აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარეობს დისკუსია და ხელმოწერილი იქნება სამშვიდობო შეთანხმება, რომლითაც გადაწყდება "ტერიტორიების გაყოფის" საკითხი. ტრამპმა მანამდე თქვა, რომ ომის დასრულებისთვის "სამშვიდობო შეთანხმების ბევრი ელემენტი" უკვე შეთანხმებულია და პუტინთან განიხილავდა "მიწასა და ელექტროენერგიასთან" დაკავშირებულ საკითხებს. "კომერსანტში" გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ "პუტინმა მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ რუსეთისთვის შეუძლებელია უკვე მიღწეულის ჩამორთმევა და რომ რუსეთის ნაწილად უნდა იქნეს აღიარებული ყირიმი, სევასტოპოლი, ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები". გამოცემის წყაროების თანახმად, ასეთ შემთხვევაში მოსკოვი "არ განაცხადებს პრეტენზიას ოდესასა და სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად უკრაინას ეკუთვნის". შეძლებს თუ არა ტრამპი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და დაპირებული "მშვიდობის დამყარებას", რა პროცესებს მივიღებთ, თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა და ომი გაგრძელდა, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება: - ამ ეტაპზე ომის დასრულებისთვის არც მზაობა არსებობს და არც პოლიტიკური ნება - რუსეთს მშვიდობა არ სურს, მას სურს უკრაინის კაპიტულაცია, ხოლო უკრაინას არ აწყობს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და დე ფაქტო, ფსევდოსახელმწიფოდ ჩამოქვეითება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა იმაზე მსჯელობა, რომ მშვიდობას შანსი აქვს. მშვიდობა ყოველთვის კომპრომისზეა აგებული, ყველა მხარე, ვისაც მშვიდობა სურს, მოლაპარაკებისას რაღაცას უნდა თმობდეს, მით უფრო, ამის მზაობა არ გააჩნია რუსეთს, რომელიც ფიქრობს, რომ ის ომს იგებს, ხოლო უკრაინა ფიქრობს, რომ რუსეთი იფიტება და შესაძლებელია რუსეთის დამარცხება. კომპრომისების არარსებობის და საერთაშორისო აქტორების აქტიური როლიდან გამომდინარე, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად არსებობენ, ჩინეთის შემთხვევაში, რომელიც უფრო რუსეთის მხარდამჭერია, ნაკლებად შესაძლებელია მოკლე ვადაში რაიმე ხელშესახები ვიხილოთ. ამას წინათ ვკითხულობდი, რუსეთში ამბობენ, რომ დრო მათზე მუშაობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში შეუძლიათ ცოცხალი ძალის მობილიზების გაგრძელებით გამოფიტონ და დაჯაბნონ უკრაინა. ეს საკმაოდ სადავო განცხადებაა და მათი აზრით, თუკი აშშ მართლაც შეინარჩუნებს ტრამპისეულ პოზიციას და სანამ ტრამპი იქნება ხელისუფლებაში, ომის მოგების შანსი მეტი აქვთ. ჯერჯერობით ომის დასრულებაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, პოლიტიკა ისეთი რამაა, რომ კვირიდან კვირამდე ბევრი რამ იცვლება და შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. - ევროპამ გადაიარაღება დაიწყო, ასევე ლაპარაკია ბირთვული ფარის შექმნაზე. ემანუელ მაკრონმა 2 მილიარდის დახმარება გამოუყო უკრაინას, მიდის უკრაინის გადაიარაღებაც და შესაძლოა მალე ევროპაში სამხედრო ალიანსის შექმნის მოწმენიც გავხდეთ... - ვფიქრობ, ამ ეტაპზე შესამჩნევი საერთაშორისო გადაჯგუფება მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში მოხდება. ევროპის შესახებ უპირველესად გამოვყოფდი ორკომპონენტიან საკითხს: 1. საუბარი არ უნდა გვქონდეს ევროკავშირზე, როგორც ერთიანზე, და შემდეგ ვილაპარაკოთ მის წევრ სახელმწიფოებზე. ევროკავშირი როგორც ერთიანობა და მისი სამხედრო ძალების ჩამოყალიბება უფრო რთული და გრძელი პროცესი იქნება და ამას სჭირდება მასშტაბური მხარდაჭერა. სავარაუდოდ, ევროკავშირი შეეცდება გარკვეული ფორმირების შექმნას თავისივე ინსტიტუციაში, რაც იქნება უნიკალური მოვლენა, და იმავდროულად, განავითაროს სამხედრო და პოლიტიკური ნება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არ ჰქონია. ეს რთული იქნება, მაგრამ შეიძლება გახდეს ევროპის ფედერალიზაციისკენ მიმავალი ნაბიჯი. უფრო მნიშვნელოვანია მეორე კომპონენტი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკითხი, იმიტომ, რომ ინდივიდუალურად (ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს საფრანგეთზე, გერმანიასა და ბრიტანეთზე - ეს უკანასკნელი ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ევროპული სახელმწიფოა) მათი ნება და ძალა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უფრო სწრაფად შეუძლიათ დაფინანსების მობილიზება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით შედეგი უფრო სწრაფად იქნება - გადაიარაღება დაჩქარდება, უკრაინის მხარდასაჭერი ნების გამოვლენა უფრო აქტიურად იქნება კონსოლიდირებული. - როგორც ამბობენ, ტრამპი მეტოქედ არ მიიჩნევს რუსეთს და მას ჩინეთის დასაბალანსებლად იყენებს... - ამერიკის სურვილია რუსეთი ჩინეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს, მაგრამ რუსეთი ჩინური ბანაკიდან არ გამოვა. მეორე - აშშ ფიქრობს, რომ შეიძლება ირანი გახდეს მისი სამიზნე, მაგრამ ნაკლებად რუსეთი. შესაბამისად, ტრამპის აზრით, მისთვის რუსეთის მორალური მხარდაჭერა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. აშშ რუსეთს აღარ უყურებს როგორც მთავარ მეტოქეს, იმ ძალის მეტოქეს, როგორადაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია აღიქვამდა. - უკრაინაში ომის გაგრძელების ანუ ტრამპის გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში რას მოიმოქმედებს ჩინეთი, რატომ შედის მის ინტერესში ამ ომის გაგრძელება? ასევე ხომ არ უნდა ველოდოთ მის ომს ტაივანთან? - ჩინეთი ისედაც ემზადება ტაივანთან ომისთვის და საზღვაო აკვატორიას აფართოებს. ომში ნებისმიერი ისეთი შედეგი, რომელიც გამოიწვევს უკრაინის ტერიტორიების გადაფორმებას, ოფიციალურად აღიარებას, დამატებითი მოტივაცია იქნება ჩინეთისა და მისი მსგავსი სახელმწიფოებისთვის (იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა აგრესორ სახელმწიფოებზე), ერთი მხრივ, დაიწყონ დაპყრობითი ომები სამეზობლოში. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს შეიძლება გახდეს ატომური ბომბის შექმნის მიზეზი. ამ კონტექსტით თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ თვისებრივად თავად ომის მიმდინარეობა-არმიმდინარეობაზე კი არა, არამედ ომის შედეგზეა დამოკიდებული მშვიდობა. ომის მიმდინარეობა რუსეთს ეკონომიკურად ძალიან აზიანებს, აზიანებს უკრაინასაც და ევროპასაც. ომს დაინტერესებული მხარეც ჰყავს - ჩინეთი, რომელიც რუსეთის რესურსებს აქტიურად იღებს საბითუმო ფასად და მეორეც - ჩინეთისგან ყველას ყურადღება უკრაინისკენ აქვს გადატანილი. როგორც ამერიკა ცდილობს რუსეთის ჩინეთიდან ამერიკისაკენ გადაქაჩვას, ასევე ჩინეთიც შეეცდება მასზე ევროპაში პოზიტიური სენტიმენტების გაჩენას. - ომში გარდამტეხი რა შეიძლება აღმოჩნდეს? - მხარეებს არა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სულ იომონ. რუსეთის არმიას დაეტყო გამოფიტვა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალა ჰყავს, ცოცხალი ძალის დეფიციტი მაინც გაუჩნდა. ეს მიანიშნებს, რომ ორივე მხარეს აქვს განსაზღვრული ლიმიტი და წელს ორივე მხარე შეეცდება ამ დეფიციტის გამოყენებას და მის მაქსიმიზაციას. თუ რომელიმე მათგანმა მართლაც მოახერხა მეორე მხარის გამოფიტვით სარგებლობა და მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება, შეიძლება ეს შემდგომში მეტი დათმობის მიზეზი გახდეს. ეს არ იქნება ერთი მხარის დიდი გამარჯვება და მეორის ჩამოშლა, არამედ ამ ლიმიტის ეფექტურად გამოყენება. რაც მომავალი თვეების განმავლობაში შეიძლება ვიხილოთ, იქნება მთელი ფრონტის მასშტაბით ერთი ან მეორე მხარის გამოფიტვით სარგებლობა. ეს საკითხი მომდევნო ზაფხულ-შემოდგომაზე შეიძლება საკვანძო გახდეს, თუ მანამდე, პოლიტიკური მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა. არის ერთი დეტალი - უკრაინის სამხედრო წარმოება გააქტიურებულია და ვარაუდობენ, რომ წელს გასამმაგებული შედეგი ექნება. თუკი უკრაინა ევროპის დახმარებით გადაიარაღებას გააგრძელებს, რუსეთს მისი გამოფიტვა ძალიან გაუჭირდება. სხვათა შორის, ენერგოინფრასტრუქტურების დაბომბვასთან დაკავშირებითაც შედგა შეთანხმება - უკრაინას სჭირდება ენერგოუსაფრთხოება, რათა მან ამუშაოს მიწისქვეშა საწარმოები. ამიტომ ეს მიმართულება უკრაინისთვის აუცილებლად დასაკმაყოფილებელია - მიუხედავად იმისა, რომ ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვით რუსეთი უფრო ზარალობს. უკრაინას, ალბათ, იმის იმედიც აქვს, რომ ამ პროცესში ევროპული გადაიარაღება წამოეწევა. პროცესი დაწყებულია - წარმოება მომდევნო წლებში უფრო დაიქოქება და (საუბარია 2026-2027 წლებზე). ეს კონფლიქტი თუ გაგრძელდა, უკრაინას მეტი დახმარება ექნება ევროპიდან, ვიდრე აქამდე ჰქონდა. დახმარება უფრო ფინანსურად უნდა იყოს, ხოლო ცალკეული სახელმწიფოებიდან - სამხედრო დახმარებები, როგორც აქამდე ხდებოდა. - როგორ ფიქრობთ, დასავლეთმა გააცნობიერა პუტინის ფენომენი? - ძალიან რთულია მათი გადაწყობა. ზოგიერთმა ლიდერმა კარგად იცის, რასთან აქვს საქმე, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, მაგრამ მსგავსი რამ თვალსაჩინო არ არის გერმანიაში, სადაც მართალია, ფრიდრიხ მერცი და მისი ჯგუფი ბევრად გააზრებულად მოქმედებენ, მაგრამ სოციალ-დემოკრატებს ისევ ეჭვი ეპარებათ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებში. სხვადასხვანაირი მდგომარეობაა იტალიასა და ესპანეთში. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ყველამ გაიაზრა, რასთან აქვთ საქმე. - დღეს მიდის კამათი გამარჯვება-დამარცხების დეფინიციაზე, ანუ რას ნიშნავს მხარეებისთვის ამ ომში გამარჯვება ან დამარცხება? - ეს სამი რამით შეგვიძლია განვსაზღვროთ: 1. ამ ომის შედეგად რუსეთისთვის ნებისმიერი ტერიტორიის ოფიციალურად გადაცემა ნიშნავს დაპყრობითი ომის დაბრუნებას. ცეცხლის შეწყვეტაზე არა მაქვს საუბარი, ოფიციალური ტერიტორიების აღიარება ომში დამარცხების აღიარებაა. რუსეთს უკრაინის ტერიტორიები თუ შერჩა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა ომი მოიგო; 2. რუსეთმა ეს ტერიტორიები ოფიციალურად თუ ვერ წაიღო, უკრაინის გადაიარაღება და მილიტარიზაცია თუ გაგრძელდა, უკრაინა, როგორც სახელმწიფო, გადარჩა, კვლავ აგრძელებს მეტოქეობას რუსეთთან და შეუძლია გაწევრდეს მათ შორის ევროკავშირსა და ნატოშიც, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგო; 3. თუკი უკრაინამ თავისი ტერიტორიები დაიბრუნა (2022 წლის მდგომარეობამდე მაინც მივიდა), შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან გაიმარჯვა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა ამ ომში წარმატებას ვერ მიაღწია - მან ომს უზარმაზარი ცოცხალი ძალა შესწირა და 2022 წლიდან მოყოლებული, ვერ დაიპყრო ტერიტორიები. რუსეთს ჯერ არც ერთი რეგიონული საოლქო ცენტრი არ უკავია, ერთადერთი, ხერსონი ჰქონდა აღებული და ისიც დაკარგა. ეს ომი მიმდინარეობს უკრაინის სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად, ტერიტორიების დასაპყრობად და მის ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოსაწერად. თუკი რუსეთი ამ ტერიტორიებს ოფიციალურად მიიღებს, უკრაინა დასუსტდება, აღარ ექნება თავდაცვის საშუალებები, არ იქნება ევროკავშირის წევრი. ალბათობა იმისა, რომ ეს კონფლიქტი რომელიმე მხარის სრული მარცხით დამთავრდეს, ჯერ არ ჩანს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონფლიქტის სრული გამარჯვებაც ორივე მხარისთვის ძალიან რთული მისაღწევი იქნება. ოფიციალურ სამშვიდობო შეთანხმებას, სავარაუდოდ, ისინი მოკლე ვადაში ვერ მიაღწევენ. ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა დასაშვებია, თუმცა ამ ეტაპზე არარეალური. წარმატებული რუსეთი აუცილებლად მიიერთებს ბელარუსს, შეეცდება არიოს სიტუაცია მოლდოვაში, გაიწიოს ყაზახეთისკენ და მისი რუსული ტერიტორიების ნაწილი აითვისოს, არიოს სიტუაცია ბალკანეთში, ბალტიისპირეთში, უფრო მეტ კონტროლში იყოლიოს კავკასია და ა.შ. - ტრამპის შეუსრულებელი სამშვიდობო მისია - "მშვიდობის დამყარება" უკრაინაში მის იმიჯს, ალბათ, დააზარალებს და რა რეაქციას უნდა ველოდოთ მისგან? - საერთაშორისო საზოგადოებაში ტრამპის რეპუტაცია ისედაც დაზიანებულია და ამ საკითხში მარცხი თვისებრივად არ შეცვლის მის რეპუტაციულ ზიანს. რა თქმა უნდა, ის შეეცდება უკრაინაზე მეტი ზეწოლა მოახდინოს და თუკი მან შედეგს ვერ მიაღწია, საერთოდ დისტანცირდება და შესაძლოა ამ საკითხს ჩამოშორდეს. უფრო რეალური ესაა, ვიდრე ამ კონფლიქტზე ფოკუსის გასწორება, ვინაიდან ეს მას არავითარ შედეგს არ მოუტანს.