"ეს მოსალოდნელი იყო, წესით, არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა. თუმცა საინტერესოა, როგორი განვითარება მოჰყვება ამ ამბავს", - ამგვარად გამოეხმაურა ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ცნობას იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარ აქტს" მხარი დაუჭირა. ამის შესახებ რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება. - "ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა ყველაფერს 180%-ის შეცვლის. ცვლილებებს სჭირდება დრო და შესაბამისი პროცესები, ჯერჯერობით კი არც დრო გასულა და არც ისეთი პროცესები განვითარებულა, რომ ისეთ შორეულ საკითხზე, როგორიც საქართველოა, ახალი ადმინისტრაციის მოსვლას ზეგავლენა მოეხდინა. - ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი "მეგობარ აქტს" ხელს არ მოაწერს? - არ გამოვრიცხავ, ტრამპმა დააყენოს საკითხი, ემთხვევა თუ არა ეს დოკუმენტი მის პოზიციას. ტრამპმა, რუბიომ და მასკმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა, ეს დოკუმენტი კი საქართველოს შიდა საქმეში პირდაპირ ჩარევას გულისხმობს. - ფიქრობთ, რომ რესპუბლიკელებმა ტრამპთან შეთანხმების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება? - არ გამოვრიცხავ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაუფიქრებლად მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს. ტყუილად არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ რადგან ამერიკელები ჩვენს საკითხს განიხილავენ, თემა კარგად შესწავლილი და დამუშავებული აქვთ. - თქვენი კოლეგების ერთი ნაწილის აზრით, საქართველო ახლა ამერიკისთვის უკრაინაზე მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ტრამპისთვის კავკასია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რეგიონში სიტუაციის გასაკონტროლებლად და ჩინური გავლენის შესამცირებლად. - ტრამპის ადმინისტრაციას ჩინეთთან ურთიერთობები ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული და რთულია განსაზღვრა, თუ როგორი შეიძლება იყოს ვაშინგტონის პოზიცია კავკასიის საკითხზე. თუ გადაწყდება, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ომი გაგრძელდება, ტრამპი "მეგობარ აქტს" ხელს მოაწერს. ამ დოკუმენტის სულისკვეთება საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა, ტრამპისთვის კი მიუღებელი იქნება ის ხელისუფლება, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები ჩამოაყალიბა. თუ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეთანხმება შედგა, მაშინ საქართველო ამერიკის დღის წესრიგში ისევე არ იქნება აქტუალური, როგორც დღეს. ტრამპს ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნისთვის არ სცალია. პოლიტიკოსებს სჩვევიათ ამა თუ იმ საკითხის სამომავლოდ გადადება ნაკლები აქტუალურობის გამო. - ამერიკის კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა სამჯერ ახსენა ჩვენი ქვეყანა, საქართველო მოიხსენია სახელმწიფოდ, სადაც რუსეთი შეიჭრა. ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევითია? - მან თქვა, რომ რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, მაგრამ არ უთქვამს, დღეს რას შვრება რუსეთი საქართველოში. მას სჭირდებოდა ეს ტექსტი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რუსეთმა მისი პრეზიდენტობის დროს ვერაფერი მოახერხა. - რა ახსნას უძებნით იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმურობას? - ვაშინგტონს ჯერ არ უღიარებია "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია, მაგრამ არც სხვა პოზიცია დაუფიქსირებია - ამერიკელები ნაბიჯს არც იქით დგამენ, არც აქეთ, რაც ნიშნავს, რომ რაღაცის გარკვევას ელოდებიან, ეს რაღაც კი არის ჩინეთთან ურთიერთობის განსაზღვრა. ტრამპმა თქვა, რომ უნდა შეხვდეს სი ძინპინს და სცადოს ურთიერთობის დალაგება. - იზიარებთ თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაანონსება "მეგობარ აქტზე" პასუხია? - დღეს ჩვენ ჩაბმული ვართ ულტრალიბერალებისა და კონსერვატორი პოლიტიკური ძალების ბრძოლაში. ჩვენი ხელისუფლება კონსერვატიული მიმართულებისაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას თავისი სუვერენული უფლება დაცული უნდა ჰქონდეს. ლიბერალიზმი ყველა ქვეყნის ერთ ორგანიზაციაში (ანუ ევროკავშირი) გაერთიანებას და ერთმანეთთან ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. "მეგობარი აქტი" იმის დასტურია, რომ ლიბერალებს სურთ საქართველომ საკუთარი ბედი დასავლეთის ლიბერალური წრეების კარნახით გადაწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასჯით იმუქრებიან. ე.ი. დემოკრატიის მომხრე ლიბერალები სხვა ქვეყნების მიმართ დიქტატურულ მეთოდებს მიმართავენ. - რას გულისხმობთ? - დასჯა დიქტატურაა. ჩვენ ასეთი დიქტატურული მმართველობა უკვე გამოვიარეთ, 70 წლის განმავლობაში მოსკოვი განსაზღვრავდა, თბილისში რა უნდა მომხდარიყო. როცა განსხვავებული პოზიცია დავაფიქსირეთ, 9 აპრილი მოგვიწყო. ლიბერალური დემოკრატია 9 აპრილს არ მოგიწყობს, მაგრამ დაფინანსებას შეგიწყვეტს. ნახეთ თურქეთში რა ხდება, ერდოღანი ძალას არ იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ? მას რატომ არ აკრიტიკებენ, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია?! ორმაგ სტანდარტებს მიმართავენ იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ. წესით, ხელისუფლება არჩევნებით იცვლება, ევროკავშირმა კი საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ აღიარა. არადა, კარგად ვიცით, რომ არჩევნები კანონიერი იყო. - ასე ნამდვილად არ ფიქრობს ოპოზიციური ელექტორატის დიდი ნაწილი. - კი, მაგრამ 800 000 ხმის გაყალბება ვის გაუგონია?! მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია დისკრედიტირებულია და არჩევნების მოგება არ შეუძლია. ნახეთ, რა გააკეთეს - ხელისუფლებას გაებუტნენ და პარლამენტში არ შევიდნენ! ეს იგივეა, დუელში რომ გამოიწვიო ადამიანი და უთხრა, იარაღს ხელს არ მოვკიდებო. როდის იყო, პოლიტიკოსი გაბუტვით იღებდა შედეგს?! ქმედუნარიანი და შედეგზე ორიენტირებული ოპოზიციონერი საპარლამენტო ტრიბუნას უნდა იყენებდეს ბრძოლის იარაღად. ნოე ჟორდანიას ხელისუფლება საბჭოთა კავშირს რომ გაებუტა და საფრანგეთში გაიქცა, რა წააგო ამით მოსკოვმა?! - არათუ სასამართლოს, საგამოძიებო კომისიასაც არაფერი დაუდგენია, მაგრამ მამუკა მდინარაძე უკვე დარწმუნებულია, რომ მათ ექნებათ მყარი საფუძველი იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ. - მე, როგორც ანალიტიკოსს, ან თუნდაც რიგით მოქალაქეს, შემეძლო ასეთი რამის თქმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთქვა მამუკა მდინარაძეს. პოლიტიკოსისგან დიდი იდიოტობაა ასეთი განცხადებების გაკეთება. ის ვალდებულია დაელოდოს ჯერ საპარლამენტო კომისიის, შემდეგ პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განცხადება სასამართლოზე ზეწოლად ჩაითვლება. ეს წამოცდენა ადამიანური სისუსტეა, რისი უფლებაც მე მაქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა აქვს პოლიტიკოსს. - თუ საგამოძიებო კომისიამ და შემდეგ სასამართლომ მართლა მისცა "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობისა" და "ნაციონალების" სატელიტებად მონათლული ოპოზიციის აკრძალვის საფუძველი, როგორი პოლიტიკური დღის წესრიგი გვექნება ქვეყანაში? - სინამდვილეში საკითხი სხვაგვარად დგას - "ქართულ ოცნებას" ლიბერალები უტევენ, მათ სურთ ხელისუფლებაში "ნაციონალები" დააბრუნონ. შესაბამისად, "ნაციონალების" დამნაშავეებად გამოცხადება დასავლეთის ამ დამოკიდებულებაზე გაცემული პასუხია. "ქართული ოცნება" ცდილობს ხალხს დაანახოს, არის თუ არა ხელისუფლებაში მოყვანის ღირსი ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ლიბერალები აკეთებენ აქცენტს. - "ქართული ოცნების" შიში გასაგებია, მაგრამ ოპოზიციური სპექტრის გარეშე დარჩენილი ქვეყნის მომავალი და პერსპექტივა როგორ წარმოგიდგენიათ? - თუ ოპოზიცია დამნაშავეებისგან შედგება, ის უნდა გაქრეს! თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია გაჩნდეს. - როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით დარეგულირდება საკითხი, რომ დღეს არსებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ვერ ჩამოაყალიბონ სხვა ახალი პარტია. ვინ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი და კიდევ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია? - რა ქნას ხელისუფლებამ, ოპოზიციის გაქრობის შიშით დამნაშავეებს პასუხი არ აგებინოს?! არაერთხელ გიკითხავთ ჩემთვის, თუ "ნაციონალები" დამნაშავეები იყვნენ, 12 წელი რას უყურებდა "ქართული ოცნება", აქამდე რატომ არ გასამართლესო და ვიცი, ახლაც მაგას მკითხავთ. ვერ გაასამართლეს, იმიტომ, რომ მთელი დასავლეთი გადაუვლიდა... ახლა კი "ქართულ ოცნებას" დასაკარგი აღარაფერი აქვს. - ე.ი. "ქართული ოცნება" ვა-ბანკზე მიდის? - კი, ნამდვილად ასეა. სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვეს - თუ რადიკალურ ოპოზიციას დაუპირისპირდება, დასავლეთი იტყვის, რომ არადემოკრატიულია და მოსაშორებელია, არ დაუპირისპირდება და, ქუჩაში მუდმივად საპროტესტო აქცია იქნება. დაარბევს საპროტესტო აქციას? დასავლეთი არადემოკრატიულ ძალად გამოაცხადებს და მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას შეეცდება. "ქართულ ოცნებას" გზა არ დაუტოვეს, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. ასე რომ, დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვს. ხათუნა ბახტურიძე