ვის აწყობს და ვის არა აგვისტოს ომის ხელახალი „ამოქექვა“ - კვირის პალიტრა

ვის აწყობს და ვის არა აგვისტოს ომის ხელახალი „ამოქექვა“

გასულ კვირას ქართველი ტელემაყურებლის დიდი ნაწილი მთელი დღე მიჯაჭვული იყო ტელეეკრანებთან, თუმცა არა მორიგი თურქული სერიალის საყურებლად, არამედ „"ნაციონალური მოძრაობის"“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემისას.

ძველი ისტორიების ამოქექვა“ ობივატელს ისედაც ყოველთვის აინტერესებს, მაგრამ როდესაც საქმე აგვისტოს ომს, თანამედროვე საქართველოს უდიდეს ტკივილს შეეხება, მაშინ ინტერესი ასმაგდება და უპირველესად საზოგადოების იმ ნაწილში, რომლისთვისაც სულერთი არ არის სამშობლო.

თავიდანვე ვიტყვით, რომ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების გათვითცნობიერება სამხედრო საკითხებში ელემენტარულ დონეზეც კი ხშირად ძალიან წაიკოჭლებს მოწვეული სამხედროებისთვის კითხვების დასმის დროს (ისე, კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი შედარებით გათვითცნობიერებული აღმოჩნდა ამ საკითხებში, ვიდრე მისი კომისიის მამაკაცი წევრები) და უპრიანი იქნებოდა, რომ კომისიაში ერთი ყოფილი სამხედრო მაინც შეეყვანათ, დრო რომ არ დაეკარგათ ისეთი უმარტივესი სამხედრო ცნებების გარკვევაში, როგორიცაა საცეცხლე წერტილი და სხვა...

თუმცა ამ კომისიის მიზანი ხომ მაინც არ ყოფილა სწორედ აგვისტოს ომის დეტალებისა და მტყუან-მართლის გამორკვევა, თუ ვინ და რამ წაგვაგებინა ომი - საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია არც მალავს, რომ მისი ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის"“ დროინდელი ხელისუფლების საქმიანობის პოლიტიკური დადანაშაულებაა და დღევანდელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის პოლიტიკური გასამართლება-დასამარებაა და შეიძლება არა მარტო ესეც - „"ნაცების"“ ზოგიერთი ლიდერისა და მათი მხარდამჭერი სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სისხლის სამართლით გასამართლება, მათ შორის ახლახან აღდგენილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მუხლით - სამშობლოს ღალატით...

აგვისტოს ომის დეტალების ამოქექვა კი, ძირითადად, იმას ემსახურებოდა, რომ საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული მაშინდელი სამხედრო და პოლიციელი მაღალჩინოსნებისგან მიეღოთ აღიარება, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა არასწორი და ხშირად დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებით ქვეყანა აგვისტოს ომამდე მიიყვანეს და საქართველოს შეიარაღებული ძალები "მიუგდეს"“ აგრესორ რუსეთს უთანასწორო ბრძოლაში.

განსაკუთრებით საინტერესო იყო კომისიის 27 მარტის სხდომა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალების შესახებ სამ მაღალჩინოსანს, ოღონდ უკვე თადარიგში გასულ სამხედროს მოუსმინეს, რომელთაგან მთავარი გახლდათ გენერალ-მაიორი ზაზა გოგავა.

აგვისტოს ომის დაწყების მომენტში ბრიგადის გენერალი ზაზა გოგავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსი იყო, ანუ ქვეყნის პირველი სამხედრო პირი, რომელიც ექვემდებარებოდა უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს და მასზე უკეთესად და დეტალურად ვინ უნდა იცოდეს, თუ რა ხდებოდა საქართველოსთვის ასეთი საშინელი ომის დაწყებამდე და მის დროს.

ამიტომაც გენერალ ზაზა გოგავას მოსმენა საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული დაძაბულობითა და ემოციებით წარიმართა, რასაც კომისიის წევრებისთვის ის მომენტიც ამძაფრებდა, რომ თადარიგის გენერალი გოგავა ბოლო ერთ წელზე მეტია „"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"“ გაწევრდა, თუმცა მეორე თვეა, რაც მან დატოვა პარტია.

რა გავიგეთ აგვისტოს ომზე იმაზე მეტი, რაც ვიცოდით მას შემდეგ, რაც საპარლამენტო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ფაქტობრივად, ჯვარედინი დაკითხვა მოუწყო პირდაპირ ეთერში გენერალ გოგავას?

პირველი - გენერალმა გოგავამ მიკიბ-მოუკიბავად, პირდაპირ განაცხადა, რომ ცხინვალისკენ ჯარების მიბრუნების ბრძანება მან გასცა, რაც ახსნა სამხედრო აუცილებლობით, რათა შეტევის აღმოსავლეთ მიმართულებაზე, ერედვიდან სარაბუკისკენ, შემცირებულიყო მოწინააღმდეგის ზეწოლა და მათი ყურადღება ცხინვალის დაცვაზე გადასულიყო.

მეორე - გოგავამ ასევე პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ მან უბრძანა მეოთხე ბრიგადის მეთაურს დასავლეთის შეტევის მიმართულებიდან ძალები 90 გრადუსით მარჯვნივ შემოეტრიალებინა და დუბოვაია როშჩის“ მხრიდან ცხინვალისკენ დაეძრა, ოღონდ... გენერალი მნიშვნელოვან დაზუსტებას აკეთებს - მე ვუბრძანე ბრიგადის მხოლოდ ერთი, ვიმეორებ, ერთი ბატალიონის შემოტრიალება და არა მთელი ბრიგადის შეტევის მიმართულების შეცვლა და როგორ შესრულდა ეს ბრძანება, მოჰკითხეთ მეოთხე ბრიგადის მაშინდელ მეთაურსო.

მესამე - გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი უარყოფს, რომ 7 აგვისტოს ან მანამდე არსებობდა სპეციალურად დამუშავებული სამხედრო გეგმა ცხინვალში შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფების შეყვანაზე და ყველაფერი განაპირობა შექმნილმა რთულმა სიტუაციამ, როდესაც ქართულ არმიას მოუხდა მანევრირებადი თავდაცვის ტაქტიკით ბრძოლა როკის გვირაბიდან შემოჭრილი რუსეთის საოკუპაციო ძალების შესაჩერებლად.

მეოთხე - 2008 წლის 7 აგვისტოს 23:42 წუთზე ძლიერი საარტილერიო ცეცხლის გახსნის ბრძანება გაერთიანებული შტაბების უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა გოგავამ ტელეფონით მიიღო თავად ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისგან - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან, რომ ჩაეხშო მოწინააღმდეგის ის საარტილერიო საცეცხლე წერტილები, საიდანაც მერამდენე დღე იყო იბომბებოდა ქართული სოფლები, განსაკუთრებით კი ნული-ავნევის მონაკვეთი, რასაც მოჰყვა ქართული სამშვიდობო ბატალიონის ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება და ორი ქართველი მშვიდობისმყოფლის დაღუპვა.

2-omi-1743356211.jpg

გარდა ამ საკითხებისა, საგამოძიებო კომისიის რამდენიმესაათიან სხდომაზე ბევრი სხვა მტკივნეული საკითხიც წამოიჭრა, მათ შორის დიდი ლიახვის (თამარაშენი-კეხვის სათემო) და კოდორის ხეობის ქართული სოფლების მოსახლეობის დაგვიანებული ევაკუაცია, დროშებისა და სამიტინგო ტრიბუნის ჩატანა საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ბევრი სხვა.

როგორ მოხვდა შავნაბადის ანტიტერორისტულ ცენტრში „გაზრდილი“ და "დაფრთიანებული"“ ზაზა გოგავა, რომელმაც სპეციალური ანტიტერორისტული მომზადება აშშ-შიც გაიარა, შეიარაღებულ ძალებში და თანაც „პირველი სამხედრო“ გახდა?

როდესაც ქვეყნის სათავეში „"ნაციონალური მოძრაობა"“ მოვიდა და ძალოვანი სტრუქტურების „აჯაფსანდალი“ დაიწყო, შავნაბადის ანტიტერორისტული ცენტრი გადაეცა შსს-ს, რომლის მინისტრიც ირაკლი ოქრუაშვილი გახდა და როდესაც 2004 წლის 17 დეკემბერს ის თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს, ზაზა გოგავაც თან წაიყვანა სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მეთაურად.

2006 წელს სააკაშვილისა და მერაბიშვილის ერთობლივი ძალისხმევით „თავგასული“ ოქრუაშვილისა და მისი გუნდის „"ჩაკვლის"“ შემდეგ ზაზა გოგავამ გააგრძელა თავისი წარმატებული სამხედრო კარიერა შეიარაღებულ ძალებში (რის გამოც, ეტყობა, დღესაც ოქრუაშვილსა და გოგავას შორის კარგი ურთიერთობა არ არის) და ჯერ გახდა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი გაერთიანებული შტაბების უფროსიც, რაც გულზე ძალიან არ ეხატებოდათ იმ მაღალჩინოსან სამხედროებს, რომლებსაც თავდაცვის ეროვნული აკადემია ჰქონდათ დამთავრებული, გაერთიანებულნი იყვნენ (და არიან) ერთგვარ არაოფიციალურ „სამხედრო კლასტერში“ და ჩათვალეს, რომ „პოლიციელი გოგავას“ გაერთიანებული შტაბების უფროსად დანიშვნამ მათი სამხედრო კარიერის ზრდა უსამართლოდ შეაფერხა.

სწორედ ამით შეგვიძლია ავხსნათ ის ფარული „ბოიკოტი, რასაც რიგი მაღალჩინოსანი სამხედროები შეიძლება - ვიმეორებთ შეიძლება - უნებლიეთ ან სულაც სპეციალურად უწევდნენ გაერთიანებული შტაბების უფროსის, ბრიგადის გენერალ ზაზა გოგავას ბრძანებებსა და დავალებებს აგვისტოს ომის როგორც დაწყებამდე, ისე უშუალოდ ომის დროს.

ალბათ, ამიტომაც არის, რომ გენერალმა გოგავამ სხდომაზე საქვეყნოდ მიმართა ყოფილ თუ მოქმედ სამხედროებს, არ გინდათ ზურგს უკან ქირქილი და სოციალური ქსელებით ჩემი „"დაბომბვა", შევიკრიბოთ და იქ გაგცემთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებსო.

საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ვინმე უკეთესად რომ ერკვეოდეს სამხედრო თემაში, ბევრად საინტერესო კითხვებს დაუსვამდა გენერალ გოგავას და გვჯერა არანაკლებ საინტერესო და პირდაპირ პასუხებსაც მიიღებდა. თუმცა ამის გამოსწორება ადვილია, მაგრამ ეს, ალბათ, აუცილებლად დახურულ სხდომაზე უნდა მოხდეს, რადგან ყოველივე ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა გამართლებული არ იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მთავარი კი იცით, რა არის?

1992 წლის ცხინვალის, 1992-93 წლების აფხაზეთის, 1998 წლის გალის მოვლენების, 2004 წლის ისევ ცხინვალის ომების შემდეგ არც ერთ მაღალჩინოსან სამხედროს და მით უმეტეს, გენერალს (აღარაფერს ვამბობ იმ ვაიპოლიტიკოსებზე, რომელთა გამოისობითაც, უუნარობით თუ სპეციალურად, ჩვენმა ქვეყანამ თავი გაყო ამ დამანგრეველ ომებში) ერთი სიტყვა არ წამოსცდენია თავის შეცდომებზე ამ ომებში და ყველა ცდილობდა ერთმანეთისთვის გადაებრალებინა ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციის მარცხი.

პირველად ქართული ომების ისტორიაში გამოჩნდა გენერალი, რომელსაც ეყო გამბედაობა და არ შეუშინდა თავისი წილი შეცდომების აღიარებას და იმ დიდი სინანულის გამოხატვას, რაც აგვისტოს ომმა დაგვატეხა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ლომის წილი ამ სავალალო შედეგებში სწორედ იმდროინდელ პოლიტიკურ ხელისუფლებას უძევს და დღეს ოპოზიციაში აღმოჩენილებს არ აწყობთ აგვისტოს ომის წინ და უშუალოდ ომში მათი შეცდომები ან სულაც დანაშაულები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.

P.S. საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების დაწყებამდე „"ნაცების"“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცოტა აგდებულად უყურებდნენ ამ წამოწყებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც კომისიაზე დაბარებული ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და ბოლოს თადარიგის გენერლებიც ალაპარაკდნენ, მიხვდნენ, რომ საქმე არცთუ სახუმაროდ იყო, სასწრაფოდ შეფუცხუნდნენ და ჩართეს თავიანთი „არტილერია“ - პარლამენტის შენობის ოთახის (სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები იმართება) ფანჯრებთან შეძახილები და ყვირილი დაიწყეს.

შეიძლება ბევრისთვის მართლაც არცთუ სასიამოვნოა ამ კომისიის თავმჯდომარე ქალბატონის მიმართვის ტონი თადარიგის გენერლებისადმი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხდომებზე აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროებსა და განსაკუთრებით კი ომში დაღუპული გმირი ქართველი სამხედროების სახელს შეურაცხყოფენ - უბრალოდ, იმ დროს ქვეყნის სათავეში მყოფი „"ნაციონალური მოძრაობის"“ ლიდერების ინტერესში არ შედის იმდროინდელი დეტალების ხელახლა ამოქექვა, რადგან ჩვენი საზოგადოების ახალი თაობის ის ნაწილი, რომელიც დაინტერესდება, ძალიან ბევრ უარყოფითს შეიტყობს „"ნაცებზე", რაც მშობლებს, წესით, აქამდეც უნდა მოეყოლათ მათთვის.