ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს შეკითხვებს. რამდენიმე წლის წინ შევიძინე ბინა, ბანკიდან გამოვიტანე სესხი და შესაბამისად, ბინა დატვირთულია იპოთეკით. თანხა არ დამიფარავს, კიდევ წლები დარჩა, სრულად რომ დავფარო. მეუღლე მთხოვს ბინა მას გადავუფორმო, ან გავუკეთო ჩუქება, რამდენად შესაძლებელია ეს იმ პირობებში, როცა ბინა დატვირთულია იპოთეკით. თანხას მხოლოდ მე ვიხდი 5 წელია, მეუღლე თანამსესხებელია. - ბინის გასხვისების შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იქნება ეს თუ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ბინას გადაჰყვება ყველა ის ვალდებულება, რითაც ის დატვირთული არის. ამდენად, თქვენი მეუღლისათვის გადაფორმების შემთხვევაში ბინას გადაჰყვება იპოთეკა. საჯარო რეესტრში ვერ ვიმტკიცებ მიწის ნაკვეთს, რომელიც წლებია ჩემი ოჯახის სახელზეა და ეს ყველა მეზობელმა იცის. ხელთ მაქვს კომუნისტების პერიოდის მიწის განაწილების ბარათი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არეულია დოკუმენტები. როგორ მოვიქცე? - თქვენი კითხვა მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელზეც კონსულტაციის გასაწევად აუცილებელია სრული დოკუმენტაციის გაცნობა, მათ შორის უნდა ვიცოდეთ საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი და ასევე ის დოკუმენტებიც, რომლებიც მოსაწესრიგებელი გაქვთ. მხოლოდ საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი განხილვა, უნდა გაასაჩივროთ საჯარო რეესტრის რეგისტრაციაზე უარი თუ თავიდან შეიტანოთ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე განცხადება. მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება განქორწინებასთან დაკავშირებით, მაგრამ იუსტიციაში არ არის რეგისტრირებული. მაინტერესებს გადაწყვეტილება არის ძალაში თუ იუსტიციაში რეგისტრაცია აუცილებელია? - სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 დღის ვადაში გაუგზავნოს გადაწყვეტილება სერვისების განვითარების სააგენტის (იუსტიციას). ასევე თუ სასამართლოს არ გადაუგზავნია, თქვენც, როგორც მხარეს, შეგიძლიათ თავად მიიტანოთ სერვისების განვითარების სააგენტოში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც დარეგისტრირდება განქორწინება. სხვა შემთხვევაში განქორწინება არ დარეგისტრირდება. ვმუშაობ კერძო კომპანიაში და მივიღე ტრავმა, დამჭირდა "სასწრაფოს" გამოძახება და ქირურგიული ჩარევა. ბუნებრივია, ვერ გავაგრძელე მუშაობა, ამჟამადაც ისევ ვმკურნალობ. კომპანიას არც კლინიკის თანხები გადაუხდია, არც ხელფასი ჩაურიცხავს, გამოდის, უფასო შვებულებაში ვარ. არის თუ არა კომპანია ვალდებული თუნდაც ბიულეტენი გამიფორმოს და გაცდენილი დღეები მაინც ამინაზღაუროს? - კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს მუშაობის დროს მიღებული საწარმოო ტრავმასთან დაკავშირებული ხარჯები. თუ საკუთარი ნებით არ აანაზღაურებს, უნდა მიმართოთ სასამართლოს სარჩელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ვიგირავე იპოთეკით დატვირთული ბინა ახალაშენებულ კორპუსში, მეპატრონეს ბანკიდან ჰქონდა თანხა გამოტანილი და ბინა ჩადებული იყო ბანკში. მითხრა, რომ უპრობლემოდ იხდიდა თანხას და ვადის გასვლის შემდეგ, თუ ჩემს თანხას ვერ მოაგროვებდა, ახალ დამგირავებელზე გადაგირავებდა. გავიდა ერთი წელი და ვიგებ, რომ ბინას ყიდის ბანკი, რადგან ის არ იხდის გადასახადს. თანხა საკმაოდ დიდია თავისი ჯარიმებით. ამ დღეებში ბინა აუქციონზე უნდა გავიდეს. რა შემიძლია გავაკეთო რომ ჩემი თანხა არ დამეკარგოს? - თქვენს შემთხვევაში პირველი რიგის იპოთეკარი გამოდის ბანკი, ხოლო მეორე რიგის იპოთეკარი ხართ თქვენ. ამდენად აუქციონის შედეგად პირველად დაკმაყოფილდება ბანკი, ხოლო თუ აუქციონზე მიღებული თანხიდან ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების მერე დარჩება თანხა, დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნაც. თუმცა, როგორც წესი, აუქციონზე ბინის გაყიდვისას მიღებული თანხა მხოლოდ პირველი რიგის იპოთეკარის დაკმაყოფილებას ჰყოფნის ხოლმე. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩემმა დეიდებმა მიიღეს მემკვიდრეობა ისე, რომ მათი გარდაცვლილი დის შვილებს არ მოგვცეს წილი. ეს ფაქტი წლების შემდეგ გავიგე, იყო თუ არა ნოტარიუსი ვალდებული გამოეკვლია დეტალები და წილი მოეცა ჩვენთვის, მესამე შვილის მემკვიდრეებისთვის. მინდა საჩივარი სასამართლოში შევიტანო, რადგან ნოტარიუსი ამბობს, რომ ყველანაირი ვადა გასულია. - პირის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეები მიმართავენ ნოტარიუსს სამკვიდროს გასახსნელად. დიდი ალბათობით, დეიდებმა არ მიაწოდეს ნოტარიუსს ინფორმაცია თქვენი არსებობის შესახებ, შესაბამისად, სამკვიდრო მიიღეს მათ. როგორც თქვენ ამბობთ, გასულია წლები მამის გარდაცვალებიდან. ამდენად სამკვიდროს მიღების ხანდაზმულობის ვადაც გასულია. ერთადერთი საფუძველი სასამართლოსთვის მიმართვისთვის შეიძლება იყოს, თუ სამკვიდრო ქონებაში შემავალი ქონებიდან რაიმეს ფლობთ ფაქტობრივად, ანუ სამკვიდრო მიიღეთ ფაქტობრივი ფლობით. ბინა ვიყიდე ბანკის თანხით, მაქვს ბინით უზრუნველყოფილი სესხი გაკეთებული. 3 წელია ვიხდი პროცენტებს და ახლა სამსახური დავკარგე, ვეღარ ვახერხებ გადახდას. ბანკს ვთხოვე შეემცირებინა ყოველთვიური გადასახადი, მაგრამ უარი მივიღე. ერთი წელია არ გადამიხდია და გაიზარდა პროცენტებიც, ახლა მეუბნებიან, რომ აუქციონზე გაიტანენ ქონებას. ვარ მარტოხელა დედა, მყავს მცირეწლოვანი შვილი, მის სახელზე რომ გავაკეთო ჩუქება საჯარო რეესტრში, შეიძლება შემიჩერონ აუქციონი. არ ვამბობ უარს გადახდაზე, უბრალოდ, ვითხოვ შემიმცირონ ყოველთვიური გადასახადი. - ამ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება იქნება ბათილი, ვინაიდან თვალთმაქცურ გარიგებად ჩაითვლება. ასევე, ვინაიდან სესხი არის უზრუნველყოფილი იპოთეკით, იპოთეკა გადაჰყვება ბინას და მაინც დადგება აუქციონით რეალიზაციის საკითხი. უმჯობესია ბანკს მოურიგდეთ და თავად იზრუნოთ ბინის გაყიდვაზე, გაყიდული თანხით დაფაროთ ვალდებულება. აუქციონზე შესაძლოა რეალურ ფასზე იაფად გაიყიდოს. თუ ბინა მაინც აუქციონით გაიყიდა და თქვენ არ გამოათავისუფლეთ ბინა, ახალ მეპატრონეს დასჭირდება სასამართლოში სარჩელის შეტანა თქვენს გამოსასახლებლად. აღნიშნული სასამართლო დავა შესაძლოა წლები გაიწელოს. ჩემმა დამ ბანკიდან აიღო სესხი და წავიდა საზღვარგარეთ, ამიტომ დააყადაღეს ჩვენი საერთო ქონება, ის უარს ამბობს გადახდაზე. რა შეიძლება გავაკეთო? - მოცემულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, დაყადაღდა თანასაკუთრებაში არსებული ქონება, რაც ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია მოახდინოს მხოლოდ მოვალის წილი ქონების რეალიზაცია, ხოლო სხვა ნაწილს ვერ შეეხება - ანუ მყიდველისთვის მსგავსი ქონების შეძენა ძირითადად არასასურველია, თუმცა თეორიულად გამორიცხული არაა, რომ მსგავს ქონებას არავინ შეიძენს. მსგავსი პრობლემა სამართლებრივ მოგვარებას არ საჭიროებს, ძირითადად, ფინანსური საკითხია, ამიტომ შესაძლებელია, თუ მოვალე არ აპირებს ვალდებულების შესრულებას, სხვა თანამესაკუთრემ შეასრულოს, რათა ქონების რეალიზაციის რისკი მოიხსნას, ხოლო შესასრულებელი ვალდებულება შემსრულებელმა მოითხოვოს იმ პირისგან, ვის ნაცვლადაც შეასრულა ვალდებულება. ვარ ქმარს გაშორებული, მყავს არასრულწლოვანი შვილი. გაშორების მიზეზი იყო ძალადობა და გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი, ახლა მას გასდის ვადა და მეშინია, რადგან არაერთხელ დამემუქრა მოკვლით. მინდა ჩემს შვილთან ერთად სასწრაფოდ დავტოვო ქვეყანა, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე ვერ ვაკეთებ ბავშვის პასპორტს. ის ნებით არასდროს მომცემს უფლებას შვილი ქვეყნიდან გავიყვანო. რა არის ასეთ სიტუაციაში გამოსავალი? - სასამართლოს უნდა მიმართოთ სარჩელით მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე, რათა მისი ნებართვის გარეშე შეძლოთ ბავშვის პასპორტის აღება, ხოლო რაც შეეხება ძალადობის ფაქტს, თუ კვლავ შეეცდება ძალადობას, კვლავ მიმართეთ პოლიციას, რათა გამოიცეს შემაკავებელი ორდერი, ასევე შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. განქორწინება გავაფორმე და შეიძლება თუ არა ბავშვები მამის გარეშე ქვეყნიდან გავიყვანო ერთი კვირით? - ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად საჭიროა ბიომეტრიული პასპორტი, მხოლოდ სომხეთში, თურქეთსა და უკრაინაში მიმოსვლაა შესაძლებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით (აიდით). 16 წლამდე პირის პასპორტის ასაღებად საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა. თუ ერთ-ერთი მშობელი არ არის თანახმა, უნდა მიმართოთ სასამართლოს მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით. - მეუღლესთან გაშორებული ვარ და მინდა სასამართლოში შევიტანო საჩივარი ალიმენტის მოთხოვნით. ჩემი ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ თუ მოთხოვნას შევიტან სასამართლოში, ისიც შეიტანს შესაგებელს და იტყვის, რომ ბავშვს თვითონ წაიყვანს და თვითონ გაზრდის ალიმენტის მაგივრად. შეუძლია თუ არა მას წამართვას შვილი? შეიძლება ასეთი მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილოს და ბავშვი მამასთან გაუშვას? მეურვეობა ბავშვზე მე მაქვს. - ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ მშობლები ურთიერთშეთანხმებით ვერ ახერხებენ საკითხის გადაწყვეტას, მიმართავენ სასამართლოს. ვინაიდან ბავშვი თქვენთან ცხოვრობს, თქვენ გაქვთ ალიმენტის მოთხოვნის უფლება. ასევე ბავშვის მამას უფლება აქვს მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (ნახვის დღეები), ასევე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (მამასთან რომ გაიზარდოს ბავშვი). რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლო მამის მოთხოვნას საკითხის გამოკვლევის გარეშე, რთულია განისაზღვროს, თუმცა მსგავსი ტიპის დავების დროს მნიშვნელობა ექცევა ბავშვის სურვილს, მიჯაჭვულობის ხარისხს და ბავშვის გარემოში ადაპტაციას. სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. შესაძლოა ყოფილი მეუღლე გაშინებთ, რომ ალიმენტი არ მოითხოვოთ. გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები