რამდენიმე დღეა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს და 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებთან დაკავშირებით არაერთი მაშინდელი მაღალჩინოსანი და თანამდებობის პირი დაიკითხა. ბევრის აზრით, "ქართული ოცნების" ამოცანაა „"ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის პოლიტიკური გასამართლება, რას ფიქრობს ამ პროცესებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ. - პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომები მიმდინარეობს. რა დატვირთვა აქვს ამჟამად ამ თემაზე საუბარს და რა გაიგეთ ახალი? - ყოველთვის ვამბობდი, ეს უნდა დაწყებულიყო ადრე, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში, და მაშინაც, როდესაც "ქართული ოცნების" პარტიის წევრი ვიყავი, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელიც ანგარიშგასაწევია - ზოგიერთ შემთხვევაში სხდომა დახურული უნდა იყოს. ვგულისხმობ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, რადგან ისეთ ნიუანსებზე იყო ლაპარაკი ზაზა გოგავას ან ჯანაშვილის გამოკითხვის დროს, უცხო ყურისთვის ამის მოსმენა არ იყო საჭირო. თუ ზოგად შეფასებას მივცემთ ამ ყოველივეს, შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის ან თუნდაც ახალგაზრდა თაობისთვის ეს ფაქტები მოულოდნელი იყო, მაგრამ ჩვენ, ვინც ასე თუ ისე, ჩართული ვიყავით ამ პროცესებში, ყველაფერი კარგად ვიცოდით. ვიცოდით, რომ ეს ცუდად ორგანიზებული პროცესი იყო, რომელიც წამოიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, ვგულისხმობ არა საომარ ვითარებას, არამედ პროპაგანდისტულ პროექტს, რომელიც დაიწყო ასეთი ლოზუნგით: "კოკოითი ფანდარასტ" და ასე შემდეგ, იმდენად გაუაზრებელი იყო, რომ არ იყო საბოლოო შედეგი გათვლილი. ძალიან კარგად იცოდა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ ხაფანგი დაუგეს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგნებულად გაყო თავი. - თქვენი აზრით, კომისიის შექმნა ემსახურება "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის განადგურებას? - მე მინდა ნათელი მოეფინოს იმას, რაც მოხდა, სიმართლე ითქვას. - თქვენ ამბობთ, რომ პროვოკაცია მოდიოდა რუსეთიდან, ამას მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი წამოეგნენ? - ეს რუსეთის პროვოკაცია იყო. ომი დაიწყო რუსეთმა. პუტინს არც დაუმალავს, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 2006 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომა, როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის აზრით, ეს იყო მათთვის სილის გაწვნა, მათი მეგობარი სერბეთის დაჩაგვრა და კონტრღონისძიებებზე დაიწყო მუშაობა. პუტინმა თქვა კიდეც, რომ აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთი ოსეთი მაშინ იქნა ამორჩეული სამიზნედ. ასე რომ, ისეთი მოულოდნელი არაფერი ყოფილა. 2008 წლის ივლისში სოფელ მსხლებში გახლდით, ჯავის მუნიციპალიტეტში. ვნახე, ჯავის რაიონში რუსები როგორ ემზადებოდნენ მომავალი საომარი მოქმედებისთვის. რომ ჩამოვედი, ყველაფერი ვთქვი და დაიწერა კიდეც გაზეთ "კვირის პალიტრაში", მაგრამ სერიოზულად არავინ მიიღო. ის, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება მეტ-ნაკლებად საქმის კურსში იყო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს ძალიან კარგად ჩანს თუნდაც იმ წერილიდან, რომელიც სააკაშვილმა მედვედევს გაუგზავნა. ქართულ მხარეს რუსულმა მხარემ ხაფანგი დაუგო და ქართულმა მხარემ ეს იცოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცის სურვილი აასრულა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ. ჩემი ეჭვით, ეს იყო ჯგუფი, რომელსაც ჩვენ შემდგომში ნეოლიბერალებს ვუწოდებდით და რომელშიც მოიაზრებოდნენ პენტაგონის მაშინდელი ხელმძღვანელი, ასევე მაკკეინი და ა.შ. ჩემთვის ომი გაზაფხულიდან დაიწყო, ცხელი ფაზა კი 1-ლი აგვისტოდან. როცა იქ ვიყავი ჩასული, მავთულხლართები და ტრანშეები ვნახე. ქალაქ ჯავაში წყლის მეურნეობის სამმართველოს შენობაში მზადდებოდა სამხედრო შტაბი. ცხინვალში ბუნკერები ითხრებოდა - ეს ჩემი თვალით აღარ მინახავს, მაგრამ გავიგე. ჩემთვის რუსეთის დამატებითი კონტინგენტი შემოვიდა 7 თუ 8 აგვისტოს, თორემ მანამდე რუსეთის ჯარი სამშვიდობოების გარდა სერიოზული წარმომადგენლობით იყო ამ რეგიონში. ჯავის რაიონში მაშინ ვნახე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოებული ახალი ბეტეერები, ჯავშანმანქანები. მე თუ ვნახე ყველაფერი, საქართველოს დაზვერვამ ეს არ იცოდა? - კომისიამ დაჰკითხა გენერალი გოგავა. მის მონათხრობში თქვენთვის რამე სიახლე თუ იყო? - რაღაც დეტალები იყო, ნიუანსები გადაადგილების თაობაზე და ა.შ. ამის გახმაურება ასეთი ფორმით არ მიმაჩნია სწორად. ნათლად ჩანდა, რომ ერთიანი ხელმძღვანელობა ჩვენს სამხედრო კონტინგენტს არ ჰყავდა - ნაწილი ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეორე - თავდაცვას, ხოლო მესამე ვის, ვერ გაიგებდი. თავისმომჭრელი ამბები გახმაურდა, ეს ვიცოდით, უფრო მეტიც ვიცოდით იმ ჟურნალისტებმა, ვინც მაშინ იმ ზონაში მუშაობდა. ვიცოდით, რომ ქართულ სატანკო შენაერთებს და მექანიზებულ ფეხოსნებს განსხვავებული რაციები ჰქონდათ და ტალღების სიხშირე განსხვავებული იყო. ერთმანეთს რომ ვერ უკავშირდებოდნენ, ეგეც ვიცოდით, ასევე განსხვავებული კავშირის სისტემები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შენაერთებს. ქაოსი იყო, ბრძანებები იცვლებოდა, რუკები მოძველებული იყო. - რამდენად ობიექტური იქნება საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ხომ არ ჯობდა ეს პროკურატურას გაეკეთებინა. - ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო პოლიტიკური შეფასება და არა სამართლებრივი. რასაკვირველია, სამართლებრივი საჭირო იყო, კონკრეტული პირები პასუხისგებაში უნდა ყოფილიყვნენ მიცემული, სამხედრო პროკურატურას ამაზე აქამდეც უნდა ეზრუნა. უამრავი მოქალაქე დაგვეღუპა ზუსტად იმიტომ, რომ დროზე არ გამოიყვანეს. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების ძალიან უხეში ქმედება, მერე შეფასებით ნაწილში საერთოდ თავი მოიჭრეს. სულში ჩაფურთხებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ ცხოვრობდა, როცა ქვა-ღორღებზე საუბრობენ. მე ამ სოფლებს ვიცნობდი 1989 წლიდან, როცა პირველად შეიქმნა იქ დაძაბულობის კერა. ვიცნობდი იმ ხალხს, უაღრესად კეთილშობილ, წესიერ ადამიანებს. რა ქვა-ღორღი, ფანტასტიკური სახლები და მეურნეობები ჰქონდათ. გავანებოთ სახლებს და მეურნეობებს თავი, გავანებოთ იმასაც თავი, რომ ივანე მაჩაბლის, ჩვენი ერთ-ერთი სასიქადულო ქართველის სახლ-მუზეუმი მიწასთან არის გასწორებული, ადამიანების სიცოცხლეზე იყო ლაპარაკი და როგორ შეიძლება ასეთი ტიპის შეფასება. - ცხინვალში შესვლა შეცდომა იყო? - ამაზე პასუხს არ გაგცემთ და ავხსნი რატომ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თანმხვედრი მოვლენებია. ოპერაციის დაწყება იყო თუ არა შეცდომა, აი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. მე ამ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს არა უშუალოდ სამხედრო ოპერაციაზე, თუ როგორი შეუთანხმებლობა იყო, რამხელა დანაკარგი ვნახეთ და როგორ გაწირეს თავი ოფიცრებმაც და ბიჭებმაც... ეს პროცესი, რომელიც წამოიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ, რამაც მოგვიყვანა აქამდე, ტრაგედია იყო. ამაზე უნდა აგონ პასუხი. მთელი ის ღონისძიება, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის პირველი დღეებიდან, ორიენტირებული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაციის შეცვლაზე, რაც გულისხმობდა იქ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიების მიწებებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის, ასევე აფხაზეთის შემთხვევაში, ზემო აფხაზეთის, ზემო კოდორის ხეობის, შეცდომა იყო. მთელი ეს პროცესი იყო უტვინო, პლუს, კონკრეტული ძალების მიერ, ხელწაკრული ჩვენი ქვეყნის გარედან. - თქვენც ფიქრობთ, რომ ზოგიერთი სხდომა დახურული უნდა იყოს? - რაღაც ნაწილი მაინც. ვინ შევიდა ცხინვალის რეგიონში, ეს და სხვა დეტალების გამოტანა არ არის საჭირო. არ უნდა დაავიწყდეს ვინმეს, რომ 56-ე არმიის სარდლობა დაჭრილი გაიქცა ბრძოლის ველიდან. მე ვიცი, იქ ვინ მონაწილეობდა ქართული მხრიდან ოპერაციაში, ბრწყინვალედ ჩაატარეს ის მინიოპერაცია და გაანადგურეს კოლონა, რომელშიც იმყოფებოდა რუსეთის სამხედრო კორესპონდენტი და მან ზუსტად აღწერა მთელი სიტუაცია - სარდლის დაჭრისა და კოლონის განადგურების ამბავიც. თვითონაც უამრავი შეცდომა დაუშვეს რუსებმა. უბრალოდ, დიდი იყო მათი შეიარაღების, კონტინგენტის რაოდენობისა და ტექნიკის უპირატესობა. ბოლოს და ბოლოს, თავისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ქართველებს მისცეს საშუალება, რომ ოთხი თვითმფრინავი ჩამოეგდოთ. არ მინდა დასახელდეს ვიღაცების გვარები, არ არის ეს საჭირო, თორემ ეს პროცესი აუცილებელია. ამიტომ კარგი იქნება, თუ ზოგიერთი სხდომა დაიხურება. როდესაც 2013-14 წლებში მე და კიდევ ბევრი ვინმე ვითხოვდით, რომ ამ ტიპის კომისიები შექმნილიყო, პოლიტიკური შეფასება მიგვეცა, ზუსტად ეს პოლიტიკური მიზანი გვქონდა. ახლაც პოლიტიკური მიზნისთვის არის ეს ყველაფერი, უბრალოდ, დაგვიანებულია, მაგრამ იყოს. მინდა დასკვნის მთავარი შინაარსი ასეთი იყოს - ჩვენ შეცდომა დავუშვით და რუსეთი შემოიჭრა, მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და რა თქმა უნდა, ის ოკუპანტია! არც ერთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფს აღარ უნდა დაემართოს იგივე, ხაფანგში თავი აღარ უნდა გავყოთ!