლებსაც თქვენ ძალიან უყვარდით და ახლაც, როცა ამ წერილს ვწერთ, მათთან ხართ, სოფელში, ჩვენს მშობლიურ ხორითში. ამ წერილსაც ხორითში ვაგზავნით, რადგან არ ვიცით, 25 წლის შემდეგ ბედი საითკენ გადაგვისვრის. მშობლიური კუთხე კი სამუდამოა ჩვენთვის. მოდი, დავთქვათ: ამ წერილის მიღების აღსანიშნავად ჩვენი უახლოესი ოჯახის წევრები, სისხლი და ხორცი, შესაძლებლობის ფარგლებში შევიკრიბოთ ხორითში და კიდევ ერთხელ მოვიგონოთ განვლილი დღეები. ჩვენ თუ ცოცხლები ვიქნებით, ამას ჩვენ ვიზამთ, თუ არადა, თქვენი ვალია, მშობლების სურვილის აღსრულება. გკოცნით, გეხვევით და გლოცავთ თქვენც და თქვენს ნაშიერსაც... მრავალჟამიერ თქვენს ოჯახებს. თქვენი დედიკო და მამიკო - ნანი ხაჭაპურიძე და მერაბი ნავაძე 2001 წლის 7 იანვარი". P.S. შეგახსენებთ - წერილის გამგზავნისა და ადრესატების მონაცემების სრული სია გამოქვეყნდა გაზეთში "კვირის პალიტრა" (#11) და ასევე საიტზე Kვირისპალიტრა.გე. ადრესატებმა გზავნილს რედაქციაში უნდა მოაკითხოთ. როდესაც გაიგებთ, რომ თქვენს სახელზე წერილია, შეგიძლიათ მოხვიდეთ მისამართზე: თბილისი, იოსებიძის #49 ("ბიბლუსის" მაღაზიის გვერდით მიმანიშნებელი ბანერი დაგხვდებათ) 11:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.