ტკივილი, რომელსაც დრო ვერ კურნავს... - კვირის პალიტრა

ტკივილი, რომელსაც დრო ვერ კურნავს...

საგამოძიებო კომისიის აგვისტოს ომის ნაწილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - არც არის გასაკვირი: ეს თემა ისეთი ტკივილია, რომელსაც დრო ვერ კურნავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ აჟიოტაჟში იყო განსხვავებები. მაგალითად, ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი "არ ცნობს" ამ კომისიას და მიიჩნევს, რომ მას აქვს ერთი მიზანი: დაამტკიცოს, რომ თითქოს საქართველომ ომი დაიწყო.

მათ საყურადღებოდ - ვერც ერთი კომისია და ვერანაირი უწყება ვერ დაამტკიცებს, რომ საქართველომ ომი დაიწყო ძალიან ელემენტარული მიზეზის გამო: ქართული ჯარი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შესულა და მოსკოვი არ დაუბომბავს. ამიტომ ამაზე კამათიც კი არ შეიძლება. თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, არც კომისია ცდილობს საქმის იქით წაყვანას. გამოჩნდა, რომ მათ უფრო ის აინტერესებთ, ომის დროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სად იყო და რას აკეთებდა.

ასევე, ჩვენ ყველანი უკვე წლების წინ შევთანხმდით, რომ აგვისტოს ომის შესახებ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და ქართველი საზოგადოება იმსახურებს, რომ პასუხი მიიღოს. ფორმატი ზოგს მოსწონს, ზოგს არა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ კომისიის მუშაობა არ დამთხვეოდა დიდ პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ... იქ მისული ხალხის საუბარი გადაიცემა პირდაპირ ეთერში და არ ვრცელდება დამონტაჟებული სახით. ასე რომ, ესეც კარგი საშუალებაა, რომ პასუხებზე კითხვები მივიღოთ, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - კითხვა "ვინ დაიწყო ომი?" საერთოდ არ უნდა განვიხილოთ. ამაზე პასუხი მივიღეთ 2008 წლის 8 აგვისტოს.

თუმცა კვლავ უპასუხოდ რჩება კითხვები. გასაგებია, რომ რუსეთი ემზადებოდა დიდი სამხედრო პროვოკაციისთვის და ამის ყველა ნიშანი სახეზე იყო, მაგრამ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა თუ არა ყველაფერი, რომ ეს თავიდან აეცილებინა? რატომ არ მოხდა ომის დაწყების წინ ქართველი მოსახლეობის ევაკუაცია (გრიგოლ ვაშაძის ვერსია მოვისმინეთ - იტყოდნენ, რომ ქართველები ომისთვის ემზადებიანო)? შეიძლებოდა თუ არა საბრძოლო მოქმედებების ისე წარმართვა, რომ ასეთი მარცხი არ გვეწვნია ან ახალგორი და კოდორის ხეობა შეგვენარჩუნებინა? ერეოდნენ თუ არა არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები სამხედროების საქმიანობაში? მოკლედ, ეს ის თემებია, რომელზეც პასუხი არა გვაქვს და შესაძლოა ვერც მივიღოთ.

წერილი მედვედევს

გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვისას კიდევ ერთხელ გაიხსენეს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი დმიტრი მედვედევთან (თუმცა რეალური ადრესატი პუტინი იყო), რომელიც აფხაზეთს ეხებოდა. კონტექსტი ასეთი იყო - ცდილობდა თუ არა სააკაშვილი რუსებთან "დალაგებას". ამ თემაზე ჩვენ ადრე ვწერდით და ახლა აღარ გავიხსენებთ სააკაშვილის ცნობილ ინტერვიუს, სადაც ის ჰყვება, თუ რას სთავაზობდა პუტინს.

გთავაზობთ სააკაშვილის დმიტრი მედვედევისადმი წერილის სრულ ვერსიას და პასუხს მოსკოვიდან. და თავად განსაჯეთ, ეს "დალაგების" ცდა იყო და მიდიოდა თუ არა საქმე ომისკენ.

სააკაშვილი მედვედევს წერილს 2008 წლის ივნისის ბოლოს უგზავნის:

"მე გადავწყვიტე მოგმართოთ თქვენ იმის იმედით, რომ გაგრძელდება ნდობით აღსავსე დიალოგი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა პეტერბურგში 2008 წლის 6 ივნისს, მით უმეტეს, რომ საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სიტუაცია უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. აფხაზეთში ფეთქებადსაშიშ სიტუაციას დაემატა გამწვავება ცხინვალის რეგიონში, სადაც ყოველდღიურად ხდება შეიარაღებული პროვოკაციები.

ვფიქრობ, თქვენ დამეთანხმებით, რომ ქართული მხარე თავშეკავებულად რეაგირებს და ცდილობს არ გააუარესოს მდგომარეობა. ეს, ბუნებრივია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენთან სერიოზული დიალოგისთვის ვარ განწყობილი. ამ დიალოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რა თქმა უნდა, რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინება უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს რუს პარტნიორებს ანალოგიური მიდგომები ექნებათ.

ნათელია, რომ ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ რეალური შედეგების გარეშე. აქედან გამომდინარე, მინდა შემოგთავაზოთ, რომ განიხილოთ რიგი წინადადებები, რომლებიც მიმართულია დაძაბულობის შემცირებისკენ და აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობისკენ.

ორივე რაიონში ყალიბდება ქართულ-აფხაზური შერეული ადმინისტრაცია და შერეული ქართულ-აფხაზური სამართალდამცავი ორგანოები. გალისა და ოჩამჩირის რაიონებში დევნილების ღირსეული დაბრუნების ორგანიზება ხდება. ქართული მხარე თავის თავზე იღებს ამ რაიონების სოციალურ უზრუნველყოფას. სამშვიდობოები განლაგდებიან მდინარე კოდორზე.

იქმნება ქართულ-რუსული უწყებათშორისი კომისია, რომლის მიზანი საქართველოს რკინიგზის აფხაზური რკინიგზის რეკონსტრუქცია იქნება, რათა უმოკლეს დროში აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა მოსკოვი-თბილისი-ერევანი. იხსნება სოხუმი-ტრაბზონის საზღვაო მიმოსვლა, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე. სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ქართული მხარე მზად არის სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციების ლეგალიზაციისთვის.

გთავაზობთ შევიმუშაოთ, ხელი მოვაწეროთ და ძალაში შევიდეს შეთანხმებები, რომელშიც გამყარებული იქნება ზემოხსენებული წინადადებები. შეთანხმების რეალიზაციის გარანტორად რუსეთთან ერთად შესაძლოა იყვნენ სხვა დაინტერესებული მხარეები. შემდგომში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა შესაძლოა გააფორმონ ცალკე ხელშეკრულება ძალის არგამოყენებისა და დევნილების დაბრუნების შესახებ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

მიზანშეწონილად მიმაჩნია აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით ერთობლივი ქართულ-რუსული სამთავრობათაშორისო კომისიის შექმნა. რუსული მხარის დაინტერესების შემთხვევაში, საქართველო მზად არის მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მომზადებაში, მით უმეტეს, რომ ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მხარს სოჭის კანდიდატურას.

ამავე დროს, ჩვენ დავაფასებდით რუსული მხარის ნაბიჯებს, რომელიც მიმართული იქნებოდა აფხაზეთში დაპირისპირების შესამცირებლად. ვგულისხმობთ რუსეთის პრეზიდენტის 2008 წლის 16 აპრილის განკარგულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარების შესახებ. ასევე მივესალმებოდით აფხაზეთიდან რუსეთის იმ დამატებითი ნაწილების გაყვანას, რომელთა იქ დისლოკაცია არ არის გათვალისწინებული.

ზემოხსენებული წინადადებების განსახილველად და შეთანხმებისთვის, აუცილებლად მიმაჩნია ჩვენი სახელმწიფოების საგარეო უწყებებს შორის რეგულარული კონსულტაციები, ასევე სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც მოამზადებს ჩვენს შეხვედრას, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გავიდეთ", - წერს სააკაშვილი.

პასუხი მოსკოვიდან

სააკაშვილმა თავის წერილზე პასუხი მოსკოვიდან 2008 წლის ივლისის დამდეგს მიიღო. ხელს წერილს მედვედევი აწერდა, თუმცა ჩავთვალოთ, რომ ეს პუტინის გზავნილი იყო.

"სრულად ვიზიარებ თქვენს განწყობას დიალოგის გაგრძელებისთვის, რომლის საფუძველიც, როგორც თქვენ სამართლიანად შენიშნეთ, ერთმანეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინება უნდა იყოს. მნიშვნელოვნად მივიჩნევ ნდობით აღსავსე კონტაქტების შენარჩუნებას, რაც შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს საჯარო ემოციურმა გამოსვლებმა და ასევე "დაინტერესებული მხარეების" გაუმართლებლად დიდმა რაოდენობამ.

ყურადღებით გავეცანი თქვენს წინადადებებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პრობლემატიკასთან დაკავშირებით. მათი ელემენტების დიდი ნაწილი, ეჭვგარეშე, შეიძლება გახდეს მოთხოვნად დარეგულირების ამა თუ იმ ეტაპზე. თქვენი მთავარი პარტნიორი აქ უნდა იყოს აფხაზური მხარე.

ნათელია, რომ ეს გულისხმობს სრულფასოვანი მოლაპარაკებების პროცესის არსებობას. დღეს, სამწუხაროდ, კონფლიქტის მხარეებს ერთმანეთის მიმართ ღრმა უნდობლობა აქვთ. ასეთ სიტუაციაში, სიმართლე გითხრათ, ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, აფხაზეთის რომელიმე რაიონში ერთობლივი ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციისა ან სამართალდამცავი ორგანოების შექმნა. ასევე ნაადრევია დევნილების დაბრუნების საკითხის ასე კატეგორიულად დასმა. არსებულ კონფრონტაციულ ატმოსფეროში აფხაზები - და მათი გაგება შესაძლებელია, - ამაში თავისი ეროვნული გადარჩენისთვის საფრთხეს ხედავენ.

ამიტომ გთავაზობთ კონცენტრირებას მთავარზე - რეალურ ზომებზე, რომელიც შეამცირებდა დაძაბულობას და აღადგენდა ნდობას. ეს შესაძლებლობას მოგვცემდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესის განახლებას, რომელიც 2006 წლის ივლისში შეწყდა.

ამაში საკვანძო როლი თქვენ გეკისრებათ, მიხეილ ნიკოლოზის ძევ. სწორედ ქართველ ლიდერზეა დამოკიდებული დარეგულირებისთვის ატმოსფეროს რადიკალური გაჯანსაღება. კვლავ ვუბრუნდები საკითხს თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის გაფორმების თაობაზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყვანას კოდორის ხეობის ზემო ნაწილიდან. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ ტელეფონით 18 ივნისს და მაშინ თქვენი მხრიდან წინააღმდეგობა, ისე როგორც წინასწარი პირობები, არ იყო. ნათელია პოლიტიკურად მომგებიანი გადაწყვეტილების აუცილებლობა, რომელიც სიმამაცესა და სიბრძნეს მოითხოვს. ეს აჩვენებდა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მის ერთგულებას მშვიდობისადმი და გაარღვევდა სოხუმთან დაკავშირებით ურთიერთბრალდებებისა და კონფრონტაციის მოჯადოებულ წრეს.

მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, ჩვენი შეხვედრა (მე ამისთვის მზად ვარ უკვე ივლისში ან აგვისტოში) დააფიქსირებდა ზემოხსენებულ შეთანხმებებს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ახალი ათვლის წერტილს. ეს იქნებოდა ის რეალური შედეგი, რაზეც თქვენ წერთ. ამ შედეგის მიღწევა მოგვცემდა საშუალებას, რომ საგნობრივად განვიხილოთ სამომავლო კონსტრუქციული ნაბიჯები. რუსეთი, თავის მხრივ, ამას ხელს შეუწყობს.

კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემცირების პარალელურად, შეგვიძლია დავუბრუნდეთ დსთ-ის სამშვიდობო ძალების ოპტიმალური რაოდენობის საკითხს. რაც შეეხება რუსეთის სარკინიგზო ჯარებს, ისინი გავლენ ა.წ. აგვისტოში, სოხუმი-ოჩამჩირეს მონაკვეთზე მუშაობის დასრულების შემდეგ. მოხარულები ვიქნებით დავუბრუნდეთ ერთობლივ საქმიანობას თქვენი წინადადებების კონტექსტში, რაც მოსკოვი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას გულისხმობს. რა თქმა უნდა, საკითხში აფხაზური მხარეც უნდა ჩავრთოთ.

მზად ვართ, განვიხილოთ თქვენი იდეა აფხაზეთის ეკონომიკურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით რუსულ-ქართული სამთავრობათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ. როგორც მე ვხვდები, ეს სანქციების გაუქმებასაც ითვალისწინებს, რომელიც დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა საბჭომ აფხაზეთს 1996 წლის იანვარში დაუწესა.

და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ საქართველო სოჭის ოლიმპიადის მომზადების პროცესში ჩაერთვება.

მოკლედ, იკვეთება ჩვენი საერთო ქმედებების კონკრეტული და პოზიტიური დღის წესრიგი", - წერდა მედვედევი.

ამ წერილის მიღებიდან თვე-ნახევარზე ნაკლებ დროში ომი დაიწყო.

გიორგი კვიტაშვილი

TOP.GE