ოცდაექვსის გაგრძელება - წინ დიდი ამბებია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეა 26 გოლით, ოღონდ ყველა ვხედავთ, რომ ამ მოცემულობის შეცვლამდე მხოლოდ რამდენიმე მატჩია დარჩენილი: "გიოს და კვარას ვუსურვებ, ნაკრების მაისურით გატანილი გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება!" - სომხეთთან 6:1 გამარჯვების შემდეგ დაწერა შოთამ სოციალურ ქსელში. იმ შეხვედრაში მიქაუტაძე-კვარაცხელიას დუეტმა სამი ბურთი გაიტანა და არველაძესთან ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა: ჟორჟის სანაკრებო "ყულაბაში" უკვე 20 ბურთია, ხვიჩას ანგარიშზე - 18 გოლი. მიმდინარე წლის დასრულებამდე უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და ჩვენს ნაკრებს, მის მოთამაშეებსა თუ ქომაგს ძალიან სჭირდება, საქართველოს ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელის სტატისტიკა წელსვე რომ გადაიფაროს, მაგრამ... თუ რეკორდის გაუმჯობესება მომავალ წლამდე გადაიდო, არც ამაზე ვიდარდებთ - მთავარია, გაგრძელდეს +26 გოლიც, 26 მარტის სიხარულიც, +2026 წლის მუნდიალისკენ მიმავალი გზაც!
რაც შეეხება შოთას და მის დაწერილ "სტატუსს": დარწმუნებული ვარ, 100%-ით გულწრფელი იყო! ძალიან დიდი ხანია, შოთა არველაძეს ვიცნობ და ვიცი, რომ "ქულების დასაწერად" ვიღაცებისთვის თავის მოსაწონებლად თამაში (მოედანზე - კი ბატონო!) არც შეუძლია და არც არაფერში სჭირდება. მისი სანაკრებო მიღწევის გაუმჯობესებაც გაუხარდება, ისევე, როგორც უხარია ცალკეული მოთამაშეების, მათი კლუბებისა თუ ეროვნული გუნდის წარმატება...
მანამდე კი 26 ერთგვარად "საკრალურ" რიცხვად იქცა ქართული ფეხბურთისთვის. აღარ ვართ მხოლოდ "13 მაისის ქვეყანა", 2024 წლის 26 მარტს დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსითაც გადავდგით ახალი ნაბიჯი - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა... სხვათა შორის, ზუსტად იმავე რიცხვში, 2011 წლის 26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა პირველად დაამარცხა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი - ხორვატიის ნაკრები! ასე რომ, 26 არა მხოლოდ შოთას გოლებს, სხვა რაღაცებსაც გვახსენებს.
მთლიანობაში კი მარტი მართლაც "საჩვენო" თვე ყოფილა (იმის მიუხედავად, რომ წაგებაც ბევრი გვახსოვს) და ახლა უკვე მარტი-ვია იმაზე ლაპარაკი, რომ... საქართველოში მარტი საფეხბურთო თვედ გამოვაცხადოთ!
კარგია, ხუმრობის ხასიათზე რომ ვართ... არადა, დრო იყო (არცთუ დიდი ხნის წინ!), საქართველოში ბევრი ითხოვდა სტადიონებისთვის ალტერნატიული ფუნქციების გამოძებნას... საბედნიეროდ, გასული წლის გაზაფხულის შემდეგ "დინამო არენაზე" კარტოფილისა და სიმინდის დათესვის მომხრეები საქართველოს ნაკრების თავგადაკლულ ქომაგებად იქცნენ. და კიდევ უფრო მეტი უნდათ: მეტი ფეხბურთი, მეტი სტადიონი, მეტი სიხარული.
სომხეთთან მატჩზე კი რაღა უნდა ვთქვათ?! საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 9:1 გაანადგურა მეზობლები, ადგილი შეინარჩუნა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში და მონატრებულ "დინამო არენაზე" დაბრუნება რეკორდითაც აღნიშნა - ოფიციალურ მატჩში პირველად გაიტანა ერთ ტაიმში ხუთი გოლი! 2023 წლის ოქტომბერში ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ტაიმი 6:0 მოუგო ტაილანდის ნაკრებს, ოღონდ ის ამხანაგური მატჩი იყო, ოფიციალურ შეხვედრების პირველ ნახევარში კი სომხეთამდე არასდროს გაგვიტანია სამ ბურთზე მეტი... ტაილანდი ვახსენეთ და, ისიც ვთქვათ, რომ აზიელებთან 8:0 მოგებულ შეხვედრაში (რაც ყველაზე დიდი სხვაობაა საქართველოს ნაკრების ისტორიაში) გოლების ნახევარი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და გახდა პირველი ქართველი, ვისაც ეროვნულ ნაკრებში ე.წ. პოკერი შეუსრულებია. მაშინ ჟორჟი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა ქვეყნის მთავარ გუნდში და ძალიან, ძალიან გვიხარია, უმოკლეს პერიოდში რომ მოახერხა ნაკრების ძირითად შემადგენლობასა და ქომაგების გულში დამკვიდრება...
მარტი კი მხოლოდ საქართველოს ნაკრების თვე არ ყოფილა - გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გიორგი მიქაუტაძეც საოცარ ფორმაშია: კლუბსა და ნაკრებში ჩატრებულ ბოლო ხუთ მატჩში 24 წლის თავდამსხმელმა თავი რვა გოლით და ხუთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა! ეროვნული ნაკრების მაისურით ნათამაშებ 37 მატჩში (სხვათა შორის, ჟორჟმა ნაკრებში თამაშიც მარტში დაიწყო - მისი დებიუტი 2021 წლის 25 მარტს შვედეთთან შეხვედრაში ვნახეთ), "ლიონის" ფორვარდს უკვე 20 გოლი აქვს გატანილი და საუკეთესო ბომბარდირის სტატუსსაც მალე გადაიბარებს.
ჟორჟმა სომხებთან ორივე მატჩში "დუბლი" შეასრულა, თუმცა თბილისური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ერევანში გამართული თამაში კვარამ ყვითელი ბარათების ლიმიტის გადამეტების გამო გამოტოვა, "დინამო არენაზე" კი მისი შეჩერება ვერავინ შეძლო: პირადი სტატისტიკის (გოლი + საგოლე გადაცემა) გარდა, ხვიჩამ, ფაქტობრივად, ყველა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა და უმაღლესი - 10.0 შეფასება დაიმსახურა! აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში კვარაცხელიასთვის ეს მეორე უმაღლესი შეფასება გახლავთ - ჭჰოსცორედ-მა ქართველს მაქსიმალური 10.0 ქულა დაუწერა "ბრესტთან" შეხვედრაშიც, სადაც კვარამ ასევე გოლი + ასისტი ჩაიწერა...
სომხეთთან გამარჯვებაზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, მით უმეტეს, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ამბები ძალიან ცუდი სანახავიც იყო და ცუდ შედეგსაც მოგვიტანს! 2024 წლის 26 მარტს დრამატულ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრების დამარცხებით პირველად მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური, როგორც იქნა, ავიხდინეთ ფეხბურთელთა და ქომაგთა მრავალწლიანი ოცნება და კვეკვესკირის გოლის შემდეგ მოედანზე ზღვა ხალხის შევარდნა აფექტის, აუწონავი სიხარულის, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ემოციის ამოხეთქვა იყო და არც ვინმეს გაკვირვება მოჰყოლია და არც სასჯელი. თუმცა, თუკი მოედანს ყველა ოფიციალური და ამხანაგური მატჩის შემდეგ მონღოლთა ურდოსავით შევესევით, ან ახალი სტადიონ(ებ)ის მშენებლობა რად გვინდა, ან ძველის რეაბილიტაცია, ასე ხომ ყველა მატჩში უმაყურებლოდ თამაშს მოგვისჯიან?!
მერე კიდევ: ხელჩართული ბრძოლა და ბოთლების სროლა ალბანელი ქომაგებისთვის არ დაგვიწყია (იმის მიუხედავად, რომ ტირანაში საქართველოს ეროვნულ ჰიმნის დროს ადგილობრივი ქომაგების ნაწილმა სტვენა ატეხა) და 1:6 დამარცხებული გუნდის ქომაგებმა განა ისეთი რა იყვირეს, რომ მათთვის მუშტების ქნევა, გინება და ბოთლების სროლა იყო "აუცილებელი"? მით უმეტეს, იმ თბილი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ფონზე, რაც ერევანში ჩასულმა გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა ვნახეთ... კაცმა თვითონ არ უნდა იკადრო ის, რაც სხვისგან არ მოგეწონება. გვესმის, რომ მოედანზე შევარდნილთა და "ბოთლისროლიათა" უმეტესობა არასრულწლოვანი იყო, მაგრამ... ეს არც ამ ახალგაზრდებს ამართლებს და არც მათ, ვინც, ნებსით თუ უნებლიეთ, შეუწყო ხელი "დინამო არენას" მინდორზე დატრიალებულ აურზაურს: მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე 10-12 წლის ბიჭმა რომ შეირბინა და კვარას ჩაეხუტა, ყველამ ვნახეთ. არათუ თბილისში, მსგავსი შემთხვევები ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც ხდება ხოლმე, ოღონდ იქ სტიუარდების მყისიერ რეაგირებასაც ვხედავთ, სომხეთთან მატჩისას კი მინდვრის ერთი კიდიდან შესულმა მოზარდმა უპრობლემოდ მიირბინა მოედნის საპირისპირო კიდესთან მყოფ ხვიჩასთან, ჩაეხუტა კიდეც და ისე აუჩქარებლად დატოვა მოედანი, წესრიგის ერთი დამცველიც არ მიახლოებია! არ ვამტკიცებ, რომ ნამატჩევს მომხდარი უსიამოვნო ამბები სწორედ იმ ყმაწვილის "გასეირნებამ" გამოიწვია, მაგრამ მგონია, ერთ-ერთი ინდიკატორი ნამდვილად იყო. ჰოდა, სამწუხაროდ, ძალიან დიდია ალბათობა, ისედაც "პირობითი გაფრთხილების" მქონე "დინამო არენა" თურქეთთან უმნიშვნელოვანეს მატჩს ცარიელი ტრიბუნებით დახვდეს!
კარგი, გვეყოფა ნეგატივზე ლაპარაკი და სანამ მომავალ მატჩებზე გადავალ, ორი სიტყვა იმაზეც, რაც ყველაზე მეტად მომწონს საქართველოს ამ ნაკრებში: ვაღიაროთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი, შეკრული, ლაღი, როგორსაც ბოლო წლებში ვხედავთ. არასდროს გვითამაშია ასეთი შედეგიანი და სანახაობრივი ფეხბურთი... ცხადია, შეცდომაც ბევრია, წაგებებიც იქნება და იმედგაცრუებებიც, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ გვყავს ნაკრები, რომელიც იბრძვის, ფეხბურთის თამაშს ცდილობს, წინა თაობებისგან განსხვავებული მენტალიტეტიც ეტყობა, ეგოიზმზე მეტი სიყვარულიც და... ეს ყოველ წუთს იგრძნობა - ფეხბურთელების დამოკიდებულებაში ერთმანეთის, გულშემატკივრისა თუ წინ მდგომი ბავშვების მიმართ, იგრძნობა მოედნის თითოეული გოჯისთვის ბრძოლასა თუ ეროვნული ჰიმნის მოსმენა/სიმღერისას... ნათლად ჩანს ვანო გორგიშვილის გადაღებულ ამ ფოტოებზეც...
გასული წლის 26 მარტს ამ ბიჭებმა ქართული ფეხბურთის ისტორია შეცვალეს. ჰოდა, კიდევ ბევრი 26 გვინდა: შოთას გატანილი გოლების გაუმჯობესება, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზური და სხვ.
მოკლედ, წინ დიდი ამბებია!
ივნისამდე "თავისუფალი" ვართ. ზაფხულის პირველ თვეში ორ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ (ამ ეტაპზე დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ 5 ივნისს ფარერის კუნძულების ნაკრებს უნდა ვუმასპინძლოთ), შემოდგომიდან კი ნამდვილი ფეხბურთი იწყება: მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი, ისევ ესპანეთი, ისევ თურქეთი, ბონუსად - ბულგარეთის ნაკრებიც... სხვათა შორის, ესპანეთს ვერც კალათბურთში ავცდით - გასულ კვირას გამართული ევრობასკეტის ფინალური ეტაპის წილისყრამ გაარკვია, რომ საქართველოს ნაკრები კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ითამაშებს, ქვეჯგუფში კი მეტოქეებად ეყოლება მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა... ურთულესი ჯგუფია, თუმცა საქართველოს კალათბურთის ნაკრები ზედიზედ მეექვსედ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, გამოცდილების ნაკლებობას არ ვუჩივით და თუ ალეკსანდარ ჯიკიჩი ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას შეძლებს, ქვეჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა უნდა მოვახერხოთ!
თუმცა დავუბრუნდეთ ფეხბურთს: პროგრამა მინიმუმი შესრულებულია - საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩა, სექტემბრიდან კი 2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო, ურთულეს ეტაპში ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ქვეჯგუფში მეტოქეებად გვყავს ესპანეთი (ისევ!), რომელმაც დრამატულ ბრძოლაში თერთმეტმეტრიანების სერიით დაამარცხა ნიდერლანდები, თურქეთის ძლიერი ნაკრები, რომლისთვისაც პირადი ანგარიშიც გასასწორებელი გვაქვს და ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები მეოთხე კალათიდან - ბულგარეთი.
უკვე ცნობილია საკვალიფიკაციო
ეტაპის კალენდარიც:
4 სექტემბერი:
საქართველო-თურქეთი
7 სექტემბერი:
საქართველო-ბულგარეთი
11 ოქტომბერი:
ესპანეთი-საქართველო
14 ოქტომბერი:
თურქეთი-საქართველო
15 ნოემბერი:
საქართველო-ესპანეთი
18 ნოემბერი:
ბულგარეთი-საქართველო